მაია ასათიანი - "ჩემი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ლიტერატურულ პერსონაჟებს დავეძებ და ვერ ვპოულობ"

მაია ასათიანი - "ჩემი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ლიტერატურულ პერსონაჟებს დავეძებ და ვერ ვპოულობ"

შინ ყველაზე მეტი წიგნის თარო და წიგნი მაქვს. წინაპრებისგან მემკვიდრეობით მხოლოდ წიგნები მერგო და მათი პატრონობა და გამრავლება დამევალა. საზოგადოდ, ხელგაშლილი ადამიანი ვარ, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და გეტყვით, არ მიყვარს წიგნის თხოვება (იცინის). არც წიგნზე წარწერა მიყვარს... ეს ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გვითხრა ლიტერატურაზე საუბრისას და სიამოვნებით გაიხსენა წიგნთან დამეგობრების პერიოდი, თუმცა ინტერვიუ მოახლოებული ახალი წლის თემით დავიწყეთ...

- ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა შევიტყვე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობდა. ვინმემ შესაძლოა სულელად ჩამთვალოს, მაგრამ ათ წლამდე გულწრფელად მჯეროდა, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს თოვლის ბაბუა მიწყობდა. დედამ რომ მითხრა, ეს ყველაფერი მისი "შემოქმედება" იყო, ილუზია დამემსხვრა. სენტიმენტური და რომანტიკული ბავშვი ვიყავი, ამიტომაც მჯეროდა ამდენ ხანს სასწაულების. ნეტა არ ეთქვათ და თვითონ მივმხვდარიყავი (იღიმის).

- თქვენი გადაცემით ბევრი გახადე სასწაულის მომსწრე - ზოგს მშობელი აპოვნინე, ზოგსაც ბინა აჩუქე...

- 2012 წლის ბოლო საახალწლო გადაცემა ზღაპარი აღარ იქნება. გადავწყვიტეთ, გრანდიოზული შოუს გასამართავად საჭირო თანხა უფრო კეთილ საქმეს მოვახმაროთ და ახალი წლის ღამეს რამდენიმე ოჯახს მართლა სასწაულს მოვუვლენთ. ზეიმი, ზღაპრული სანახაობა სასიამოვნოა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია პატარების ბედნიერება. ერთ-ერთი ბანკი დაგვეხმარა და ყველა ბავშვს, ვინც თავისი სურვილი თუ ოცნება გაგვანდო, თითქმის ყველაფერი ავუსრულეთ.

- წიგნზე გადავიდეთ... პირველად რომელმა ნაწარმოებმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება?

- ათი წლისამ წავიკითხე "ანა ფრანკის დღიური" და ამ წიგნმა ჩემი მსოფლმხედველობა სრულიად შეცვალა. დღემდე შენახული მაქვს კითხვისგან გაყვითლებული, ყდამოგლეჯილი, საბჭოთა წყობის დროს გამოცემული წიგნი. სულ ვფიქრობდი, ნეტავ ოდესმე თუ შევძლებ ისე წერას, როგორც ანა წერდა-მეთქი. სწორედ იმ დროიდან დავიწყე დღიურის წერა და იმდენი ვწერე და ვიკითხე, რომ ბოლოს ჟურნალისტი გავხდი (იღიმის). სხვათა შორის, ამ წიგნში ამსტერდამის იმ ქუჩის შავ-თეთრი ფოტოც იყო, რომელზეც ანას ოჯახი იმალებოდა. იმხანად ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ ქუჩაზე თუ გავივლიდი. ერთხელ, როგორც ჟურნალისტს, კოლეგებთან ერთად ამსტერდამში ჩასვლამ მომიწია. ჩასვლისთანავე, ყველამ "ვარდისფერ ბულვარს" მიაშურა და გაოცდნენ, თან რომ არ გავყევი. მე და ჩემმა მეგობარმა კითხვა-კითხვით ანას სახლისკენ გავწიეთ. საოცარი განცდა დამეუფლა, როცა მივხვდი, რომ ბავშვობის ოცნება ამისრულდა. მოგეხსენებათ, ანას ოჯახის სამალავში შესასვლელ კარს წიგნის თარო ფარავდა, ამ შესასვლელს კი ძალიან დაბალი ჭერი ჰქონდა და ანა ხშირად ურტყამდა თავს. ჩემს მეგობართან ერთად ამ კიბეზე რომ ავდიოდი, ვუთხარი, თავი დახარე და ისე ამოდი-მეთქი. გაუკვირდა, - საიდან იციო. მე თავდახრილი ავედი და უვნებელი შევედი ანას სამალავში, მან კი მართლა მიარტყა თავი და კვლავ გაკვირვებულმა შემომხედა. მე ხომ ამ ქუჩაზე მრავალჯერ გამივლია, ბოლოს და ბოლოს, ამ სახლში ოცი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი...

ახლა აღარ ვიცი წიგნების ასე ამოჩემება. რომ მკითხოთ, რომელი მწერალი გიყვარსო, ვერ გიპასუხებთ, რადგან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მწერლით ვარ გატაცებული. შეიძლება, დღეს მარკესის "პატრიარქის შემოდგომაზე" ვგიჟდებოდე, მაგრამ გავიდეს რამდენიმე წელი და ეს წიგნი აღარც გადავშალო. მიყვარს პასტერნაკის "ექიმი ჟივაგო". ვერაფრით მივეჩვიე წიგნის ელექტრონულ ფორმატში კითხვას. ძველი ყაიდის მკითხველი ვარ. წიგნის სურნელი მიყვარს და პირველად წაკითხვის ემოციის განცდა. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველის" თაყვანისმცემელი ვარ, ამ ნაწარმოებმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე...

- დომენიკო აღმოაჩინე საკუთარ თავში?

- რა თქმა უნდა. უძღები შვილი თითოეულ ჩვენგანშია და ამ გზას ყველა გადის, მთავარია, სწორად გავიაროთ. ხშირად მიფიქრია, ნეტავი ახლა ცხოვრების რომელ ეტაპზე ვარ-მეთქი და ბოლო ხანს მგონია, რომ კამორაში ვარ, თუმცა მჯერა, ოდესმე კანუდოსამდეც მივალ.

- რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟი თუ შეგყვარებია?

- (იცინის) ჩემი პრობლემა სწორედ ის არის, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ლიტერატურულ პერსონაჟებს დავეძებ და ვერ ვპოულობ. როდესაც ბავშვობაში მაინ რიდის "უთავო მხედარი" წავიკითხე, მორის მუსტანგერს გავუმიჯნურდი. ისე მიყვარდა, რომ, წარმოიდგინეთ, მესიზმრებოდა კიდეც (იცინის). ძალიან მიყვარს უილიამ სომერსეტ მოემის "თეატრი", მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის სერიოზული ლიტერატურის ნიმუში.

- დღეს ბევრს ლაპარაკობენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების უწიგნურობაზე...

- ჩემი მხრიდან უხერხულია ნოტაციების კითხვა, მგონია, თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის წიგნი საარსებო წყარო უნდა იყოს. შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს მხატვრული ლიტერატურა. მაგალითად, მე ვარ ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს და მიმაჩნია, რომ თუნდაც კითხვა არ გიყვარდეს, თავს ძალა უნდა დაატანო და ლექსიკის გასამდიდრებლად მაინც იკითხო. ჩემს შვილს ხშირად ვავალებ ამა თუ იმ წიგნის წაკითხვას, რადგან დღევანდელი ბავშვები მრავალი საცდურის წინაშე დგანან. არც იმას დაგიმალავთ, რომ ახალ საყმაწვილო წიგნებს ჯერ მე ვკითხულობ და მერე ვაძლევ შვილს, ამიტომ ბოლო ხანს ათასი სისულელე წავიკითხე (იცინის).

- თანამედროვე ქართველი მწერლებიდან ვის აღიარებთ?

- გულში მიზის გურამ დოჩანაშვილი. ახალგაზრდებიდან ძალიან მომწონს აკა მორჩილაძე. სულ ველოდები, როდის დაწერს ახალ ნაწარმოებს. ბოლო ხანს ორჰან ფამუქით დავავადდი და მისი ყველაფერი წავიკითხე. არ მიყვარს მოდური მწერლებით "აღტაცება"...

- მაგალითად?

- არ მიყვარს ბორხესი, არადა, დღეს მოდურია თქმა, რომ "გიჟდები ბორხესზე" (იღიმის). არ მიყვარს პაულო კოელიო და მიყვარს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები, განსაკუთრებით - მოთხრობა "ნამდვილი ქართველი ქალი", სადაც მოხუცი ქალი თავისი ცხოვრების ამბავს ჰყვება და ბოლოს ამბობს, მთელი ჩემი ცხოვრება ერთ ისეთ კოცნად არ ღირდა, ახლა კინოში ქალი და კაცი რომ კოცნიან ერთმანეთსო (იღიმის).

ასეა, ყველა წიგნს თავისი თარო აქვს. ყველა ლიტერატურულ ნაწარმოებს ერთ თაროზე ვერ შემოვდებ. გამუდმებით სერიოზული ლიტერატურის კითხვა რთულია. ახლა ვკითხულობ ვასილე ერნუს წიგნს "დაბადებული საბჭოთა კავშირში". ვკითხულობ იმიტომ, რომ, უბრალოდ, არ შემიძლია, არ ვიკითხო. კითხვა ჩემი პროფესიის ნაწილია და უნდა ვიცოდე, ვინ, რას, სად და როგორ წერს. ძალიან მიყვარს უმბერტო ეკოს "ვარდის სახელი", რომელსაც XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე ფრანცისკანელი ბერის სიტყვები აქვს წამძღვარებული: "ბევრგან ვეძიე სიმშვიდე და ვპოვე იგი ოდენ კუთხეში, წიგნით ხელში". ამბობენ, თუ წიგნი შენია, პირველივე ფურცლებიდან მიხვდებიო, მეც ასე ვარ.

რუსული პოეზია და რუსი კლასიკოსებიც მიყვარს, ქართულზე რომ არაფერი ვთქვა. ვაჟაზე ვგიჟდები, ამას წინათ ჩემი შვილი, ნუცა, "სტუმარ-მასპინძელს" სწავლობდა და მივხვდი, ეს პოემა მერვე კლასში არ უნდა ისწავლებოდეს.

- რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ანა ფრანკთან მეგობრობა კი არა, მინდოდა, თვითონ ანა ვყოფილიყავი. მეგობრობით კი შერლოკ ჰოლმსთან ვიმეგობრებდი, რადგან ისეთი პროფესია მაქვს, მისი გვერდით დგომა მჭირდება (იცინის).

ერთი კია, რომ ამბობენ, დრო არ მაქვს და ვერ ვკითხულობო, აბსურდია. ან გიყვარს წიგნი, ან არა. დრო და ჟამი ამას არ სჭირდება. ძილის წინ იმისთვის თუ კითხულობ, რომ კარგად დაგეძინოს, არც ეს არის წიგნის სიყვარული - ეს მე არ მითქვამს, დოჩანაშვილმა თქვა. ჩემთვის წიგნი წყალივითაა, ტვინის აუცილებელი საკვებია. ტვინიც ხომ ორგანოა, რომელსაც გამუდმებით კვება სჭირდება?! კვლავ დოჩანაშვილს დავესესხები და ვიტყვი, რომ კარცერ-ლუქსი აუცილებელია. თუ არ დაიწყე კითხვა მარკ ტვენით, შეუძლებელია გაიგო და მოგეწონოს ფოლკნერი.

- დასასრულ, თემას გადავუხვევ... ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადმოვიდა...

- ჩვენ კოლეგიალური, ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა...

- როგორც წინა ინტერვიუში გვითხარი, ალბათ ღირსეული მასპინძლობა გაუწიე...

- რა თქმა უნდა.

ინტერვიუ: "ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები