"ტოპ-გოგოს" გამარჯვებულმა პროექტის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლა

"ტოპ-გოგოს" გამარჯვებულმა პროექტის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლა

"ტოპ-გოგოს" გამარჯვებული თაკო თალაკვაძე "კიკალა სტუდიო-თივის" წინააღმდეგ სასამართლო დავაში ჩაერთო. მან სარჩელი გასულ კვირას შეიტანა. მოგეხსენებათ, "რუსთავი-2"-ის ეთერში ზემოხსენებული კომპანია მოდელების შესარჩევ რეალურ შოუს ატარებდა. თაკო თალაკვაძე სამ ფინალისტს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ლონდონში უნდა გამგზავრებულიყვნენ და ლონდონის წამყვანი სამოდელო სააგენტოების წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ. თაკო ამბობს, რომ როგორც გამარჯვებულს, შეპირებული და კონტრაქტით გათვალისწინებული დაპირებებიდან არც ერთი არ შეუსრულეს და ერთი ჯინსის ქურთუკის გარდა ამ პროექტიდან არაფერი შერჩა. თაკო სასამართლოს გზით მოითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას და კონტრაქტის პირობების შესრულებას.

- თბილისიდან ლონდონში სამი ფინალისტი გავემგზავრეთ. როგორც ვიცოდით, პირველივე დღეს არა, მაგრამ მეორე დღიდან მაინც უნდა დაწყებულიყო შეხვედრები ბრიტანეთის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან. კონტრაქტში არის ასეთი პუნქტი, სადაც "კიკალა სტუდიო-თივის" უნდა მოეწყო მსგავსი შეხვედრები. იქ ჩასულები მცირე ხანში მივხვდით, რომ ისე არ მიდიოდა ყველაფერი, როგორც დაგეგმილი გახლდათ. ერთ დღეს ფოტოსესია დაიგეგმა, რომელიც ჩავარდა, არ ვიცი, ფოტოგრაფი არ იყო, თუ უარი თქვა გადაღებაზე. დეტალებში არ ჩაგვახედეს, ეს ისაა, რასაც, უბრალოდ, ყური მოვკარი. მერე, როგორც მახსოვს, სალონში უნდა გვქონოდა ვიზიტი, ესეც გადაიდო. თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ არაფერი არ კეთდებოდა. ფაქტობრივად, გოგონებს მოგვეცა საშუალება, ლონდონში გაგვესეირნა. ექვსი დღიდან მხოლოდ ერთი დღე წაგვიყვანეს თავიანთი ინიციატივით. ქალაქი დავათვალიერეთ, ჩავედით და ჩამოვედით, თითქოს დასასვენებლად ვიყავით.

- გამარჯვებულად როგორ აგარჩიეს?

- სანამ წამოვიდოდით, ბოლო დღეებში ისეთი საუბრები მიმდინარეობდა, რომ ვფიქრობდი, ფინალი საერთოდ აღარ შედგებოდა, რადგან პატიმრების წამების კადრების გავრცელებას დაემთხვა ჩვენი პროექტის დასასრული. მერე, რადგან გადაწყდა, რომ ფინალი აუცილებლად გასულიყო, დამასახელეს "ტოპ-გოგოს" გამარჯვებულად. ჟიურიში იყვნენ ოქსანა, სალომე და ასევე ერთი ფოტოგრაფი. ჟიურიში ასევე იყო კიკალას დაც, რომელიც იქ გვეხმარებოდა, თუმცა რაში, ვერ გავიგე. თავად გიორგი არ ესწრებოდა.

- რა პრიზი გადმოგცეს, როგორც გამარჯვებულს?

- ერთ-ერთი სპონსორის მიერ დაწესებული ჯინსის ქურთუკი. სამივე ფინალისტს მოგვცეს 150-150 გირვანქა სტერლინგი ე.წ. შოპინგისთვის, წასახალისებლად.

- თავიდანვე არ გამოთქვი პროტესტი?

- მეგონა, თბილისში რომ დავბრუნდებოდი, პირობებს შეასრულებდნენ. იმდენად სასაცილო პრიზი იყო, ვერ დავუშვი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა.

- ჟიურის წევრებთან არ გქონია ლაპარაკი?

- ისინი დაქირავებული იყვნენ და ვერაფერს წყვეტდნენ.

- თბილისში დაბრუნების შემდეგ როგორ მოიქეცი?

- მივმართე ჩემს ადვოკატს, რომელსაც მოლაპარაკებები უნდა ეწარმოებინა სტუდიასთან. თავად აღარ მივსულვარ, რადგან ჩემს მისვლას აზრი აღარ ჰქონდა. საკმარისზე მეტი დრო გავიდა დაბრუნებიდან და ველოდებოდი, რომ თავად გადმოდგამდნენ ნაბიჯს. რადგან თვითონ არ ჩათვალეს საჭიროდ, აეხსნათ ჩემთვის, რა მოხდა, ამიტომაც გავაგზავნე ადვოკატი. მინდოდა, სასამართლოს გარეშე მოგვარებულიყო საკითხები, მაგრამ ასე არ გამოვიდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჩემგან არ ელოდნენ ასეთ გადაწყვეტილებას. იყო სამომავლო გეგმებზე ლაპარაკი, მაგრამ ეტყობოდა, რომ ამის გაკეთებას არ აპირებდნენ.

- ადვოკატმა არ ჰკითხა, რატომ არ შესრულდა პროექტი?

- პასუხი ასეთი იყო, სამწუხაროდ, სპონსორებმა, ასე ვთქვათ, "გადაგვაგდესო", მაგრამ ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. ერთხელ მაინც დაერეკათ და აეხსნათ სიტუაცია, ასე არსად ხდება. რამდენიმე მოლაპარაკების შემდეგ გადავედით შემდეგ ეტაპზე და დღეს შევიტანე სარჩელი სასამართლოში. ახლა იქიდან მოვდივარ (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ნოემბერს - ავტ.). ვითხოვ, რომ ლონდონში ხელახლა გავემგზავროთ, "კიკალა სტუდიო-თივიმ" შეგვახვედროს წამყვან სააგენტოებთან, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. სხვათა შორის, სანამ პროექტი დაიწყებოდა, როდესაც გოგონები შეგვარჩიეს, ვიცოდით, რომ გამარჯვებული ლონდონში იცხოვრებდა და სამსახურიც ექნებოდა, მაგრამ როცა კონტრაქტი ვნახეთ, ეს დაპირებები იქ უკვე აღარ იყო ასახული. ეს იყო ზეპირი საუბრები. ეს კიდევ სხვა თემაა, რასაც იურიდიულად ვერ დავამტკიცებთ. სიტყვიერად ნათქვამი ბევრი რამ არ შესრულდა.

- როგორ ფიქრობ, ამ დაპირებებით შეგიტყუეს პროექტში?

- ვერ ვხვდები ამას. ამ პროექტის გამო დიდი სტრესი გადავიტანე. ექვს თვემდე გამომივიდა "ტოპ-გოგოში" ყოფნა, რადგან პროექტი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ჩემი სამი წლის შვილი დატოვებული მყავდა დედასთან. ავთანდილის ჩვენებაზე მოვიდნენ ახლობლები და მხოლოდ იქ მოგვცეს მათთან შეხვედრის საშუალება და მე და გურანდას დაგვიტოვეს ერთხელ შვილები. ახლობლებთან შეხვედრის მეტი საშუალება არ იყო, პროექტის დაწყებამდე გვეუბნებოდნენ, რომ კვირაში ერთ დღეს სახლში დარეკვის საშუალება გვექნებოდა. მერე გვითხრეს, რომ დაპირებები რეჟისორის შეცვლის გამო ვერ შესრულდა, თუმცა ეს რატომ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, არ მესმის. რაღაცები იცვლებოდა, ხან ერთი აზრი ჰქონდათ, ხან - მეორე.

- ალბათ შეურაცხყოფილი ხარ ასეთი დასასრულით...

- რა თქმა უნდა, და როცა ბავშვი გყავს, ეს ყველაფერი ორმაგად რთულია. ამდენი დრო დავკარგე იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, მაგრამ საბოლოოდ რა მივიღე? ექვსთვიან პროექტში გავიმარჯვე მხოლოდ იმისთვის, რომ ლონდონი მენახა.

- კიდევ ერთი სტრესი ალბათ უცხო გოგონებთან ერთად ცხოვრებასაც უკავშირდებოდა.

- იყო დაძაბული ურთიერთობები, მაგრამ ზოგჯერ ეს იმისთვისაც ხდებოდა, რომ შოუს სჭირდებოდა ასე.

- მახსოვს, გურანდა ცერცვაძემ მითხრა, რომ ამ პროექტში მიღებული იმედგაცრუების გამო მოდელობაზე ხელის აღებას აპირებდა. შენც ასეთი გრძნობა ხომ არ გაქვს?

- მე მსგავსი განცდა არ მაქვს. მიყვარს ეს საქმე და სამოდელო კარიერის გაგრძელებას ვაპირებ. ხელი არ ჩამიქნევია, პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ. ამ პროექტში, მიუხედავად დასასრულისა, უამრავი რამ გამოვიარე.

- დადებითი რა მოგიტანა?

- მოთმინების უნარი გამოვიმუშავე, სწრაფად გაანალიზების უნარი შევიძინე. გინდა თუ არ გინდა, გიწევს რაღაც მომენტში ბევრ რამესთან შეგუება. აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ, როცა დადებითზე ვლაპარაკობთ - ახლაც დამირეკა ფოტოგრაფმა მამუკა კიკალეიშვილმა, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სარჩელი შევიტანე გიორგი კიკალეიშვილის სტუდიის წინააღმდეგ და მამუკა კიკალეიშვილი აქ არაფერ შუაშია. მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ის პროექტში მოწვეული იყო, როგორც ფოტოგრაფი. სტუდიის დამფუძნებელი არის ირაკლი ნარსია, რეალურად კი სტუდიის მფლობელი გიორგი კიკალეიშვილია.

- მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვ?

- რა თქმა უნდა, კონკრეტულად თანხას ვერ დაგისახელებთ, თუმცა სანამ სარჩელს შევიტანდი, თანხაზე მანამდე არ მილაპარაკია, მხოლოდ კონტრაქტის პუნქტების შესრულებას ვითხოვდი, რაც მათ არ მოინდომეს.

- შენი ოჯახის წევრები ამ დავისას ალბათ მხარში გიდგანან. და ისიც მინდა გკითხო, სხვა გოგონები რას ფიქრობენ ამაზე?

- გოგონები მწერენ და მხარში მიდგანან. ჩემი ოჯახი ნამდვილად არ ელოდებოდა პროექტის ამგვარ დასასრულს და გაოგნებული არიან. ერთად ვცდილობთ, რომ სიმართლემ გაიმარჯვოს.

- მეუღლეს გაშორებული ხარ?

- დიახ.

- დაბოლოს, მინდა გკითხო, პროექტის მიმდინარეობისას თუ იყო პირობები, რომლებიც არ გაკმაყოფილებდათ?

- საერთოდ, მთელი პროექტი ძალიან არაორგანიზებული იყო. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლონდონში გავემგზავრეთ. სააგენტოებთან შეხვედრისთვის ჩვენი "ბუქები" იყო საჭირო, რაც გამგზავრების მომენტისთვის მზად არ ჰქონდათ. ბევრი დეტალი იყო, რის გამოც პროექტის ორგანიზატორებს მონაწილეებთან უთანხმოება ჰქონდათ. გვიწევდა წუწუნი, რომ რაღაც დეტალები მოეგვარებინათ. თითოეულ ჩვენგანს ოჯახის წევრებისგან შემოსდიოდა თანხა. არ ვამბობ, რომ საერთოდ არაფერს გვიკეთებდნენ, მაგრამ ბევრი დეტალი არ ჰქონდათ გათვალისწინებული.

თაკოს მოსაზრებების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რეჟისორ გიორგი კიკალეიშვილსაც დავკავშირდებოდით, რომელმაც შემდეგი რამ განგვიცხადა:

- ძალიან ცუდია, რომ ეს პატარა გოგონა თავის კარიერას ასე იწყებს. გარდა ამისა, მან საქმეში ჩარია ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსიც კი არ არის და არც ვიცი, მას რა გაუკეთებია, ათი წელია პირადად ვიცნობ. ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ შრომის კოდექსი დავარღვიეთ. ისიც კი არ იციან და არც დაინტერესებულან იმით, რომ ეს კონკურსი იყო და არც ერთი მონაწილე არ მყოლია დაქირავებული. ძალიან ცუდია, რომ თაკომ ეს ხალხი ჩარია ამ საქმეში. თანაც, ხომ შეიძლება, ამ პატარა გოგონას შეეშალა და არ უნდა დაინტერესებულიყვნენ, რეალურად როგორ ხდებოდა?

რაც კონტრაქტში წერია, ყველაფერი შესრულებულია. რაც არ წერია, ისიც კი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ეს სალაპარაკო არ არის. ჩვენი კომპანიის მუშაობას ჩრდილს აყენებს მათი განცხადებები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ პიარს ემსახურება.

- თაკო ამბობს, რომ არ შეახვედრეთ ბრიტანეთის წამყვან სააგენტოებს, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული.

- საზოგადოება მალე გაიგებს, რა და როგორ გავაკეთეთ. ყველა სააგენტოში არის დაგზავნილი თაკოს პორტფოლიო და ამისი ამონაწერებიც არსებობს. მისი მიყვანა სამოდელო სააგენტოებში აბსურდი იქნებოდა. ამით არავინ დაინტერესდა, ყველას მხოლოდ პიარი აინტერესებს.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები