ჯანსუღ ჩარკვიანი: "წიგნის საყიდლად ფულიც საჭიროა, მაგრამ სურვილი გაქრა და უწიგნურობამ თავისი სიტყვა უკვე თქვა"

ჯანსუღ ჩარკვიანი: "წიგნის საყიდლად ფულიც საჭიროა, მაგრამ სურვილი გაქრა და უწიგნურობამ თავისი სიტყვა უკვე თქვა"

ამოჩემებული სტრიქონები აქვს. ყოველდღიურად ახსენდება ქართველ პოეტთა შემოქმედებიდან ფრაზები, რომლებიც ხშირად ისე ერგება თანამედროვეობას, თითქოს დღეს დაწერილა. როცა ვეკითხები, ბავშვობაში ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მას წასაკითხ ლიტერატურას ურჩევდა, ამბობს, რომ კარგად ახსოვს, 12-13 წლის ასაკში ბაბუამ როგორ მიაწოდა წასაკითხად "მართალი აბდულა" და იქვე დაამატა, ოღონდ არ თქვა, რომ ეს წიგნი ჩვენს სახლში ინახებაო. "მაშინ რა ვიცოდი, თუ მიხეილ ჯავახიშვილი იკრძალებოდა. "მთვარის მოტაცება" პირველად ვასასი ბებიამ, ყიფიანის ქალმა, წამაკითხა. დედაჩემი, პისტი გელოვანი, საოცარი ქალი, ყოველთვის მირჩევდა რა წამეკითხა. რა თქმა უნდა, შვილს უნდა უბიძგო წიგნებისკენ, სხვანაირად არ შეიძლება", - მითხრა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა და შემდგომ, როდესაც ჩემი გვარ-სახელი გაიგო, აღნიშნა: "მინდა შენი გვარისა და სახელის გამო ვთქვა, რომ ანა კალანდაძისნაირი პოეტი იშვიათად მინახავს. ერთხელ ვთქვი და ანა საოცრად მიფასებდა ამ ნათქვამს, არ ახსენოთ, რომ ანა კალანდაძე არის "ქალი პოეტი". მოდი, და აბა, კაცები შეეჯიბრეთ-მეთქი. რას ჰქვია "პოეტი ქალი", "მსახიობი ქალი"?! შემოქმედი შემოქმედია, როცა იტყვი "პოეტი ქალი", ამით მას აკნინებ! ეგრე თქმა არ შეიძლება, ამ ნათქვამს არავითარი გამართლება არ აქვს"...

-  ცხოვრებაში ბევრი ამოჩემებული სტრიქონი მაქვს. საოცარი სტრიქონია ჩემთვის "ნისლი ფიქრია მთებისა, იმათ კაცობის გვირგვინი". წარმოდგენა არ მაქვს, რამ ათქმევინა ვაჟა-ფშაველას ეს სიტყვები. ერთხელ ვაჟაობაზე ფშავში ვიყავით. გიორგი ლეონიძის გვერდით ვიდექი. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, იმასაც არ ვძულდი (იღიმის). მთებზე ნისლი იყო ჩამოწოლილი და ვეუბნები, ძია გოგლა, რამ ათქვევინა ვაჟას ნისლი ფიქრია მთებისა-მეთქი. ჩაფიქრდა და მერე გვერდზე მიხმო, გამოდი, მანდ არავინ გაგვიგოსო. განზე გავდექით, რა მოხდა-მეთქი, რომ ვკითხე, ასე მიპასუხა, ეგა ვერ იყო კარგადო და საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაიტრიალა. მიხვდით, ალბათ, რასაც გულისხმობდა, გოგლა გენიოსზე ლაპარაკობდა და სწორედ იმ ადამიანს შეეძლო ეს სიტყვები დაეწერა, ვინც მეცხრე ცაზე იყო, მწვერვალზე. პოეზიას თავისი საიდუმლოება აქვს. პოეზიის იდუმალება თავად მკითხველმა უნდა აღიაროს. საინტერესოა, საიდან მოვიდა, ანდა საიდან მობრძანდა იდუმალების მარგალიტი ვაჟა-ფშაველასთან. თუ დაიჯერე ვაჟას ფრაზა: "ნისლი ფიქრია მთებისა", ე. ი. შენ ჩასწვდი იდუმალების ბრწყინვალებას და თუ ასე არ მოხდა, გამოდის, რომ პატივს არ სცემ სახეებით აზროვნებას...

გენიალური მწერლები გვყავდა: ნიკო ლორთქიფანიძე, სერგო კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილი, გრიგოლ რობაქიძე და მრავალი სხვა და როცა წიგნებზე ვიწყებთ საუბარს, ჩემთვის გამორჩეული რომანია კონსტანტინე გამსახურდიას "მთვარის მოტაცება", მაგრამ მე უფრო მეტად რატომღაც პოეზიაზე ვფიქრობ. როგორც გითხარით, ამოჩემებული სტრიქონები მაქვს. აი, მაგალითად, ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა "ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!" და მომდევნო, ყველასთვის ნაცნობი სტრიქონების გახსენებას აღარ მოვყვები. ამის თქმის უფლება მხოლოდ ერის მამას ჰქონდა, სხვა ასე ვერ იტყოდა. არ გინდა, ამრიგად დახატო შენი ერის ყოფა?! ეს ლექსი საქართვე­ლ­ოს ყველა დროს მოერგო, ეს არის პოეტური წინასწარმეტყველება. დღევანდელი დღე რომ "თავს მოახვიო" ხვალინდელს, სამ დროში უნ­და ცხოვრობდე. თუ წარსული არ გქონდა, აწმყო არ გექნება, თუ აწმყო არ გექნა, მო­მა­ვალი არ გექნება. ახ­ლა ვიღაც მეტყვის, აბა, როგორ თქვა ილიამ აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო. როგორ და, სამშობლოს შეუძახა, არ შეშინდეო და გაამხნევა საწყალი საქართველო, რომელსაც აწმყო არ ჰქონდა, თორემ მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ პიროვნებას სამ დროში უნდა ეცხოვრა. დღეს, როცა ხშირად უარყოფენ წარსულს, მძიმე მდგომარეობაში ვვარდები. ეს საშინელებაა და იმიტომ ხდება, რომ ილია არ წაუკითხავთ. ილიას რომ იცნობდნენ, მაშინ წარსულსაც პატივი უნდა სცენ, აწმყოსაც და მომავალსაც... ახლა აკაკის მივადგეთ: "შუაკაცი ვარ უბრალო, არც მიწისა ვარ, არც ცისა". ამ საოცარ გამონათქვამს რომ გაუგო, მაშინ ჭეშმარიტი მკითხველი იქნები და თუ ვერ გაუგე, ისევ აკაკი წერეთელს მოვუხმოთ, რომელიც შეგვიძახებდა "გარემოების საყვირი ვარო". შეძახება ყოველთვის სჭირდება ერის გამოღვიძებას. დღესაც ასეა, თუ ერს შემძახებელი არ ჰყავს, არაფერი გამოვა.

-  და, თქვენი აზრით, დღეს თუ არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც თავის დროზე იყვნენ აკაკი, ილია?..

-  ჩემს თაობას "60-იანელებს", "პირველსხიველებს", "ცისკრელებს" გვეძახდნენ. მართალია, ჭაბუა ამირეჯიბი ჩემზე ათი წლით უფროსია, მაგრამ ჩვენი თაობაა და ეს იმის მიხედვით, თუ როდის დაიწყო მან წერა. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები ჩემს თაობაში ნამდვილად იყვნენ. მე არ ვამბობ, რომ შეიძლება უცბად აკაკი, ვაჟა, ილია, გალაკტიონი, გოგლა ლეონიძე გყავდეს, მაგრამ ერში შემძახებელი აუცილებლად უნდა არსებობდეს. აქვე იმასაც გეტყვით, მიხარია, რომ ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" ჟურნალ "ცისკარში" ჩემი დაბეჭდილია. როცა მან რომანი მომიტანა წასაკითხად, მითხრა, შენს მეუღლეს, ირმასაც წააკითხეო. ერთი კვირის თავზე სალაპარაკოდ დავუძახე და როცა შევხვდით, ვუთხარი, რომ დავბეჭდავდი, არაფერს ამოვიღებდი, ოღონდ სეთურის სოფელი და ციხის ამბები გაამძაფრე-მეთქი. კაცი კინაღამ გაგიჟდა, ამოიჩარა ტექსტი იღლიაში და მიდიოდა. არ დაიჯერა, რომ დავბეჭდავდი. ვუთხარი, მიცნობ, იცი, უკან არ დავიხევ, უბრალოდ, რაც გითხარი, გააკეთე-მეთქი. მართლაც დაჯდა და ჭაბუამ თავიდან დაწერა, უფრო გაამძაფრა ეს სცენები...

-  თანამედროვე ავტორთა შემოქმედებას თუ ეცნობით? ხშირად მსმენია, დღევანდელ პოეზიაში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე პროზაშიო...

-  საქმე ისაა, რომ დღესდღეობით წიგნი თუ არ მაჩუქეს, ისე ხშირად ვეღარ ვკითხულობ, როგორც უწინ. ვიცი ჩემი და მისი მომდევნო თაობა რას წერდა და წერს. მათ შორის ბევრი ჩემი გამოზრდილია და პატივს ვცემ. როგორ შეიძლება არ წავიკითხო მანანა ჩიტიშვილის ლექსები, ან ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, დალილა ბედიანიძე, მაყვალა გონაშვილი?! ესენი ჩემი ხელდასხმული ხალხია და მათ შემოქმედებას ახლოს ვიცნობდი. ასევეა ჩემი თაობა ჭაბუა ამირეჯიბი, ნოდარ დუმბაძე, გურამ ფანჯიკიძე, რევაზ ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, ოთარ და თამაზ ჭილაძეები, ტარიელ ჭანტურია, ზაურ ბოლქვაძე და ბევრი სხვა, ვინც ხმასაც იღებდა და რომლებიც ჭეშმარიტად კარგ შემოქმედებას ქმნიდნენ. დღევანდელობაზე კი საუბარი მიჭირს. როცა ვიღაც მომწონს, ამას ხმამაღლა ვამბობ და წერილსაც ვწერ. ახლახან მწერალთა კავშირში (ასე კი ვამბობ, მაგრამ მწერალთა კავშირის სახლი აღარ არსებობს, წაგვართვეს) ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი "მერანი" ჩატარდა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. მაყვალა გონაშვილმა მწერალთა კავშირიდან გამომიგზავნა 60 ახალგაზრდა პოეტის ლექსები. აქედან ცხრა დამწყებ პოეტს ხუთბალიანი შეფასებით ხუთიანი დავუწერე, დანარჩენს ოთხიანი. სამიანი არ დამიწერია, რადგან ლექსები მართლაც მომეწონა. შესანიშნავი თაობა მოდის, თუმცა მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ ისინი ჩვენს თაობასთან ახლოს არიან. აქვე იმასაც დავამატებ, რომ უწინ უფრო მეტი წიგნი იყიდებოდა. ცოტა უხერხულია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემი წიგნები თუ თავიდან ათი ათასი ტირაჟით იბეჭდებოდა, იმდენად დიდი იყო დაინტერესება, ოც, ორმოც და სამოცდაათი ათასამდეც ასულა. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ხალხი წიგნებს ყიდულობდა. რასაკვირველია, წიგნის საყიდლად ფულიც საჭიროა, მაგრამ სურვილი გაქრა და დღეს უწიგნურობამ თავისი სიტყვა უკვე თქვა. დღესდღეობით ადამიანები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. რა თქმა უნდა, კომპიუტერი უნდა იცოდე, მაგრამ უბედურებაა მწერლობას კომპიუტერის მეშვეობით იცნობდე.

-  ალბათ ადევნებდით თვალს, რას კითხულობდნენ თქვენი შვილები და ახლა უკვე თქვენი შვილიშვილები...

-  შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ვენაცვალე, შესანიშნავები არიან, მაგრამ მყავს შვილიშვილი, მუსიკოსი ირმა გიგანი, რომელიც საოცრად განათლებულია. ასეთი რამ იშვიათად მინახავს. მოვა სახლში და ბებიას ეუბნება, ბებო, ილია მათხოვე, აკაკი მათხოვე, ვაჟა... ძალიან ბევრს კითხულობს. 16 წლის არის და მთელი ქართული კლასიკა წაკითხული აქვს. ახლა რუსული კლასიკის შესანიშნავი წარმომადგენლების კითხვა დაიწყო. მე ამას როგორც "კრემლის აგენტი", ისე არ ვამბობ, როცა ქვეყნად ტოლსტოი და სხვა დიდი რუსი ავტორები არსებობენ, მათ აუცილებლად უნდა გაეცნო. არიან ადამიანები, რომელთაც კითხვის სურვილი არ აქვთ და არ მინდა ახლა მათზე ვილაპარაკო, ჯობს, იმ ბავშვებზე ვისაუბროთ, ვისაც წიგნის გარეშე ცხოვრება არ უნდათ და ასეთია ჩვენი ირმა გიგანიც (იღიმის). რაც შეეხება შვილებს, არ მახსოვს, პირველ წასაკითხ წიგნებად მათ რას ვურჩევდი, მაგრამ თაკო და მამუკაც ბავშვობიდან ძალიან წიგნიერები იყვნენ. ამ შემთხვევაში მეტი დამსახურება აქვს ჩემს მეუღლეს, ირმა ჩხეიძეს. სახლში დღესაც სამი ათასამდე წიგნი გვაქვს. დიდი ბიბლიოთეკაა და მათ შეგროვებაში ირმას დიდი წვლილი მიუძღვის. ძალიან განათლებული გოგოა. რაღა გოგო, ქალია კაი ხნის (იღიმის). აღარ ვიცოდით, წიგნები სად და როგორ დაგველაგებინდა და ამას წინათ გადავარჩიეთ. ოთხასამდე წიგნი გამოვარჩიეთ და ქუჩაში წიგნის გამყიდველებს დავურიგეთ. რა თქმა უნდა, უფასოდ გადავეცით, რაც ძალიან გაუხარდათ, გაყიდონ და მშვიდობაში მოიხმარონ ის თანხა.

-  თანაცხოვრების განმავლობაში მეუღლეებს ერთმანეთისთვის წიგნები თუ გიჩუქებიათ, დღესასწაულებზე, დაბადების დღეზე, ახალ წელს? საერთოდ, როგორ ფიქრობთ, წიგნის ჩუქების ტრადიცია დავიწყებას ხომ არ მიეცა?

-  ვისაც სურვილი აქვს, მათ ჩემს წიგნებს ვჩუქნი, ასევე უამრავ წიგნს მჩუქნიან. რაც შეგვეხება მე და ჩემს მეუღლეს, ახალი წელი ჩემი მეუღლის დაბადების დღეა, მაგრამ მაშინ წიგნებს არ ვჩუქნი. კარგი რამ მითხარი, ვიფიქრებ მაგაზე. ირმას სურს, დაბადების დღეზე ფული ვაჩუქო და თუ მაქვს, ვაძლევ. რაც შეეხება წიგნების ჩუქებას, ხალხს ის უფრო უხარია, დაბადების დღეზე პერანგს თუ მიუტან, ვიდრე წიგნს, მაგრამ ყვავილებმა თავიანთი სიტყვა დიდი ხანია უკვე თქვეს და დღესაც ამბობენ.

-  მგონი, ყვავილის მირთმევის ტრადიცია მაინც საუკუნეებს გაჰყვება. ყვავილი ბევრი ქალისთვის საყვარელი საჩუქარია...

-  კი, ოღონს ვარდების გარდა, შენი ჭირიმე. როგორ ყვავილსაც გინდა, ისეთს მივართმევ ქალს, მაგრამ ვარდები აღარ გამაგონოთ. ამას წინათ ერთი ვარდოსანიძე გავიცანი და ლექსი მივწერე, თუ გინდა, რომ საქართველომ გაიმარჯვოს, გვარი გამოიცვალე და იაშვილი გახდი-მეთქი (იცინის).

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს