"კაცების კინო" - დაკარგული ფილმის საპოვნელად დარაზმული 4 იუმორისტის ამბავი

"კაცების კინო" - დაკარგული ფილმის საპოვნელად დარაზმული 4 იუმორისტის ამბავი

"ღამის შოუს" სტუდიის გუნდი პრემიერისთვის ემზადება: "კაცების კინო" - ასე ჰქვია ფილმს, რომლის სანახავადაც 12 დეკემბრიდან კინოთეატრებში იმ განწყობილებით უნდა წახვიდეთ, რომ კარგად გაერთობით და ბევრს იცინებთ. ფილმი "ღამის შოუს" სტუდიის პოპულარული გადაცემის - "კაცების შოუს" წამყვანების შესახებ მოგვითხრობს.

ირაკლი კაკაბაძე, ფილმის რეჟისორი და სცენარისტი:

- "კაცების შოუში" როგორც ვხუმრობდით, ვეცადეთ, ის ყველაფერი ფილმად გადაგვეღო. რა თქმა უნდა, გარკვეული სიუჟეტიც მოვიფიქრეთ. მოქმედება ასე ვითარდება: შოუს გმირებმა ფილმი გადავიღეთ, რომელიც ტექნიკური პრობლემის გამო, კომპიუტერიდან წაიშალა. ამ დროს ერთ-ერთ უცხოელს ჩვენი ფილმის ყიდვა უნდა. კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ ფლეშკა, რომელზეც ჩვენი ნამუშევარი გვაქვს გადატანილი, დამეკარგება - ღამით ბარში ვთვრები. იქ ჩვენი გუნდის თაყვანისმცემელს - ვინმე ნოდარს გავიცნობ და ფლეშკას მას ვათხოვებ. ჩვენი ფილმით დაინტერესებული უცხოელი მეორე დღეს საქართველოდან უნდა გაფრინდეს. სხვა გზა არ გვაქვს, - ნოდარის ძებნას სხვადასხვა "ფრონტზე" ვიწყებთ. დაახლოებით მახსოვს, წინა ღამით სადაც ვიყავი. ფილმის ოთხივე გმირი სხვადასხვა სიტუაციაში ვხვდებით: ვიღაც რესტორანში მიდის, ვიღაც - ბარში... იქ ტიპური ქართველი პერსონაჟები გვხვდებიან, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ხშირად გვინახავს, მაგალითად: ოფიციანტი, რომელიც ცუდად გვემსახურება, ასაკოვანი გაუთხოვარი ქალი, კაცი, რომელიც სასაცილო ამბებს გვიყვება და გვეუბნება, - მერე გამოიყენეთო, მაგრამ ვერაფერში გამოვიყენებთ და ა.შ. ფილმში თითქმის ყველა სტუმარი მონაწილეობს, ვინც კი "კაცების შოუში" გვყოლია.

- მუშაობისას, ფილმის სიუჟეტის მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევა ხომ არ გქონიათ?

- არა, ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ფილმი ღამის "შოუს სტუდიამ" და "სტენლიმ" (რომელმაც "თბილისური ლავ სთორი" და "გული პლუსი" შექმნა) გადავიღეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ. პროფესიონალების ჯგუფი მუშაობდა და გაუთვალისწინებელი არაფერი მომხდარა.

- ფილმის ტრეილერში "ღამის შოუს" სტუდიის სერიალების მსახიობებს მოვკარი თვალი...

- დიახ, სერიალის რამდენიმე მსახიობიც მონაწილეობს: ნიკა ქაცარიძე, ხატია ბრაჭული, ნატა ბერეჟიანი, მანანა კოზაკოვა (რომელიც სერიალში - "შუა ქალაქში" ახლახან ჩაერთო)...

- ფილმის ბიუჯეტზე რას გვეტყვით?

- მსახიობებისთვის ფული არ გადაგვიხდია, რადგან ფილმის მთავარი გმირები ჩვენ - "კაცების შოუს" წამყვანები ვართ. იმედია, მას მერე, რაც ხალხი ბილეთებს იყიდის, ჩვენც რაღაც შეგვხვდება. ფული ტექნიკაშიც არ გადაგვიხდია, რადგან "ღამის შოუს" გუნდმა მხატვრულ მხარეზე და სცენარზე ვიზრუნეთ, ტექნიკური უზრუნველყოფა კი მეორე სტუდიამ ითავა. მცირე ხარჯი გავწიეთ: ბენზინი, საკვები, ადგილის არენდა... ფილმის ბიუჯეტი ისეთი სასაცილოა, რომ არ ვიტყვი, თუმცა ჩვენს ნამუშევარს ეს არ ეტყობა და გვიხარია.

- თქვენი პროგნოზი როგორია - "კაცების კინო" ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც "ღამის შოუს" სტუდიის სხვა ფილმები?

- იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. სამონტაჟო ვერსია ვნახეთ. ხომ იცი, ერთსა და იმავეს დიდხანს რომ უყურებ, მერე ვეღარ აღიქვამ, კარგია თუ ცუდი. ამიტომ, ფილმების პრემიერებამდე "შიდა ჩვენებებს" ყოველთვის ვაწყობთ, - ჩვენს სტუდიაში ფილმს დიდი პროექტორით ვუშვებთ ხოლმე. "კაცების კინოს" შემთხვევაშიც ასე იქნება. ჩვენებაზე მოწვეულ სტუმრებს ფილმის შესახებ აზრს შევეკითხებით. მათი რეაქციების მიხედვით მივხვდებით, რამე ზედმეტი ხომ არ მოგვივიდა? თუ საშველია, ვიფიქრებთ, ჩვენს ნამუშევარს რა ვუშველოთ? თუ არადა, ბედნიერები დავიშლებით...

- ყოფილა შემთხვევა, როცა პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე, ფილმის კორექტირება საჭირო გამხდარა?

- კი. "შიდა ჩვენება" ბევრი რაღაცის კორექტირების საშუალებას გვაძლევს.

ირაკლი ვახტანგიშვილი:

- კინოთეატრებში ხალხი იმ განწყობილებით უნდა მივიდეს, რომ ძალიან სასაცილო, გასართობ ფილმს ნახავს და მაგალითად, იმის შეფასება არ უნდა დაიწყონ, ვახტანგიშვილმა როგორ ითამაშაო?! - უყურეთ და იცინეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებისას პროფესიონალთა გუნდი მეხმარებოდა, ძალიან დაძაბული ვიყავი და ვნერვიულობდი. როგორც ყველა, ფილმში მეც საკუთარ თავს ვთამაშობ. ისეთივე ვარ, როგორიც - "კაცების შოუში". ირაკლის გმირის გაუგებრობის გამო, მეც რაღაც უცნაური რამე "დამემართება". თუ რაზეა ლაპარაკი, ამას უკვე მაყურებელი 12.12.12-დან, საქართველოს კინოთეატრებში შეიტყობს.

- 12.12.12 - პრემიერისთვის ამ თარიღის შერჩევა ერთგვარი მარკეტინგული გათვლაა, თუ უბრალოდ, ციფრები ასე დაემთხვა?

ირაკლი კაკაბაძე:

- ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. თან, 12 დეკემბერს გიორგი ჯანელიძის დაბადების დღეა (იცინიან)...

- ფილმის გადაღება სწორედ "კაცების შოუს" საფუძველზე რატომ გადაწყვიტეთ?

დავით გოგიჩაიშვილი, ფილმის პროდიუსერი, "ღამის შოუს" სტუდიის გენერალური მენეჯერი:

- ყველაზე დიდი გამოხმაურება "კაცების შოუს" აქვს. სოციალური ქსელის მეშვეობით ხშირად გვეკითხებიან, - ეთერში როდის დაბრუნდებაო? ამ ფილმის გადაღების იდეა გაცილებით ადრე გაგვიჩნდა. ზაფხულში უკვე სცენარზე ვმუშაობდით. რადგან შოუზე მოთხოვნილება არსებობს, მივიჩნიეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუკი "კაცების კინოს" გადავიღებდით.

- ფილმი რა კატეგორიის მაყურებლისთვის არის გათვლილი?

- იმედია, ბევრს მოეწონება, მაგრამ ასაკობრივი კატეგორია 2-დან 82 წლამდე მერყეობს - ვისაც "კაცების შოუ" მოსწონს (იღიმის). ვფიქრობთ, რომ ამ გადაცემას იუმორის სხვა შოუებისგან განსხვავებული მიწოდების ფორმა აქვს.

- "კაცების შოუში" ხანდახან უხამს ფრაზებსაც არ ერიდებოდნენ...

- სხვათა შორის, უხამსობა კინოში უფრო "მოსულა", მაგრამ რაც უხამსობად მოგეჩვენებათ, კონტექსტში "ჩამჯდარია" და იუმორს ემსახურება. მთავარი გმირები "კაცების შოუს" 4 ტიპია. მეც "ამტეხეს", რომ ფილმში მონაწილეობა მიმეღო. ეპიზოდურ როლებში ე.წ. "სელებრითები" მონაწილეობენ, რომლებიც შოუში სტუმრად გვყავდა: ჭოლა, ია ფარულავა, ნუკი კოშკელიშვილი, დუტა სხირტლაძე, ნანიკო ხაზარაძე, ოთარ ტატიშვილი, ზალიკო ბერგერი, ბოისა... მოვახერხეთ, რომ მათთვის რაღაც კონტექსტი მოგვეფიქრებინა, რომ სასაცილო გამოსულიყო. მთავარ გმირებს რაც შეეხებათ, მათ მსახიობური მონაცემები არც მოეთხოვებოდათ. ისინი ფილმშიც "კაცების შოუს" წამყვანები არიან და დიდი თამაში არ დასჭირვებიათ. შოუს ჩაწერისას, წამყვანების იუმორი იმპროვიზირებულია. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა დავით ლაბაძე შუა შოუში ლაპლაპებდა. გრიმიორი შემოვიდა - ჩაწერა გავაჩეროთო. ამ ფაქტზე ბიჭებმა ისეთი ამბავი ააწყვეს, რომ 1 დიდი სასაცილო ბლოკი ამაზეც გამოვიდოდა.

- იმპროვიზაციას ფილმის გადაღების დროსაც მიმართავდნენ?

- კი, რა თქმა უნდა. სცენარი დაახლოებით 60% იყო, დანარჩენი - გადასაღებ მოედანზე ემატებოდა, რადგან ფილმის მონაწილეები წამყვანები არიან და არა - მსახიობები.

- თქვენც საკუთარ თავს - ფილმის პროდიუსერის როლს განასახიერებთ. იმ პრობლემის წინაშე, რაც ფილმში გაქვთ, რეალურად რომ აღმოჩენილიყავით, როგორ მოიქცეოდით?

- ზუსტად - ისე, როგორც ფილმში მოვიქეცი (იცინის). სიუჟეტის მიხედვით, სანამ "კაცების შოუს" წამყვანები "კაკაბას" მიერ ბარში დაკარგულ ფლეშკას იპოვიან, ფილმით დაინტერესებულ ამერიკელს ვართობ. რეალურად ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებოდით. რაღაცები გვაქვს, რაც მოგვასწავებს, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართებოდა.

- "ღამის შოუს" სატელევიზიო პროექტებს რა ბედი ეწევათ?

- "იმედზე" 3 პროექტი 3 თვით აღვადგინეთ. შესაბამისად, მოლაპარაკებებს სხვა ტელეარხებთანაც (მათ შორის - "იმედთანაც") ვაწარმოებთ. პროექტების ბედის გარკვევა იანვრისთვის გადაიდო.

- თქვენსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის დაპირისპირება მართლა არსებობდა?

- არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა. თავდაპირველად, როცა "ნანუკას შოუ" იწყებოდა, იმ პერიოდში ვეხმარებოდით, როცა "ღამის შოუს" ლოგოს იყენებდა. მერე ვუთხარით, - ნანუკა, გადაცემაში ვის მოიწვევ, ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ ვანო ჯავახიშვილთან ერთად ჩვენი ლოგო იქნებ მოვხსნათ-მეთქი? მოვხსენით და ე.წ. "დაპირისპირება" ასე დამთავრდა.

- ვანოს რაც შეეხება...

- (მაწყვეტინებს) ეს ჩვენთვის რაღაც ტრაგიკულ ისტორიებს უკავშირდება. ადრე ერთ გუნდში ვიყავით და გავიყავით, - ეს წარსულია. ეს გაყოფა ჩვენთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ "ბითლზებიც" დაიშალა და "სფაის გერლზიც". მერე რა მოხდა?

- "ვანოს შოუს" როგორ შეაფასებთ? "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად" მის ღირსეულ კონკურენტად მიგაჩნიათ?

- "ღამის შოუს" და "შაბათის შოუს" ფორმატის გადაცემები ერთად დავიწყეთ. შესაბამისად, როცა "რუსთავი 2"-ზე ჩვენს თავს რაღაცები მოხდა, შევთანხმდით, რომ ამ ფორმატებს აღარ განაგრძობდნენ, მაგრამ სახელები შეუცვალეს, ფორმატები კი იგივე დარჩა. ფორმატები ძალიან მომწონს... ჩვენი ამერიკელი კონსულტანტები ამბობენ, - რა "პონტია", ფორმატებზე უფლებები თქვენ თუ გაქვთ, სხვები რატომ აკეთებენო? ჩვენ ვამბობთ, - იყოს, კონკურენციაა-თქო. უკონკურენციო ბაზარზე შენც "ფუჭდები". შეფასებას რაც შეეხება, "ვანოს შოუ" ზოგჯერ სასაცილოა, ზოგჯერ - არა. ჩვენს პროექტებშიც ასეა. სუბიეტური ვიქნები: "ოთარ ტატიშვილის" შოუს "ღამის შოუს" სტუდია ამზადებს და როგორ შევაფასო? ყველაზე კარგი შემფასებელი და საზომი რეიტინგია, მაგრამ ეს 2 გადაცემა ეთერში სხვადასხვა დროს გადის...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები