"ჩვენი მართლმსაჯულება მეტისმეტად არის გაჯერებული კოტე კუბლაშვილით და უნდა მოხდეს მისი გან-კოტ-ირება ანუ დე-კოტ-იზაცია"

"ჩვენი მართლმსაჯულება მეტისმეტად არის გაჯერებული კოტე კუბლაშვილით და უნდა მოხდეს მისი გან-კოტ-ირება ანუ დე-კოტ-იზაცია"

არ შეიძლება, წარმატების მიღწევისთანავე ატეხო აურზაური და დააყენო გამარჯვების ბუქი. მონაპოვარს განმტკიცება და შენარჩუნება სჭირდება, - ამბობს ინტერვიუში სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი მინდია უგრეხელიძე.

- ბატონო მინდია, როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში თუ მკვიდრდება სამართლიანობის განცდა და რა განაპირობებს ამას?

- მართალი გითხრათ, ამ მხრივ ახლა არ არის ყველაზე კარგი დრო, რადგან ყოველგვარი გარდამავალი პერიოდი გულისხმობს ერთგვარ იმედგაცრუებას. ხალხი ელოდება, რომ ყველაფერი მყისიერად, ერთ კვირაში ან ერთ თვეში შეიცვლება, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს ასე მარტივად არ ხდება. მით უმეტეს, როდესაც მოდის ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ იგი ლეგიტიმურად განახორციელებს ყველაფერს და არავითარ შემთხვევაში წინა ხელისუფლების მეთოდებით. ეს პროცესი, ბუნებრივია, მოითხოვს მეტ სიფრთხილეს, მეტ წინდახედულებასა და ამასთანავე - გამოცდილებას, რომელიც არ შეიძლება ახლად მოსულ ხელისუფლებას ჰქონდეს. ეს ართულებს ვითარებას. ახალი ხელისუფლება უცებ საიდან მოიყვანს ამდენ კადრს? წინა ხელისუფლებას გამომძიებელი და მოსამართლე, ფაქტობრივად, აღარ სჭირდებოდა, ვინაიდან, რასაც ერთი კაცი იტყოდა, ყველაფერი უსიტყვოდ სრულდებოდა. ამიტომ ბევრი ინსტიტუტი ქაღალდზე დარჩა, იმ მდგომარეობაში, რომელსაც სოციოლოგიის მამა ჯოთ ჰაიმი უწოდებდა ანომიას - უნორმობის მდგომარეობას. მერწმუნეთ, რომ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. ამასთანავე, არ შეიძლება აყოლა უცხოეთის ჭირვეულობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ პოლიტიკური დასავლეთი, ცხადია, ამას ამბობს იმიტომ, რომ ის მნიშვნელოვანწილად არის თანამონაწილე ბევრი დანაშაულისა და უმსგავსობისა, რომლებიც ჩვენთან ხდებოდა. როდესაც ისინი დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, ამით ხდებოდნენ თანამონაწილენი, ამიტომ თავს ხომ არ გაიმტყუნებენ? უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანების არითმეტიკული რაოდენობა ჭეშმარიტებას არ ნიშნავს. როცა 3 მილიარდი ადამიანი ამბობდა, დედამიწა არ ბრუნავსო, ერთი ამბობდა - ბრუნავსო. ის ერთი იყო მართალი და სამი მილიარდი მტყუანი... არის მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც წყდება საზოგადოების პროგრესული ნაწილის მიერ. მსოფლიოში არსად სიკვდილით დასჯა არ გაუქმებულა ხალხის მოთხოვნით. არ შეიძლება ყველაფერი ხალხს მიანდო. სამართალი და იურისპრუდენცია ამასთანავე, მედიცინაც არის, ოღონდ გულისხმობს საზოგადოების მკურნალობას და არა - ინდივიდებისას. ამიტომ ვადროვოთ იურისტებს, ზოგიერთი რამ თავიანთი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე გადაწყვიტონ.

- იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, კუბლაშვილის სასამართლო დღესაც შერჩევით სამართალს ეწევა პროკურატურის წინააღმდეგო. როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული?

- დღეს პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არის მეტისმეტად კოტიზებული ანუ კოტე კუბლაშვილით გაჯერებული და ჩვენი ამოცანაა, მოხდეს დე-კოტ-იზაცია ანუ გან-კოტ-ირება. ვიდრე სასამართლო გათავისუფლდება ამ ჭირისაგან, უამრავი სამუშაოა შესასრულებელი. გეთანხმებით, რომ ისევ ძველი მოსამართლეები არიან, მაგრამ ზოგი თვითონ მოეგება გონს. ადამიანი, რომელიც ახლა მოეგება გონს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ არ გამოდგება, ბოლოს ისიც მოსაშორებელი იქნება, მაგრამ ეს მოხდება თანდათანობით, ამაზე ადამიანების სერიოზული ჯგუფი მუშაობს. მეამაყება, რომ იუსტიციის სამინისტრო ჩემს შესანიშნავ მოწაფეებს აქვთ ხელთ, ესენი არიან - თეა წულუკიანი, სანდრო ბარამიძე, დავით ჯანდიერი... თეამ რვა წელიწადს იმუშავა ჩემთან და მართლაც სანიმუშო პიროვნებაა. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ ცოტა მოთმინება უნდა ვიქონიოთ.

- უმცირესობა ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერას პოლიტიკურ დევნად აფასებს და როდესაც მათ გირაოს საფუძველზე ათავისუფლებენ, ამბობენ, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და მომზადებული არ არისო.

- ეს ყველაფერი რომ პოლიტიკურ დევნასთან არაფერ კავშირშია, სრულიად გასაგებია. კანონის წინაშე ყველა ერთნაირად აგებს პასუხს. თუ პოლიტიკოსმა დანაშაული ჩაიდინა, უნდა შერჩეს? რაც ეხება გირაოების შეფარდებას, იმიტომაა ეს ყველაფერი არათანმიმდევრული, რომ ამას ისევ ის მოსამართლეები აკეთებენ, რომლებიც კოტე კუბლაშვილით გაჯერებულ მართლმსაჯულების სისტემაში მუშაობენ. ძველ ხელისუფლებას ყინჩად უჭირავს თავი, ცრუ მოძრაობებს აკეთებს და ცდილობს, ხალხს მოაჩვენოს თავი, აი, რა მაგრები ვართ, ჩვენ არსად მივდივართ, ისევ მოვალთო, მაგრამ გონიერი კაცი, მოსამართლე რომ ჰქვია, ხომ უნდა მიხვდეს, რომ ეს არის დაისი და არა მზის ამოსვლის ხანა ნაცებისთვის?

- ბატონო მინდია, რას მიიჩნევთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ მოვლენად?

- მიუხედავად აშკარა გაყალბებისა, წარმატებული იყო საპარლამენტო არჩევნებში იმ შედეგის მიღწევა, რომელზეც აისახა ამომრჩეველთა ნება. ზოგჯერ ჩვენ გვჩვევია მომხდარის გადაჭარბებით შეფასება და ვამბობთ, რომ "ეს მოხდა პირველად საქართველოში". ამას წინათ სწორედ ამ თემაზე მომიწია აშშ-ის ელჩთან შეკამათებამ. ვუთხარი, გაუგებარია, რატომ მოხდა ეს პირველად, კომუნისტებმა როცა გადააბარეს "მრგვალ მაგიდას" ძალაუფლება, ისიც მშვიდობიანად მოხდა, არავითარი ძალმომრეობა არ ყოფილა-მეთქი. გაუგებარია, რატომ უნდა ხდებოდეს ისტორიის ათვლა მაინცდამაინც ამ არამზადებისგან, ან რატომ უნდა მიეწერებოდეს ნაცმოს ეს, როცა ამაში თანაბრად მონაწილეობდა ქართველი ხალხი?! სად მიგაქვს თვითონ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა? სად მიგაქვს პატრიარქის ფაქტორი, რომელმაც ბევრჯერ საკუთარი სახელისა და იმიჯის საზიანოდ საოცარი სიბრძნე გამოიჩინა იმისათვის, რომ არ მომხდარიყო სამოქალაქო ომი, რაც ვიღაცას ხელს აძლევდა. უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ რუსეთი არ ჩარეულა ჩვენს საშინაო საქმეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე მოხდებოდა, რაც უკრაინაში. არ მესმის, მაინცდამაინც ნაცმოს რატომ მიაწერენ ამ ყველაფერს, სხვა რომ არაფერი, ეს არის ისტორიის გაყალბება. ერთ-ერთი დიდი შემოქმედი იმისა, რაც ოქტომბერში მოხდა, გახლდათ ენ-დი-აის კვლევების ავტორი ნავარო, იმიტომ, რომ მან გამოაქვეყნა 80%-იანი შედეგები და ამან სრულ ნირვანაში ამყოფა ნაცმო. მათ დაიჯერეს, რომ მართლა ასეთი მაჩვენებლები იყო. მიმაჩნია, რომ ნავაროს ორდენი უნდა დავკიდოთ ამის გამო.

- ბატონო მინდია, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, სტრასბურიდან სარჩელებს გამოვითხოვთ, ამიერიდან საქართველოში უნდა მოგვარდეს ყველა საქმე და დადგეს ობიექტური განაჩენიო. ეს შესაძლებელია?

- რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ არის ჯანმრთელი ტენდენცია. ჩვენ ერთად ვთანამშრომლობდით და, ბუნებრივია, თეა წულუკიანი კარგად იცნობს ვითარებას. იდეა არის ასეთი: სტრასბურის სასამართლო იმიტომ კი არ არსებობს, რომ ეროვნული სასამართლოების ფუნქცია იკისროს, არამედ არსებობს ეროვნულ სასამართლოებთან პარტნიორობისთვის. ძირითადი საქმე უნდა გაკეთდეს ეროვნული მართლმსაჯულების სისტემაში. მაგრამ თუ საქმე იქ არ კეთდება, ან ვერ კეთდება მიზეზთა გამო, ამიტომ გადაინაცვლებს ხოლმე სტრასბურში. თეამ არაჩვეულებრივი წინადადებით მიმართა იქაურებს - თქვენ ხომ ხართ საქმეებით გადატვირთული და დაინტერესებული, ამდენი საქმე არ გქონდეთ, ამიტომ ამას ჩვენთან მოუვლიან როგორც საჭიროაო. ქართველ მომჩივანს არ ურჩევნია, აქ მიაღწიოს სამართალს, ვიდრე 7 წლის განმავლობაში ელოდოს ევროპის სასამართლოს? ამიტომ ეს გარიგება მარტივად მოხდა და ვისაც ეს უნდა, იმას დასჭირდება რამდენიმე თვით მოცდა, ვიდრე ქართული მართლმსაჯულება თავის კალაპოტში ჩადგება. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ, მეტი საგანმანათლებლო მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან.

- დადებით ელემენტებს თუ ამჩნევთ მართლმსაჯულებაში?

- უკვე თვალსაჩინოა: ის ადამიანებიც კი, რომლებიც მონებად და მავანთა ნების ბრმა აღმსრულებლებად იყვნენ ქცეულნი, ცდილობენ, დაანახვონ საზოგადოებას, რომ არც ისე წყალწაღებულნი არიან და თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ეს ჩანს სასამართლო გადაწყვეტილებებში, მათ ქცევებში, რაც მისასალმებელია. ის, რომ ხალხს მოსწყურდა სამართლიანი მართლმსაჯულება და მზად არის, გაიღოს ბევრი რამ, ძალიან კარგია. გაუმართლებელია მათი საქციელი, ვინც მოუთმენლობას იჩენს და ლანძღვა-გინებაზეა გადასული. მოვუწოდებ ჩემს ხალხს, მეტი შეგნებითა და გაგებით, მოთმინებითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს გარდამავალ ეტაპს.

- ბატონო მინდია, რას უსურვებთ ქართველ ხალხს ამ ახალ წელს?

- ჩემს ხალხს ვუსურვებდი, მარტო დამარცხებას კი არა, გამარჯვებასაც ღირსეულად შეხვდეს. არ შეიძლება, წარმატების მიღწევისთანავე ატეხო ერთი აურზაური და დააყენო გამარჯვების ბუქი. მოპოვებულ წარმატებას განმტკიცება და შენარჩუნება სჭირდება. ეს ზოგჯერ გაცილებით ძნელია, ვიდრე გამარჯვება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ბავშვმა დანაშაული გამოისყიდა... დანაშაული იყო ის, რომ გაუპატიურებული იყო" - ქობულეთში გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

14 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ყაჩაღობა ქუთაისში - 73 წლის მამაკაცი სასტიკად, უთოთი აწამეს