რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ

რატომ დატოვა "რუსთავი 2" ლიკა ქორქიამ

ერთი თვეა, რაც ლიკა ქორქია "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში აღარ ჩანს. ცოტა ხნის წინ ის "პირველ არხზე" გამოჩნდა, გადაცემა "აღმოაჩინე საქართველო" მიჰყავდა. ლიკას "რუსთავი 2"-იდან წამოსვლის შესახებ ვესაუბრე. როგორც აღმოჩნდა, არხი არანაირი სკანდალითა და გაუგებრობით არ დაუტოვებია. უბრალოდ, მას წინსვლა და განვითარება სჭირდებოდა.

- "რუსთავი 2"-ში გატარებული წლები ჩემს ცხოვრებაში ძალიან კარგი პერიოდია. ესაა გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველა ადამიანი ჩემთვის უძვირფასესია. მეგობრული და ოჯახური სიტუაციაა. ყველა ყველას ეხმარება. ყოველთვის მინდოდა, რომ განვვითარებულიყავი. სახლში როდესაც ხარ, შექმნილი გარემოს შეცვლა გიჭირს, მაგრამ ადრე თუ გვიან რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგა. ყველას ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა გინდა, ახალი რამ სცადო. მიუხედავად იმისა, რომ დილის გადაცემამ კომფორტული გარემო შემიქმნა, სხვა რამის გაკეთება მომინდა. ვერ დავინახე, რომ ამის გაკეთება "რუსთავი 2"-ში იყო შესაძლებელი. ცოტა არეული სიტუაციაა ყველა ტელევიზიაში. ყველგან ყველაფერი ლაგდება... თოთხმეტი წლიდან ტელევიზიაში ვმუშაობდი და ძალიან ვიყავი გადაღლილი. მინდოდა, დამესვენა და ამომესუნთქა. რეალურად ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზიც ეს იყო. ერთ დღეს მივედი და ვთქვი, მინდა, ყველაფრისგან დავისვენო და რაღაც სხვა ვცადო-მეთქი. მე არ ვარ სამსახურზე დამოკიდებული ადამიანი. ეს ჩემთვის უფრო შემოქმედების სფეროა.

- დილით ადრე ადგომის პრობლემა გქონდა?

- იყო პერიოდი, როდესაც ცოცხალი მუსიკა მიმყავდა, მერე ამინდის პროგნოზი, ღია ეთერშიც ვიჯექი. საბოლოოდ რომ ჩამოვთვალეთ, მგონი, სპორტის გარდა ყველაფერი მიმყავდა. დილით ადრე ადგომა ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იყო. ასეთ გრაფიკზე ავეწყვე და ახლაც დილით ადრე ვიღვიძებ. სექტემბრის განმავლობაში ვისვენებდი. ჯერ კონცერტზე ვიყავი პრაღაში, მერე მეგობრებთან ერთად ვენაში წავედი, რომ ჩამოვედი, თოთხმეტი წლის შემდეგ ასე კარგად რომ არ დამისვენია, ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ დასვენება კიდევ მჭირდებოდა. სულ ვამბობდი, მინდა, სექტემბრიდან ყველაფერი რადიკალურად შევცვალო-მეთქი. მართლაც ასე მოვიქეცი.

- ნინო არაზაშვილს უთხარი პირველად შენი გადაწყვეტილების შესახებ? ალბათ გული დასწყდა, გადაცემიდან რომ მოდიოდი...

- ნინოსთვის ამის თქმა ყველაზე მეტად გამიჭირდა. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. მისგან ყოველთვის სწორ და კარგ რჩევებს ვიღებდი. ის, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია და მიჭირდა მისთვის ამის თქმა. მაგრამ მეგობრობა მეგობრობაა, სამსახური - სამსახური. ვიცი, რომ მას ჩემი წარმატებები ყოველთვის გაუხარდება. ნინოს ჩემი გადაწყვეტილება რომ ვუთხარი, გამიგო. მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ მე მიზანს დავისახავდი. მთავარი იყო, არ მენერვიულა და ის ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა. ახლაც მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორც მივხვდი, იმის გაკეთება გინდოდა, რასაც ახლა "პირველ არხზე" აკეთებ?

- "რუსთავი 2"-იდან ერთი თვეც არაა, რაც წამოვედი. დამირეკეს "პირველი არხიდან" და მკითხეს, რას აკეთებო. ვუთხარი, რომ იანვრამდე ვისვენებდი და არაფრის გაკეთებას არ ვაპირებდი. მითხრეს, რომ ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ესაა "ნეიშენალ ჯეოგრაფიკის" პროექტი "აღმოაჩინე საქართველო", რომლის ფარგლებშიც შეგიძლია, მთელი საქართველო მოიარო, გაიცნო შენი ქვეყანა და სხვებსაც გააცნო. ეს არაა გადაცემა, რომელსაც დაწერ და წაიყვან, ესაა გადაცემა, რომლისგანაც ძალიან ბევრ რამეს ისწავლი. ყველაფერი თუნდაც იმად მიღირს, რომ მთელ საქართველოს მოვივლი. შესაბამისად, დავთანხმდი ამ გადაცემის წაყვანას. ახლა ვარ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", თუმცა ჩემთვის ყველა ის ტელევიზია, "202"-იდან დაწყებული, სადაც 14 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა, "რუსთავი 2"-ით დამთავრებული, ძალიან ძვირფასია.

- სამწუხაროდ, არ მახსოვს "202"-ზე რა გადაცემა მიგყავდა.

- ეს იყო მუსიკალური გადაცემა. მაშინ "202" ახალი, ახალგაზრდებისთვის საინტერესო ტელევიზია იყო. ყველა უყურებდა. სააგენტო "ნატალიში" რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი მოვიდა, მე ამარჩია რამდენიმე გოგოდან, წამიყვანა ტელევიზიაში და დამამტკიცეს წამყვანად.

- "რუსთავი 2"-ის დილის ეთერი დატოვა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმაც და "მეცხრე" არხზე გადავიდა. ორივეს წამოსვლა უბრალოდ დამთხვევა იყო?

- არ ვიცი, ვასკა რატომ წავიდა და რა მოხდა. ალბათ ვასკასაც სხვა რაღაცის ცდა უნდოდა და სცადა. ცვლი­ლებები ყოველთვის საჭიროა.

- რამდენი წელი იმუშავე "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში?

- დაახლოებით ორი წელი. ამდენი წელი ჩემთვის ერთი და იმავეს კეთება ძალიან რთულია. ერთ ადგილას ვერ ვისვენებ და სულ მინდა, რაღაცას ვეძებდე და ვპოულობდე.

- როგორც ჩანს, და ამ შემთხვევაში არ გგავს და "რუსთავი 2"-ზე ლატარიის წამყვანად რჩება. ანუკა როგორ შეხვდა იმ ამბავს, რომ ერთი არხის თანამშრომლები აღარ იქნებით?

- "პირველ არხზე" რომ მივედი, სულ ძველი მეგობრები დამხვდნენ სხვადასხვა ტელევიზიიდან. ამიტომ სულ ვამბობ, ტელევიზია ერთი დიდი ოჯახია, უბრალოდ, სხვადასხვა ადგილას ვცხოვრობთ-მეთქი. ანის რომ მოვუყევი ჩემს გეგმებზე, მითხრა, თუ გსურს განვითარება, ისე უნდა მოიქცე, როგორც შენ გინდა და ამაზე ბევრი არ უნდა იფიქროო. მე და ანი ერთმანეთს ვერც ვხვდებოდით, სხვადასხვა შენობაში ვიყავით და შესაბამისად, არც იმის განცდა მქონდა, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდით. ჩემი გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის მისაღებია.

- "პირველ არხთან" დაკავშირებით კიდევ რა გეგმები გაქვს?

- როგორც მითხრეს, მარტო "პირველი არხი" აკეთებს საახალწლო გადაცემას, რომლის წამყვანები მე და კოტიკო თოლორაია ვიქნებით. ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ კარგი პროექტი მზადდება.

- როგორ ფიქრობ, რა არის იმის მიზეზი, რომ მარტო "პირველი არხი" აპირებს საახალწლო გადაცემის გაკეთებას?

- ზუსტად ვერ გეტყვი. სამსახურში მითხრეს, მარტო "პირველ არხს" გვექნება საახალწლო გადაცემაო. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ მოსაწესრიგებელი და დასალაგებელია. იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება და ადრე თუ გვიან გაკეთდება. არიან ადამიანები, რომელთაც სექტემბრიდან საახალწლო გადაცემის გაკეთება ჰქონდათ გადაწყვეტილი და ამიტომაც აკეთებენ. ტელევიზიებში ხომ ორი კვირით ადრე არაფერი იგეგმება.

- როგორი საახალწლო გადაცემა იქნება?

- ძალიან ბევრ ახლად აღმოჩენილ და დავიწყებულ ქართველ მომღერლებს მოუსმენთ, რომლებიც მაყურებელს მოენატრა. ცოტა "გალუბოი აგანიოკის" ვარიანტი იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება.

- ალბათ ფიფქიას ფორმაში იქნები გამოწყობილი.

- ფიფქიას ფორმაში ბოლოს მაშინ ვიყავი, საბავშვო ბაღში რომ მიმყავდა კონცერტი. მას შემდეგ ფიფქიას ფორმას აღარ მაცმევენ. ლამაზი, შამპანურის კაბა მეცმევა.

- მგონი, ეს პირველი საახალწლო გადაცემაა, რომელიც მიგყავს...

- საახალწლო გადაცემები ბოლო რამდენიმე წელია, ასეთი სახით არ გაკეთებულა. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, როდის გაკეთდა ბოლოს ისეთი საახალწლო კონცერტი, რომელმაც კარგი განწყობა დამიტოვა და მთელი ქართული ესტრადა მონაწილეობდა-მეთქი და ვერ გავიხსენე.

- როგორც ვიცი, ბოლო წლებში დამკვიდრებული საახალწლო კონცერტიც არ გაიმართება.

- ქუჩის კონცერტების მომხრე მე არც არასდროს ვყოფილვარ. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც სახლში უნდა შეხვდე ოჯახის წევრებთან ერთად. მესმის, რომ ქართული ესტრადის მომღერლები დაკავებული უნდა იყვნენ, მაგრამ ამ საკითხის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. საქართველოს ბევრი კარგი მომღერალი ჰყავს. მათი დაკავება შეიძლება სხვაგვარადაც და მხოლოდ წელიწადში ერთხელ საახალწლო კონცერტზე არ უნდა ამღერო. სხვა ქვეყნებში ასეთი ღრეობები არსად არაა. ყველა გადის ქუჩაში და დიდ ფეიერვერკს ელოდება. მერე შამპანურით ერთმანეთს ახალ წელს ულოცავენ. ქართველები მხოლოდ სიამოვნებისთვის ხომ არ სვამენ. აუცილებლად უნდა დათვრნენ, ან საერთოდ არ დალიონ. ამიტომ ამ კონცერტების შემდეგ კონფლიქტური სიტუაციებიც იქმნებოდა.

- საახალწლო გადაცემის ჩაწერის შემდეგ ალბათ უკვე დაგეგმილი გაქვს, ახალ წელს როგორ შეხვდები...

- ვერაფერიც ვერ დავგეგმე და თავიდან ბოლომდე ეს საქმე ჩემს დას მივანდე. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა. ჩემ თავზე ვერ ვფიქრობ.

- ქართულმა პრესამ ბევრჯერ დაგაწყვილა და ლამის გაგათხოვა. სინამდვილეში რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- ძალიან მიკვირს, ასე რომ ხდება. ჩემი ნომერი ყველამ იცის, ხშირ შემთხვევაში არც მირეკავენ და ისე წერენ, რომ ვიღაცაზე გავთხოვდი. პირად ცხოვრებაზე უკვე აღარ ვლაპარაკობ, ჟურნალში რომ დაიბეჭდება, შეიძლება, ვიღაცამ წაიკითხოს და კიდევ რამე მიაწებოს და მერე სხვაგან დაბეჭდოს. ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მაქვს და ბედნიერი ვარ.

- ე.ი. გყავს შეყვარებული?

- შეყვარებული არ მყავს. დიდ კომენტარს არ გავაკეთებ ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს პირადია. რაც შეეხება ჩემს გათხოვებას, ეს აბსოლუტური სისულელეა, არ გავთხოვილვარ და ნუ ამოიჩემებენ ხან ერთ, ხან მეორე ბიჭს, რომელსაც ცოლი არ ჰყავს. სხვათა შორის, მეცინება იმ თემაზე, რომ ყოველთვის პერსპექტიულ და კარგ ბიჭებს ეძებენ ჩემთვის. ისეთს, გარეგნულადაც რომ არ არიან ცუდები. ე.ი. მთლად ბოლომდეც არ მწირავენ. მაგრამ ვისზეც წერენ, ჩემი უახლოესი ბავშვობის მეგობრები არიან და ცოტა უხერხულად გამოდის ხოლმე საბოლოო ჯამში.

- ასეთ ჭორებს გაუგებრობა მოჰყოლია?

- არასდროს. ასეთი ჭორი ყოველთვის ღიმილს იწვევს. იმ ბიჭებს ვეუბნები, კიდევ კარგი, შენს შეყვარებულს ვიცნობ-მეთქი. თუ რამე სერიოზული მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ისედაც ყველაფერი ცნობილი გახდება, არ დავმალავ. დასამალი არასდროს არაფერი მაქვს. თბილისი პატარა ქალაქია და თუ რამე შეიცვლება ჩემს პირად ცხოვრებაში, ყველა ყველაფერს გაიგებს. ჭორებზე არასდროს ვბრაზდები, იმიტომ, რომ ჩემზე და ჩემს დაზე ყოველთვის კეთილ ხუმრობებს ავრცელებენ. მადლობა ჟურნალისტებს, რომ არც ჩემზე და არც ჩემს დაზე ბოროტული ჭორები არ დაწერილა.

- თქვი, რომ ქართულ ტელევიზიებში ბევრი რამ დასალაგებელია. როდესაც "რუსთავი 2"-იდან საკუთარი სურვილით წამოხვედი, თუ გიფიქრია იმაზე, რომ იმ ტელევიზიაში არ დაიწყებდი მუშაობას, რომლის უკანაც პოლიტიკური ძალა დგას?

- ასე არ მიფიქრია და გეტყვით რატომ. აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. მხოლოდ სამი კაცის სახელი ვიცი ქართულ პოლიტიკაში და სხვა არც მაინტერესებს.

- ვინაა ის სამი კაცი, რომელთა თანამდებობები იცი?

- ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ ძალიან მომწონს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები