ღია წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას

ღია წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს გურამ ოდიშარიას

პროლოგი

პოლიტიკურად ეგზალტირებულ მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ მეც და ჩვენ სკოლაში მოღვაწე 200 პედაგოგი ვუყურებთ წინა და დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკური კონტექსტის მიღმა და ჩვენთვის ერთადერთი კრიტერიუმი არის სკოლის და ზოგადად სამუსიკო განათლების მხარდაჭერა. ეს წერილი არ გახლავთ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების შეფასება. საუბარია მხოლოდ კულტურის სამინისტროსა და სამუსიკო ხელოვნებაზე.

პატივცემულო ბატონო გურამ!

გამოგიტყდებით, როდესაც თქვენ მინისტრად წარგადგინეს, ჩემდა სამარცხვინოდ, არ გიცნობდით და კითხვაზე "ვინ არის?" უმეტეს შემთხვევაში მპასუხობდნენ: "ერთი წესიერი და საყვარელი მწერალი კაცია". ეს თავისთავად კარგად გახასიათებთ, თუმცა მოუთმენლად ველოდი თქვენს გაცნობას, ვიმედოვნებდი, თქვენში დამენახა ის თვისებებიც, რაც ჩემი აზრით აუცილებელია მინისტრისთვის, ვინაიდან ამ თანამდებობაზე მოსაფერებლად კი არ ნიშნავენ, არამედ ძალიან საპასუხისმგებლო და რთული პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთ თვისებებად მივიჩნევ კომპეტენტურობას, ხელოვნების დარგების ღრმა ცოდნას, ერუდიციას, გამჭრიახ გონებას, ინტუიციას, დახვეწილ გემოვნებას, გამბედაობას, ქმედითუნარიანობას და ა.შ.

პირველი შეხვედრისას თქვენში ამ თვისებების დანახვა გამიჭირდა, მაგრამ გაწბილებისგან შორს გახლდით, რადგან ადამიანურად შევედი თქვენს მდგომარეობაში და გავითვალისწინე, რომ მოულოდნელი დანიშვნის გამო, შესაძლოა ეიფორიაში ბრძანდებოდით. ვსაუბრობდი ძირითადად მე და ვცდილობდი ამეხსნა, თუ რა ორგანიზაციას წარმოვადგენ. მართალი გითხრათ, გამაოცა სამუსიკო დარგის თქვენმა მწირმა ცოდნამ. მომიწია ისეთი ელემენტარული ინფორმაციის მოწოდება, რომელიც უნდა გქონოდათ, როცა ამხელა პასუხისმგებლობას იღებდით საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, თქვენში ვერც იმის სურვილი დავინახე, სიღრმისეულად შეისწავლოთ ის სფერო, რომლის გადარჩენის ამბიციით მოგვევლინეთ. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არ შედგა ჩვენი მეორე შეხვედრა. ამას მე პირად წყენად არ აღვიქვამ, ვინაიდან პირადი საკითხებით არ გაწუხებთ. ჩემი იგნორირებით თქვენ წიხლს კრავთ "ნიჭიერთა ათწლედს’’ და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ სკოლის უკან დგას.

შეგახსენებთ, თუ რა არის "ნიჭიერთა ათწლედი’’: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედი" თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის. ამ სკოლაში აღიზარდნენ მუსიკოსები, რომელთაც მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია შექმნეს. სკოლის აღზრდილთა სახელები, ნებისმიერი ქვეყნის კულტურულ და სახელოვნებო ელიტას დაამშვენებდა: სულხან ცინცაძე,სულხან ნასიძე, ბიძინა კვერნაძე, ჯანსუღ კახიძე, დავით თორაძე, ლექსო თორაძე, ნოდარ გაბუნია, ელისო ვირსალაძე, რუდოლფ კერერი, მარინა მდივანი, დიმიტრი ბაშკიროვი, ლევ ვლასენკო, საქართველოს სახელმწიფო სიმებიამი კვარტეტის მთელი შემადგენლობა, ელისო ბოლქვაძე, ალექსანდრე კორსანტია, ლიზა ბათიაშვილი, ლიზა ლეონსკაია, მედეა ამირანაშვილი, თენგიზ ამირეჯიბი, ლიანა ისაკაძე, ლამარა ჭყონია, ზურაბ ანჯაფარიძე, ეთერ ანჯაფარიძე, ნინო მაჩაიძე, ხატია ბუნიათიშვილი, იაშვილების დინასტია, გივი აზმაიფარაშვილი და მრავალი სხვა. მათი მოღვაწეობა და მნიშვნელობა არ შემოფარგლულა საქართველოთი და დღესაც, ევროპისა და ამერიკის წამყვან აკადემიებსა თუ საკონცერტო დარბაზებში წარმატებით აგრძელებენ საშემსრულებლო თუ პედაგოგიურ მოღვაწეობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სკოლის აღზრდილებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში.

ეს უნიკალური სასწავლებელი, ქართული კულტურის ნამდვილი საგანძური, ბოლო 20 წლის მანძილზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სკოლამ დაკარგა შენობა, ჩამოიშალა სტრუქტურა, რომელიც შედგებოდა სამუსიკო, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების და ინტერნატისგან. თითქმის სრულიად განადგურდა მატერიალური ბაზა: მუსიკალური ინსტრუმენტები, ბიბლიოთეკა და ა. შ. დღემდე სკოლა მოიტანა პედაგოგთა უანგარო და გმირულმა თავდადებამ. ამ ადამიანებმა გამოიარეს ომები, რევოლუციები, სიბნელე, სიცივე, უფულობა და სიდუხჭირე, მაგრამ ერთი წუთით არ უღალატეს პროფესიას, არ შეაჩერეს შემოქმედებითი პროცესი და ამ გაუსაძლის პირობებში მოახერხეს გამოეზარდათ მაღალი კლასის პროფესიონალების კიდევ რამდენიმე თაობა. სამწუხაროდ არსებობს ადამიანთა მორალური გატეხვის რისკი.

სკოლაში სამუშაოდ მოვედი 2011 წლის ზაფხულში. ამ დროისთვის სკოლა ფაქტობრივად განადგურებული იყო. დავიწყეთ სკოლის სასწრაფო რეანიმირება. შარშანდელი სასწავლო წლის მანძილზე მოხერხდა დროებითი შენობის მეტნაკლებად მოწესრიგება, მოსწავლეებსა და პედკოლექტივში მორალური განწყობის ამაღლება, შემოქმედებითი მოღვაწეობის გააქტიურება, რასაც ხელი შეუწყო თქვენი წინამორბედის მხრიდან სკოლით აქტიურმა დაინტერესებამ და ქმედითმა მხარდაჭერამ. ცნობისათვის: 2012-2013 სასწავლო წელი დავასრულეთ საერთაშორისო კონკურსების 22 ლაურეატით, ჩავატარეთ 18 საჩვენებელი კონცერტი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, აქედან ხუთი - სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. შვეიცარიის საელჩოს დაფინანსებით გამოიცა სკოლისადმი მიძღვნილი ფოტოალბომი "დაკარგული ანგელოზები". აგვისტოში ჩავატარეთ საერთაშორისო ფესტივალი "Travelling Notes”, რომლის ფარგლებში გაერთიანდნენ ჩვენი სკოლის ორკესტრანტები და მათი ახალგაზრდა კოლეგები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. პროექტი დასრულდა საერთაშორისო სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის სამი შთამბეჭდავი კონცერტით. და მრავალი სხვა საინტერესო ღონისძიება. ყველაფერ ამის შედეგად გაიზარდა მუსიკისადმი ინტერესი, რაც დადასტურდა სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობის ზრდით თითქმის 50% .

ასევე, ერთი წლის თავზე, შედეგად, მივიღეთ სკოლისათვის არაჩვეულებრივი შენობის გადაცემა, სახელფასო ბიუჯეტის გაზრდა და სიტყვიერი შეთანხმება ახალი შენობის გარემონტებისა და მატერიალური ბაზის განახლების შესახებ. გაზრდილი ბიუჯეტის იმედით მრავალ ახალ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი. დავიწყეთ მუშაობა სამუსიკო განათლების სტანდარტიზაციაზე, სასწავლო პროცესის და შედეგების გასაუმჯობესებლად შევიმუშავეთ რამდენიმე პროექტი და დავიწყეთ კიდეც მათი განხორციელება; დავაფუძნეთ ბიჭუნათა გუნდი, დავუნიშნეთ სტიპენდიები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან გამოსულ, სწავლას მოწყურებულ ბავშვებს, რომელთაც გზის ფულსაც კი ხშირად პედაგოგები აძლევდნენ. მივიღეთ წეროვანის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრებ ბავშვთა 15 კაციანი ჯგუფი, რომელიც TBC ბანკის ხელშეწყობით, ჩვენ სკოლაში ეუფლება ჩასაბერ ინსტრუმენტებს. იანვრიდან დაგეგმილი გვქონდა სასულე ორკესტრის ჩამოყალიბება. სწორედ ამ სასიხარულო ცნობებით გავხსენით სექტემბერში პედსაბჭო. დეკემბერში, პედაგოგებთან შეხვედრისას მომიწევს შემდეგი ინფორმაციის გახმოვანება: მინისტრ ოდიშარიას გადაწყვეტილება მაიძულებს ყველა ეს წამოწყება გავაუქმო, შენობა დაკავებულია ლტოლვილების მიერ და არავინ მათ გამოყვანას არ ჩქარობს, რემონტის ფული არ არის და ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება, ხოლო გაზრდილი ბიუჯეტი ისევ შემცირდა და ჯამაგირი არ მოგემატებათ. თქვენმა არშემდგარმა მოადგილემ თქვენი ეს გადაწყვეტილება ამიხსნა იმით, რომ წინა ხელმძღვანელობას ზედმეტად გაბერილი ბიუჯეტები ჰქონდა. სხვა სფეროებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენს სკოლაში მოღვაწე პროფესორებისა და დამსახურებული პედაგოგების ხელფასი მერყეობს 170-280 ლარამდე, ეს ხომ დამამცირებელია?! ნუთუ უხერხულობის გრძნობა არ გეუფლებათ?!

თქვენ, ბატონო გურამ, ამის შესახებ მე მოგახსენეთ ჩვენს ერთადერთ შეხვედრაზე და უმორჩილესად გთხოვეთ ბიუჯეტი არ შეგემცირებინათ. აქვე გეტყვით, რომ სკოლაში სწავლება უფასოა და მე როგორც სკოლის ხელმძღვანელი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მისი კომერციალიზაციის. ვთვლი, სახელმწიფოს ღირსების საკითხია ერთი ასეთი სკოლის შენახვა. ეს სასწავლებელი და აქ მოღვაწე ადამიანები იმსახურებენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას და დაფასებას. როგორც ჩანს, თქვენ მათი ფასი არ იცით და არ გაღელვებთ მათი ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჩნდებოდათ სურვილი ამ სკოლის ხელმძღვანელთან საუბრის და თანამშრომლობის გაგრძელების. თქვენ გერგოთ პატივი იყოთ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც ამ სკოლის გადარჩენას და აღორძინებას შეუწყო ხელი. სამწუხაროა, რომ ვერ დააფასეთ ეს პრივილეგია და ასეთ შანსს უგულებელყობთ.

იმის იმედით, რომ ეს გადაწყვეტილებები დროებითია, ორი თვეა ვცდილობ გავიგო, თუ ზოგადად რა დამოკიდებულება და სკოლასთან დაკავშირებული რა გეგმები აქვს დღევანდელ სამინისტროს. სამწუხაროდ, ამ ხნის მანძილზე არ გამოჩნდა არც ერთი ოფიციალური პირი, ვინც საქმით დაინტერესდა. მესმის, რომ ორ თვეში ყველა პრობლემა არ მოგვარდება, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რაც უკვე გაკეთდა ან ხორცშესხმის პროცესშია, ერთი ხელის მოსმით არ მოგესპოთ? სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში თქვენმა მოღვაწეობამ სკოლას უკვე ჩაუგდო 2013-2014 სასწავლო წელი, ეს კი კიდევ ერთი დაკარგული თაობაა. სიტყვიერი დაპირება მაინც მოგეცათ, რომ მოგვიანებით დაკავდებით, დაინტერესდებით და ა.შ., რათა ბავშვებისა და პედაგოგებისთვის იმედი მაინც დაგვეტოვებინა. სადაც ამდენი წელი ვითმინეთ, მოვიცდიდით რაღაც ხანი. თქვენ კი ერთი აუდიენციით ვალი მოიხადეთ და როგორც თავად შემომითვალეთ "მეორედ შეხვედრის საბაბს ვერ ხედავთ. არ იცით, რაზე მელაპარაკოთ". თქვენც და თქვენს მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი სავარაუდო კანდიდატურები, ძირითადად, დაკავებული ბრძანდებით წვრილი ინტრიგებისა და კონფლიქტების გარჩევით. ამისათვის საგანგებო რინგიც კი მოაწყვეთ სამინისტროს დარბაზში. ერთმანეთის ჭამა ხომ ქართველების ყველაზე სასიამოვნო გატაცება და თვითდამკვიდრების უებარი საშუალებაა, არც ისე აკლებდნენ და ახლა ამ "საქმიანობისთვის" განსაკუთრებულ პირობებს უქმნით. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვაბრიყვოთ და ილუზია შეგვიქმნათ, თითქოს საზოგადოებას პატივს სცემთ და მის აზრს ითვალისწინებთ. როგორც ჩანს, პოპულიზმს ვერ გაცდით და ვერც ერთმა თქვენთაგანმა ვერ გამოყავით დრო სამუსიკო განათლების თაობაზე საფუძვლიანი საუბრისთვის. თუ პრობლემა ჩემს პერსონაშია, თქვენ გაქვთ ჩემი განთავისუფლების იურიდიული უფლება. მაშ იმოქმედეთ! ოღონდ ფუჭად დროის ფლანგვა დამღუპველია როგორც სკოლისთვის, ისე ზოგადად ქართული სამუსიკო ხელოვნებისთვის. არ ვიცი, გესმით თუ არა ამ სკოლის მნიშვნელობა, მაგრამ სწორედ "ნიჭიერთა ათწლედი" განაპირობებს, თუ რა მომავალი აქვთ საქართველოში არსებულ სიმფონიურ ორკესტრებს, ოპერისა და ბალეტის თეატრს, სახელმწიფო კონსერვატორიას და უკლებლივ ყველა სამუსიკო დარგს.

სამწუხაროდ, ორი თვის თავზეც რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ უბრალოდ დაბნეული, უმოქმედო, საყვარელი ადამიანი ბრძანდებით, რომელიც ვერ აცნობიერებს, თუ რა ტვირთი წამოიკიდა მხრებზე. როგორ ფიქრობთ შეძლებთ ქართულ კულტურას მიხედოთ, თუკი სამინისტროს კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებაც კი ვერ მოახერხეთ? ყურადღებით ვადევნებ თვალყურს თქვენს გამოსვლებს და ვერც ერთ საკითხზე ვერ მოვისმინე თქვენი პირადი მკაფიო მოსაზრება. ყველა კითხვაზე გვპასუხობთ "ხალხს შევეკითხებით". შეეკითხეთ, ბატონო, მაგრამ ხომ შეიძლება თქვენი აზრიც გაგაჩნდეთ?! ხომ არ აჯობებდა დატოვოთ დაკავებული პოსტი, სანამ კიდევ მეტ ზარალს არ მიაყენებთ ქართული კულტურის განვითარებას. თქვენი ყოყმანი, დაბნეულობა და სისუსტე ადამიანურ თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ რთულია ანგარიში გაგიწიოთ, ვინაიდან უძვირფასესი დრო იკარგება, რასაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწირება.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური

სამუსიკო სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის" დირექტორი

თამარ შენგელია

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო