"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"

"მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ"

პოეტი, რომანისტი, მულტიმედია არტისტი, პერფორმერი დეფი გოგიბედაშვილი საკუთარი შემოქმედებით საქართველოს საზღვრებს უკვე კარგა ხანია, გასცდა... მის ნამუშევრებს იცნობენ ამერიკაში, ევროპაში და ძალიანაც აფასებენ... დეფი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, მაგრამ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი სასტიკად არ უყვარს. ამიტომაც ჩვენი ინტერვიუ მის შემოქმედებაზე საუბარს დაეთმო.

- ბავშვობაში თანატოლებისგან რაიმეთი თუ გამოირჩეოდით?

- ოჰ, ასეთ კითხვაზე არასდროს მაქვს ზუსტი პასუხი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობა არსადაც არ წასულა. მე თვითონ ვარ ჩემივე ბავშვობა. ჩემთვის ეს მართლაც განსაკუთრებული მდგომარეობაა.

- წერა რა ასაკში დაიწყეთ და რამ გადაგაწყვეტინათ ეს?

- პროფესიონალური წერა 24 წლისამ დავიწყე. ერთდროულად ვწერდი პოეტურ და პროზაულ ნამუშევრებს. ისე, განათლებით არქიტექტორი ვარ. ვხატავდი და მედიასაშუალებებს იმისთვის ვიყენებდი, რომ ადამიანებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი...

- ახლაც ხატავთ?

- ახლაც ვხატავ, ეს ნიჭი ჩემში ჯერაც არ გამქრალა, მაგრამ პოეზია და პროზა ჩემში შენელებული მოქმედების ბომბებივით "ფეთქდებოდა" ყოველთვის და აგერ უკვე ოც წელზე მეტია, ამ დიდი "აფეთქებების" მიზეზს ქართული ზმნისა და ასობგერების გარდა, ცხოვრებასა და თვით სიცოცხლეში ვეძებ, ვპოულობ და ვავრცელებ...

- მეგობრებს უცნაურ ადამიანად მიაჩნიხართ?

- დიახ, ასეა... სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რატომ არის ასე... პოეზია სამყაროს არსებობის მიზეზია და ამ სამყაროში ჩვენი არსებობის და აქ ყოფნის გამართლების მიზეზიც... მხოლოდ რამდენიმე უახლოესი მეგობარი მყავს, მაგრამ ღია ვარ აბსოლუტურად ყველასთვის. ისე, ეს ჩემი გამჭვირვალებაც პოეზიაა...

- თქვენ უკვე მსოფლიოშიც გაითქვით სახელი; 2012 წლის ევროპის საუკეთესო მწერლად დაგასახელეს... გვიამბეთ ამის შესახებ?!

- გთხოვთ, ამ თემაზე არ მალაპარაკოთ, რადგანაც ამაზე იმდენი ინტერვიუ მაქვს უკვე მიცემული, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ვერასდროს გავუგებ ისეთ ადამიანს, ვისთვისაც ჩემი წარმატება პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია და სამნიშნა მაიმუნივით არაფერს ისმენს, არაფერს ხედავს და არაფერს ამბობს, რადგან ის, რასაც ისმენს, რასაც ხედავს და რისი თქმაც უნდა, მისივე ილუზიებისა და ყალბი თავდაჯერებულობის გამო დიდ დისკომფორტს უქმნის. ცხოვრება კი რაც უნდა გრძელი იყოს, მაინც ჩქარა გადის და მე დრო არ მრჩება ასეთი ადამიანისთვის... პოეზია ანათებს და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ამ ნათებას არ ამჩნევს... არადა, ეს ნათება ისეთი ტკბილი, ისეთი ნამდვილი და ისეთი თანაგრძნობით სავსეა...

- ბრაზილიაში თქვენი რომანები იბეჭდება. იქ როგორ მოხვდა თქვენი ნამუშევრები?

- იქ გზამ მიმიყვანა, ჩემმა გზამ. მე ჩემს გზას ჩემებურად გავდივარ... ჩემი ნაწარმოებებით გამიცნეს ნიუ-იორკშიც და საერთოდ, ამერიკაში, ევროპაში და ყველგან... სამყარო ღიაა და მასში საზღვრები არ არსებობს. მე უნივერსალისტი ვარ! რაც ქართულია, ის არის საკაცობრიო და რაც საკაცობრიოა, ის არის სწორედ ქართული. ენა გასაგები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველასთვის და ამისთვის დღე და ღამე ვმუშაობ. წარმატება, დიდება, მეტად უცნაური და ფარდობითი რამ არის... მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და ჩემს გზას ვადგავარ... ეგ არის სულ...

- მსახიობიც ხართ, კინოროლები გაქვთ ნათამაშები... მღერით კიდეც და ახლა მიმდინარეობს თქვენი ალბომის ჩაწერა...

- მსახიობობაზე რა გითხრათ, რამდენიმე როლი ვითამაშე, ოთარ იოსელიანთან და ნანა ჯორჯაძესთან. ალბომის ჩაწერას რაც შეეხება, ჩემი პოეზიის მესამე ალბომს ვიწერ. ამ ახალ კონცეფციაზე ფანტასტიკურ და უნიჭიერეს ჯგუფ "სანდასთან" ერთად ვმუშაობ. ეს დაახლოებით ის არის, რასაც მანამდე მე და კოტე კალანდაძე ალბომში "დაფიონი სუპერნოვა დომინე" ვაკეთებდით, ანდა, "სამკაულის" ალბომით "ამიშვი ცამდე" გამოვხატეთ, ან ნიუ-იორკში მე და ლორი ანდერსონი, ამერიკის პენ-კლუბში, მანჰეტენზე, ანტერბერგის მსოფლიო პოეზიის დარბაზში სავსე აუდიტორიის წინ რომ ვთქვით. აქაც ეს კონცეფცია ავაწყვეთ. ესეც გამომხატველობითი ენისა და ფორმის უახლესი განსაზღვრებაა და ის ორენოვანია... ალბომი "დაფიონი" და "სანდასთან" ერთად ჩაწერილი ტრეკები ჩემს საიტზეა განთავსებული... ამერიკასა და ევროპაში უკვე ისმენენ და ამ ყველაფერს უკვე კრიტიკული არტიკლებიც ახლავს, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ მედიდურად დუმს, ისევე, როგორც სხვა ჩემს ნაწარმოებებზე... ეს დუმილი კი ვფიქრობ, სამუდამოა... ჰო, ჩვენ უცნაურ სამყაროში ვცხოვრობთ და სწორედ ამაზეა ჩემი მანიფესტი - "ალფა და ომეგა". სხვათა შორის, ჯგუფი "სანდა", ამერიკული მუსიკალური საინფორმაციო საცავის მიერ წელს იქნა მსოფლიო მუსიკოსების ტოპსიაში შეყვანილი. ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. "სანდა" საუკეთესოა.

- სამხატვრო აკადემია გაქვთ დამთავრებული. თქვენი პროფესიით არასდროს გიმუშავიათ?

- მე პროფესიით მწერალი ვარ. არქიტექტორი განათლებით გახლავართ. ეს ოდნავ განსხვავებული რამაა... არქიტექტორად მხოლოდ ერთი კვირა ვიმუშავე: თბილისში, ერთი აივანი მაქვს დაპროექტებული და აშენებული. მედიაში კი, იმიტომ ვმუშაობდი, რომ ადამიანებთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი; რომ ჩემი გზავნილები მათთვის მიმეტანა... არქიტექტურული, სივრცობრივი აზროვნება და განათლება ჩემთვის ოქროს საბადოა. ის ლიტერატურის შექმნისას და აუდიოალბომის შექმნისას, განუსაზღვრელ საშუალებებს მაძლევს. სამყაროს შემქმნელი პოეტი, ღმერთი, სწორედ არქიტექტორია თავისი ბუნებით...

- მახსოვს, ხანდახან პოლიტიკაშიც ერეოდით. "ვარდების რევოლუციის" დროს ერთ-ერთი ლიდერიც იყავით. ახლა პოლიტიკოსობის სურვილი არ გაქვთ?

- საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი პოლიტიკაა ისევე, როგორც საერთოდ ყველაფერი არის პოეზია... პოლიტიკოსობის სურვილი არასდროს მქონია. პოლიტიკაში ჩარევას კი ყოველთვის ჩემი სამოქალაქო პოზიცია ესაძირკვლებოდა, გნებავთ, "ვარდების რევოლუციის" ისტორიულ მონაკვეთშიც...

- "ფეისბუკზე" თქვენი მეორე გვერდია გახსნილი, სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი თქვენი ლანძღვითაა დაკავებული. რას ფიქრობთ მათზე?

- ასეთ რამეებს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას. მერე რა? გესლი და ლანძღვა ჩემამდე ვერ აღწევს და ყველაფერი ისევ მათ უბრუნდებათ. საერთოდ, ვინც წინაა, მასზე ყოველთვის ლაპარაკობენ, მასზე ზურგს უკან მდგომნი. წინ მყოფს ყოველთვის ზურგში ხვდება ტყვიაც და გესლიც... ზოგჯერ საწყენია პრიმიტივობის ასეთი დიდი მუხტი, ზოგჯერ - ძალიან სასაცილოც... ხანდახან აგრესია სხვადასხვა საშუალებებით პირდაპირ აღწევს, მაგრამ მაგასაც ვატარებ, რადგან კარგად მესმის, ვინ ვარ და რა გზას ვადგავარ... ვფიქრობ, სამყაროში არსებობენ მხოლოდ შემოქმედები და გამქილიკებლები, რაობანი და არარაობანი. მე შემოქმედი ვარ! იხილეთ ჩემი ლექსი სახელწოდებით "ჰმ", ის შესულია ჩემს წლევანდელ წიგნში "აქედან ყველანი ცოცხლები გავალთ"...

- დღევანდელ ქართველ მწერლებზე რა აზრის ხართ?

- ერთი კონკრეტული აზრი არა მაქვს, რადგანაც დრო საცერივით გაცრის ყველაფერს და დარჩება ღირსეული, ნამდვილი, თანაგრძნობითა და ნიჭით დანიშნული ნაწარმოები და ავტორი... ნიჭი ვერასდროს განადგურდება, ის ცოცხალი ენერგიაა და არ კვდება, უბრალოდ ერთი ფორმიდან მეორეში გადადის... მხოლოდ იმ მწერალს აქვს მომავალი, რომლის ნამუშევრებსაც ახალი თაობა კითხულობს და რომელიც ყველასთვის უნივერსალურია. ჩვენ, ჩვენს გზებზე ვდგავართ. ეს გზები კი ადამიანთა გულებისკენ თუ მიდის, ესე იგი, მიდის უკვდავებისკენ. უკვე ვიცი, ჩვენ შორის ვინ ვინ არის და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყოველთვის ვიცოდი... ვფიქრობ, ეს უკვე სხვებმაც დაინახეს... ილუზია, თვითკმაყოფილება და ცხვირის აწევა, რაღაც თავდაჯერება, ვფიქრობ, ეს ბევრი დღევანდელი მწერლისა და ზოგადად, შემოქმედის ისეთი მტერია, რომელთანაც ყველაზე მეტად სიამოვნებს ყოფნა ზოგ ჩემს კოლეგას... მაგრამ არ მადარდებს; ეს არ არის ჩემი პასუხისმგებლობა... მე ჩემს სამყაროს ვქმნი, თავი დავდე და ვიბრძოლე ამ დიადი თავისუფლებისთვის, დიახ, შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.

- მინდა, დაქორწინება მოგილოცოთ. გვითხარით, ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ქეთი ჯანაშვილი.

- სად გაიცანით ის და როგორ შეხვდნენ თქვენი შვილები თქვენს გადაწყვეტილებას, რადგანაც როგორც ვიცი, ეს თქვენი მესამე ქორწინებაა...

- მე და ქეთი ერთი მიმართულებით "ვიყურებით"... ისე, არ მიყვარს პირად ამბებზე ლაქლაქი... საერთოდ ასეთ კითხვებს პასუხს არც ვცემ ხოლმე. ერთს კი გეტყვით... თქვენ გეტყვით, ოღონდ, არავის უთხრათ, - ქეთი მე ვარ... ჰო, მე და ჩემი ცოლი ერთი "მე" ვართ და ერთი "შენ". ჩვენ ორი ნაპირი ვართ და ჩვენ შორისაა დიდი და უტკბილესი სიცოცხლის ზღვა. ერთმანეთისკენ ლტოლვა კი ყოველთვის რაღაც ახლებურად წარმოაჩენს ხოლმე თავს. შვილებიც და ჩემი მეუღლეებიც (ყოფილი მეუღლეები ცხადია) დიდი სიყვარულით შეხვდნენ ამ ჩემს გადაწყვეტილებას... გაცნობით კი ვფიქრობ, მე და ქეთიმ სიზმრებით გავიცანით ერთმანეთი... ოღონდ, ამაზე სხვა დროს...

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს