"არსებობს საშიშროება, რომ "მეცხრე არხი", შეიძლება, პროპაგანდისტული გახდეს"

"არსებობს საშიშროება, რომ "მეცხრე არხი", შეიძლება, პროპაგანდისტული გახდეს"

ორი კვირაა, "მეცხრე არხზე" სიტუაცია აირია. თანამშრომლები მიდიან და მოდიან, გენერალურ დირექტორად ლუბა ელიაშვილი დაინიშნა, თამარ რუხაძემ, ნათია ლაზაშვილმა, ვასილ მაღლაფერიძემ და სხვა ჟურნალისტებმა ტელეკომპანიის დატოვება არჩიეს. ტელევიზიაში არსებულმა დაპირისპირებამ სხვა არხების ეკრანებზე და პრესაში გადაინაცვლა. გადავწყვიტეთ, ჟურნალისტ ია ანთაძისთვის გვეთხოვა არა მხოლოდ "მეცხრე არხზე" განვითარებული მოვლენების, არამედ ზოგადად, მედიაში შექმნილი ვითარების შეფასება.

- არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, რომ მის ოჯახს არ სურდა ყოფილიყო "მეცხრე არხის" მფლობელი და მზად იყო, გაესხვისებინა ტელეკომპანია, თუმცა სანამ საბოლოოდ გადაწყდებოდა მფლობელობის საკითხი, მაგალითად, შეუერთდებოდა თუ არა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" "მეცხრე არხი", ჟურნალისტებს გადაეცემოდათ წილები გაყიდვის უფლების გარეშე თუ სხვა, მოხდა მოულოდნელი რამ, სინამდვილეში ცვლილება შეეხო არა ფლობას, არამედ მართვას. ბევრი შეკითხვა გამოიწვია იმან, რატომ იყო ასე აუცილებელი მმართველის შეცვლა და რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში არხის თანამშრომლები.

- თქვენ გაქვთ პასუხები ამ შეკითხვებზე?

- მე გავიმეორებ იმას, რაც მომისმენია ან წამიკითხავს - პირდაპირ დაწერა მამუკა ღლონტმა, რომ "მეცხრე არხისთვის" დიდი ფული დაიხარჯა, თუმცა ის სხვა ტელევიზიების უკან იდგა რეიტინგში, მათ შორის, "მაესტროზე" უკანაც. ამ დროს, ცხადია, ჩნდება კითხვა, არის თუ არა მმართველობა ეფექტური. ლუბა ელიაშვილმა განაცხადა, რომ არაადეკვატურად იყო გადანაწილებული ხელფასები და აპირებს ანაზღაურების სამართლიანი სისტემის დანერგვას. ესეც იმაზე მიანიშნებს, რომ თუ არაადეკვატური ხელფასები იყო, რაღაც ნაწილი თანხისა არამიზნობრივად იხარჯებოდა. პრობლემა იყო ისიც, რომ ლუბა ელიაშვილი არ ეკონტაქტებოდა თანამშრომლებს, როგორც დირექტორის მოადგილე. მოგვიანებით გაირკვა, რომ თუკი მას ჰქონდა შეხება არხის თანამშრომლებთან, მათი მოსაზრებები არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა ყოფილიყო ესა თუ ის სიუჟეტი. გია ხუხაშვილი ამბობს, ამასთან არაფერ შუაში არ ვარ და საერთოდ არ ვუყურებდი "მეცხრე არხსო", ამას წინათ "მაესტროს" პრესკლუბში კი განაცხადა, რომ ის ამ არხს უყურებდა პოლიტიკაში მყოფის პოზიციიდან და ძალიან უკმაყოფილო იყო ამ ტელევიზიით. მან პირდაპირ თქვა, რომ თამარ რუხაძის მუშაობა არ მოსწონდა, რადგან სიუჟეტები ისე იყო მომზადებული, როგორც იმ ტელევიზიებში, რომელთაც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აკონტროლებდნენ. თუ გია ხუხაშვილი ამბობს, რომ არ იყო კმაყოფილი "მეცხრე არხის" მუშაობით, ეს იმას ნიშნავს, რომ არხი არ იყო, მისი ხედვით, საკმარისად პროპაგანდისტული. ]

- სიტყვა პროპაგანდა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ "მეცხრე არხი" ახლა პროპაგანდისტული გახდება?

- მართლაც არსებობს ასეთი საშიშროება. "მეცხრე არხი", როგორც ეს მწვავე პოლიტიკური პროცესის დროს გამოქვეყნებულ გაეროს შუალედურ ანგარიშში წერია, ნამდვილად არ იყო პროპაგანდისტული. კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ არხს დადებითი ტონი ჰქონდა მხოლოდ 6%, მაშინ, როდესაც პრეზიდენტის მიმართ დადებითი ტონის მაჩვენებელი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შემთხვევაში 61%-სშეადგენდა, "რუსთავი 2"-ს 78% ჰქონდა ამ მხრივ, ხოლო "იმედს" - 84%. დადებითი ტონი არის სწორედ პროპაგანდის მაუწყებელი. არ ვამბობ, რომ "მეცხრე არხი" არ იყო კრიტიკული, რადგან უარყოფითი ტონი ხელისუფლების მიმართ 44%-ით იზომებოდა, თუმცა კრიტიკული ტელევიზია ერთია და პროპაგანდისტული მეორე. ახლა კი არის საფრთხე, რომ არსებული ხელისუფლების მიმართ დადებითი ტონი გაიზარდოს "მეცხრე არხზე", კრიტიკული კი შემცირდეს. ცხადია, გენერალური დირექტორის შეცვლა არ გამოიწვევდა ამდენ შეკითხვას, რომ არ იყოს ეჭვი, რომ არხზე სტანდარტი გახდება უფრო დაბალი, ვიდრე აქამდე იყო. ლუბა ელიაშვილმა თქვა კიდეც, რომ "მეცხრე არხის" სტანდარტს "ინფო 9"-ის სტანდარტი ურჩევნია. მართალია, ის ყოველთვის იცავს ამ სტანდარტს, მაგრამ სინამდვილეში "ინფო 9" იყო პოლიტიკური პროცესის მხარე, მებრძოლი ნაწილი. ამ მედიასაშუალებას ძალიან ვაფასებ, რადგან დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ინფორმირებაში, მაგრამ ასეთმა ორგანიზაციამ, რომელიც პირდაპირ ხელჩართულ ბრძოლაში ებმება წინასაარჩევნო პერიოდში, უნდა იცოდეს, რომ არჩევნების შემდეგ პერიოდში კარგავს თავის ფუნქციას, როგორც მედიასაშუალება.

- ახლა როგორი სიტუაციაა ზოგადად მედიაბაზარზე?

- საბოლოო სურათზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, რადგან კიდევ ბევრი რამ უნდა მოხდეს, სანამ ახალი ტალღის სურათს მივიღებთ. ტელეკომპანია "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახის ხელში გადავიდა და ჯერ არ ვიცით, რა ინტერესები გატარდება ამ არხზე. "რეალ ტივიმ", რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი ჰქონდა, ასევე შეიცვალა მფლობელი. ტელეკომპანია "საქართველომ" იყიდა წილი "რუსთავი 2-" ში, თავად "საქართველოს" სიხშირით კი თამარ ჩერგოლეიშვილის ჯგუფი ისარგებლებს, მათ კახა ბენდუქიძე დააფინანსებს, თუმცა მგონია, რომ ეს არხი პატარა იდეოლოგიური ჯგუფის ინტერესებს გაატარებს. მედიაბაზარზე აღარ ჩანან ვეშაპები, რომლებიც წაიღებენ მთელ სარეკლამო თანხას და განსაკუთრებული რეიტინგი ექნებათ. "რუსთავი 2"-სთვის დღეს სხვადასხვა ჯგუფი იწყებს დავას. ვანო ჩხარტიშვილს უნდა "მზის" დაბრუნება, "იბერიის" მფლობელებს სურთ, დაიბრუნონ თავიანთი ტელეკომპანია, რომლის სიხშირე ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ხელშია. "პიკი", როგორც ჩანს, ქართული არხი იქნება და ბოლომდე არ არის ცნობილი, როგორი იქნება მათი ინტერესი.

- "რუსთავი 2" მაინც მყარად დგას ფეხზე.

- ამ ტელეკომპანიას ფუნქციონირებისთვის ბევრი ფული სჭირდება. არ არის ადვილი, ადამიანს გაუჩინო მოტივაცია, ჩადოს ფული ტელევიზიაში, რომლის მფლობელობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. "რუსთავი 2"-ს ვეღარ ექნება ისეთი გარანტირებული დაფინანსება, როგორიც ადრე ჰქონდა.

აქამდე ტელევიზიები ორი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ ტრიალებდნენ. არ ვამბობ იმას, რომ "კავკასიასა" და "მაესტროზე" მხოლოდ იმას უჩვენებდნენ, რაც ბიძინა ივანიშვილს გაუხარდებოდა, მაგრამ ამ ტელეეთერებში მეტი ინფორმაცია იყო და მეტი სტუმარი "ქართული ოცნებიდან". ახლა კი ეს პოლიტიკური ცენტრები ასე მკვეთრად აღარ ჩანს, შესაძლოა, ახლა ტელევიზიამ მეტი ინფორმაცია მოგვცეს პოლიტიკაზე.

- წინა ხელისუფლების პრობლემა იყო ფავორიტიზმიც და ცენზურაც ჟურნალისტების მიმართ, რამდენად დგას ეს საკითხი ახალი ხელისუფლების პირობებში? "იმედის" რამდენიმე ჟურნალისტმა განგვიცხადა, რომ ცენზურა არ ყოფილა.

- ჩემი ღრმა რწმენით, ეს სიმართლე არ არის. ცხადია, ეს ჟურნალისტები აკეთებდნენ იმას, რაც არანაირ სტანდარტში არ ჯდებოდა. გვახსოვს შემთხვევა, როდესაც სამ ტელევიზიაში ერთი და იგივე სიუჟეტი გავიდა და ჟურნალისტმა როგორ უნდა თქვას, რომ ეს ტექსტი და კადრები მას დაესიზმრა? კარგი, ამბობენ, მაგრამ ეს ხომ ჭკუასთან ახლოს არ არის? ერთი თუ არ ამბობს, რომ ცენზურა იყო, მეორე ამბობს. ცენზურაც იყო, სიებიც იყო იმ ადამიანებისა, რომლებიც ტელეეკრანზე არ უნდა გამოჩენილიყვნენ, ტერმინები ჰქონდათ ჩამოწერილი, ესა თუ ის მოვლენა როგორ უნდა გაეშუქებინათ და ა.შ.

რაც შეეხება ფავორიტიზმს, გააჩნია ის რაში გამოიხატება. თუ ვანო მერაბიშვილი გაძლევს ინტერვიუს მხოლოდ შენ და არავის სხვას, ეს არის ძალიან ცუდი, პირველ რიგში, ჟურნალისტისთვის. ვგულისხმობ მერაბიშვილის ინტერვიუს ნოდარ მელაძესთან, მაშინ, როდესაც ინტერვიუს არავის აძლევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ არ ხარ ჟურნალისტი და საზოგადოების ნდობა შენ მიმართ ძალიან დაბალია.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ - პრაღაში მოკლეს ჩეჩენი, პოლიციამ ძალიან სწრაფად გადაკეტა შემთხვევის ადგილი, ერთ-ერთ ჩეხურ გაზეთს ჰქონდა ექსკლუზიური ფოტო მეორე დილას პირველ გვერდზე. იცით საზოგადოებამ ეს როგორ მიიღო? მათ არ დაიჯერეს, რომ გაზეთს შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი ექსკლუზივი, თუკი ძალიან არ ახლობლობდა და არ თანამშრომლობდა პოლიციასთან. ამ ფოტომ, პრაქტიკულად, დაღუპა ეს გაზეთი და გაკოტრებამდე მიიყვანა. საზოგადოებამ გაზეთს ეს ვერ აპატია. ჩეხეთში დამღუპველია ჟურნალისტისთვის, როდესაც გაქვს ექსკლუზივი და ჩნდება ეჭვი, რომ პოლიციასთან თანამშრომლობ. საქართველოშიც ძალიან კარგად იციან, რომ როცა ვანო მერაბიშვილი მარტო შენ გაძლევს ინტერვიუს, ეს იმ ტიპის ექსკლუზივია, რომელიც ძალიან ექსკლუზიურ ურთიერთობას გულისხმობს.

პოლიტიკოსები ყოველთვის იქნებიან დაინტერესებული, ჰყავდეთ გვერდით ჟურნალისტები, რომლებიც მათზე კარგს იტყვიან. მაგრამ, მაგალითად, თამარ რუხაძისთვის არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ გია ხუხაშვილს მისი მუშაობა არ მოსწონს. მთავარია, საზოგადოება როგორ აღიქვამს იმ ბეწვის ხიდს, რომელიც "მეცხრე არხმა" გაიარა წინასაარჩევნო პერიოდში.

- შალვა რამიშვილი პირდაპირ ამბობს, მე მხარს ბიძინა ივანიშვილს ვუჭერო.

- შალვამ რაც აჩვენა "აკრედიტაციის გარეშეს" ფარგლებში, ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დღეს შალვა თავის ფუნქციას ეძებს და ფიქრობს, რა უნდა აკეთოს ისეთი, რომ მაყურებლის ინტერესი და ნდობა იყოს მაღალი. არიან ადამიანები, რომლებიც მას, როგორც ჟურნალისტს, საერთოდ არ ენდობიან. როცა ასეთ რაღაცაზე მიდიხარ და პირდაპირ ამბობ, რომ მხარე ხარ, ვერ აღგიქვამენ, როგორც ობიექტურ მსაჯულს. ის ამბობს, რომ შოუს აკეთებს და არც აქვს ამის პრეტენზია.

- დათო კიკალიშვილმა გვითხრა, რომ "რუსთავი 2" ვერ გამოვიდა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის მდგომარეობიდან და იმედი გამოთქვა, რომ წინა ხელისუფლების ოპოზიციური ტელევიზიები ჩააბარებენ ამ გამოცდას.

- "მაესტროსთან" დაკავშირებით ეჭვი ნაკლებად მეპარება, რადგან მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ "მაესტროს" აღარ სჭირდება დოტაცია, ანუ რეკლამით შეუძლია ცხოვრება. რაკი "მაესტრო" ამბობს, რომ თავად ინახავს თავს, ეს ნიშნავს, რომ ამ ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენა ან ცოტაა, ან საერთოდ არ არის. "კავკასია" საკმაოდ ღარიბი ტელევიზიაა, მაგრამ მან ძალიან კარგი ურთიერთობა დაამყარა დონორ ორგანიზაციებთან და პროგრამულ დაფინანსებას იღებდა. რაც შეეხება "მეცხრე არხს", აქ განიარაღებული ვარ, იქ სხვა ადამიანები მივლენ და სხვა თოქშოუებს გააკეთებენ. მოირგებს თუ არა გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის ამპლუას "მეცხრე არხი", ამას დრო გვიჩვენებს. მე ძალიან მომწონს ნატა მურვანიძის იდეა, რომ ეს ტელეკომპანია კულტურის არხად გადაკეთდეს.

- შორენა შავერდაშვილსაც ჰქონდა თავისი წინადადება, ერთ ლარად გადასცემოდა "მეცხრე არხი".

- თუკი აქ გულისხმობდა იმას, რომ მის ჯგუფს გადაეცემოდა ეს არხი და მერე თავად მოუვლიდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუკი იმ ოცწლიან ფონდს უნდა დაეფინანსებინა კვლავაც, მაშინ გაჩნდებოდა კითხვა, რატომ უნდა გადაეცეს შორენას და არა სხვას?!.. მე ჩავთვალე, რომ შორენა ფიქრობდა, მის ჯგუფს ჰქონდა იმის უნარი, გაეწია კარგი მენეჯმენტი და სხვისი ფული აღარ დასჭირვებოდა, მაგრამ მერე ვერ გავერკვიე მის ნათქვამში. მე მაინც მეჩვენება, რომ კულტურის არხი კარგი იდეაა, მაგრამ ისეთი გულუბრყვილო არ ვარ, რომ დავიჯერო, ასეთ დროს აწყობილ ტელევიზიას დათმობენ. დღეს საქმე უფრო მისი გაკონტროლებისკენ და არა დათმობისკენ მიდის, თუმცა მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ არც "მეცხრე არხი" და არც სხვა აღარ გახდება პროპაგანდის ისეთი მანქანა, როგორიც აქამდე რამდენიმე ტელეკომპანია იყო.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები