ვინ "ამახინჯებს" თათია სულუაშვილს

ვინ "ამახინჯებს" თათია სულუაშვილს

თურმე, "კომედი შოუს" მსახიობი - თათია სულუაშვილი საკუთარ დაბადების დღეზე ყოველთვის მოწყენილია. მას ჰყავს მეუღლე და პატარა გოგონა - ქეთო. თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევს. ეზიზღება გველი, ნესვი და ბანანი.

- უცნაურ სიტუაციაში არაერთხელ აღმოვჩენილვარ. ასეთ დროს ვცდილობ, სიტუაციას თავი იუმორის მეშვეობით დავაღწიო.

- ვთქვათ, თანამშრომლებმა გითხრეს, - ტყეში, სოკოს საკრეფად მივდივართ და შენ რას იზამო?..

- მათ გავყვები, სხვა რა გზა მექნება? ტყეში მშვენიერი გარემოა.

- წუთითაც არ გაივლებ გონებაში, რომ შესაძლოა, ხუმრობდნენ?

- არა. ჩვენს ბიჭებს სოკო ძალიან უყვართ. შაბათ-კვირა ისე არ ჩაივლის, რომ ტყეში სოკოს საკრეფად არ წავიდნენ. ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავია (იცინის).

- "სოკოს კრეფის გარდა", თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- სად გვაქვს თავისუფალი დრო?! დილით, შინიდან გასვლისას, შვილისთვის "დილა მშვიდობისას" თქმას ან ვასწრებ, ან - ვერა. ჩემს ნაცვლად, საღამოს ბავშვს "ძილი ნებისას" ჩემი დედამთილი ეუბნება. ქეთო უკვე 2 წლის და 7 თვისაა. ორშაბათიდან კვირის ბოლომდე ისეთი დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, რომ ბავშვი კი არა, მგონი, ქმარიც ხელიდან გამომეცალა. ჰო, ოჯახს ვკარგავ (იცინის)...

- ვთქვათ, დილით, საკუთარ სამზარეულოში შესულს წინსაფრიანი ზაქარია ქუცნაშვილი დაგხვდა...

- უპირველეს ყოვლისა, ხელს ჩამოვართმევ და გავეცნობი, შემდეგ კი ვკითხავ, - ჩემს სამზარეულოში რატომ ხარ-მეთქი? თუკი უბრალოდ, ასე სურს, საუზმის მომზადებაში დავეხმარები, მაცივრის კარს ერთად გამოვაღებთ...

- შენი აზრით, ზაქარია ქუცნაშვილი შენს სახლში როგორ შეიძლება აღმოჩნდეს?

- რაღაც არსებობს, არა? მაგალითად, პლანეტა ვენერა რაღაცებს ხომ მართავს? ჩემი აზრით, მსგავსი მოვლენები ზემოდან იმართება... ჰოდა, მეც ვიფიქრებ, რომ ზაქარია ზემოდან "მომართეს" და ჩემთან შემოაგდეს.

- ბოლო დროს ზაქარია ქუცნაშვილი ვანო ჯავახიშვილმა ამოიჩემა. როგორ ფიქრობ, ამ პოლიტიკოსს მართლა სასაცილო ვარცხნილობა აქვს?

- ხალხს იმაზე ეცინება, რაც სასაცილოა. სხვათა შორის, პირადად მე, ჩემ მიერ შესრულებულ ზოგ როლზეც არ მეცინება. კრიტიკული ვარ.

- მაგალითად, შენი რომელი პერსონაჟი არ მოგწონს?

- ეთერში აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟის მეშინია კიდეც, რადგან ამ როლში 50 წლის ქალს ვგავარ. ტელეეკრანზე რომ ვხედავ, ოთახიდან გავდივარ (იცინის). ქუჩაში ხალხი მეუბნება, - ვაიმე, რა კარგი ბავშვი ყოფილხარ, ტელევიზორში კი ასაკოვანი ჩანხარ. ასე რატომ გამახინჯებენ, შვილოო?!

- ვთქვათ, ნაცნობი გოგონა გთხოვს, რომ "ქუჩურ გარჩევაში" მის მხარდასაჭერად ჩაება...

- წავყვები, მაგრამ "საქმის გარჩევა" რამდენად კარგად გამომივა, არ ვიცი. თუმცა, ერთს ხომ დავიყვირებ, ვინმეს მუშტს ერთხელ მაინც ხომ დავარტყამ და "დალშე" რა იქნება, არ ვიცი... ყველას უხეში ვგონივარ. უკვირთ, - "ქუჩური" რაღაცები საიდან იციო? უბრალოდ, ქუჩაში რომ გავდივარ, ძალიან ბევრ რამეს ვაკვირდები. მაგალითად, შეიძლება სამსახურიდან გასულს უამრავი "მოძველბიჭო ელემენტი" შემხვდეს. ჰოდა, მათ ვაკვირდები, მეტი რა საქმე მაქვს (იღიმის)?..

- "მოძველბიჭო" ქალებიც შეგხვედრია?

- კი. ერთხელ სადგურის მოედანზე გიჟი მარინა შემხვდა. მას ყველა იცნობდა - "ძველი" ქალი იყო. ჩემთვის მივდიოდი. უცებ დამინახა, შემაგინა და მხარზე შემომცხო! მაშინ დაახლოებით 16 წლის ვიყავი. შემეშინდა და ტირილით წამოვედი...

- ვთქვათ, მეუღლე შინ გვიან დაბრუნდა და შეშფოთებული გეუბნება, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდა...

- საერთოდ, ყველაფრის მჯერა - ანუ ჩემი მოტყუება ძალიან იოლია, მაგრამ მეუღლემ რომ მითხრას, - უცხოპლანეტელი შემომხვდაო, არ დავუჯერებ; თუკი მეტყვის: ზურგზე ჩამავლო კლანჭები ან ზემოდან დამაფრინდაო, - მის სიტყვებს ვირწმუნებ; თუ მეტყვის, უცხოპლანეტელმა ჰაერში ამწია და მიწაზე დამანარცხაო, ეს კიდევ უფრო სარწმუნოა! საერთოდ, უცხოპლანეტელი ადამიანს ზურგიდან ესხმის თავს.

- ის შენც გინახავს?

- მე - არა, ახლობელს შეხვდა. მან უკნიდან ჯერ მხარზე დაადო ხელი და ანიშნა, - როგორ ხარო? მერე თავს დაესხა (იცინის).

- ვთქვათ, მეუღლე გარწმუნებს, რომ წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს, რომელიც შეიძლება, მომავალში ბიზნესის წამოსაწყებად გამოიყენოთ.

- ბლითების "ცეხებს" გავხსნიდი. კიდევ, ბანანს, კივს, ფორთოხალს "იაშიკებით" გავყიდდი. მანამდე მეუღლეს ვკითხავდი, - ამ სფეროში წარმატებული ვიქნებოდი თუ არა? ისე, ბანანი ბაზარზე "ლიწინ-ლიწინით" "გადის" - ბავშვისთვის ზამთარ-ზაფხულ ვყიდულობ და ამიტომაც მგონია, რომ ამ ხილით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესია.

- ვთქვათ, შინიდან გასულს კართან მამაკაცის სუნამო დაგხვდა...

- ოჰო! აუცილებლად შევიტან სახლში...

- სუნამოს თან პატარა ბარათი ახლავს, რომელზეც წერია - "ლოლიტასგან".

- ააა... სუნამო ჩემს მეუღლეს მოუტანეს? ქმარს მივაწვდი და ვეტყვი, - საყვარელო, ლოლიტამ დაგიტოვა-მეთქი. მერე კი სუნამოს ყუთს ერთად გავხსნით.

- ლოლიტა ვინ არის, არ დაინტერესდები?

- რომელიმე მისი თაყვანისმცემელი იქნება... ეჭვიანი არ ვარ და ამის გამო ისტერიკა არ დამემართება. მეუღლეს სუნამო თუ მოეწონება, ხომ კარგი, თუ არა და, ლოლიტას ვინაობას დავადგენ, რათა საჩუქარი უკან დავუბრუნო.

- დაბადების დღეს როგორ ატარებ?

- სხვათა შორის, ამ დღეს ყოველთვის მოწყენილი ვარ ხოლმე.

- საჩუქრებს ხომ იღებ?

- რა თქმა უნდა! ახლობლებს ჩემთვის საჩუქრები არ ენანებათ, მოაქვთ და მოაქვთ! საჩუქრები მიყვარს, დაბადების დღის გადახდა - არა. სხვების დაბადების დღეებზე უფრო კარგად ვერთობი.

- ვთქვათ, მეგობარმა დაბადების დღეზე თხა გაჩუქა...

- ძალიან კარგი! ნეტავ იცოდე, თხის რძე ბავშვისთვის როგორი სასარგებლოა! თხას აივანზე დავაბამ, იქვე თივას დავუყრი, დილა-საღამოს მოვწველი და რძეს ბავშვს დავალევინებ. ჩემს საჩუქარს ბაფთას გავუკეთებ და დილაობით გავასეირნებ კიდეც.

- აბა, დრო ბავშვისთვისაც არ მრჩებაო?

- ნუ, როცა მეცლება, თხას მაშინ გავასეირნებ! ბოლოს და ბოლოს, საახალწლოდ ხომ დავისვენებ?!

- ვთქვათ, ლიფტში შენი ერთადერთი თანამგზავრი გოგონა ხმამაღლა იგინება...

- ვკითხავ, - რატომ იგინები, შვილო, რამ გაგაბოროტა, ვინ გაგაბრაზა-მეთქი? მისი პასუხის მოსმენის შემდეგ შესაბამისი რეაქცია მექნება...

- ბილწსიტყვაობა თუ გჩვევია?

- უზრდელური სიტყვები მეზიზღება! ქალი უწმაწურ სიტყვას რომ ამბობს, შემიძლია, ტუჩებში შემოვარტყა! ცხადია, ჯერ ასე არავის მოვქცევივარ, მაგრამ ახლობლისთვის შენიშვნა მიმიცია.

- სამსახურის გამო, რაიმე კომპრომისზე წასულხარ?

- ბევრი ისეთი როლი მითამაშია, რომელიც არ მომწონდა, თუნდაც - ბოზის როლი: როგორ გითხრა, რომ მოკლე "იუბკასა" და "სეტკიან" კოლჰოტში (სხვათა შორის, ასეთ "ჩულქებში" ჩემი მეზობელი ხახვს ინახავს) გამოწყობილი საკუთარი თავი ძალიან მომწონს-მეთქი? სამაგიეროდ, ხალხს მოსწონს, რადგან სასაცილოა და ძალაუნებურად, მეც ასე ვიცვამ.

- ვთქვათ, "კომედი არხის" სარეკლამო სახედ აგირჩიეს. ხელმძღვანელობა თმის გადაპარსვას გთხოვს - არხის რეიტინგისთვის ასეა საჭიროო...

- (მაწყვეტინებს) რატომაც არა, გენაცვალე, თმას გადავიპარსავ და ტლოპინა თავზე ბაფთიან "აბადოკსაც" გავიკეთებ!

- მეუღლეს აზრს არ ჰკითხავ? იქნებ შენი ახალი იმიჯი არ მოეწონოს?..

- მეუღლეს ტლოპინა თავითაც მოვეწონები. თან, "ბლესკს" ან ვაზელინს გადავისვამ, რომ უფრო ეფექტური და სახალისო სანახავი ვიყო. სამსახურისთვის თავდადებული ადამიანი ვარ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები