სალომე კასრაძე - "არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა"

სალომე კასრაძე - "არ მეგონა, ასე თუ მომენატრებოდა"

როგორც უკვე ცნობილია, "ტელეიმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა, არხის რეორგანიზაცია დაიწყო და თითქმის ყველა გადაცემა დაიხურა. ნელ-ნელა "იმედმა" დუმილი დაარღვია და 3 დეკემბერს "ქრონიკა" ახალი წამყვანებით დაბრუნდა ეთერში. საინფორმაციო გამოშვების წამყვანებს შორისაა ამ ტელევიზიის ძველი თანამშრომელი, "დღის შოუსა" და გადაცემა "25-ე კადრის" ყოფილი წამყვანი სალომე კასრაძე, რომლიც მაყურებელს კულტურის ამბებს აცნობს.

- სალომე, გავიგეთ, "იმედში" დაბრუნდი...

- დიახ, დამირეკეს "ქრონიკიდან" და კულტურის ბლოკის წამყვანობასთან ერთად პროდიუსერობაც შემომთავაზეს, რამაც ძალიან გამახარა და დავთანხმდი.

- მანამადე ოფიციალურად გათავისუფლებული იყავი?

- გახსოვთ ალბათ, სერიალები და გასართობი გადაცემები რომ დაიხურა "იმედზე", სწორედ მათ რიცხვში მოხვდა ჩემი გადაცემა "25-ე კადრი". მას შემდეგ ვისვენებდი.

- შენ გარდა ძველი თანამშრომლებიდან კიდევ ვინ დააბრუნეს?

- ძველი სახეები თითქმის აღარ არიან, ტელევიზია ახალი კადრებით დააკომპლექტეს. ძველებიდან მხოლოდ 4-5 ადამიანი ვართ შემორჩენილი, ისინი, ვინც ადრე რეპორტაჟებს აკეთებდა. 8-საათიანი "ქრონიკის" წამყვანი ნუცა კოპალიანიც ძველი თანამშრომელია, ხუთი წლის წინ მე და ნუცა ერთად მივედით "ქრონიკაში" სტაჟიორებად.

- დღეს როგორი სიტუაციაა "იმედში"?

- საკმაოდ ჯანსაღი სიტუაციაა, როგორც ვიცი, ახალი წლის შემდეგ გადაცემებიც უნდა დაიწყოს, მაგრამ კონკრეტულად რომელი, არ ვიცი.

- რა განსხვავებაა დღევანდელსა და ძველ "იმედს" შორის?

- შეიცვალა თანამშრომლები, თუმცა ბევრ მათგანს მანამდეც ვიცნობდი და ურთიერთობა მქონდა, ზოგიერთი კი ჩემი ძველი მეგობარია. მე დიდი ხანია "ქრონიკაში" არ მიმუშავია, ფაქტობრივად, სამწლიანი პაუზა გამომივიდა, თუმცა კულტურას არ მოვშორებივარ, ახლაც იმას ვაკეთებ, რასაც მანამდე ვაკეთებდი, უბრალოდ, სხვა ფორმით, აღარ მაქვს ერთკვირიანი მოსამზადებელი პერიოდი, როგორც "25-ე კადრის" შემთხვევაში მქონდა, მაგრამ ესეც კარგია და ყველა ჟურნალისტისთვის საჭიროა.

- კულტურის ბლოკი სალომე არშბასა და ნათიკა ბერძულს მიჰყავდათ, ისინი აღარ არიან "იმედში"?

- ახლა არ არიან, თუმცა შეიძლება დაბრუნდნენ, არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ. სხვათა შორის, ორივემ მომილოცა ეთერში გასვლა, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. რჩევებს თუ მომცემენ, მივიღებ.

- თანამშრომლებს თუ გქონდათ შეხვედრა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებთან?

- კი, როგორ არა. ყოველდღიურად ვერ ვხვდებით ერთმანეთს, რადგან ყველა ჩვენ-ჩვენი საქმით ვართ დაკავებული, მაგრამ პირველი ეთერის დროს ოჯახის ყველა წევრი "იმედში" იყო და ერთად ადევნებდა თვალს ახალ "ქრონიკას". გამოშვების ბოლოს მოგვილოცეს ეთერში დაბრუნება. რა შეხებაც შეიძლებოდა მქონოდა დირექციასთან, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური ხელმძღვანელობა გვყავს, ყველაფერს ისმენენ, გვეხმარებიან, მხარში გვიდგანან.

- ადრე თუ დაუბლოკავთ შენთვის რესპონდენტი? ან თუ მიუთითებიათ, რომ ამა თუ იმ პიროვნების ეკრანზე გამოჩენა სასურველი არ იყო?

- მე მსგავსი შემთხვევა არ მქონია, ეს ალბათ უფრო ახალ ამბებზე მომუშავე ჟურნალისტებს უნდა ჰკითხოთ.

- გენატრება შენი გადაცემა "25-ე" კადრი?

- კი, არადა არ მეგონა, თუ ასე მომენატრებოდა, მეგონა, დანაკლისს დატვითული გრაფიკით ავანაზღაურებდი, მაგრამ მენატრება ის თავისუფლება, რაც ამ გადაცემის კეთების დროს მქონდა, იქ არ იყო არანაირი სტანდარტი, არანაირი ჩარჩოები. ალბათ მოვა დრო და ისევ დავუბრუნდები ამ საქმეს.

- გვითხარი, დღის როგორი რეჟიმი გაქვს? როდის იწყებ დილას?

- რადიოში სამშაბათსა და ხუთშაბათს დილის გადაცემა მე, კოტიკო თოლორაიასა და სალომე ბაკურაძეს მიგვყავს, იმავდროულად, სამშაბათს საღამოს 10 საათიდან 12-ის ნახევრამდე მე და ნიკა წულუკიძე ვუძღვებით გადაცემას თეატრის შესახებ სადაც გვაქვს ვიქტორინა და თეატრის ბილეთებს ვათამაშებთ. ამიტომ ჩემი დილა იმის მიხედვით იწყება, სადმე თუ მიმეჩქარება. როდესაც დილის ეთერი არ მაქვს, ტელევიზიაში 11 საათისთვის მივდივარ, ვიძიებ თემებს, ვიგებ ახალ ამბებს, ვგეგმავ გადაცემას. არის დღეები, როცა 18 საათი მიწევს სამსახურში ყოფნა (იცინის).

- რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვების წამყვანების ჩაცმულობას, ამაზე ვინ ზრუნავს? თქვენ თუ ტელევიზია?

- საინფორმაციო გამოშვების წამყვანებს ავთანდილი გვაცმევს და ეს სიახლე მგონი შესამჩნევია, განსხვავებულად გამოვიყურებით. პირადად მე უფრო თავისუფალი კოსტიუმები შემირჩია დიზაინერმა და ვარცხნილობაც განსხვავებული მაქვს, ვიდრე საინფორმაციო გადაცემის წამყვანებს. რაც შეეხება მაკიაჟს, ჩვენთან ისევ ის ვიზაჟისტები მუშაობენ, რომლებიც ადრე შეუდარებლები და თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

- ახალი სტუდიიდან გახვედით ეთერში...

- კი, და ძალიან მომწონს ჩვენი ახალი სტუდია ცისფერი განათებით, თუმცა, რამდენადაც ვიცი, კულტურის ბლოკის კუთხე კიდევ უნდა შეიცვალოს.

- რაც შეეხება უშუალოდ შენს სამუშაო კუთხეს, როგორ გამოიყურება...

- ამჟამად დიდ ნიუსრუმში ყველანაირ თემაზე: პოლიტიკაზე, სპორტზე, კულტურაზე მომუშავე ჟურნალისტები ერთად ვსხედვართ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ცოტა ხანში აქაც იქნება ცვლილებები და ცალკე კუთხე გვექნება. რაც შეეხება ჩვენს სამუშაო მაგიდას, უჯრაში დევს უამრავი საწერ-კალამი, მოგეხსენებათ, საინფორმაციო გამოშვებაში მომუშავე ხალხისთვის ეს ნივთი ყოველთვის საჭიროა, არადა, მუდმივად მისი დეფიციტია (იცინის).

- როგორც მივხვდი, თავისუფალი დრო ნაკლებად გრჩება, გასართობად და მეგობრებისთვის თუ იცლი?

- კი, ნამდვილად ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ რას ვიზამთ?! თუ ადამიანს უნდა მეგობრების ნახვა, ამისთვის დროს ყოველთვის გამონახავს. არ მიყვარს, როცა ამბობენ, მეგობრებს ვეღარ ვნახულობო, ეს ცოტა ბანალურ პასუხად მეჩვენება, პირადად მე, როცა მინდა, ყოველთვის ვახერხებ მეგობრებისთვის დროის გამონახვას, ხან მე მივდივარ მათთან სტუმრად, ხან ისინი მოდიან ჩემთან.

- სალომე, დღის განმავლობაში რით გადაადგილდები? მართავ მანქანას?

- მანქანა არ მყავს, ძირითადად ტაქსით, სამარშრუტო ტაქსით, ავტობუსით ვმოძრაობ, ამ ბოლო დროს კი მეტროს მივეჩვიე. გუშინ ვიმგზავრე ტაქსით და მძღოლს ისეთი მაგარი სიმღერების დისკი ჰქონდა ჩართული, რომ გადავირიე, ჩემი და ტაქსის მძღოლის მუსიკალური გემოვნება პირველად დაემთხვა და ერთად ვარკვევდით, სიმღერის შემსრულებელი ვინ იყო - ელა ფიცჯერალდი, არეტა ფრანკლინი თუ ელ ჯერო. როგორც წესი, ტაქსის მძღოლები საზიზღარ რუსულ სიმღერებს უსმენენ ხოლმე, გუშინ კი აშკარად ვისიამოვნე იმ ჰანგებით, რაც ტაქსიში ჟღერდა.

- სალომე, როგორ მთავრდება შენი დღე?

- დაღლილი რომ ვბრუნდები სახლში, თუ კიდევ შემორჩენილი მაქვს ენერგია, ჩემს დებსა და დედას ვესაუბრები და ვეჭორავები, ტელევიზორთან ნაკლებ დროს ვატარებ, უფრო კომპიუტერთან ვჯდები და მერე ვიძინებ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები