მაია ასათიანი 2013 წელს კომპლექსებთან ბრძოლას დაუთმობს

მაია ასათიანი 2013 წელს კომპლექსებთან ბრძოლას დაუთმობს

ორი წელია, რაც შვილთან, ნუცა მახვილაძესთან ერთად ახალ წელს ახალ ბინაში ხვდება. ზამთარი არ უყვარს, მაგრამ ყოველ ახალ წელს სასწაულის მოლოდინშია. მაია ასათიანმა მორიგი სეზონი ქველმოქმედებით დახურა. გასულ წელს ბევრი სირთულე შეხვდა, მაგრამ ფიქრობს, რომ ღირსეულად დაძლია. მისი გადაცემა ყოველთვის მაღალრეიტინგულია, მაგრამ გადაწყვიტა, საქმის პარალელურად, 2013 წელს დრო საკუთარ თავსაც დაუთმოს.

- არ მიყვარს ზამთარი, მის დადგომას დღემდე დეპრესიულად ვხვდები. ჩემი და ხუმრობს, მცენარე ხარო. კარგად მაშინ ვარ, როცა მზეა და წყალი ახლოსაა. სიცივის დადგომასთან ერთად მთელი ცხოვრება გაზაფხულის მოსვლას ველოდები, თუმცა ბავშვობიდან მომყვება, რომ ახალ წელს ყოველთვის სასწაულის მოლოდინში ვარ. შეიძლება, თანამედროვე ბავშვებმა დამცინონ, მაგრამ 10 წლამდე სრული სერიოზულობით მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. ღამის 12 საათზე ნაძვის ხესთან საჩუქარი რომ მხვდებოდა, ვიცოდი, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა და ჩემს ოცნებებსაც ყოველთვის გამოიცნობდა ხოლმე. ერთ დღესაც დედამ ამიხსნა, რაში იყო საქმე და დღემდე მახსოვს ის საშინელი განცდა, როდესაც მივხვდი, რომ სასწაულები არ არსებობდა. ძალიან მეწყინა, იმიტომ არა, რომ საჩუქარი აღარ დამხვდებოდა, უბრალოდ მივხვდი, რომ ის, რისიც მჯეროდა, ტყუილი იყო. დღემდე ახალ წელს მაინც ძველებური განცდით ვხვდები და ახლა, 35 წლის ასაკშიც მჯერა სასწაულების. განვლილ ცხოვრებაზე ფიქრისას ვხვდები, რომ თუ სწორად იცხოვრებ, სასწაული აუცილებლად მოხდება.

- გიყვარდათ ნაძვის ხის მორ­თვა?

- ეს ჩემთვის დღემდე ყველაზე საყვარელი პროცესია. ტელესამყაროში ახალი წელი მნიშვნელოვანი პერიოდია და იქ ამ დროს ყოველთვის დიდი მზადებაა. რაც ამ სამყაროში ცხოვრება დავიწყე, ჩემი ნაძვის ხისთვის ცოტა დრო მრჩება და ახლაც საგანგებოდ ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე, სპეციალურად "რეიტინგისთვის" მოვრთე ნაძვის ხე. თქვენ რომ არ ყოფილიყავით, ეს უფრო გვიან მოხდებოდა. ისე, ჩემი ნება რომ იყოს, სახლში მთელი წელი ნაძვის ხე მედგებოდა, რადგან ზეიმის ასოციაციას იწვევს ჩემში.

- მეკვლის ტრადიციაზე რა აზრის ხართ?

- ამის არასოდეს მჯეროდა, მგონია, რომ საკუთარი ბედი თავად უნდა გამოჭედო და ცოტა ზევიდანაც უნდა დაგეხმარონ. ახალ წელს სახლში ყოფნა მიყვარს. იმდენი ხანია, სატელევიზიო ყუთში ვზივარ, მომაკლდა ოჯახური სიმყუდროვე, განსაკუთრებულად დღესასწაულებში. ვიცი, რომ 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დავისვენებ და ჩემს შვილთან ვიქნები. ერთი სული მაქვს, როდის დადგება ახალი წელი.

- ზამთარი, სიცივე არ გიყვ­ართ, არც თოვა გაყენებთ კარგ ხასიათზე?

- თოვლის ყურება მიყვარს, ისევე, როგორც ყველა თბილისელს, მაგრამ თბილისური თოვლი მალე ჭყაპად იქცევა და რთულია მოძრაობა. როდესაც თოვს, თითქოს ყველაფერი სპეტაკი ხდება და სისუფთავის შეგრძნება მეუფლება, მაგრამ რომანტიკული განცდა, რომ ახალ წელს უნდა თოვდეს და შენ თბილად იჯდე ბუხართან, არასოდეს მქონია. ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ვარ. აუცილებელი არ არის, სუფრაზე საცივი გქონდეს და გოზინაყს მიირთმევდე.

- საახალწლო სუფრას თქვენ ამზადებთ?

- ამაზე ჩემი შვილი სულ იცინის, მაგრამ ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც დილიდან საღამომდე სამზარეულოში ვარ, ნამდვილი ქალი ვხდები. ვერ დავიკვეხნი, რომ კარგი დიასახლისი ვარ, მაგრამ თითქმის ყველაფერს მე ვამზადებ. ბევრი დამეთანხმება, როდესაც სახლში თაფლში არეული მოხალული ნიგვზის სურნელი დგას, ახალი წლის პირველი შეგრძნება მაშინ მოდის. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური გოზინაყი გამომდის, მაგრამ საკუთარ თავზე ვმუშაობ და ვცდილობ დავიხვეწო. წელს მეხუთედ გავაკეთებ გოზინაყს და ვნახოთ, როგორი გამომივა.

- ახალი წლის ღამეს სურვილი თუ ჩაგიფიქრებიათ?

- რა თქმა უნდა. ბავშვობაში ხანდახან ფურცელზე ვწერდი, მერე ვწვავდი, შამპანურის ჭიქაში ვყრიდი და ვსვამდი. ახლა ჩავიფიქრებ იმას, რაც მომავალ წელთან იქნება დაკავშირებული, თუმცა ეს არ იქნება რაიმე ზღაპრული სურვილი.

- ღია ცის ქვეშ თუ შეხვედრიხართ ახალ წელს?

- 2004 წელს შევხვდი, როდესაც "კურიერში" რეპორტიორად ვმუშაობდი. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული საახალწლო განწყობა მქონდა. როცა ცივა, ხელში მიკროფონი გიჭირავს და შენ გვერდით კამერა დგას, რთულია, ამაზე იფიქრო. არც იმის მჯერა, როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მთელ წელს. მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკულიც ვარ და სენტიმენტალურიც, ცრურწმენებს ნაკლებად ვუწევ ანგარიშს.

- ნუცა როგორ ხვდება ახალ წელს?

- ძალიან პრაგმატული გოგონაა, ჩემგან განსხვავებით. მგონი, თოვლის ბაბუის საერთოდ არ სჯეროდა. სუპერთანამედროვე თინეიჯერია. ზუსტად იცის, რა უნდა, როგორ მიაღწიოს მიზანს და თუ არ დაიმსახურა, ციდან საჩუქარს არავინ ჩამოუგდებს. ერთხელ მახსოვს, მე და ჩემმა ყოფილმა მეუღლემ, მაშინ ჯერ კიდევ ერთად ვცხოვრობდით, ნუცასთვის სანტა კლაუსი გამოვიძახეთ. ამ ამბავს დღემდე სიცილით ვიხსენებთ. როდესაც სანტა მოვიდა, ნუცაზე მეტად ჩვენ გაგვიხარდა. ვცეკვავდით, ვმღეროდით და სანტა ისე გაოცდა, რომ საჩუქრები ჩვენ დაგვირიგა.

- ახალი წლის დადგომას ახლობლებს ტელეფონით ულოცავთ?

- არ მიყვარს ყველასთვის მიწერილი მესიჯები, როდესაც ერთსა და იმავე ტექსტს უამრავ ადამიანს უგზავნი. თუ ადამიანი გიყვარს, ნებისმიერ დროს შეგიძლია გაიხსენო, დაურეკო და უთხრა, რომ გიყვარს და ახალი დღის გათენება მიულოცო. რა საჭიროა, ღამის 12 საათზე დედას დაურეკო, უთხრა, რომ გიყვარს და ახალ წელს ულოცავ, დედაჩემს ისედაც ვერავინ ასწრებს ჩემთან მეკვლედ მოსვლას. წლებია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და ყოველ წელს დედა, ჩემს დებთან ერთად, ღამე, პირველის წუთებზე მოდის და ახალ წელს მილოცავს.

- მაია, როგორ შეაფასებდით განვლილ 2012 წელს?

- მეორედ მოსვლას ნამდვილად არ ველოდებოდი (იღიმება). რთული წელი იყო, მაგრამ საინტერესო. ბევრი სიმძიმით დამამახსოვრა თავი. მგონია, რომ ჩემი პროფესიიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ბეწვის ხიდზე გავლა. ახლაც მეჩვენება, რომ ამ ხიდზე ვდგავარ და საკუთარ თავს ვამხნევებ, რომ ღირსეულად გავაგრძელო გზა. არ ვიცი, გავაღწევ თუ არა მეორე ნაპირზე, მაგრამ ძალიან მინდა, გამომივიდეს. პირველად არ ვდგავარ ასეთ ხიდზე. 2012-მა წელმა დამაყენა და ვნახოთ, 2013 წელს თუ გადამიყვანს მეორე ნაპირზე.

- საეთერო კონკურენციას გულისხმობთ?

- არა, ცხოვრებისეულ ამბებს, ყველაფერს ერთად. კონკურენცია აქ არაფერ შუაშია. დიდ მოზაიკაში ერთი პატარა დეტალია და აღსანიშნავად არც ღირს. მე მაინც მგონია, რომ მთავარი ჩვენი ადამიანობა და პიროვნული ღირსებაა. ისე უნდა იცხოვრო, უკან მოხედვისას შენი გაკეთებულის ძალიან არ შეგრცხვეს.

- ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ში კარგად შეხვდით. ახალი სეზონიდან თქვენი გადაცემები ერთ არხზე გავა. ეს იქნება რაღაც ახლის დასაწყისი?

- ჩემთვის ეს არ იქნება ახლის დასაწყისი. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ. არავინ იცის, მომავალი რას მოგვიტანს. მე რაც შემეხება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაყურებელთან არ შევრცხვე და ქუჩაში გასვლის დროს ღირსეულად შევხედო მათ თვალებში. ეს არ არის ადვილი, ძნელია. ამდენი ხანი ასე ვიცხოვრე და ალბათ ამიტომაც შემოვრჩი ქართულ მედიას.

- როგორი იქნება "პროფილი" ახალი სეზონიდან?

- ისეთი, როგორიც არის, "პროფილი" იქნება ადამიანური და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სხვებს გვერდში დაუდგეს. ხუთი წლის განმავლობაში საამაყოდ მაქვს, რომ ამ გადაცემამ დაამკვიდრა საქართველოში ტელექველმოქმედების ტრადიცია. ასე გავაცილეთ 2012 წელი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ 2013 წელსაც სხვებისთვის მისაბაძი ვიყოთ.

- და რას ელით 2013 წელს?

- სადღაც შუაში ვდგავარ და მეშინია, ფეხქვეშ მიწა არ ჩამივარდეს. რამდენადაც ძლიერი ვარ საქმეში, იმდენად სუსტი ვარ პირად ცხოვრებაში. ვზივარ და ველოდები, ასე შეიძლება, მთელი ცხოვრება ველოდო. 2013 წელსაც არაფერს ველი. ზუსტად ვიცი, ჩემს ბედს ჩემი ხელით ვერ გამოვჭედავ, არადა, საქმეში ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენი.

- რამდენიმე ინტერვიუში ამბობთ, რომ ყოფილ მეუღლესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ...

- ბევრს უკვირს, მაგრამ ირაკლი მახვილაძე ჩემი უახლოესი ადამიანი და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მას შემიძლია ვაპატიო ყველა შეცდომა, იმიტომ, რომ იდეალური მამაა. ისეთ დროს დავშორდით, რომ ბევრი არ დაგვიშავებია ერთმანეთისთვის. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთად აღარ ვართ, მაგრამ შვილს ერთად ვზრდით.

- არც ირაკლი დაოჯახებულა?

- არა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ, უბრალოდ, ასე გამოვიდა. იმდენად დიდი ხნის წინ დავქორწინდით და ისეთი პატარები ვიყავით, რომ ხანდახან ვიცინით, იყო კი ეს ამბავი საერთოდ. ხანდახან ერთმანეთის პირად ცხოვრებაზეც ვჭორაობთ, ძალიან გახსნილი ურთიერთობა გვაქვს.

- რაც წლები გადის, უფრო რთულია, თავიდან მიიღო დაოჯახების გადაწყვეტილება?

- ალბათ ასეა და რაც უფრო მეტი დრო გავა, უფრო გართულდება. მივეჩვიე საკუთარი თავის მარტო გატანას და ასეთი ქალის გვერდით ცხოვრება რთულია. მაგრამ მაინც დიდი ბედნიერებაა, როცა ვინმე ხელის გულზე გატარებს. ჩემთვის ეს განცდა, სამწუხაროდ, უცხოა.

- ნუცას არასოდეს უთხოვია, რომ მშობლებს ისევ ერთად გეცხოვრათ?

- არა, მე და ირაკლი განსხვავებული ადამიანები ვართ. იდეალური მეგობრები ვართ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი ვერ შევდექით. ეს პრესით არასოდეს მითქვამს, მაგრამ როდესაც დაშორების გადაწყვეტილება მივიღეთ, პირობა დავდეთ, რომ ყველაფერს მოვითმენდით. ჩვენი შვილის გამო ყველა წყენას, ტკივილს, დაბრკოლებას დავივიწყებდით, რომელიც პირად ურთიერთობაში გვქონდა. საბოლოოდ ყველაფერი ვაპატიეთ ერთმანეთს, თუმცა საპატიებელი ბევრი არც არაფერი იყო.

- როგორ ფიქრობთ, მეორედ თუ დაოჯახდებით, ყოფილ მეუღლესთან მეგობრობის გაგრძელებას შეძლებთ?

- ირაკლი ჩემი შვილის მამაა და ვისაც ვეყვარები, ისეთი უნდა მიმიღოს, როგორიც ვარ. ყოველდღე კაფეებში არ დავდივართ, მაგრამ ჩემს სახლში ირაკლი ხშირად მოდის შვილის სანახავად. სამივე ერთად ვატარებთ დროს და ნუცასთვის ოჯახურ გარემოს ვქმნით. 2013 წლის 1-ელ იანვარს ირაკლი აუცილებლად მოვა ჩვენთან. მეკვლე არ იქნება, დედაჩემი დაასწრებს, მაგრამ არ მახსოვს ახალი წელი, ირაკლი არ მოსულიყოს. ტელერეჟისორია და ხშირად, როდესაც საზღვარგარეთ მიდის, ჩემთვის საჩუქრები ჩამოაქვს. რაც ცოლ-ქმარი არ ვართ, ჟურნალისტურ საჩუქრებს მჩუქნის. ერთად რომ ვცხოვრობდით, მაშინ სხვანაირი საჩუქრები ჩამოჰქონდა (იღიმება). როცა მე მივდივარ მივლინებაში, მეც ჩამომაქვს მისთვის საჩუქრები. რა იქნებოდა, ირაკლის ცოლი რომ ჰყავდეს?.. ეს საკითხი ალბათ მან უნდა მოაგვაროს მომავალ მეუღლესთან. საეჭვიანო ნამდვილად არაფერი ექნება. ირაკლი ძალიან სიმპათიურია, ერთ სფეროში ვტრიალებთ და მუდმივად მესმის ამბები მისი თაყვანისმცემელი გოგონების შესახებ, რაც ძალიან მახარებს.

- ერთხელ ინტერვიუში მითხარით, რომ თაყვანისმცემლებისგან საჩუქრების მიღება არ გიყვართ, როგორ უნდა მოგხიბლოთ მამაკაცმა?

- არ ვიცი, ამაზე მეც მიფიქრია. თუ არავის მოუშვებ, როგორ უნდა მოვიდეს შენამდე. მე ჩემმა პოპულარობამ დამაკომპლექსა და 2013 წელს ამ კომპლექსებთან ბრძოლას დავუთმობ, რომ წინ ქალი წამოვწიო და ტელეწამყვანი უკან დავწიო. თუ გამომივა, შევხვდეთ ერთმანეთს 2014 წლის 1-ელ იანვარს და მოგიყვებით (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები