როგორ გაუმასპინძლდა მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს

როგორ გაუმასპინძლდა მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანს

3-თვიანი პაუზის შემდეგ "ნანუკას შოუ" ეთერში ბრუნდება. გადაცემა "რუსთავი 2"-ის ეთერში მომავალი წლის 15 იანვრიდან დაიწყება. "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახლში დავბრუნდი", - ამბობს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და პირველ გადაცემას მთლიანად მშობლიურ ტელევიზიას უძღვნის.

- პირველ რიგში, ეთერში დაბრუნებას გილოცავ!

- უღრმესი მადლობა. ახლა ორმაგად გახარებული ვარ: გადაცემა ეთერში ბრუნდება, მე - "რუსთავი 2"-ში.

- გადაცემის დახურვიდან აღდგენამდე პერიოდს როგორ შეაფასებ?

- საინტერესო პერიოდი იყო. ადამიანურ ურთიერთობებში ბევრი რამ გადავაფასე. ერთ დღეს აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მეკონტაქტებოდნენ, ბოლო დროს კი ნაკლებად მკითხულობდნენ. როცა ცხოვრებაში წარმატებული პერიოდი გაქვს, ბევრისთვის სასურველი ხარ, მერე - ნაკლებად. ამ სამმა თვემ ბევრი რამ მასწავლა, დიდი გამოცდილება შემძინა. ასეთ დროს თურმე, სიყალბეს ნიღაბი ეხსნება. ალბათ, ასეთი პერიოდის გამოვლა საჭირო იყო.

- ასე მეგობრებზე ლაპარაკობ?

- არა. ჩემს სამეგობროში უამრავი ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა. მე იმ ნაცნობებს ვგულისხმობ, რომლებიც მეგონა, რომ ჩემთან ახლობლობდნენ.

- მათ შორის ცნობილი ადამიანები არიან?

- რა თქმა უნდა, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პასიური პერიოდი ნამდვილად არ მქონია: სოციალურ ქსელშიც ვაქტიურობდი და იმ კომენტარებსაც ვკითხულობდი, რომლებიც "ამბები.გე"-ზე დადებულ ჩემს ინტერვიუს თან ერთვოდა. ყველაზე კრიტიკული მოსაზრებები წავიკითხე, თუმცა იყო თბილი სიტყვებიც. საზოგადოების მაჯიდან ხელი არ ამიღია. ჩემდა სასიხარულოდ, მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც "ნანუკას შოუს" ეთერში დაბრუნებას ელოდებოდნენ - ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

- არაერთ ტელევიზიასთან გქონდა მოლაპარაკება. არჩევანი "რუსთავი 2"-ზე რატომ შეაჩერე?

- 12 წელი ბებიასთან ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები თბილისში ცხოვრობდნენ, მე - წყალტუბოში. როცა წარსულს ვიხსენებ, ყველაზე ტკბილად ის პერიოდი მახსენდება. ბებიის სახლს სხვა სუნი აქვს. ჩემი "რუსთავი 2"-ში დაბრუნება, ბებიის სახლში დაბრუნებას ჰგავს - იგივე ემოცია ახლავს. ამ შენობაში პირველად მაშინ შემოვედი, როცა "ვანოს შოუს" ჩაწერაზე მომიწვიეს და მეორედ - ახლა. გული ისე ამიჩქარდა, როგორც ძველ ოფისში, მე-17 სართულზე ასვლისას მიჩქარდებოდა. "რუსთავი 2"-ში ჩემი სასპონსორო პაკეტით მოვედი. სხვა ტელევიზიებიდან უკეთესი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, მაგრამ სახლში დაბრუნება ვარჩიე.

- "ნანუკას შოუში" ახალს რას ვნახავთ?

- ჩემი რესპონდენტებიდან გამომდინარე, "ნანუკას შოუს" კეთილი ნიშა ჰქონდა. სტუმრები (თუ ეს წინასწარ შეთანხმებული არ იყო) დასმული შეკითხვებით უხერხულ სიტუაციაში არ ცვივდებოდნენ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. კვლავ ვიმუშავებთ საქველმოქმედო ხაზით. ამასთან, "ნანუკას შოუ" იქნება გადაცემა, რომელიც მაყურებელს გაართობს და კარგ ხასიათზე დააყენებს. ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტიკოსები, არაპოლიტიკურ ამპლუაში. ცნობილებს შინ კვლავ ვესტუმრები, მექნება ბლიც-ინტერვიუები და დარჩება ბლოკი თინეიჯერებისთვის. ყოველთვის ვიქნები ადეკვატური იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ქვეყანაში იქნება აქტუალური.

- პირველი გადაცემა უკვე დაგეგმე?

- ზუსტად ამ წუთას პირველ ეთერზე ვმუშაობთ. მინდა პირველი გადაცემა მთლიანად "რუსთავი 2"-ს მივუძღვნა. ჩემი სტუმრები ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც ამ არხზე დაარსების დღიდან მუშაობდნენ: ნანა ინწკირველი, მაკა ფანქველაშვილი, ეკა სარია... ნათია ლაზაშვილს დავურეკე და სხვა გადაცემაში მონაწილეობა შევთავაზე. მითხრა, - მოვიფიქრებო.

- მაია ასათიანთან თუ გქონდა შეხვედრა?

- მაიას ტელევიზიაში მისვლის მეორე დღესვე შევხვდი. მოკლედ, ამ არხზე ჩვენი კოჰაბიტაცია (ვგიჟდები ამ სიტყვაზე) შედგა. მაია შოკოლადით და ყავით გამიმასპინძლდა. ჩვენ გვექნება შიდა კონკურენცია. "პროფილის" და "ნანუკას შოუს" სატელევიზიო ბაზარზე ყოფნა, ორივესთვის ძალიან მომგებიანია. როცა კონკურენტი გყავს, საკუთარ თავს მოშვების უფლებას არ აძლევ. მე და მაიამ ამ ყველაფერზე ვილაპარაკეთ. წინასწარ ერთმანეთს არაფერს შევუთანხმებთ. სტუმრების გამეორების არ გვეშინია, რადგან 3 წლის მანძილზე დამთხვევა სულ 2-ჯერ გვქონდა.

- ვიცი, რომ შემოქმედებით ჯგუფში ახალი წევრები გყავს. რამდენიმე ჟურნალისტმა, რომლებიც შენს გადაცემაზე მუშაობდნენ, "ნანუკას შოუს" დახურვის შემდეგ მუშაობა სხვადასხვა არხზე დაიწყო. ახალი წევრებიდან ერთ-ერთი გოგოლა კალანდაძეა, არა?

- დიახ. 3 თვე უმუშევარი ვიყავი და არ ვიცოდი, შოუ ეთერში როდის დაბრუნდებოდა. ჰოდა, თანამშრომლებს ვუთხარი, - ვინც ახალ სამსახურს იშოვიდა, მუშაობა დაეწყო. ყველას თავისი პრობლემა აქვს. გოგოლა კალანდაძე იქნება პროდიუსერი, ხელოვნების მიმართულებით, გადაცემის მთავარ პროდიუსერად კი მაია სტეფნაძე რჩება. რეჟისორი ობობა იქნება (მისი სახელი და გვარი არ ვიცი), ჩემი თანაწამყვანი კი - როსტო, რომელიც ქალების რისხვა გახლავთ. მეყოლება ბუბუ და თინეიჯერების ბლოკს მარიამი წაიყვანს. დღეს ვანო ჯავახიშვილი ხუმრობდა, - კარგია, რომ დიდი შვილი გყავს, ამ ტელევიზიაში უფასო მუშახელია საჭიროო.

- მარიამს უფასოდ ამუშავებ?

- მას ჰონორარი არა აქვს, მაგრამ თვის ბოლოს რაღაცას ვჩუქნი.

- ტელევიზიაში ფინანსური პრობლემებია. ამასთან დაკავშირებით რას იტყვი?

- სპონსორი უკვე მყავს. ერთ სარეკლამო ჭრაზე 34-წუთიანი რეკლამა მქონდა. ეს ჩემთვის, როგორც წამყვანისთვის, საშინელება იყო. ახლა კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ერთი სარეკლამო ჭრა 11 წუთი იქნება. დიდი რეკლამა მაყურებელს მაკარგვინებს.

- ამბობენ, რომ შენი მეუღლე, ირაკლი კოდუა საქართველოდან წავიდა. ხმები მის შესაძლო დაკავებაზეც გავრცელდა...

- ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით არაფერი გამიგია. რაც შეეხება ირაკლის საქართველოში არყოფნას, ჩვენ 2-ჯერ ვიყავით საზღვარგარეთ და შეიძლება კიდევ წავიდეთ. მე ეს პერიოდები გავლილი მაქვს. მახსოვს, მექსიკაში გადასაღებად რომ გავემგზავრე, მაშინაც ლაპარაკობდნენ, ნანუკა და ირაკლი გაიქცნენო.

- ახალი წლის შეხვედრას სად აპირებ?

- არ მგონია, თბილისში დავრჩე; შეიძლება ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წავიდე ან შეიძლება, საქართველოში დავრჩე, მაგრამ ახალ წელს სვანეთში შევხვდე...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები