ხუთშაბათს, 13 დეკემბერს გამოვიდა ჟურნალ "გზის" ახალი ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:
ექიმები ხელმძღვანელს უპირისპირდებიან
თენგიზ ჩარკვიანი, ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი: "2010 წლის 19 ნოემბერს კანადურ კომპანია"პეგასუსფარმაცეპტიკალთან" პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ღვამიჩავას სახელობის სააქციო საზოგადოება "ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის" შენობა-ნაგებობები და მთელი ტერიტორია პრეზიდენტმა პირდაპირი მიყიდვის წესით, უცხოურ ორგანიზაციას გადასცა; არავითარი აუქციონი არ ჩატარებულა. მფლობელი ეროვნებით ჩინელია, რომელიც კანადაში ცხოვრობს. დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ 5 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილი არ შეეცვლება. აქედან ორი წელი უკვე გავიდა. სარემონტო სამუშაოების დასრულება 2013 წლის მაისამდე რომც მოხდეს, მხოლოდ ორი წელი დარჩება სამედიცინო პროფილისთვის, შემდეგ შეუძლიათ თქვან, - ახლა, თუ მინდა, სასტუმროს ან კაზინოს გავხსნიო".
რას შეეწირა გიორგი ფოჩხუა?
ელენე ფოჩხუა: "ამბობენ, თითქოს გიორგიმ მათი პიკანტური ფოტოები გადაიღო. უფრო სწორად, ასე ეგონათ, მაგრამ როცა გიორგის სიკვდილის შემდეგ მათ ხელში აღმოჩნდა ეს აპარატი, ნახეს, რომ არ გადაუღია. ეს მკვლელობა მოხდა შეცდომით - არის ასეთი ვერსია. გიორგის ფოტოაპარატი რომ დაგვიბრუნეს, იქ ყველა ფოტო წაშლილი და აპარატი ცარიელი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ცობეხია შემსრულებელი იყო და მან უნდა თქვას სიმართლე. თავს არ დავზოგავ, ყველა უწყებაში მივალ და მოვითხოვ, გამოიძიონ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე. ელემენტარულად, ოჯახმა ხომ უნდა ვიცოდეთ, რისთვის მოგვიკლეს გიორგი. მეტი არაფერი გვაინტერესებს. მჯერა, დრო ყველაფერს გამოაჩენს და სიმართლე გაირკვევა".
რას ურჩევს ქალიშვილი გურამ ოდიშარიას და რაზე სწყდება გული მის მეუღლეს
სალომე ოდიშარია: "სამწუხაროდ, ერთმანეთს თითქმის ვერ ვხვდებით, ძირითადად, ტელეფონით ვურთიერთობთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, პრიორიტეტული ინფორმაციები გავცვალოთ. წინასწარ ვგეგმავ, რა ინფორმაციის მიწოდებაა სასწრაფო და მნიშვნელოვანი. საკმაოდ გადაღლილია და მძიმე გრაფიკი აქვს, ამიტომ ინფორმაციასაც საკმაოდ მოზომილად ვაწვდი. ყოფით თემებზე ხომ სულ ვეღარ ვსაუბრობთ. განსაკუთრებულად უყვარს ცხოველები და ძალიან განიცდის, რომ მოუცლელობის გამო ეზოს, ძაღლებისთის ვეღარ იცლის. შარშან აქვე, პატარა გორაკზე ერთმა ძაღლმა 5 ლეკვი გააჩინა. რომ ჩამოთოვა, დედას ყოველდღე აკეთებინებდა მათთვის საჭმელს და ასე გამოაზამთრა. მერე ამ ძაღლების გაშვილებაც დამავალა. ერთ მსურველს მახსოვს, ხაშურშიც კი ჩავუყვანე (იცინის). მაგალითად, ურეკში რომ ჩავდივართ, მთელი სოფლის ძაღლები იგებენ, გურამი გამოჩნდაო და ზაფხულის განმავლობაში ჩვენს ეზოში ცხოვრობენ".
რას სთავაზობს თათული ედიშერაშვილი გასათხოვარ გოგონებს
თათული ედიშერაშვილი: "ოფიციალური მიპატიჟებები არ მქონია, მაგრამ მეკვლე ვყოფილვარ. ამბობენ, რომ კარგი ფეხი მაქვს. ბლომად გოგონები გამითხოვებია, ჰოდა, გაუთხოვარ გოგონებს შეუძლიათ, მეკვლედ დამპატიჟონ. ადრე ქორწილებში თამადას გოჭის თავს ხომ ჩუქნიდნენ და მეკვლედ ვინც დამპატიჟებს, იმან გაითვალისწინოს, რომ მეც მორთულ-მოკაზმული გოჭის თავი უნდა დამახვედროს. ისე, ეს რა კარგი რამ მოვიფიქრე".
"საესტრადო მუსიკას საერთოდ ჩამოვშორდი"
მარიამ როინიშვილი: "საესტრადო მუსიკას ჩამოვშორდი. საერთოდ უარი ვთქვი ამ ჟანრზე, რადგანაც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საქმე უნდა ვაკეთო და ყველაფერს არ უნდა მივედ-მოვედო; როგორც წესი, "მიდებ-მოდება" არ ამართლებს ხოლმე. თუმცა, ძალიან მიყვარს საესტრადო მუსიკაც. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ამ ჟანრის მუსიკაზე გავიზარდე, ოჯახში სულ ეს მესმოდა და დღემდე მესმის... როცა საესტრადო სიმღერების შესრულება მომინდება სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად ვიმღერებ. საერთოდ, ვიდრე ასე სერიოზულად გადავიხრებოდი საოპერო მუსიკისკენ, მანამდეც არ მქონდა ესტრადაზე ყოფნის დიდი სურვილი".