როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი

როგორი უნდა იყოს ჟურნალისტიკა, ანუ რას გვასწავლის 101 წლის ჟურნალისტი

დაიჯერებთ, რომ გასული საუკუნის ყველა მთავრობის მომსწრე და ამ საუკუნის მთავრობების წამოპრიანებების აღმწერელი ჟურნალისტი ცოცხალია? მე ვერ დავიჯერე, - ჯერ ერთი, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, ჟურნალისტები ყველაზე ნაკლებს ცოცხლობენ, მით უფრო, ჩვენ რომ გასული საუკუნე გვქონდა, ისეთში. მაგრამ ღვთის ნების გარეშე რა იქნება და ჟურნალისტმა გიორგი ბოგველიშვილმა 101 წელიწადსაც მიაღწია და ოცდამეერთე საუკუნიდან მეოცეშიც იხედება, - სახეზე არც ერთი ნაოჭი არა აქვს, არც ერთი კბილი არ აკლია, ზის სავარძელში და ამა ქვეყნის ძლიერებს იხსენებს, - "დრონი მეფობენ, არა მეფენი", ხელისუფალნი წავლენ და წამოვლენ, ჟურნალისტები კი დარჩებიან, გააშუქებენ მოვლენებს და ამ მოვლენებში შავ-თეთრ ფერებს წარმოაჩენენ... ბატონი გიორგის თვალწინ ამ შავ-თეთრმა ერთი უშველებელი კინოფილმივით ჩაიარა.

- ჯერ ის საიდუმლო გამიმხილეთ, რომლითაც ჟურნალისტმა გასული საუკუნე მშვიდობით გაიარეთ და ახლაც ჯანმრთელი ბრძანდებით.

- არავითარი საიდუმლო არ ყოფილა. იყო ბედი, რომელმაც ბევრი რამ ამარიდა. მათ შორის, ომში სიკვდილიც, - ომის დროსაც სამხედრო ჟურნალისტი გახლდით. მქონდა ალღოც, რომელიც ჟურნალისტს ყოველთვის სჭირდება... 1934-ში, უნივერსიტეტში სწავლისას, მივხვდი, რა წლები მოდიოდა, რა მელოდა და საერთოდ დავანებე სწავლას თავი - ფილიპე მახარაძეს გავექეცი.

არადა, მისი ნარკვევები მქონდა ჩაბულბულებული და მომწონდა კიდეც. მაგრამ რაც მეტი წიგნი გადავშალე, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ვთქვი, ამ კაცს უნდა ვუფრთხილდე-მეთქი. დიდი გაქნილი ვინმე იყო, ჩაიგდო ხელში მწერალთა კავშირი და უნივერსიტეტი. საითაც გაიხედავდი, მისი გავლენა მეფობდა. ცუდი დრო იყო, ვისაც ძალა ჰქონდა, ის ბატონობდა. ისე, ეს ამბავი ახლაც როდია უცხო - ჩანს, ძალაუფლებას აქვს ეს თვისება, - ხელში თუ ჩაგიგდო, რასაც გინდა, იმას გაკადრებინებს. მერე რაც მოგეპრიანება, შენ სხვას აკადრებინებ, დიდ სისულელესაც დიდ ჭკუად ჩაგითვლიან და ასე შემდეგ.

- ხომ არსებობს ამის კონტროლის მექანიზმები!

- თუ ძლიერი ხარ, ამ მექანიზმების განადგურებაც შესაძლებელია, სტალინმა, მაგალითად, გაანადგურა და ხალხი ამისთვის თაყვანსაც კი სცემდა. ეს ის ძალაუფლება იყო, რომელიც ისე გნუსხავდა, ვეღარც ინძრეოდი. მახსოვს 30-იანი წლების დამდეგს სტალინი ელბაქიძეზე ჩამომავალ მანქანაში დავინახე და იქვე გავშეშდი. ადგილიდან რომ დავიძარი, უკვე კარგა ხნის ჩავლილი იყო. სხვათა შორის, მალე სტალინმა დიდი ზარ-ზეიმით გადაახდევინა "ვეფხისტყაოსნის" 750 წლის იუბილე. ეს ამბავი 1934 წელს მოსკოვში საბჭოთა მწერლობის პირველი ყრილობიდან დაიწყო. მან მაშინდელ ქართველ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, მალაქია ტოროშელიძეს ყრილობის წინა საღამოს მოსთხოვა მოხსენება, წაიკითხა, დაიწუნა და მთელი ღამე ათევინა ქართველ ლიტერატორებს - დელეგატებს, რომ მოხსენება თავიდან დაეწერათ. "მოხსენება უნდა დაიწყოს შოთა რუსთაველით. მერე გადახვალთ უახლეს საუკუნეებში, სადაც დაახასიათებთ სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკ გაბაშვილის შემოქმედებას;

განსაკუთრებით ვრცლად უნდა გაარჩიოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია, დაწვრილებით - ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელსაც თავისი უნდა მიეგოს და ვაჟა ფშაველასაც", - მიუთითა მან მალაქიას და ყრილობაზე რუსთაველის სურათიც გამოატანინა. როგორც ამბობენ, მან მთელი ქართული ლიტერატურის დაწვრილებით მიმოხილვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახალი რუსული იმპერიის იმპერატორი არარუსი, დაპყრობილი საქართველოს შვილი იყო, ხოლო რუსები ქართველებს ველურებს ეძახდნენ. სტალინს ამით უნდოდა ეჩვენებინა რუსეთისა და მსოფლიოსთვის, როგორი კულტურის მქონე ერის შვილი იყო! მოკლედ, ამ ყრილობის შემდეგ დიდი სამზადისი გაჩაღდა იუბილეს აღსანიშნავად. ყველაზე მეტად კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში - იქ ბერიას მეუღლე, ნინო გეგეჭკორი მოიყვანეს მიწათმოქმედების ფაკულტეტის თანამშრომლად. სხვათა შორის, მასზე ლამაზი ქალი მე არ მინახავს. მაშინ იქ სტუდენტთა გუნდს ვხელმძღვანელობდი. დამიძახა, - შენ რას იტყვი, რა უნდა გააკეთოო? ვიმღერებ "ჩონგური საქართველოა-მეთქი".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები