დათო ლაბაძე - "ახალ წელს ყველას სტუმრობა მიხარია. თანაც, არ მგონია, ბენდუქიძეს ცუდი ფეხი ჰქონდეს"

დათო ლაბაძე - "ახალ წელს ყველას სტუმრობა მიხარია. თანაც, არ მგონია, ბენდუქიძეს ცუდი ფეხი ჰქონდეს"

12 დეკემბერს თბილისის კინოთეატრებში გაიმართა პრემიერა ახალი ქართული კომედიური ჟანრის ფილმისა "კაცების კინო", რომლის რეჟისორია ტელეწამყვანი, "კაცების შოუს" მონაწილე ირაკლი კაკაბაძე. ერთ-ერთ როლს კი ასევე "კაცების შოუს" მონაწილე დათო ლაბაძე ასრულებს... დათო დღეს რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია.

- დიდხანს იღებდით ფილმ "კაცების კინოს"?

- დაახლოებით სამ კვირას... ძალიან მალე გადაიღეს, ყოჩაღ (იცინის)! თუ ამ ფილმმა პოპულარობა მოიხვეჭა, "კაცების შოუ" განახლდა და მაყურებელი გვეყოლა, შეიძლება კიდევ ერთი ფილმი "მივცხოთ".

- თქვენი გმირი ფილმში ერთ უწმაწურ ფრაზას ხშირად იმეორებს... ვიცი, რომ ამის გამო შვილები გაგებუტნენ...

- გაბუტვით არა, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი ფრაზების რახარუხს მიჩვეული არ არიან და ეწყინათ. მისაყვედურეს კიდეც, მამი, არ გრცხვენია, ასეთ სიტყვებს როგორ ამბობო!

- ცხოვრებაშიც გაღიზიანებთ ისეთი ადამიანი, როგორი თანამეინახეც ფილმში, სუფრასთან გიზით და სადღეგრძელოებით, აგრეთვე, "ტკბილი მოგონებებით" გღლით?

- გააჩნია განწყობას... თუ არ ვარ კარგ განწყობაზე, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი ასეთად მომეჩვენოს და გამაღიზიანოს. ტრადიციული ქეიფი და სადღეგრძელოებიც მიყვარს, მაგრამ დათრობას ვერ ვიტან. დიდ სუფრებზეც კი ალკოჰოლური სასმელის წრუპვით შემოვიფარგლები და არა დიდი ყანწების სმით.

- დათო, როდიდან აღარ გჯერათ თოვლის ბაბუის არსებობის?

- ვინ გითხრა, რომ აღარ მჯერა, ძალიან კარგადაც მჯერა (იცინის). რომ არა თოვლის ბაბუა, სხვა ვინ მოუტანდა ჩემს შვილებს ახალი წლის ღამეს საჩუქრებს? მე შვილების მაგივრად მჯერა თოვლის ბაბუის არსებობის.

ისე, მეც ველი ხოლმე საახალწლოდ მისგან საჩუქარს, სხვათა შორის, ყოველ წელს მოაქვს. წელსაც ვაპირებ, თოვლის ბაბუას წერილი მივწერო და რამე კარგი ვთხოვო. ამ კვირის ბოლომდე მოვიფიქრებ და კარგ საჩუქარს შევუკვეთ (იცინის).

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.

- რომ არა ფიზიკოსი, იუმორისტი, ტელეწამყვანი და სცენარისტი, ვინ იქნებოდით პროფესიით?

- ამ ყველაფრის გარდა აიტიმენეჯერიც ვარ (იცინის). ხომ ხედავთ, რომელი პროფესიაც მაინტერესებდა, ყველაფერი ავითვისე... სხვათა შორის, ახლა აბიტურიენტი რომ ვიყო, სულ სხვა პროფესიას ავირჩევდი და ჩემს ინტერესებს დავიკმაყოფილებდი.

- სერენადა გიმღერიათ როდესმე?

- სერენადა არა, მაგრამ ერთხელ ჩემს შვილებს ძილისპირული ვუმღერე და მეზობლებმა მთელი ღამე ვეღარ დაიძინეს (იცინის).

- წარმოიდგინეთ, ახალი წლის ღამეს გესტუმრათ თოვლის ბაბუის ფორმაში გადაცმული კახა ბენდუქიძე, როგორი რეაქცია გენებათ?

- უი, ჯერ როგორც თოვლის ბაბუა ისე მოვიდა და მერე აღმოვაჩენ, რომ ბენდუქიძეა? გამიხარდება, რადგან ახალ წელს ყველას სტუმრობა მიხარია. თანაც, არ მგონია, რომ ბენდუქიძეს ცუდი ფეხი ჰქონდეს. მერე ვეტყოდი: აბა, კახა თოვლის ბაბუა, "მაიტა" ჩემი საჩუქრები-მეთქი (იცინის). მერე დავსხდებოდით სუფრასთან და მოვილხენდით...

- საახალწლო კერძებიდან რომელი გიყვართ?

- ყველაფერიც მიყვარს. უი, დამავიწყდა, ინდაურის ხორცი არ მიყვარს. ისე, თევზსაც არ ვჭამ, დანარჩენს კი ყველაფერს სიამოვნებით მივირთმევ, რაც გარეგნობაზეც მეტყობა.

- მეკვლის "ფეხის" გჯერათ?

- როდესაც ადამიანი კეთილი გულით შემოდის ოჯახში, მის განწყობას რაღაც ძალა აქვს. ეგ კი არა, დილით მეზობელი გულიანად რომ მომესალმება, მთელი დღის განმავლობაში კარგად ვარ.

- წარმოიდგინე, მონიკა ბელუჩი გილოცავთ ახალ წელს და რომში გეპატიჟებათ...

- აუფ, რამხელა ცდუნების წინაშე მაყენებ (იცინის). თუ მეუღლესთან ერთად დამპატიჟებს, აუცილებლად წავალ...

- თუ მხოლოდ თქვენ დაგპატიჟათ?

- ოოო, არ მაცდით, ეს შეკითხვა თავიდან ავირიდო (იცინის) მარტო არსად წავალ, ოჯახთან ერთად კი - დიდი სიამოვნებით!

- საახალწლოდ რას აჩუქებდით საქართველოს პრეზიდენტს?

- რა ვიცი... ნეტა რა უნდა, ამაზე არ მიფიქრია. ისე, ყველაფერი აქვს, ორი თვითმფრინავიც კი ჰყავდა, მაგრამ ერთიღა დაუტოვეს. რაც მე მაქვს იმით ვერ გავაკვირვებ, ასე რომ, არ ვიცი...

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - ხალასი, კეთილი და ბევრისთვის სასურველი მეგობარია. იცის ერთგულების ფასი. არის კარგი მამა დ მეუღლე.

ინტერვიუ: "რა უნდა სთხოვოს თოვლის ბაბუას დათო ლაბაძემ"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები