"როცა ადამიანი ფიქრს იწყებს, ის გამოსავალსაც პოულობს"

"როცა ადამიანი ფიქრს იწყებს, ის გამოსავალსაც პოულობს"

როცა დათო ტურაშვილის ტექსტებს ვკითხულობ, როცა ვუსმენ, გამუდმებით მაქვს განცდა, რომ დათოს გულს ვუსმენ. თუკი არ ღელავს, - სადას, სუფთას, მწყობრს... როდესაც უსამართლობას აწყდება, - ბობოქარს, ამოვარდნილი პულსაციით, მაგრამ მაინც გასაგებს.... მოკლედ, გულია... ჰოდა, ვიფიქრე, რომ არ იქნებოდა ურიგო, "გზაში" დათოს განვლილ გზაზე გვესაუბრა, მაგრამ ჩვენმა დიალოგმა სხვა მიმართულება მიიღო და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, - ქართველის ბიოგრაფია, მწერალი იქნება ის თუ პოლიტიკოსი, მისივე ქვეყნის ისტორიის ფონზე იწერება...

- დათო, რატომ არ მიჰბაძე ბევრ ჩვენს თანამემამულეს და საცხოვრებლად, მშვიდად ცხოვრებისა და წერის ადგილად რატომ არ აირჩიე უცხო ქვეყანა?

- ერთხანს, ლონდონსა და მადრიდში ვიცხოვრე, რადგანაც იქ ვსწავლობდი... მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ სამუდამოდ ვერსად წავიდოდი. რა ვიცი, მგონია, რომ ბევრი რამის გამო ვერ წავიდოდი, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ როგორც კი კავშირს ვწყვეტ ჩვენს ქვეყანასთან (ფიზიკურ კავშირს ვგულისხმობ, გონებრივად ხომ ვერ გაწყვეტ), რაღაცა მაინც მაკლდება. ეს რაღაცა 'ალბათ, ავადმყოფური, ცოტა მანიაკური განცდაა, აი ის, რაც მეტად გაღიზიანებს, მაგრამ მაინც ვერ წყდები და ვერ თმობ.

- ეს ხომ სიყვარულია?

- ჰო, გეთანხმები. ალბათ, სიყვარულია. გიო კი წავიდა. უკვე რამდენი წელია... მე - ვერა.

- ესეც შენი თავგადასავლის ნაწილია, - მეგობარი, რომელიც ფიზიკურად შენთან არ არის. ოღონდ, პირადად არ მიგრძნია, რომ აკა მორჩილაძე აქ არ არის. ყოველთვის პირიქით მეგონა. ამ განცდას, ალბათ მისი შემოქმედება იწვევს...

- მე და გიო ახვლედიანი კლასელები ვიყავით, მას მაშინ ჯერ არ ერქვა აკა მორჩილაძე. ახლა ვწერ და შესაბამისად, ჯერ არ გამომიქვეყნებია წიგნი, რომელიც ჩვენი ბავშვობის თავგადასავალს აღწერს. სავარაუდოდ, მას ცოტა გრძელი სათაური ექნება - "თექვსმეტ წლამდე აკრძალულია". ეს ფრაზა, ალბათ გახსოვს, რომ კინოთეატრებში იმ ფილმების აფიშებზე ეწერა ხოლმე, რომლის ნახვაც ბავშვებისთვის არ იყო მიზანშეწონილი. ბავშვებს კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე მეტად (თუნდაც აკრძალული ხილის პრინციპის გამო), სწორედ ის აინტერესებთ, რასაც უფროსები უმალავენ... მწერლობა ძალიან ადრე დავიწყე. მახსოვს, რომ დავწერდი, გიოსთან მიმქონდა, ის რომ დაწერდა, ჩემთან მოიტანდა ხოლმე. ასე ვცვლიდით...

- და ასე იზრდებოდით...

- სკოლას რომ ვამთავრებდით, გადავწყვიტეთ, ზოგი რამ დაგვებეჭდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ დაგვიბეჭდეს.

- წარუმატებლობა ენთუზიაზმს არ გიქრობდა?

- არა. ჩემი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლების რეპეტიციაზე სულ მინდა, რომ მივიდე, იმიტომ, რომ ჩემთვის სიტყვაა მნიშვნელოვანი... იქ, თეატრში თითქოს სიტყვა კი არა, მოქმედებაა მთავარი. ამაზე ვგიჟდები ხოლმე! ეს მინდა, რომ თავიდან ავიცილო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დადგმულ სპექტაკლს ვესწრები და ვთქვათ, ვიღებ ასეთ შედეგს: ერთი პიესა - "შავი კეტები" სამ სხვადასხვა თეატრში დადგეს და იცი, რა მოხდა?! სამივე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია...

- ერთი პიესა სამ სხვადასხვა სცენაზე... დიდი წარმატებაა! საკუთარი სიტყვების მოსმენა სცენიდან, რომლებიც რეჟისორის, მსახიობის აღქმის პრიზმაში გატარებული გეუცნაურება... ბავშვობა კი ასეთი ტკბილი იქნებ იმ პერსპექტივის გამოა, რომელსაც გაუაზრებლად ელოდები...

- თუმცა ჩვენი საბჭოური ბავშვობა, მაინც შეზღუდული სიამოვნება იყო და დღევანდელი ბავშვებისაგან განსხვავებით ნამდვილად ბევრი რამ გვაკლდა. ჩვენი შვილების თაობისთვის, დღევანდელი, უკიდურესად განვითარებული ტექნოლოგიების გამო, ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ "პლაკატების" ყიდვის პრობლემაც კი გვქონდა. მაგალითად, ჩვენი სკოლის წინ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, რამდენიმე ჩემთვის საოცნებო პლაკატი იყიდებოდა, მაგრამ რადგან ვიცოდი, რომ ყველა ოცნებას ერთად ვერ ავიხდენდი, გადავწყვიტე, რომ სიუზი კვატროს პლაკატი მაინც მეყიდა და სანამ ფულს შევაგროვებდი, მახსოვს, როგორ ვიდექი ხოლმე გაოგნებული იმ ქალის ფოტოს წინ, რომელიც ჩემთვის, მთელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იყო...

- მერე, სიუზი კვატრო თბილისში ჩამოვიდა და სპორტის სასახლეში საკმაოდ უფერული კონცერტი გამართა... ზოგჯერ ოცნება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე რეალობა. მაშინ უკვე პოპულარული ბიჭი იყავი... ალბათ, შენი აქტიური ხასიათის, ბუნებრიობის, გახსნილობის, სამყაროს მიმართ პოზიციის გამო. როგორ ფიქრობ, მაშინ დაწყებულმა ქაოსმა ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოების გამუდმებულმა ბრძოლამ გადარჩენისთვის დაღი დაასვა თუ პირიქით, სწორ ჩარჩოში მოაქცია შენი ცნობიერება და შემოქმედებაც?

- სტუდენტობის წლები ჩემთვის მწარეც იყო და ტკბილიც. შენც გახსოვს, რატომ და როგორ. თუმცა მახსოვს ის პირველი დღეც, როცა უნივერსიტეტში მივედი და ჯერ მხოლოდ ერთ ადამიანს, გიო ახვლედიანს ვიცნობდი. პირველივე ლექციის მერე მოვძებნეთ ერთმანეთი. მაშინ უნივერსიტეტიც უფრო პატარა იყო, ბირჟაზე კი უკვე "კლასიკოსი" უფროსკურსელები: ბიძინა ბარათაშვილი და სოსო სოსელია დაგვხვდენ. მაშინ უნივერსიტეტის შიგნითაც საკმარისად იყვნენ ჯერ კიდევ ცოცხალი და ნამდვილი კლასიკოსი მეცნიერები; მაგალითად, ბატონი აკაკი შანიძე. ის ჩვენ დავმარხეთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში (ისიც მახსოვს, რომ ჩვენი აქვითინებული მეგობარი, ლაშა ხეცურიანი ძლივს ავაგლიჯეთ ღვაწლმოსილი მეცნიერის კუბოს). სხვათა შორის, უნივერსიტეტისადმი რაღაც ტაძრისმაგვარი დამოკიდებულება მგონი, მართლა არსებობდა სტუდენტებშიც და ყველა ტკივილის მიუხედავად, სიყვარული უნივერსიტეტის მიმართ დღემდე მაქვს და ალბათ, სულ მექნება... რაც შეეხება ჩარჩოებს, რასაკვირველია, ყველა კედელი (და მათ შორის ტაძრის კედელიც), რაღაც ჩარჩოებს გიქმნის და მერე (ზოგჯერ მთელი ცხოვრებაც), ამ ჩარჩოებიდან გაღწევას ცდილობ და ამაშიც მართალი ხარ.

- მტკივნეულს მივადექი... ეროვნული მოძრაობა. თბილისის ომი. აფხაზეთის ომი. დროის პატარა მონაკვეთში ბევრი ქარტეხილი ერთდროულად... ეს ის პერიოდია, საიდანაც ბევრი ჩვენგანის ბიოგრაფია ერთმანეთს ემსგავსება და პირადული უკანა პლანზე თავისთავად გადადის, ფერმკრთალდება...

- ჩვენ ჩვენი, უფროსებისაგან განსხვავებული, უფრო თავისუფალი ეროვნული მოძრაობა გვქონდა, რადგან მაშინ სტუდენტები ვიყავით და არაფერი გვინდოდა უკეთესი სამშობლოს გარდა. ამ სამშობლოს წართმევა რომ ყოველთვის უნდოდათ, ეს წიგნებიდან თუ უფროსებისგან, 1989 წლის 8 აპრილამდე, გადმოცემით ვიცოდით. იმ დღეს კი, 1989 წლის 8 აპრილს, შუადღისას, უნივერსიტეტის წინ, რუსულმა ტანკებმა ჩამოიარეს... ჩვენ იმ დროს ბირჟაზე ვიდექით და გაოგნებისგან მანამ ვდუმდით, სანამ კახა ბუაჩიძემ არ მოიფიქრა და ტაქსით არ დავედევნეთ ტანკებს. ფოსტის შენობასთან წამოვეწიეთ კიდეც, რადგან იქ, ტანკებს ხალხი დაუწვა...

- თუმცა მანამდე იყო გარეჯი და ეს ისტორია უფრო მეტად ცნობილია.

- მე კი ისიც მახსოვს, რაც შეიძლება ბევრმა დაივიწყა. თბილისის ომის დაწყების ამბავი ფასანაურში გავიგეთ, სადაც ორი დღით ადრე გოდერძი ჩოხელმა დაგვპატიჟა. მაშინვე თბილისში დავბრუნდით და უნივერსიტეტის წინ აქცია მოვაწყვეთ, - ცეცხლის შეწყვეტა მოვითხოვეთ, მაგრამ მახსოვს, სანამ სიტყვას დავამთავრებდი, ხალხი მანამდე დაიშალა და მივხვდი, რომ ომის მომხრეები ორივე მხარეს იყვნენ და ამის შეჩერებაც შეუძლებელი იყო. კიდევ კარგი, მიუხედავად ჩემი ცხელი თავისა და ცხელი გულისა, იმდენი ჭკუა მაინც მეყო, რომ არც მაშინ და არც მერე, იარაღს არ გავკარებივარ. ძალადობა ბავშვობიდან ისე მძულდა, რომ დანაც კი არასოდეს მიტარებია. მოკლედ, მე კი გადავრჩი, მაგრამ რამდენი ადამიანი აჰყვა ამ საშინელ ცდუნებას და ძალადობის გზას დაადგა, რომელიც მერე აფხაზეთშიც გაგრძელდა?!

- "ვარდების რევოლუციას" მოვესწარით. ახლა კიდევ ახალ "რევოლუციურ გადაბარებას"... ბევრჯერ შეგვრჩა ხელში ახალი იმედები, გაცრუებული მოლოდინები და მეგობრები, რომლებიც ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დგანან. როგორ იქცევი, როდესაც შენი მეგობარი, რომელთანაც ბავშვობა გაკავშირებს, იქ არ არის, სადაც შენ ისურვებდი მის დანახვას?

- რა თქმა უნდა, თავისთავად ტრაგიკულია, როცა ადამიანები და მით უმეტეს მეგობრები, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან ხოლმე, მაგრამ 20 წლის წინანდელი მწარე გამოცდილება, ნამდვილი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის და მაშინდელი შეცდომებიც არ უნდა გავიმეოროთ. ამისთვის კი, ალბათ საჭიროა დავიჯეროთ, რომ ნებისმიერ, თუნდაც რადიკალურად განსხვავებულ აზრს ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც ნებისმიერ ჩვენს აზრს. ხოლო როცა ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენგან განსხვავებული ადამიანების ატანა და მათი აზრების მოთმენა, მაშინ აუცილებლად ჩნდება აგრესია, რომელსაც შედეგად ყოველთვის ძალადობა მოსდევს. მადლობა ღმერთს, რომ ამ მხრივ, ნამდვილი დემოკრატი ვარ და თავისუფლებაც, მგონი, უპირველესად სხვისი აზრისა და არჩევანის პატივისცემასაც ნიშნავს. ამიტომაც, ნებისმიერ ადამიანს (თუნდაც მას, ვინც პირადად მე ცუდად მომექცა), მაინც არ ვუპასუხებ იმავეთი და მაინც ისე მოვექცევი, როგორც სამართლიანობა მოითხოვს. ადამიანებს, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჭკუა არ ეყოთ, სხვაგვარად მოქცეულიყვნენ, ვერ შევიძულებ...

- მოდი, ამ განწყობით გკითხავ, - როგორ ფიქრობ, რა ვუყოთ იმ ხალხს, ვინც საზღვარგარეთ წავიდა და იქ ამბიცია გაუჩნდა, რომ აქ დარჩენილებზე ჭკვიანია? ან რა მოვუხერხოთ ჩვენსავე განწყობილებას, რომლის მიხედვითაც საზღვარგარეთ მიღებული ცოდნა ცოდნაა და არაფრად ითვლება ვთქვათ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დიპლომი?

- თუ მიგვაჩნია, რომ ის პოსტსაბჭოური განათლების სისტემა, რომელიც ჩვენთან არის, ცუდია, მაშინ ბუნებრივია, გაგიჩნდეს ეჭვი, რომ თუ ადამიანს სხვაგან აქვს მიღებული განათლება, უკეთესიც არის ვიღაცაზე. ოღონდ, ამ აზრს ვერ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ეს დასკვნა კონკრეტიკიდან უნდა გამომდინარეობდეს. შეიძლება ადამიანმა სხვა ქვეყანაში მიიღო განათლება, ისწავლო, მაგრამ უკან ისევ საბჭოთა ცნობიერებით დაბრუნდე. ასეთი ბევრი შემთხვევაა ხელისუფლებაში, - იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც დასავლეთში ცხოვრებამ, იქაურმა განათლებამ დასავლეთის მთავარი უპირატესობა ვერ გაათავისებინა.

- და რა არის ეს მთავარი უპირატესობა?

- მათ, სამწუხაროდ, ბევრი უპირატესობა აქვთ, მაგრამ რაც დასავლეთის მშურს, ის არის, რაც ჩვენ დავკარგეთ. ეს არის შრომის კულტურა. ჩვენ აღარა ვართ მშრომელი ხალხი იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ სუსტ წერტილში დაგვარტყა. ყველას გვქონდა მინიმალური საარსებო საშუალება და ამის გამო მოვწყდით ყველაზე მთავარს - მიწას. გადავეჩვიეთ შრომას. ისე გამოვიდა, რომ ისეთი უნარ-ჩვევები დავკარგეთ, რისი დაკარგვის წინა პირობაც საუკუნეების წინათ უკვე არსებობდა და ეს კომუნისტური რეჟიმის პირობებში დაგვირგვინდა. როდესაც სახელმწიფო არა გაქვს, ეს პროცესი ბუნებრივია. რაც გაქვს, ის უნდა განამტკიცო, განავითარო, თუ არ გაქვს, რაზე იზრუნებ? აი, დავკარგეთ და შედეგიც სახეზეა... არის კიდევ ერთი, ვთქვათ, თანაარსებობის პრინციპი. საბჭოთა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ მართალი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, - მარტო ეს პარტია, მარტო საბჭოთა ხელისუფლება... ამიტომ, თანაარსებობის განცდა საერთოდ აღარ გვაქვს. არსებობს მარტო ერთი სიმართლე - ეს მე ვარ!

- მაგრამ რაღაცამ ხომ უნდა დაამთავროს ეს?

- ეს უნდა დაამთავროს კანონმა! ზუსტად ისე, როგორც ფეხბურთშია. ფეხბურთში არსებობს შეთანხმება, არსებობს თამაშის წესები: როდესაც ფეხბურთს თამაშობ, ხელით არ უნდა ითამაშო, ეს ყველამ იცის და ამისთვის ისჯებიან კიდეც.

- ეგ კანონი ვინ უნდა შეიმუშაოს - იმან, ვინც ყველაზე ჭკვიანია? მაგრამ ყველა რომ ჭკუით დატენილია ამ ჩვენს ქვეყანაში?

- მარტივია, თავისუფალმა სასამართლომ უნდა შეიმუშაოს ეს კანონი. ამიტომ, მთავარი საზრუნავი სახელმწიფოსთვის უნდა იყოს, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილებები და არა ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ. ამას კი სჭირდება იმ ადამიანების ნება, ვინც ხელისუფლებაშია. თუ ასეთი ნება არც ამ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა, ისევე, როგორც წინა ხელისუფლებას, მაშინ ეს პროცესი ისევ გადაიდება და გაიწელება.

- მოდი, რეალობას შევხედოთ და მწერლობას მივუბრუნდეთ. რა როლი უნდა ითამაშოს მწერლობამ?

- ეს გააზრება, ეგ დამოკიდებულება არ მომწონს. მწერლობამ რომ რამე უნდა მოიმოქმედოს, ეს საბჭოთა პერიოდში მოიგონეს. ყველა ადამიანი ინდივიდია და ამის კოლექტიური გაგება არ არის სწორი. ეს საბჭოურ პერიოდამდე დაიწყო, მაშინ, როდესაც უბრალოდ ქართულად წერა-კითხვა და ლაპარაკი აკრძალული იყო და ლიტერატურამ და მწერალმა დამატებითი ფუნქცია შეიძინა: ქართული ენის გადარჩენის ფუნქცია. ასეთივე ფუნქცია ჰქონდა თეატრსაც. ამის გამო იყო, რომ ილია ჭავჭავაძე თვითონ თამაშობდა სპექტაკლებში. 1929 წლამდე მწერალთა კავშირი მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ვინც არ მოსწონდათ, ყველა მოსპეს. მერე დარჩა მწერალთა კავშირი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მოკავშირე გახლდათ და ის იდეოლოგიისა და პროპაგანდის სამსახურში ჩადგა. საშინელი ფუნქცია მისცეს. მოკლედ, ამ ტერმინს არასწორად ვიყენებთ. ფრანგ მწერალს ამას არავინ სთხოვს...

- მაგრამ რომ არ მჯერა, რომ უახლოესი 20 წლის მანძილზე, ჩვენი სასამართლო თავისუფლების იმ ხარისხს მიაღწევს, რომელზედაც ახლა მელაპარაკები? გამოსავალს ვეძებ...

- ჰოდა, ხელები კი არ უნდა დავიბანოთ, ან ეს მისია თუ ფუნქცია მარტო მწერალს კი არ უნდა ავკიდოთ, არამედ ნებისმიერ ადამიანს უნდა მოვთხოვოთ. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს, რომ იცხოვროს სამართლებრივ სახელმწიფოში, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ის ამ ქვეყნის მოქალაქეა! თუკი ამ მისიას ვინმე კონკრეტულს ავკიდებთ, ის ამას აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს. ავტორიტეტმა შეიძლება შექმნას საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ადამიანისთვის, ნებისმიერი საზოგადოებრივი პირისთვის ამხელა პასუხისმგებლობის აკიდება, არასწორია - "შენ ეს უნდა გააკეთო!" - აი, ეს მოთხოვნა.

- იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში დიქტატორს ვიღებთ?

- ზუსტად! სახელმწიფო მოქალაქეების ერთობლიობას ნიშნავს და არა სააკაშვილის ან ივანიშვილის პარტიას. და როდესაც საზოგადოება ძლიერია, ხელისუფლებაც ვერ ბედავს ისეთი შეცდომების დაშვებას, როგორის მომსწრეც ბევრჯერ ვიყავით.

- მაგრამ სიტყვები არ იკარგება, იქნებ ნათქვამმა სიტყვებმა ყველას ყურამდე და გულამდე მიაღწიოს და ამით რამე გამოვიდეს?

- გეთანხმები, მაგრამ მარტო ლიტერატურული ან კულტურული პროცესი ვერ ქმნის სახელმწიფოს. ამას ერთობლივი მოქმედება უნდა. ეს ქვემოდანაც უნდა ხდებოდეს და ზემოდანაც. აი, რას ვგულისხმობ, მაგალითად: საქართველოში მიღებულია კანონი, რომ ნებისმიერ კაფეში უნდა იყოს გამოყოფილი მწეველების კუთხე. არსად ეს არ სრულდება. სიტყვას კი მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა მას ასრულებ. კანონი რა არის, - სიტყვათა ერთობლიობა და როგორც კი არ შეასრულებ, ძალა არ აქვს. მაგრამ ამას ვერ სწავლობ, რადგან ხელისუფლება თავისივე მიღებულ კანონს არ იცავს.

- ისე, უცნაურია, ნერვიული საზოგადოება, რომლის ერთი ნაწილი - მწერლები წიგნებს მაინც წერენ... ამ წიგნებს მგონი, ახლა მხოლოდ შენ კითხულობ და მერე ტელეეკრანიდან გვიყვები მათ შესახებ.

- აჭარბებ, სხვებიც კითხულობენ, მაგრამ, მე ნამდვილად მიხარია, რომ ამ საქმეს ვაკეთებ. რამდენიმე ტელევიზიას მივაკითხე, საფუძვლიანადაც ავუხსენი ამ საქმის საჭიროება, მაგრამ ამ წინადადებაზე მხოლოდ "რუსთავი 2" დამთანხმდა. ესეც ამ შოუს პროდიუსერის ნენე კვინიკაძის დამსახურებაა. წიგნებს ვეძებ, ვარჩევ და თუ ღირსია, განვიხილავ. ვცდილობ, რაღაც საინტერესო ფრაგმენტი, ფრაზა გამოვყო, რომ ადამიანი დავაინტერესო... ახალ ავტორებს განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება. ამდენი ინფორმაციის, უაზრობის წინააღმდეგ, პრინციპში, მარტო ვარ. მინდა, რომ დანარჩენმა არხებმაც მიჰბაძონ "რუსთავი 2"-ს.

- შიშით ვუყურებ დიქტოფონს და ვხვდები, რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის დრო იწურება, მაგრამ მაინც მინდა, გკითხო... ჩვენს ჟურნალს ფართო აუდიტორია კითხულობს. ჩვენი დიალოგის შემდეგ ათასი რამ შეიძლება იფიქრონ, გაგვაკრიტიკონ, მოიწონონ...

- თუ გაგაკრიტიკებენ, მაგას რა სჯობია! ჯანსაღი კრიტიკა მნიშვნელოვანია, შემდეგში ხომ იმ შეცდომას აღარ გაიმეორებ, რაზეც მიგითითებენ?

- ახალი წელი მოდის, წესით, ახალი სურვილები უნდა გქონდეს, ჩვენ კი სულ ერთი და იგივე სურვილი გვაქვს, აგერ უკვე რამდენი წელიწადია, უცვლელი - ცხოვრების უფლება გვინდა.

- გეთანხმები იმაში, რომ მთავარი სიმშვიდეა. ადრე, ჩვენს ბავშვობაში, გურულები მშვიდობის სადღეგრძელოს სვამდნენ და მას ღიმილით ვხვდებოდით. მერე და მერე აღარ გვეღიმებოდა, მაგრამ მშვიდობას რომ მივაღწიოთ, სიმშვიდე გვჭირდება. ეს მართლა გვაკლია, რადგან თუ სიმშვიდე არა გაქვს, სწორ ანალიზსაც ვერ აკეთებ. და თუ ვერ აზროვნებ, მაშინ მითხარი, სიცოცხლეს რა ფასი აქვს?! არა, ჩუმად კი არ უნდა ვიყოთ, ეს სულ სხვა რამეა, - სიმშვიდე უნდა მოვიპოვოთ. როდესაც სწორ ანალიზს აკეთებ, მაშინ შეცდომების გამოსწორებასაც ახერხებ და უკეთეს ნაბიჯებს დგამ. ჩემი საახალწლო სურვილიც ეს არის: - ყველას სიმშვიდეს გისურვებთ! ყველაზე მაგარი ეს იქნება. როცა ადამიანი ფიქრს იწყებს, ის გამოსავალსაც პოულობს.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს