ზვიად ქორიძე: "სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში"

ზვიად ქორიძე: "სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში"

ხელისუფლების შეცვლამ ძვ­რები ქართულ მედიაშიც გამოიწვია. აღნიშნულ პროცესებზე ჟურნალისტი, მედიაექსპე­რტი ზვიად ქორიძე გვესაუბრება:

- ბოლო წლების განმავლობაში ელექტრონული მედია, პრაქტიკულად, დამოუკიდებლად არ ფუნქციობდა. ის მიბმული იყო პოლიტიკურ, ანუ შავ ფულს, რის გამოც პოლიტიკური პროცესების მონაწილე გახდა. მაგრამ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური გარემო შეიცვალა, ბუნებრივია, მედიას გადაჯგუფება მოუხდა. იგი ან უნდა მოსწყდეს პოლიტიკურ ფულს, რომ გადარჩეს, უნდა შეძლოს დამოუკიდებლად არსებობის სწავლა, უნდა იპოვოს პოლიტიკური ფულის მქონე ახალი პატრონი და განაგრძოს ძველი გზით სიარული. აი, ამ ამოცანის წინაშე დგას დღეს ქართული მედია, რაც მტკივნეული პროცესია. ამიტომაც გადარბიან ერთი ტელევიზიიდან მეორეში. ან იხურება ტელევიზია, ან მეპატრონეები უარს ამბობენ მასზე და ლეგალურ მმართველებს უბრუნებენ. ეს ყველაფერი გარდაუვალი იყო და დამახასიათებელი იმ პოლიტიკური ცვლილებისთვის, რომელიც საქართველომ განიცადა ოქტომბერში. იმედი მაქვს, აუცილებლად მივალთ იმ საკანონმდებლო ნორმის სრულად ამოქმედებამდე, რომელიც 2011 წლის აპრილში დიდი ძალისხმევის შედეგად მივაღებინეთ საქართველოს პარლამენტს, რომლის თანახმადაც ელექტრონული მედიასაშუალებების მეპატრონეების ვინაობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ასევე უნდა მივაღწიოთ ფინანსურ გამჭვირვალობას, რაც საშუალებას მოგვცემს, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ დებს ფულს მედიასაშუალებაში, როგორ მოიზიდავენ რეკლამას... მალე დაიწყება ბიზნესზე პოლიტიკური წნეხის მოხსნის ახალი პროცესი, რაც ბიზნესს გაათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომლითაც იძულებული იყვნენ, განსაზღვრულ არხზე მიეტანათ რეკლამა. აი, ეს მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს ახლა და შეუჩვეველი ლხინის პერიოდი უნდა დადგეს: მედია უნდა გავათავისუფლოთ პოლიტიკური ზეგავლენისგან იდეური, ფინანსური და მართვის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ექნება ამ პროცესს გამართლება. მაგრამ თუ ვითარება იგივე დარჩება და ტელევიზიებში მხოლოდ პერსონები შეიცვლებიან, ეს ყველაფერი ამაო, ფუჭად ჩავლილი პროცესი იქნება.

დღეს დიდი ვალდებულება აკი­სრიათ ჟურნალისტებს, მათ არ უნდა მოამზადონ პროპაგანდისტული სიუჟეტები, არ გამოიგონონ ისტორიები და არ გაასაღონ სინამდვილედ. მაგრამ თუ "რუსთავი 2" შეჩვეულ ჭირს აირჩევს და "გაკვალული" გზით ივლის, ეს ტელევიზია განწირულია.

- ტელეკომპანია "მე-9 არხში" დიდი არეულობაა...

- ამ არხზე ის ხდება, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი. მისი მეპატრონე არის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც პოლიტიკურ ოპოზიციაში ყოფნისას იმიტომ შექმნა ეს ტელევიზია, რომ სხვანაირად ვერ გაარღვია ის საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც წლების განმავლობაში "რუსთავი 2"-მა, "იმედმა" და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნეს. "მე-9 არხის" ამოცანა არ იყო მაღალი პროფესიული სტანდარტებით გადაცემების მომზადება და მხოლოდ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებდა. თუმცა, ახლა, როცა ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, გაჩნდა ახალი ამოცანა: პოლიტიკოსები უნდა გავიდნენ მედიაპოლიტიკიდან და უნდა გაიზარდოს სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხი. ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესში პიონერია. არადა, მეგონა, რომ ამ ინიციატივას "რუსთავი 2" გამოიჩენდა, რადგან ამ არხს საკმაოდ რთული წინაპირობები აქვს და უკეთესი იქნებოდა, ამ პროცესით დაეწყო საქმიანობა, მაგრამ ამ გარდამავალ პერიოდში "რუსთავი 2"-მა კორუფციული მექანიზმი გამოიყენა და წინა მთავრობას 6 მილიონამდე დავალიანება ჩამოაწერინა, შემდეგ 10 დღის განმავლობაში სამჯერ შეიცვალა მეპატრონე, ამას დაერთო კიდევ ერთი ამოცანა ახალდანიშნული გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სახით, რომელიც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი გენერალური პროკურორი და განათლების მინისტრი გახლდათ. ანუ, "რუსთავი 2"-მა უარი არ თქვა თავის პოლიტიკურ როლზე და, შესაბამისად, პოლიტიკურ ფულზეც. ამიტომაც ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი რაც შეიძლება დროულად უნდა ამოქმედდეს. ბიძინა ივანიშვილმა კი ყველას დაასწრო და თქვა, "მე-9 არხი" მიქმნის უხერხულობას როგორც ქვეყანაში, ასევე საგარეო ურთიერთობებშიო და გადაწყვიტა, ამ პროცესს გაემიჯნოს. იგი სწორად მიხვდა, რომ პროცესს უნდა გამიჯვნოდა, მაგრამ ამის ფორმა სწორად ვერ მოიფიქრა. ჯერ განაცხადა, "მე-9 არხი" საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა შეუერთდესო, შემდეგ მოიფიქრა, სპეციალურ საბჭოს შევქმნი, 20 წლით გადავცემ და დავაფინანსებო. როდესაც ტელეკომპანიას 20 წლით აფინანსებ, ძნელი დასაჯერებელია, რომ ის მართლაც დამოუკიდებელი იქნება. შემდეგ ამ არხზე დაიწყო შიდა დუღილი, რასაც უსიამოვნო პროცესი მოჰყვა - ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა დატოვეს არხი მინიშნებით - ჩვენ ვაკეთებდით მიუკერძოებელ გადაცემებს­ და ახლა დადგა დრო, რომ გაკეთდეს ისეთი ტელევიზია, რომელიც არ იქნება ასეთივე მიუკერძოებელიო. ბუნებრივია, ამ არხს ჰყავს მაყურებელი და მათ აინტერესებთ ეს ყველაფერი, თორემ, როგორც ლუბა ელიაშვილი იტყოდა - ეს არხი მართლა ფერმა რომ იყოს და მხოლოდ მერძევეების გაშვებასთან გვქონდეს საქმე, არ იქნებოდა საჯარო განხილვის საგანი. და თუ ეს დუღილი დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა დახუროს ეს ტელევიზია, ანუ მოიქცეს ისევე, როგორც 2004 წლის 1-ელ აპრილს. იმხანად ამ პროცესმა უმტკივნეულიდ ჩაიარა, მაგრამ დღეს ასეთმა მოქმედებამ შეიძლება რყევები გამოიწვიოს. ამიტომაც ივანიშვილმა ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ პატივი სცეს თავის მომხმარებელს და არ დააზარალოს საზოგადოება. ხშირად მსმენია, თუ ივანიშვილი "მე-9 არხს" დახურავს, სააკაშვილს "რუსთავი 2" აქვს და საინფორმაციო ომს მოუგებსო. არადა, ნებისმიერ პოლიტიკოსს ყველანაირ ომში, მათ შორის საინფორმაციოშიც, მხოლოდ და მხოლოდ მართალი ინფორმაცია ამარჯვებინებს. სამწუხაროდ, საქართველოში პროპაგანდის ბა­ცილა მხოლოდ წინა მთავრობაში არ იყო, ახლაც გვხვდება ასეთი რეციდივები. დღეს ბიძინა ივანიშვილს ამ დილემის დაძლევაც მოუწევს. ეს აუცილებლად უნდა შეძლოს, მძიმე პოლიტიკურ პროცესს რომ არ ჩაჰყვეს.

- ახალი გენერალური დირექტორი შეძლებს "მე-9 არხის" დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მართვას?

- ვნახოთ. თუმცა, თუ "მე-9 არხმა" ნებისმიერ თემაზე ისეთი სიუჟეტი გააკეთა, როგორც ქალბატონმა ლუბა ელიაშვილმა თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დიდი ხანია "მე-9 არხის" საწინააღმდეგოდ გეგმავს რაღაცებსო, ინფორმაციის დაბალ ხარისხს მივიღებთ. მინდა, ქალბატონ ლუბას განვუმარტო, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს "მე-9 არხზე" მიმდინარე პროცესები საერთოდ არ განუხილავს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებმაც დატოვეს ეს არხი, ქარტიის ხელმომწერები არიან და ჟურნალისტის ნება, რომ იმუშაოს და მისი პროფესიული სტანდარტები დაცული იყოს, დაირღვა.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რე­ალ-ტივისა" და "იმედის" ყოფილ ჟურნალისტებს ეკრძალებათ საჯარო დაწესებულებებში მუშაობა...

- რატომ უნდა იმუშაოს ჟურნალისტმა საჯარო დაწესებულებაში?! სასაცილოა, როდესაც ჟურნალისტს სურვილი უჩნდება, გაიქცეს საჯარო დაწესებულებაში. თუმცა ვაკვირდები და ვხვდები, რომ ჟურნალისტებს ჟურნალისტიკა მიაჩნიათ ტრამპლინად, რომ გახდნენ პოპულარულები და ამის წყალობით საჯარო ან კერძო კომპანიებში იშოვონ სამსახური. ეს ჟურნალისტიკის სიყვარულისა და პროფესიონალიზმის დეფიციტის შედეგია!

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები