მოწყალების და, რომლის აჩრდილიც დიდ მწერალს მუდამ თან სდევდა

მოწყალების და, რომლის აჩრდილიც დიდ მწერალს მუდამ თან სდევდა

ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა და ქალთა გულთამპყრობელმა, ერნესტ ჰემინგუეიმ (1899-1961), თავისი ერთ-ერთი გახმაურებული რომანი - "მშვიდობით იარაღო", პირველ სიყვარულს - აგნესა ფონ კუროვსკის მიუძღვნა. პოლონური წარმოშობის ამერიკელმა ლამაზმანმა ხანგრძლივი დროის მანძილზე შეძლო ვნებიანი მწერლის გულის დაპყრობა. მათმა რომანმა პირველი სამამულო ომის დროს იფეთქა. იმხანად ყმაწვილ ერნესტს ძალიან სურდა ფრონტზე წასვლა, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო სამედიცინო კომისიამ მასზე ნებართვა არ გასცა. ამასთან, მშობლებს გაგონებაც კი არ უნდოდათ შვილის აკვიატებული იდეის შესახებ. მაშინ ერნესტმა სხვა გზების ძიება დაიწყო. ერთხელ, როცა შეიტყო, რომ იტალიურ არმიაში (რომელიც დაუნდობელ ომში იყო ჩაბმული) მოხალისეები სჭირდებოდათ, წითელ ჯვარში მივიდა და მოითხოვა, იტალიაში გაეგზავნათ. ომი მას საინტერესო თავგადასავლად მიაჩნდა, თუმცა, რამდენიმე კვირაში დარწმუნდა, რომ ეს ასე არ იყო. 1918 წელს, ამერიკელ მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, უზარმაზარი ლაინერით "ჩიკაგო", ევროპაში გაემგზავრა. ჰემინგუეი ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო. ფრონტზე მას მზარეულობა, მრეცხაობა, ავადმყოფთა ჰოსპიტალში გადაყვანა და სხვა, მისთვის არასასურველი სამუშაოს შესრულებამ მოუწია. ერთ დღეს, დაჭრილების გადაყვანისას, მანქანასთან ჭურვი აფეთქდა და ერნესტი დაიჭრა. დასისხლიანებული ყმაწვილი მილანის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც დიდხანს გონს ვერ მოეგო. როცა რამდენიმე დღეში თვალები გაახილა, მასზე დახრილი, ახალგაზრდა ქალის ლამაზი სახე დაინახა. ეს იყო ექთანი, ლამაზმანი აგნესა კუროვსკი. ის ღამღამობით ერნესტის საწოლთან მორიგეობდა და ახალ ნაცნობებს დილამდე შეეძლოთ ესაუბრათ. გამთენიისას, როცა ახალგაზრდა კაცს ჩაეძინებოდა, ექთანი სხვა პალატაში გადიოდა დაჭრილების მოსანახულებლად. თუ ერნესტი მზრუნველ სახეს მოისაკლისებდა, წერდა ბარათებს და სთხოვდა სხვებს, ეს პატარა გზავნილები ექთანი კუროვსკისთვის გადაეცათ. მალე არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ. აგნესა, ისევე, როგორც ჰემინგუეი, იტალიაში ამერიკიდან ჩავიდა. გოგონა ადრეული წლებიდან მიილტვოდა, რაიმე საინტერესო და უჩვეულო განეცადა. მამის სიკვდილის შემდეგ, როცა აგნესას 18 წელი შეუსრულდა, გადაწყვეტილება მიიღო - საექთანო საქმე შეესწავლა. ფარულად ოცნებობდა, რომ ოდესმე ამ გზით ფრონტზე მოხვდებოდა. მისი ნატვრა 1917 წელს ასრულდა, როცა ამერიკიდან ევროპაში გაემგზავრა დაჭრილი იტალიელი მეომრების დასახმარებლად.

აგნესა ერნესტზე 7 წლით უფროსი იყო. ასაკობრივი სხვაობა სულაც არ აფერხებდა ახალგაზრდა მწერალს და ამას არ მიიჩნევდა წინაღობად საყვარელ ქალზე დასაქორწინებლად. როცა ყმაწვილს 19 წელი შეუსრულდა და მთელი პალატა ამ დღეს აღნიშნავდა, მან აგნესას ცოლობა სთხოვა, მაგრამ სატრფოს რეაქცია მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად სერიოზული გრძნობებისა, აგნესამ უარი განაცხადა. აგნესა კუროვსკი ლამაზი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალი იყო. მას უყვარდა მამაკაცთა საზოგადოება და სულაც არ ფარავდა, რომ უნდოდა ცხოვრებით დამტკბარიყო, ყოველგვარი მორალისა და ნორმების გარეშე. ჰოსპიტალში ყველა მამაკაცი ჟღალთმიან მოწყალების დაზე ჭკუას კარგავდა. რა თქმა უნდა, მგრძნობიარე ერნესტი შეყვარებულზე ეჭვიანობდა. ერთხელ, როცა აგნესამ მეგობრებთან ერთად სამხრეთში დასასვენებლად წასვლა ისურვა, ახალგაზრდა მწერალმა შეყვარებულს უყვირა და მისგან მოითხოვდა, რომ გამგზავრებაზე უარი ეთქვა. ამ ფაქტის მოწმეები იგონებდნენ, რომ ბრაზმორეული ახალგაზრდა კაცი ტანსაცმელს იატაკზე ყრიდა, აგნესას დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა და მრისხანებისგან ბრდღვინავდა. ახალგაზრდა ქალი კი სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა მეგობრის რთულ ხასიათში. მან ისიც იცოდა, რომ ფეთქებად და გულზვიად ერნესტს კიდევ ერთი სერიოზული ნაკლი ჰქონდა - ის ზედმეტად დამოკიდებული იყო მბრძანებელ დედაზე, თუმცა ძალიან ცდილობდა, ეს დაეფარა. სინამდვილეში, იმდენად ეშინოდა მშობლების, რომ არც ერთ თავის წერილში მათთვის აგნესას შესახებ არაფერი მიუწერია.

1918 წლის ნოემბრის დასაწყისში ექთანი კუროვსკი ფლორენციის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერნესტს შეეშინდა შეყვარებულის დაკარგვის და დაჟინებით სთხოვდა მას დაქორწინებას, მაგრამ აგნესა დუმდა. ის გაემგზავრა. ჰემინგუეი მხოლოდ გრძნობებით აღსავსე წერილებით ახერხებდა მასთან ურთიერთობას. რამდენიმე დღეში საპასუხო წერილებს იღებდა, სადაც აგნესა წერდა - როგორ ენატრებოდა და რა დანაკლისს გრძნობდა მის გარეშე, რომ არ შეეძლო დაევიწყებინა მილანში ერთად გატარებული ტკბილი ღამეები. განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა და მალე, როცა კუროვსკი მილანში გავლით იმყოფებოდა, ახალგაზრდები ერთმანეთს ისევ შეხვდნენ, მხოლოდ მარტო ორი საათით. ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.

1919 წლის იანვარში ერნესტი ჰოსპიტლიდან წამოვიდა და სამშობლოში გაემგზავრა. შეყვარებულებს მიმოწერა არ შეუწყვეტიათ. ამერიკიდან იტალიაში "მიფრინავდნენ" სასოწარკვეთითა და ვნებით სავსე წერილები. მწერალი ემუდარებოდა საყვარელ ქალს, ჩამოსულიყო მასთან და ცოლად გაჰყოლოდა. ის კი ამაზე პასუხობდა: "არ ღირს, ამდენს რომ მწერ"... იმავე წლის პირველ მარტს აგნესამ მისწერა: "მე სულაც არ ვარ ის სრულყოფილი ქალი, როგორადაც თქვენ მთვლით. საკუთარ თავს მე ბოროტად მივიჩნევ... თქვენში კი დარწმუნებული ვარ. თქვენ წინ საოცარი კარიერა გელით, რომელსაც იმსახურებთ.

მშვიდობით, პატარავ. არ გაბრაზდე"... იმავე წერილში ატყობინებდა, რომ დაინიშნა მდიდარ იტალიელ არისტოკრატზე და თავისი ცხოვრების შემდგომი წლების დაკავშირებას მასთან გეგმავდა. ამ ამბავმა ისეთი მძიმე ზეგავლენა მოახდინა ახალგაზრდა კაცზე, რომ თვითმკვლელობაზე დაიწყო ფიქრი და რამდენიმე დღე ციებ-ცხელების შეტევებით გაატარა.

ჰემინგუეი კიდევ დიდხანს ჯავრობდა საყვარელ ქალზე, შემდეგ კი ნუგეში სხვა ქალთა საზოგადოებაში პოვა. მაღალი, წარმოსადეგი და მომხიბლავი მამაკაცი ქალების ყურადღებას ადვილად იპყრობდა. ნაცნობებს არა მარტო მისი გარეგნული მხარე იზიდავდა. ამ რომანტიკულ პერსონაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბავშვური გულუბრყვილობა და მგრძნობიარობა; იმპულსურობა და იმპოზანტურობა. ახლო მეგობრები ამჩნევდნენ, რომ მისი წყენინება ძალიან ადვილი იყო. თუმცა, ის ახერხებდა დაეფარა საკუთარი სისუსტეები და ცდილობდა, უფრო ძლიერი და ვაჟკაცური გამოჩენილიყო. მას უნდოდა დაემტკიცებინა ქალებისთვის, რომ იდეალური მამაკაცი იყო. ერნესტი მუდამ ჰყვებოდა, რომ უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ ცნობილი ამერიკელი ლამაზმანები, იტალიელი დიდგვაროვანი ქალბატონები და ევროპელი მსახიობები. მეგობრებს მის ბაქიბუქზე ეცინებოდათ, იცოდნენ, რომ თავისი ამურული თავგადასავლების შესახებ სინამდვილეს ბევრად აჭარბებდა, მაგრამ იმას, რომ მწერალი მართლაც ძალიან მოსწონდათ ქალებს, ვერ უარყოფდნენ.

ჰემინგუეის ცხოვრებაში მართლაც მრავალი ქალი იყო, არადა, ახლობლებთან გულითადი საუბრისას ყოველთვის აღიარებდა, რომ აგნესას შემდეგ მსგავსი გრძნობა აღარ განუცდია.

აგნესასთან საბოლოო განშორების ერთი წლის თავზე მწერალი მასზე რამდენიმე წლით უფროს, ელიზაბეტ ჰედლიზე დაქორწინდა. კიდევ ერთი წლის შემდეგ, უკვე პირველი ვაჟი შეეძინა. ცოლ-ქმარი პარიზში გაემგზავრა, სადაც ერნესტს ახალი ნაცნობები გაუჩნდნენ და ქალებთან მისი თავბრუდამხვევი ურთიერთობებიც დაიწყო. მიუხედავად ყველაფრისა, აგნესა კუროვსკი მისი მეხსიერებიდან მაინც არ ქრებოდა და სამი წლის შემდეგ მას გრძნობებით აღსავსე წერილი მისწერა. ქალმა ამ წერილს უპასუხა. სწერდა, რომ ძალიან გაუხარდა მისი გზავნილის მიღება, მაგრამ ამის შემდეგ მათი მიმოწერა აღარ გაგრძელებულა.

საფრანგეთში ჰემინგუეიმ მომხიბლავი ჟურნალისტი ქალი გაიცნო, რომელიც ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალის რედაქციაში მუშაობდა. პოლინა პფაიფერიც მწერალზე ასაკით უფროსი იყო. ერნესტმა გადაწყვიტა, ცხოვრება ახლა მისთვის დაეკავშირებინა და ელიზაბეტ ჰედლისთან განქორწინებისთანავე, 1927 წელს მასზე იქორწინა. პირველი ცოლისგან განსხვავებით, პოლინა განსაკუთრებული მორჩილებით არ გამოირჩეოდა. ამაყი, დამოუკიდებელი და ჯიუტი ქალი სულაც არ აპირებდა თავის კარიერასთან დამშვიდობებას, მიუხედავად იმისა, რომ ორი ვაჟი შეეძინათ და მთელი ოჯახი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.

სულ მალე ჰემინგუეი ხელახლა დაქორწინდა, ამჯერად ჟურნალისტ მარტა გელჰორნზე. არც მან ისურვა სახელგანთქმული მწერლის ჩრდილში ყოფნა და წარმატებით გააგრძელა საკუთარი კარიერა. ერნესტს კი ასეთი ოჯახი არ აკმაყოფილებდა. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

ქალების გულთამპყრობელმა მამაკაცმა მაშინვე ჟურნალ "ტაიმის" კორესპონდენტი - მერი უელში შეირთო ცოლად. მერი ჰემინგუეის მეოთხე და უკანასკნელი ცოლი გახდა. ის თვალს ხუჭავდა ქმრის მრავალჯერად ღალატზე; არ აქცევდა ყურადღებას, რომ უკვე ასაკოვანმა ერნესტმა ვნებიანი რომანი გააბა ახალგაზრდა უცხოელ ლამაზმანთან - ადრიანა ივანჩიკთან, რაც მთელი 6 წელი გაგრძელდა...

საბოლოოდ, მგრძნობიარე და მერყევმა ერნესტ ჰემინგუეიმ ისურვა, ცხოვრება თვითმკვლელობით დაესრულებინა. მეუღლე სერიოზულად იყო შეშფოთებული ქმრის ფსიქიკური მდგომარეობით და სამკურნალოდ ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინა, მაგრამ მკურნალობამ მწერლის დეპრესია უფრო გააღრმავა. 1961 წელს, მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გამოეწერა, თავი მოიკლა.

როცა აგნესა ფონ კუროვსკიმ მწერლის თვითმკვლელობის შესახებ გაიგო, თქვა:

"ეს სულ თავიდანვე იყო მასში ჩადებული".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს