რატომ არ იყო "მეცხრე არხზე" ვასილ მაღლაფერიძის ადგილი

რატომ არ იყო "მეცხრე არხზე" ვასილ მაღლაფერიძის ადგილი

"ჩვენ ვეღარ შევხვდებით ხვალ, ამით ვამთავრებ "მე-9 არხზე" მუშაობას", - ასე დაასრულა 29 ნოემბერს თავისი გადაცემა "კონსილიუმის" წამყვანმა, ვასილ მაღლაფერიძემ და ტელევიზია ისე დატოვა, რომ ხელმძღვანელობის გაფრთხილება საჭიროდ არც ჩათვალა. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ტელეკომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. იგი უკმაყოფილოა არხზე მიმდინარე პროცესებით. "ისე მოხდა ცვლილებები, რომ მე არავის გავუფრთხილებივარ, მაშინ, როცა ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი", - ამბობს მაღლაფერიძე.

- ბატონო ვასილ, "მეცხრე არხის" შესახებ ვისაუბროთ. როგორ აღმოჩნდით ამ ტელეკომპანიაში?

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ბექაურისგან მივიღე და დავთანხმდი. გენერალური დირექტორის მოადგილე გახლდით და გადაცემაც მიმყავდა. "კონსილიუმი" ისეთ ვითარებაში მომზადდა, როცა თავისუფალი სიტყვის გავრცელება და გამოხატვა სერიოზულ პრობლემასთან იყო დაკავშირებული. რთულ ვითარებაში მუშაობდნენ საერთოდ ჟურნალისტები, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, აყადაღებდნენ თეფშებს. ამის მიუხედავად, უკან არ დაგვიხევია, ჩვენი მიზანი იყო მოქალაქეებს ჰქონოდათ იმის განცდა, რომ ისინი მარტო არ იყვნენ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამსჯავროზე გამოგვქონდა ის პრობლემები, რაც მათ აწუხებდათ. ტელევიზიაში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე, გავიცანი ბევრი საინტერესო, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანი, რომლებსაც მძიმე წუთებშიც არ უარუყვიათ საკუთარი პრინციპები.

- რატომ მიიღეთ ტელევიზიიდან წამოსვლის გადაწყვეტილება?

- საკუთარი ღირსებიდან გამომდინარე მივიჩნიე საჭიროდ, რომ იქაურობა დამეტოვებინა. როცა დირექტორის მოადგილე ხარ, ტელევიზიიდან არ უნდა იღებდე ინფორმაციას. ორი დღის განმავლობაში თანამშრომლებს უამრავი კითხვა ჰქონდათ და გადავწყვიტე, დეტალებში გავრკვეულიყავი. როცა შედიხარ ოთახში, კითხულობ, რა ხდება და გეუბნებიან, გადი გარეთ, ჩვენ აქ სალაპარაკო გვაქვსო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ადგილი იქ არ არის. საკუთარი ღირსებიდან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება და ტელეკომპანია დავტოვე.

- ანუ ხელმძღვანელობის შეხვედრას არ დაგასწრეს?

- ბექაური, ლუბა ელიაშვილი და კიდევ ერთი პირი საუბრობდნენ. მესამე ადამიანი არ დამინახავს, რადგან ოთახში არ შევსულვარ. მე არ ვიყავი რიგითი თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე გახლდით და არ უნდა მცოდნოდა, რა ხდებოდა ტელევიზიაში? მე გადაცემებს ვუწევდი კურირებას, მანამდე ერთად ვსაუბრობდით ყველანი, ვიზიარებდით ერთმანეთის აზრებს და არ ვიცი, რა მოხდა, ეს ჩემთვის დღემდე გაურკვეველია. არც მას შემდეგ უცდიათ ჩემთან დალაპარაკება. ფაქტია, არ უნდოდათ და მეც დავტოვე ისე, რომ არც ისინი ჩამიყენებია საქმის კურსში. ჩავთვალე, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი და ალბათ ყველა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა. მე მაქვს ურთიერთობის წესი, რის მიხედვითაც ვცხოვრობ და მიმაჩნია ურთიერთობის სწორ ფორმად. არ უნდათ და ნუ უნდათ.

- თანამშრომლების ერთმა ნაწილმა სამსახური დატოვა. მათ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებთ?

- ვფიქრობ, მათ მაინც დაითხოვდნენ. ვერ გეტყვით, რატომ არ სჭირდებოდათ, მაგრამ ასეა. როგორც ჩანს, ახალ მენეჯმენტს ახალი შეხედულებები აქვს. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, თანამშრომლებს ჰქონდათ კითხვები და ამაზე პასუხი ვერ მიიღეს. "მეცხრე არხზე" ძალიან საინტერესო ადამიანები მუშაობდნენ. მათთან ერთად, რთულ პერიოდში კარგ საქმეს ვაკეთებდით და დავახლოვდით. იქ ბევრი მეგობარიც შევიძინე, მეც ვგრძნობდი მათ მიმართ პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ კითხვებზე პასუხების მიღება მე ვცადე და მეც ასე მომექცნენ.

- მაინც რა მოხდა ტელეკომპანიაში, რა იყო უთანხმოების მიზეზი?

- არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მართლა ვერ გავიგე. არადა, ვფიქრობ, აქ დასამალი არაფერი იყო. ჩვენ ვიყავით პატარა შენობაში, ახალი უნდა გაკეთებულიყო და უკეთეს პირობებში უნდა გადასულიყო ტელევიზია. იქაც იყო გარკვეული გეგმები, გაფართოებაზეც იყო ლაპარაკი და უცებ ეს მოხდა.

- იმასაც ამბობენ, რომ ბექაურმა თავისი სანაცნობო შეკრიბა. მახსოვს, როცა ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა, სამსახურიდან ის ხალხი დაითხოვა, რომლებიც იქ დახვდა. არადა, მათ ერთთვიანი პრაქტიკაც კი გაიარეს უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოყვანილ სპეციალისტთან. მაშინ ისინი ამას აპროტესტებდნენ. მართლა ნაცნობობით მოხვდნენ იქ თანამშრომლები და თავის გუნდთან ერთად წავიდა ბექაური?

- ბექაურს მე ადრე არ ვიცნობდი, იქ გავიცანით ერთმანეთი. არა მგონია, იქ ნაცნობობით მოხვედრილიყვნენ ადამიანები. ნათია ლაზაშვილია უცნობი სახე თუ თამარ რუხაძე? მათი სახელები კახა ბექაურისგან არის ცნობილი? იქ ბევრი პროფესიონალი მუშაობდა.

- ლუბა ელიაშვილი სარედაქციო საქმიანობაში ერეოდა?

- ლუბა მოადგილე იყო, მაგრამ ძალიან იშვიათად მოდიოდა ჩვენთან. ძირითადად "ინფო-9"-ში იყო. ვერ გეტყვით, სად ერეოდა და სად - არა.

- ბიძინა ივანიშვილის განცხადებას როგორ შეაფასებთ?

- ძალიან ნორმალური განცხადება გააკეთა. სრული თავისუფლება გვქონდა ამ დროის განმავლობაში. შედეგების მიხედვით ეს იყო ყველაზე დაბალანსებული ტელევიზია, იმის ნიმუში, როგორ არ ერევიან დამფუძნებლები არაფერში და ჟურნალისტებს სრული თავისუფლება ჰქონდათ. ვერავინ იტყვის, რომ მათ საქმიანობაში ვინმე ჩარეულა. მართლაც ეს იყო მაგალითი, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება მეპატრონის - მედიასთან. თავიდანვე იყო ცნობილი მეპატრონის ვინაობაც, დამალული არაფერი ყოფილა. არასოდეს მინახავს ბატონი ბიძინას მეუღლე იქ მოსული. აბსოლუტური ჩაურევლობა იყო და ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ეს ჩემი პირველი შეხება იყო ტელევიზიასთან. ისეთი რეჟიმში ვმუშაობდი, რომ სხვა საქმიანობისთვის დრო არ მრჩებოდა. მართლა მოულოდნელი იყო ყველაფერი. აწი მომიწევს სამსახურის ძებნა...

- ბატონო ვასილ, ბოლო დროს თქვენი მისამართით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სერიოზული ბრალდება გაისმა: მოწმე მოდებაძე ამბობს, რომ საბურთალოზე ის ბინა თქვენ დაიქირავეთ და გასაღებიც გქონდათ...

- ეს აბსურდი და სიცრუეა. როგორც ვიცი, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და სულ მალე ცნობილი გახდება გამოძიების შედეგები. ამას მეც ველოდები. გამოძიების მერე ყველა დაინახავს, რაში იყო საქმე. ის, რაც გავრცელდა, არის აბსოლუტურად უსინდისო და უპასუხისმგებლო განცხადება. არავითარი კავშირი იმ ბინასთან და ამ საქმესთან არ მაქვს. სამწუხაროა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთონ. ეს არის ყურადღების სხვაგან გადატანის მცდელობა.

- როგორ ფიქრობთ, ვისგან მოდის ეს?

- ვერ გეტვით. ადამიანს, რომელიც ამბობს ასეთ სისულელეს, სირცხვილის გრძნობა არა აქვს. ყველა დარწმუნდება, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე და არარსებულზე მითხარით, რა კომენტარი გავაკეთო?

- მოწმე ნათელა მოდებაძეს იცნობთ?

- არ ვიცნობ, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის.

- ხომ არ დაუბარებიხართ დაკითხვაზე? როგორ ფიქრობთ, ჟვანიას საქმე გაიხსნება?

- დაკითხვაზე არ ვყოფილვარ. მაქვს მოლოდინი და ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება ნამდვილად ღირსია იცოდეს, რა ვითარებაში დაიღუპა პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, პროკურატურა ყველას დაჰკითხავს, ვინც საჭიროა და ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს. გაირკვევა ყველაფერი. ნეტავ შერცხვებათ იმ ადამიანებს, ამ ტყუილებს რომ თხზავენ?

- თქვენ ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდით. მის ხასიათზე რა შეგიძლიათ თქვათ, რამდენად რთული იქნებოდა მასთან მუშაობა იმ გუნდისთვის, რომელიც ხელისუფლების სათავეში იყო?

- ზურა ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ქვეყანაში პროცესები ასე არ განვითარდებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ბოლოს ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილებას 3-4 ადამიანი იღებდა. ეს აბსოლუტურად გამორიცხული იქნებოდა. ვფიქრობ, ბევრი პროცესი უფრო სხვაგვარად განვითარდებოდა. მას სხვანაირად ესმოდა სიტყვის თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები. მისთვის ეს ძალიან მაღალი ღირებულებები იყო. ქვეყანაში რაც მოხდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იქნებოდა და პარალელურად, მას შესწევდა უნარი, რომ ორგანიზება მოეხდინა და ადამიანებს, პოლიტიკოსებს ასე არ მიუშვებდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები