ნოდიკო ტატიშვილს, მგონი, შეუყვარდა...

ნოდიკო ტატიშვილს, მგონი, შეუყვარდა...

ნოდიკო ტატიშვილის ახალი კლიპის პრემიერას მალე "რუსთავი 2"-ზე "პროფილში" ვიხილავთ. გადაღებების ფოტოები ნოდიკომ წინა კვირას თავისი "ფეისბუქის" გვერდზე გამოფინა. კლიპი "კიკალა სტუდიოში" ერთ დღეში გადაიღეს. რეჟისორ ზაზა ორაშვილთან ნოდიკოს ადრეც უმუშავია. ზაზა ქართულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობილი რეჟისორია და ბევრი კლიპი აქვს გადაღებული. როგორც რეჟისორი ამბობს, ნოდიკოს ახალ ვიდეოს კონკრეტული შინაარსი არ ექნება, აქ ჩანს თავად მომღერალი და სამი ლამაზმანი - კრისტი ყიფშიძე, რუსა ჩაჩუა და ნინა ფოცხიშვილი. მინდა, თქვენი ყურადღება ამ გოგონაზე გავამახვილო, რომელიც ძალიან ჰგავს ჩინელს, მაგრამ ქართველია, ქართული სახელ-გვარით. ნინას დედა ჰყავს ჩინელი. ასეთი გარეგნობის გამო 13 წლის მოდელი სხვებისგან უკვე გამოირჩევა, ძალიან ფოტოგენური და ტელეგენური გახლავთ და ნოდიკოს კლიპისთვის კრისტი ყიფშიძემ იპოვა.

ნოდიკო ტატიშვილი:

- სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, ტექსტი დათო ფორჩხიძეს, სიმღერის სახელწოდებაა "მინდა შენთან" და ის ჩემს ალბომში შევიდა. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის და "სანო სტუდიაში" ჩავწერე.

- კლიპის წყობაში ჩაერიე?

- არა, საერთოდ არ ჩავრეულვარ, რადგან ზაზა ორაშვილს ვენდობი და თანაც, წინასწარ ვიცოდი, რას ამზადებდა. ვიცი, თუკი აკეთებს, ღირებულს აკეთებს.

- იმ გოგონაზე რას იტყვი, ძალიან განსხვავებული გარეგნობა რომ აქვს?

- განსხვავებული კი არა, მგონი, შემიყვარდა (იცინის)... უბრალოდ პატარაა, ძალიან, 13 წლისაა. ნინა ფოცხიშვილს ვეძებდით და ბოლოს ვიპოვეთ, კრისტი ყიფშიძემ დაურეკა.

- თქვენს იმიჯზე ვინ იზრუნა?

- ლადო ბოკუჩავამ რეჟისორთან ერთად. გოგონებს ვიზაჟი ლადომ გაუკეთა, ბიჭებს - მაკა შავერდაშვილმა.

- რა ხდებოდა გადაღებებზე?

- დილას ათიდან დავიწყეთ გადაღება და საღამოს 11 საათზე დავამთავრეთ. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ერთადერთი, ერთი ამბავი და სიცილი იყო იმაზე, რომ გოგონებს ტექსტისთვის უნდა აეყოლებინათ პირი, სიტყვები კარგად არ იცოდნენ და ამაზე ვიმხიარულეთ ძალიან ბევრი (იღიმება).

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)