ზვიად ქორიძე: "მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა!"

ზვიად ქორიძე: "მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა!"

2012 წელს ქართულ მედიასივრცეში უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - საპარლამენტო არჩევნებამდე ამუშავდა მასთქერის პრინციპი, ნამდვილ მფლობელს დაუბრუნდა ტელეკომპანია "იმედი"... წლის მედიარყევებს მედიაექსპერტი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიმოიხილავს:

- საბედნიეროდ, 2012 წელს არ ყოფილა "მოდელირებული ქრონიკა", თუმცა იყო საპარლამენტო არჩევნები, რომლითაც ქართველმა საზოგადოებამ და მედიამ სინამდვილე შექმნა. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური გარემოსა და პოლიტიკური სინამდვილის შეცვლა და მგონია, რომ არჩევნებით უნდა ვისწავლოთ დემოკრატიის კეთება. თუ 2016 წელს პარლამენტს არჩევნების გზით შევცვლით, ეს იქნება მაჩვენებელი, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და საშუალება ექნება, ევროპულ სივრცეში განვითარდეს.

2012 წელს საქართველოში განსაკუთრებით განვითარდა ონლაინმედია. თუ ადრე მომხმარებელი ინტერნეტში გასართობად და საჭორაოდ შედიოდა, ნელ-ნელა ინტერნეტის საყმაწვილო სენი დაძლია და ონლაინმედიით დაიწყო ინფორმაციის მიღება. ცოტა რთულად არის საქმე ბეჭდურ მედიაში. მსოფლიო ბაზარზე დღეს საკმაოდ ძვირი ღირს ქაღალდი, რაც თავისთავად აისახება ბეჭდვის ხარისხზეც და ფასზეც. ამასთანავე, გაზეთების დიდი ნაწილი, მეტი მკითხველის მოსაზიდად, ბეჭდავს იაფფასიან სკანდალებს, დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ამით ასეთი გაზეთების სანდოობის ხარისხი ეცემა. არადა, მედიის წარმატების ფორმულა სანდოობაა.

- 2012 წელს მედიის ფინანსური გამჭვირვალობის საკითხიც აქტუალური იყო.

- საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს იმ ფინანსების გამჭვირვალობა, რომელიც რეკლამის გარდა შედის მედიაგამოცემებში - სპონსორობით თუ პოლიტიკიდან. საზოგადოება უფლებამოსილია, ეს ყველაფერი იცოდეს. არის ობიექტური მიზეზებიც, თუნდაც ის, რომ დისტრიბუციის ქსელი მთლად გამართულად არ მუშაობს; ქვეყანაში მაღალი ხარისხის პროდუქციას ძნელად თუ დაბეჭდავ. აი, ამ პრობლემებით ხვდება ქართული ბეჭდური მედია 2013 წელს. თუმცა ქათმისა და კვერცხის მომენტიც არის. ბევრი ფული ვიშოვოთ და განვვითარდეთ, თუ სანდოობა მოვიპოვით მაღალხარისხიანი პროდუქტით და ასე გავზარდოთ ტირაჟი და რეკლამების რაოდენობა? ველოსიპედს არ ვიგონებთ, ვცდილობთ, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც გაზეთს რეკლამა და გაყიდვით შემოსული ფული შეინახავს. თუ დიდი იქნება გაზეთების ტირაჟები, ავტომატურად განვითარდება პოლიგრაფია.

- წლეულს ტელესივრცე საკმაოდ დატვირთული იყო...

- 2012 წელს ყველაზე დატვირთული მართლაც ტელესივრცე იყო. ყველაზე დიდი დოზით ტელევიზიებში იყო არჩევნების თემა და რეალურად სწორედ ტელევიზიებში დავინახეთ პოლარიზების ისეთივე მაღალი მაჩვენებელი, როგორიც პოლიტიკურ ფრონტზე. ზუსტად ისე გაიყო ელექტრონული მედია, როგორც პოლიტიკური სივრცე, რითიც საბოლოოდ პოლიტიკოსებმა იხეირეს, მაგრამ საზოგადოება დაზარალდა. მედიამონიტორინგის სამთვიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში არც ერთი ტელევიზია სრულყოფილად არ გადმოსცემს ინფორმაციას და მათი ინფორმაციის შედეგად ვერც ერთი მოქალაქე ვერ გაიგებს სრულყოფილად, რა მოხდა რეალურად. როდესაც რეგიონებში "რუსთავი2"-ს, "იმედსა" და საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნაჩვევი" საზოგადოება მასთქერის პროგრამის ამუშავების შემდეგ ახალ, სრულიად განსხვავებულ ტელევიზიებს "შეეჯახა", განსხვავებულმა ინფორმაციამ დააბნია და გაორება დაეწყო. ბუნებრივია, ახალ ტელევიზიას უფრო დაუჯერებდნენ, მაგრამ არც ამ ტელევიზიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია იყო სრულყოფილი. მართალია, 2012 წლის არჩევნების შედეგებს დემოკრატიულ ნაბიჯს მივაწერთ, მაგრამ ეს ინფორმირებული კი არა, ემოციური არჩევნები უფრო იყო, რომელიც განსაზღვრა იმ ძალადობის ფონმა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და რაც ციხის კადრებით დაგვირგვინდა. ანუ, ამომრჩევლის გადაწყვეტილება მაინც ემოციური იყო. ძალადობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მოქალაქეებმა მიიღეს. მაგრამ ისინი რომ ყოფილიყვნენ ინფორმირებულები, სრულიად სხვანაირად იმოქმედებდნენ და არჩევნების ბედი 18 სექტემბერს კი არა, გაცილებით ადრე გადაწყდებოდა. ამიტომ 2013 წელს უპირველესი ამოცანაა, ხელისუფლებამ ინფორმაცია არ შეზღუდოს, ხოლო მედიამ ინფორმაცია მაქსიმალურად შეამოწმოს და ისე გაავრცელოს. დააკვირდით, როგორ დაირღვა არჩევნების შემდეგ მედიახუხულა. რადგან ამ ხუხულას არაფერი კრავდა, გარდა ხელისუფლების ფინანსურ-პოლიტიკური ინტერესებისა. ამიტომ, მედიამ უნდა ისწავლოს დამოუკიდებლობა, ახლებურად აზროვნება, ახალ სიმაღლეებზე რომ გავიდეს. საქართველოში ბევრმა სფერომ, მათ შორის, მედიამაც განიცადა დეკვალიფიკაცია: ჟურნალისტები კითხვის დასმას გადაეჩვივნენ. განსაკუთრებით - ტელევიზიაში და რასაც ისმენენ, იმასვე იღებენ უტყუარ ჭეშმარიტებად. ეს არ არის ჟურნალისტიკა. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ კითხვის დასმა, საკუთარ თავზე მუშაობა და ყველაფრის ღრმად გაცნობა, მათ შორის უცხოური მედიისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნითაც აუტსაიდერები ვიქნებით და საზოგადოებაც გარიყული აღმოჩნდება იმ პროცესებისგან, რაც ქვეყანაში ხდება.

- საზოგადოებრივ მაუწყებელში კვლავ გაურკვევლობაა.

- გია ჭანტურიას გადადგომა იყო უპასუხისმგებლო ნაბიჯი. ის ისე წავიდა თანამდებობიდან, რომ საზოგადოებას არაფერი უთხრა. ანალოგიურად მოიქცნენ მისი წინამორბედები - ლევან ყუბანეიშვილი და თამარ კინწურაშვილი. არადა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ მიდიან დირექტორები. რატომღაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველთვის იმ მომენტში ეწყება კრიზისი, როდესაც ქვეყანაში იქმნება კრიზისული ვითარება. ასე მოხდა 2007 წლის ნოემბერში, 2008 წლის ომის შემდეგ და ახლაც. რეალურად არჩევნების შედეგებით შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ სამთავრობო კრიზისი მაინც არსებობს, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე აისახა, რადგან ეს ტელევიზია პირდაპირ მიბმულია პოლიტიკურ სისტემაზე.

- რატომ არ იყარეთ კენჭი საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობაზე?

- საუკეთესო იქნებოდა, ყველას ერთად მოგვეწყო დიდი სახალხო გარჩევა, დისკუსია იმაზე, თუ როგორ დაგვეცვა ეს ტელევიზია პოლიტიკური წნეხისგან, მაგრამ მაუწყებლის ბორდმა ეს თემა დახურა, ცაიტნოტში გამართა არჩევნები და მალე გამოაცხადებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელის ვინაობას. ბორდი არის ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, თუმცა ამბობს, ისეთ ხელმძღვანელს ავირჩევთ, რომელიც არც ნაცმოძრაობას მოეწონება და არც "ქართულ ოცნებასო". მაგრამ ვიცით, რომ ვირეშმაკობენ, რაც ძალიან ცუდად დამთავრდება - საზოგადოებრივი მაუწყებელი გრძელვადიან კრიზისში შევა.

- ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემოც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი.

- თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას 2013 წელსაც დაიჭერენ და 2014-შიც. 2012 წლის დეკემბერში "რუსთავი 2"-ის დევნა არ მომხდარა - ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ციხისთვის არავინ მემეტება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები არ უნდა დააპატიმრონ. როდესაც ნიკა გვარამია დანიშნეს ამ არხის გენერალურ დირექტორად, თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ტელევიზია მოექცა პოლიტიკური ჯგუფის გავლენის ქვეშ. პოლიტიკური ზეგავლენის ეს მექანიზმი ძალიან კარგად ამოქმედდა, როდესაც "რუსთავი 2"-ის შემოქმედებითი ჯგუფი გაიფიცა, რაც ამ არხმა დამალა. იმის უნარიც არ აღმოაჩნდათ, რომ საკუთარ ეთერში გაეცათ პასუხი, რატომ გაიფიცნენ ამ არხის თანამშრომლები. პასუხისმგებლობა არც ჟურნალისტებს აქვთ, რომლებსაც, წესით, უნდა ეთქვათ, რატომ მოიქცნენ ასე... აგრეთვე, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ დებს ტელევიზიებში ფულს. უნდა გავიგოთ, დეკლარირებულად დებენ თუ არა ფულს. კი ბატონო, თუ აქვთ, ჩადონ, თუ არადა, თქვან, საიდან მოაქვთ ყულაბები, რომლებითაც ამდენ ტელევიზიას ინახავენ პოლიტიკური კონიუქტურის გამო. ფინანსთა მინისტრმა უცბად უკან დაიხია და თქვა, რომ აღარ გამოიძიებენ იმ ვალების ჩამოწერის საკითხს, რომელიც "რუსთავი 2"-ს, "იმედს" და საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუგროვდათ. რას ნიშნავს ეს? მე, მოქალაქე ზვიად ქორიძეს, ძალიან მაინტერესებს, ვინ დააგროვა ეს ვალები და შემდეგ ვინ ჩამოაწერა.

- მაინც რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ნოდარ ხადურმა?

- ჩემი აზრით, ისიც იმ პოლიტიკური წნეხის ქვეშ აღმოჩნდა, რომ თურმე ნიკა გვარამია პოლიტრეპრესიების მსხვერპლი ყოფილა. რაც ასე არ არის, რადგან პროკურატურას არ უთქვამს, რომ გვარამიას დაჭერა "რუსთავი 2"-ს უკავშირდება...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები