რა წიგნს ისურვებდა საახალწლო საჩუქრად გოჩა კაპანაძე

რა წიგნს ისურვებდა საახალწლო საჩუქრად გოჩა კაპანაძე

წერა-კითხვა ბებიამ შეასწავლა მასაც და მის უფროს ძმასაც. პროფესიით ქართული ენის ფილოლოგმა შვილიშვილებს პირველად "დედაენა" წაუკითხა. სხვადასხვა ავტორის მოთხრობების გაცნობის შემდეგ, ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებას აზიარა. ფიქრობს, რომ მიუხედავად მცირე ასაკისა და ყაზბეგისეული ენის სირთულისა, ალბათ იმიტომ შეარჩია, რომ ბავშვებს სამშობლოსადმი სიყვარული გაღვივებოდათ, სირთულეების წინააღმდეგ გამძლეობა და ბრძოლა ესწავლათ. შემდეგ იყო "შერლოკ ჰოლმსი" და ამ ცნობილი გამომძიებლის საქმეების მთელი სერია. თუ კითხვის დროს ინტუიციით დამნაშავის ვინაობას ამოიცნობდა და მისი ეჭვები გამართლდებოდა, ეს ფაქტი დიდ ბედნიერებას ანიჭებდა. თუმცა ხშირად ისეც ხდებოდა, რომ როცა დეტექტივების კითხვა გაიტაცებდა და სიუჟეტი კვანძის გახსნას უახლოვდებოდა, ბებია კითხვას სწორედ იქ აწყვეტინებდა და წიგნს 2-3 დღე არ უბრუნებდა. ალბათ ესეც ერთგვარი ხერხია, რომ მოზარდი წიგნის კითხვას მიაჩვიო.

მსახიობი და რეჟისორი გოჩა კაპანაძე ბოლო დროს პოეზიას განსაკუთრებით დაუახლოვდა და კითხულობს როგორც კლასიკოსების, ისე თანამედროვე პოეტების შემოქმედებას. ხშირად, რუსთაველის გამზირზე გავლილს, თვალში ისეთი წიგნები ხვდება, რომელთა სათაურებიც დაახლოებით ასე ჟღერს: "სისხლიანი ზეწარი", "ერთი ღამე", "მე და შენ". არ უარყოფს, რომ ასეთ ნაწერებს თავისი მკითხველი ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი ლიტერატურით დაინტერესებულ ადამიანს არც ახლა და არც მომავალში სერიოზული შემოქმედების წაკითხვის სურვილი არ გაუჩნდება და ამას ფიზიკურადაც ვერ შეძლებს. "როცა შლაგერს უსმენ, დიდი ბოდიში ამ გამოთქმაზე, ბაზარსა და ტაქსებში ჩართულ მუსიკას, იმავდროულად ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენს, ვაგნერს, რახმანინოვს ვეღარ მოისმენ. ასევე ხდება ლიტერატურაშიც, თუ კარგ ლიტერატურაზე არ ხარ აღზრდილი, მაშინ ადვილად აღსაქმელს ეძებ და მას კითხულობ. თუმცა საერთოდ, რომ კითხულობ, ესეც კარგია", - გვითხრა მან საუბრისას...

-  ბავშვობაში ლიტერატურას ბების რჩევით ვკითხულობდი. სკოლაში ვსწავლობდი, როცა მან ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობების წაკითხვა მირჩია. მას მოჰყვა ჯავახიშვილი, კლდიაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია... მახსოვს, ეგნატე ნინოშვილის მოთხრობებზე ძალიან ბევრი ვიტირე (იღიმის), განსაკუთრებით "გოგია უიშვილზე". მაგრამ ყველაზე გულისმომკვლელი "შვლის ნუკრის ნაამბობი" იყო. კითხვა დედასაც ძალიან უყვარდა. არ მახსოვს დედა წიგნის გარეშე და ამ თვალსაზრისით რჩევებს მისგანაც ვიღებდი. იმ დროს ნაწარმოებებს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებშიც ვკითხულობდით. საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე დედა და ბებია ზრუნავდნენ, თუმცა მეც ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე წიგნების შეძენა. რუსთაველზე იყო წიგნების მაღაზია, რომლის დირექტორის გვარი ახლაც მახსოვს - გოჩა აბულაძე. ერთხელ, მსოფლიო ლიტერატურის 40-ტომეულის ერთ-ერთი წიგნის შესაძენად რიგში ვიდექი. საერთოდ, წიგნების საყიდლად ყოველთვის გრძელ რიგში გიწევდა დგომა, რადგან მაშინ ადამიანები უფრო ბევრს კითხულობდნენ, ვიდრე ახლა. მაღაზიაში შემოვიდა დიდი რეჟისორი თენგიზ აბულაძე. ამ დროს მესმის სახელი "გოჩა". როგორი ბედნიერი სახით მოვბრუნდი, ვერ აგიწერთ, ვიფიქრე, რომ ბატონმა თენგიზმა იცოდა ჩემი ვინაობა. თურმე ის მაღაზიის დირექტორს მიმართავდა და არა მე (იღიმის). მახსოვს, პირველ კურსზე ვსწავლობდი, როცა მოსკოვში წავედი და იქიდან ჩამოვიტანე მიხეილ ბულგაკოვის "ძაღლის გული", თან იცით როგორ?! მაშინ ეს ნაწარმოები არ იბეჭდებოდა, შპალერის რულონივით იყო დახვეული და თბილისში ისე წამოვიღე. იმ ფურცლებს დედა ერთი კვირის განმავლობაში ჭრიდა, რომ წიგნის ფორმა მიეცა.

-  მოსკოვში სად იშოვეთ, სტამბიდან წამოიღეთ?

-  არა. მოსკოვში ნათესავები გვყავდა და ხალხს რომ წაეკითხა, მათ რომელიღაც სამეცნიერო ინსტიტუტში ეს ნაწარმოები რგოლებად გააკეთებინეს და სხვებთან ერთად მეც შემხვდა. კარგი წიგნები იყიდებოდა ბაქოში და ასეთი მაღაზიები ქალაქში დღემდეა. დედას ახლობლები ჰყავდა და როცა ჩავდიოდით, ბაქოდან ყოველთვის საინტერესო წიგნები ჩამოგვქონდა. არაერთი წიგნი ჩამოგვიტანია მოსკოვიდან, ლენინგრადიდან. კარგი წიგნების მაღაზია გვქონდა თბილისში, პლეხანოვზეც.

-  საოჯახო ბიბლიოთეკაში წიგ­ნები ავტორისეული ხელმოწერით ყოველთვის განსაკუთრებით ძვირფასია. რომელს გამოარჩევთ?

-  უპირველესად დავასახელებ ანა კალანდაძის ლექსების კრებულს. როცა პოეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საღამო მოვამზადე, მან წიგნი ლაკონური, თუმცა ჩემთვის საამაყო წარწერით მაჩუქა. ასევე პატრიარქის დიდი წიგნი, მისივე ხელმოწერით, რომელიც უწმინდესის აღსაყდრებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა და მისახსოვრეს. ასევე მაქვს მორის ფოცხიშვილის, იოსებ ნონეშვილის, ირაკლი აბაშიძის შვილების მიერ ნაჩუქარი წიგნები. არის კიდევ რამდენიმე წიგნი, შეიძლება ისინი ცნობილ და კლასიკოს ავტორებს არ ეკუთვნოდეს, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია.

-  პროფესიული არჩევანი რომ გააკეთეთ, რომელი ავტორის დადგმაზე ფიქრობდით ყველაზე ხშირად?

-  ყველაფერი შექსპირამდე მიდის. შემდეგ წლებში ბევრი ალტერნატიული დრამატურგი წამოვიდა, მაგრამ პირველი და გენიალური დრამატურგი მაინც შექსპირია. თუმცა მაშინვე ძალიან მომწონდა კლდიაშვილი, იბსენი და ჩეხოვი. ეს ის დრამატურგები იყვნენ, რომლებსაც ძალიან ხშირად ვკითხულობდი. დღესაც შემიძლია დღეში 20-25 პიესა წავიკითხო. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ პიესებს ძალიან ადვილად ვკითხულობ და თან დიდი სიამოვნებითაც. კლასიკის 80% წაკითხული მაქვს და ამიტომ ამ ეტაპზე თანამედროვე ავტორების შემოქმედებას ვეცნობი.

-  კითხვის რამე რიტუალი თუ გაქვთ?

-  კი, როგორ არა. მცირე თუ დიდი ნაწარმოების კითხვისას, თუ ვგრძნობ, რომ მომწონს, კითხვას ვწყვეტ, 2-3 დღე წიგნს არ ვეკარები და მერე ვუბრუნდები. ეტყობა, ეს ჩვევა ბავშვობიდან გამომყვა. ამით ბებიამ "დამაავადა". მინდა, წიგნი ნელ-ნელა ავითვისო და ამ პროცესს ვახანგრძლივებ. მაგალითისთვის გეტყვით, როცა "დათა თუთაშხია" წავიკითხე, ეს მართლაც გენიალური ნაწარმოები, ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ კითხვას ვწყვეტდი. ეს ანალიზის მომენტიც იყო და თან მინდოდა წიგნი დიდხანს გაგრძელებულიყო. ფილმიც არაჩვეულებრივია, სადაც ქართველი მსახიობების კოჰორტაა თავმოყრილი, მაგრამ მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ ნაწარმოები ფილმის მიხედვით კი არ "დაინახონ", არამედ საკუთარი გააზრებით. ამ ნაწარმოებს რომ კითხულობ, მაშინ ხვდები ქართული გენის გამოვლენას, მწერლის ნიჭს, პერსონაჟების სახით გადმოცემულ ქართულ ხასიათს, მსოფლმხედველობას. ფილოსოფიური ნაწარმოებია, ძალიან დიდი, ვიდრე ეს ერთი გადაკითხვით შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს.

-  მილიონობით ნაწარმოები გა­და­აქვთ სცენაზე ან იღებენ ფილმად. ამ თვალსაზრისით თქვენ ყველაზე მეტად რომელი მოგწონთ?

-  ჩემი აზრით, გოდერძი ჩოხელი, რადგან ის "ზუსტად" წერდა და ასევე დიდი სიზუსტით იღებდა იმას, რასაც გრძნობდა. ამჟამად ვმუშაობ იმაზე, რომ მისი სცენური ადაპტაცია მოვახდინო. ჩოხელის ერთ-ერთი ბოლო საინტერესო რომანია "წითელი მღვდელი", სადაც ჩანს მთელი ის სამყარო, რომელსაც გოდერძი გულითა და გონებით ატარებდა. არ შემეშინდება და ვიტყვი, რომ ვაჟა-ფშაველას შემდეგ, ამგვარად "სიღრმეში" სხვა არავინ ჩასულა. ამაში ყველაფერს ვგულისხმობ, არა მხოლოდ ფოლკლორს, არამედ იმ მისტიკურ სამყაროს, რაც არის სიკვდილისა და სიცოცხლის პირველადობა, თუ რა არის მთავარი და რა რჩება ადამიანისგან, როცა ის ამ სამყაროდან მიდის. ჩოხელი და ვაჟა ქართულენოვანები რომ არ ყოფილიყვნენ და ამ დონეზე ინგლისურად ან რუსულად ეწერათ, მსოფლიოში ბევრად ცნობილები იქნებოდნენ. მათი ნაწარმოებებით დაინტერესდებოდნენ ისეთი დიდი რეჟისორები, როგორებიც არიან მაგალითად, ფელინი, სპილბერგი, ტარანტინო. როცა ვკითხულობ რეზო ინანიშვილს, გურამ დოჩანაშვილს, თამაზ ჭილაძეს, გაოგნებამდე მივდივარ და ასე მხოლოდ მე არ მემართება. თამაზ ჭილაძე ინგლისურენოვანი მწერალი რომ ყოფილიყო, ალბათ მსოფლიო ავტორთა ათეულში შევიდოდა. ჩვენი პატარა ერის ტკივილია, რომ ჩვენი ენა ისე არ ესმით, როგორც თითოეულ ჩვენგანს კითხვის დროს, მაგრამ, მეორე მხრივ, სიამაყეა, რომ იმ განძს, როგორიცაა ქართული ენა, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ.

-  რომელი თეატრის დასთან გეგმავთ ჩოხელის დადგმას?

-  რუსთაველის თეატრის. თავის დროზე, როცა ეს იდეა ბატონ რობერტ სტურუას გავაცანი, მეგონა, უარყოფითად შეხვდებოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მისი პირველი რეაქცია ასეთი იყო: "საიდან გაგახსენდა?! ძალიან საინტერესო იქნება" და იქვე დაამატა, შეიძლება ბევრი მაყურებელი არ ჰყავდესო. ჯერ ზუსტად არ ვიცი, როდის და როგორ განხორციელდება, ჯერჯერობით გონებაში მაქვს და ძიებაში ვარ.

-  წლები რომ გადის, კითხვის დროს სენტიმენტალურობა გემატებათ?

-  საერთოდ, ცოტა სენტიმენტალური ვარ. თუ ნაწარმოები ჩემზე ემოციურად მოქმედებს, არ ვერიდები არც სიცილს და არც ცრემლს. მიყვარს, როცა ადამიანი შინაგანად სუფთავდება, კათარსისი ემართება. სხვაგვარად ადამიანი რობოტს დაემსგავსება. არც ისეთი "ცრემლმდენი" ადამიანი ვარ (იღიმის), მაგრამ თუ ნაწარმოები მიმიჯაჭვებს და კითხვისას დროდადრო გამაჟრიალებს, მაშინ თავისუფად ვენდობი ჩემს ინტუიციასა და ემოციას. ჩემი პროფესია ემოციის გარეშე არ არსებობს. ვფიქრობ და ამას ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები, რომ როცა აღარაფერი გაღელვებს, არ გტკივა, არ გიყვარს, აღფრთოვანება არ გეუფლება, მაშინ უკვე ჩვენს პროფესიაში ყველაფერი მთავრდება.

-  თანამედროვე ავტორებზეც გაგვიზიარეთ თქვენი აზრი...

-  დიდი ბოდიში მათთან, მაგრამ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისეთი თემებით არიან დაკავებული, როგორებიცაა: სექსი, ნარკოტიკი, ქუჩა, სადომაზოხიზმის თემა, სექსუალური დაუკმაყოფილებლობის დიდი ტკივილი და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, ამას ქალები წერენ. თუმცა არიან გამონაკლისებიც და ამ ფონზე გამოვყოფდი აკა მორჩილაძეს. ჩამოთვლილი თემებიდან ბევრი მის შემოქმედებაშიცაა, მაგრამ ის ძალიან კარგი ქართულით და საინტერესოდ წერს. დეტექტივიცაა, ფსიქოლოგიური დრამაც და სხვა ჟანრებიც, მაგრამ სწორედ იმიტომ მომწონს, რომ მორჩილაძეს შეუძლია მკითხველი ამ მრავალფეროვნებით "დაიჭიროს".

-  ბოლო პერიოდში რა წიგნი შეიძინეთ? რა გაჩუქეს და თქვენ სხვას რა უსახსოვრეთ...

-  მჭირდებოდა და ორკვირიანი ძებნის შემდეგ, ბუკინისტებში ძლივს ვიშოვე "მოლა ნასრედინის ოხუნჯობანი". რაც შეეხება საჩუქარს, ჩემი მეგობრის შვილს ვაჩუქე ორენოვანი, ქართულ-ფრანგულად გამოცემული "პატარა უფლისწული". ეს წიგნი ჩემთვისაც ვიყიდე. შინ კი მქონდა, მაგრამ ის უკვე საოცრად გაცვეთილი იყო. ასევე შევიძინე გოდერძი ჩოხელის სამტომეული და მის შეძენას ყველას ვურჩევ.

-  ახალი წელი ახლოვდება და რა წიგნს ისურვებდით საჩუქრად?

-  ძალიან მინდა, თამაზ ჭილაძის შვიდტომეული მქონდეს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს