"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"

"თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა"

"ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო, ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მედეა! მაპატიე, გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე. არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა. გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას. მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე, სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები. შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა". პაოლო იაშვილმა უკანასკნელი სათქმელი ქალიშვილს ამ წერილის სახით დაუტოვა...

ვინაიდან "გზის" ამ ნომერთან ერთად, ლიტერატურული სერია "ჩემი რჩეული" მკითხველს პაოლო იაშვილის შემოქმედების გაცნობის საშუალებას აძლევს, გვინდა, ჩვენი ჟურნალის ფურცლებზეც პოეტის რამდენიმე ცხოვრებისეულ ასპექტს შევეხოთ... გვესაუბრება ფილოლოგი, მკვლევარი ზეინაბ ლომჯარია.

- პაოლო იაშვილი სხვა "ცისფერყანწელებისგან" არაფრით განსხვავდებოდა, რადგანაც ეს ერთი მთლიანი ჯგუფი გახლდათ, რომლის წევრებიც ცდილობდნენ, ერთმანეთს დამსგავსებოდნენ. არ არის მართალი, რომ ამბობენ, სიცოცხლის ბოლო წელს პაოლო იაშვილმა ტიციან ტაბიძესთან ურთიერთობა შეწყვიტაო. პაოლო და ტიციანი სიამის ტყუპივით იყვნენ. უბრალოდ, ის იყო, რომ სიცოცხლის ბოლო ექვსი თვე პაოლოს მუდმივად დაკითხვებზე იბარებდნენ...

- მოგონებების მიხედვით, პაოლო იაშვილს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კულტურის მოღვაწეები აღიარებდნენ. მიუხედავად ამისა, პოეტს მტერიც ბევრი ჰყავდა...

- პაოლო იაშვილს მტრები მართლაც არ აკლდა. "თორმეტი წლიდან მე ბრაზიან კაცს ვეჭიდები", - 1920 წელს ერთ ლექსში წერდა პოეტი. ეს "ბრაზიანი კაცი" მისი რუსული ენის მასწავლებელი იყო, რომელმაც ქართული "ძაღლის ენად" მოიხსენია. მეორე დღეს ყმაწვილი პაოლო შინ მიმავალ პედაგოგს წინ გადასდგომია და მხარში შურდულით ქვა უსვრია... პოეტის მტრების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. აქ ფილიპე მახარაძისა და ლავრენტი ბერიას დასახელებაც საკმარისია... 1916 წლის 27 თებერვალს ჟურნალი "ცისფერი ყანწები" დაიბეჭდა. 10 მარტს ფილიპე მახარაძემ გაზეთში "თანამედროვე აზრი" გამოაქვეყნა წერილი სათაურით "საბრალონი", გააკრიტიკა ჟურნალის მიმართულება; პაოლო, ტიციანი, იოსებ გრიშაშვილი, სანდრო შანშიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე "ლოთ ძმა-ბიჭებად" მოიხსენია და გალაკტიონიც გაჰკენწლა. 1923-1924 წლებში ბერიამ სისხლის კალოები დაატრიალა საქართველოში. შორაპანში, ვაგონში ჩაცხრილეს პაოლოს 20 წლის ძმა, ვასილი (ჭუნია), რომელიც დავით კლდიაშვილის ქალიშვილზე, ქეთევანზე იყო დანიშნული. უცნაურია ქართველი კაცი! ამ ტრაგედიის შემდეგ, იმერეთში სიმღერა შეთხზეს და გიტარის თანხლებით ასრულებდნენ: "ჭიათურაში ჩამომდგარა ზესტაფონის ჩეკა, ამეღამ ვისთან გაჩერდება, ვის წეიყვანს ნეტა?"

- პოეტისთვის ყველაზე დიდი მტერი ალბათ საბჭოთა რეჟიმი იყო...

- 1937 წლის მაისში კომპარტიის X ყრილობაზე ბერიამ სამი მწერალი გააკრიტიკა: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და მიხეილ ჯავახიშვილი. ეს ფაქტობრივად, განაჩენი იყო... 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის II სართულზე, საკუთარი თოფით თავი მოიკლა პაოლომ. მისი სახლიდან სამი ჩანთით გაიტანეს ხელნაწერები. პაოლოს ბლოკნოტი მისი ცოლის ხელჩანთაში იდო და ასე გადარჩა ხელნაწერების ის ნაწილი და კიდევ ერთი ნაწილი, მისი წიგნის შემდგენელს - შალვა დემეტრაძეს რომ ჰქონდა ოჯახში... მაშინდელი გაზეთები მკვდარ პაოლოსაც არ ასვენებდნენ - ახლობლებს მის საფლავზე ქვის დადებაც აუკრძალეს, წარწერაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ოჯახი და სანათესავო აუწიოკეს; დაუხვრიტეს სიძე (დის ქმარი), ძმა კონსტანტინე, ორი მამიდაშვილი და ორი ბიძაშვილი; დაუპატიმრეს ძმა, ივანე (ტუპია); გადაუსახლეს ძმისწული და ბიძაშვილი. პაოლოს დარდს გადაჰყვნენ პოეტის დედა და სიმამრი. ყველა ამ ადამიანს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული... განათლებულებს კი მოგეხსენებათ, სდევნიდნენ...

- რას გვეტყვით ელენე დარიანის შესახებ? ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ქალბატონი ელენე ბაქრაძე იყო, ზოგი კი კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს და ლექსების ავტორად თავად პაოლოს მიიჩნევს.

- "ელენე დარიანის" ლექსების ავტორობას პაოლო იაშვილს 40-მდე თანამედროვე უდასტურებს, მათ შორის: ირაკლი აბაშიძე, შალვა აფხაიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი კალანდაძე, კოლაუ ნადირაძე. გრიგოლ რობაქიძის მოთხრობაში "ჟამსა ხუმრობისა" ყაფლან ორბელაძე, რომელშიც თავად ავტორი უნდა ვიგულისხმოთ, ამბობს: "კაცი დადის, შენი ჭირიმე, არხეინათ, შეგვხვდება - სიხალისეს მოგაფრქვევს, გადაგეხსნება გულით როგორც წყაროს თვალი, თუ კვიმატი დღე გაქ, - საბედნიეროდ მოგიბრუნებს, შაირს გეტყვის მისთანას, რომ სმენას დაგიტკბობს, ელენე დარიანის სახელით, თუმცა მალავს ამას, ისეთ შაირს თან მოაყოლებს კიდომ, რომ ცვედანიც ახალისდება ტრფიალისათვის..." ელენე ბაქრაძე უბრალოდ იბრალებდა ამ ლექსების ავტორობას... ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს და მე პირადად მეცნიერულად მაქვს დასაბუთებული.

- ცნობილია, რომ ტერენტი გრანელის დიდი სურვილის მიუხედავად, "ცისფერყანწელები" მასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ. ამის მიზეზად რა შეიძლება ჩაითვალოს?

- არ დაიჯეროთ, თითქოს პაოლომ ტერენტი გრანელს შუა ქუჩაში ჩხუბი გაუმართა. ტერენტი უბრალოდ, დაბალი სოციალური ფენიდან გახლდათ. გარდა ამისა, ძალიან უცნაური ხასიათი ჰქონდა. არსებობს მოგონება, რომ პაოლო, პირიქით, ყველას დახმარების ხელს უწვდიდა. მისი მეგობრები იგონებენ: ერთხელ პაოლომ გვაქეიფა, მაგრამ ფული რომ არ ეყო, სახლში ავიდა, თავის ძიძას რაც ჰქონდა, ყველაფერი შეახვია და რადგან პირდაპირ მოცემა ჩვენც მოგვერიდა და მასაც, ზემოდან თოკით ჩამოგვიშვაო... თვითმკვლელობის წინა წუთებში მწერალთა კავშირის სასადილოს ვალი - 7 მანეთი გაისტუმრა. პოეტი წერდა: "მე მაგინებენ, მაგრამ ვიცი, ქებაც ბევრს სურდა,/ და უკაცრავად, თუ თან წამყვა სათქვენო ხურდა".

- ცნობილია, რომ პაოლო იაშვილი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული: იყო შესანიშნავი კულინარი, მხატვარი; ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის...

- გარდა ამისა, პაოლო კარგად მღეროდა, იყო კარგი თამადა, ძალიან მოსწონდათ ქალებს. იცნობდა ძალიან ბევრ თანამედროვე მოღვაწეს, ახლოს იყო აკაკის ოჯახთან. მამამისი, ჯიბრაელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო და კარგად იცნობდა ილია ჭავჭავაძეს. პოეტი მართლაც არაჩვეულებრივად ხატავდა, მაგრამ მისი ბევრი ნამუშევარი დაკარგულია. წელს პაოლო იაშვილს 120 წელი შეუსრულდებოდა...

"ღმერთო! აპატიე, -

მე თუ ვერ მიშველი -

დედას, რომ დაგინთო ჩემსიგრძე სანთელი,

მისთვის, რომ ჩემს გულში

დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი".

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს