როდის მალავდა მიწაში ავთო ვარსიმაშვილი თავის ლექსებს

როდის მალავდა მიწაში ავთო ვარსიმაშვილი თავის ლექსებს

ორი წლით უფროსი ძმის შემხედვარემ, წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე უკვე იცოდა. ბიბლიოთეკის ხიბლი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას შეიგრძნო და მას შემდეგ სტუდენტობის დიდი ნაწილი საჯარო ბიბლიოთეკაში აქვს გატარებული. რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი მცირე დაფიქრების შემდეგ იხსენებს, რომ პირველი წიგნი, რომელიც საკუთარი შემოსავლით იყიდა, სალვადორ დალის რეპროდუქციები იყო. იმ დროისთვის ეს საკმაოდ დეფიციტური წიგნი მოსკოვში შეიძინა. მაშინ სტუდენტი გახლდათ და არდადეგების დროს მამასთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. მშობლის მიცემული მთელი თანხა დაუფიქრებლად გადაიხადა დალის რეპროდუქციებში.

დღეს საოჯახო ბიბლიოთეკის გამდიდრებაზე უმთავრესად ის და მეუღლე ზრუნავენ. ამბობს, რომ თავისი მოსწავლეებისთვის წიგნები ხშირად ჩამოაქვს. ახლახან ვანო ხუციშვილს ფრანგული დრამატურგიის ანთოლოგია აჩუქა, ხოლო მაია დობორჯგინიძეს - ბრიტანული დრამატურგიის. თავად თავის პროფესიასთან დაკავშირებული ლიტერატურით უმთავრესად გოგი მარგველაშვილი ანებივრებს.

ავთო ვარსიმაშვილი ხშირად ეცნობა როგორც თანამედროვე ქართულ, ისე დასავლურ ლიტერატურას. თუმცა ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ძალიან აქტიური როლი რუსულმა ლიტერატურამ ითამაშა. გენიალური რუსი ავტორების შემოქმედებასთან ერთად რუსულ ენაზე კითხულობდა უცხოელ ავტორებსაც.

ნახევარი წლის წინ "ახალი ავტორი" აღმოაჩინა და ეს ინგლისელი მწერალი პიტერ აკროიდია. პირველად მისი "შექსპირი-ბიოგრაფია" წაიკითხა და შემდეგ აკროიდის სხვა ნაწარმოებებზეც გადაინაცვლა. სხვადასხვა ეპოქის წარმომადგენლებზე შექმნილი ბიოგრაფიული რომანები დოკუმენტურ ქრონიკებთანაა გაზავებული, თუმცა უდიდესი ნაწილი გამოგონილია. დღემდე გატაცებით კითხულობს პიტერ აკროიდის ლიტერატურას და ამ ხნის განმავლობაში მისი თხუთმეტამდე წიგნი შეიძინა...

- ბავშვობაში საბავშვო ლიტერატურას დედ-მამა მაწვდიდა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ორიგინალური არ ვარ. პირველ წიგნებს მშობლების კარნახითა და რჩევით ვკითხულობდი. დღემდე მახსოვს წიგნი, რომელიც დამოუკიდებლად თავიდან ბოლომდე წავიკითხე, ეს "ლურსმანას თავგადასავალი" გახლდათ. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა გაჩნდა დიუმა და, რა თქმა უნდა, "სამი მუშკეტერი", თავისი გაგრძელებებით. მახსოვს, ამ ნაწარმოების კითხვისას ისე ვიყავი "ანთებული", რომ ერთ-ერთ ღამეს, საბანგადაფარებული, წიგნს ფარნით ვკითხულობდი. მეორე დილას სკოლაში რომ არ წავსულიყავი, მოვიტყუე, ავად ვარ-მეთქი და ამგვარად მშობლებს თავი სახლში დავატოვებინე. ეს ნაწარმოები თავიდანვე ძალიან მომეწონა. რატომღაც ყოველთვის ყველაზე მეტად ათოსი მომწონდა, ძალიან კეთილშობილი პერსონაჟია. დ''არტანიანიც მომწონდა, მაგრამ გაგიჟებით ნამდვილად არა. ვისურვებდი, რომ ათოსი ვყოფილიყავი. შემდეგში კი ასეთი პერსონაჟი დონ კიხოტი იყო.

- სათავგადასავლო ლიტერატურას დეტექტივები ანაცვლებს ხოლმე. ეს ჟანრი თუ გიტაცებდათ?

- კი, როგორ არა. თუმცა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვკითხულობდი სათავგადასავლო ლიტერატურას. ჩემი საყვარელი მწერალი გახდა მაინ რიდი თავისი "უთავო მხედარით", შემდეგ ის ჟიულ ვერნმა ჩაანაცვლა. დეტექტივები საკმაოდ გვიან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, ამ ჟანრში ჩემი პირველი წიგნი "შერლოკ ჰოლმსი" იყო, ალბათ ისევე, როგორც ჩემი თაობის ყველა ბავშვისათვის. შემდეგ ედგარ ალან პო იყო, რომელსაც სტუდენტობის პერიოდში ვეცნობოდი.

- და იმავდროულად იქნებოდა პიესებიც...

- მეათე კლასიდან მოყოლებული, როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე, ჩემს ცხოვრებაში პიესები და პროფესიული ლიტერატურა შემოვიდა. პირველ რიგში, ეს გახლდათ შექსპირი, რომელიც დღემდე ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მწერლად რჩება. ეს ის ავტორია, რომელსაც მეორედ მოსვლის ჟამს გადავარჩენდი. იმავე პერიოდში დავიწყე დოსტოევსკის კითხვა და თითქმის მეორე-მესამე კურსზე სწავლისას, უკვე ყველაფერი წაკითხული მქონდა. რასაკვირველია, რაღაცები არ მესმოდა, მაგრამ დოსტოევსკის ცოდნით თავს ვიწონებდი. თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადის და ამ ავტორს მეტს ვკითხულობ, ვგრძნობ, რომ დოსტოევსკი დღესაც ბოლომდე არ ვიცი და ბოლომდე ვერც ვერასოდეს გავიგებ.

- როცა რეჟისორობა გადაწყვიტეთ, ალბათ ფიქრობდით, რას დადგამდით პირველად სცენაზე...

- ამ შემთხვევაში ბანალური პასუხი მექნება, როგორც ყველა რეჟისორს. ეს იყო "ჰამლეტი". როცა შექსპირზე ხარ შეყვარებული, "ჰამლეტი" შენი გმირი ხდება და გიჩნდება სურვილი, მისი სახით შენს ტკივილებზე ილაპარაკო. ეს იმდენად გენიალური გმირია, რომ ვფიქრობ, ყველა ეპოქისა და თაობის ადამიანს აქვს საშუალება, ჰამლეტში საკუთარი თავი იპოვოს.

- როგორი დამოკიდებულება გაქვთ პოეზიის მიმართ?

- ერთი პერიოდი პოეზიით ძალიან ვიყავი გატაცებული და გალაკტიონი "აღმოვაჩინე". ჩემდა სამწუხაროდ, ეს უკვე სტუდენტობის დროს მოხდა. გალაკტიონი, ვაჟა-ფშაველა, ოთარ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი და პუშკინი დღემდე ძალიან მიყვარს. რასაკვირველია, ლექსებს დღესაც ვკითხულობ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში რომელიმე ავტორმა ისე შემძრა, რომ მისი ფანი გავმხდარიყავი. მუხრან მაჭავარიანი ძალიან მიყვარდა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებისას მისი რამდენიმე ლექსი მქონდა მომზადებული. მერეც, მის ლექსებს მთელი ცხოვრება ვკითხულობდი. შემდეგში ამ ადამიანს არაერთხელ შევხვედრივარ, მაგრამ როცა პირველად ის არგვეთში ვნახე, მას რამდენიმე ლექსი წავუკითხე. ბატონი მუხრანი ძალიან ბედნიერი იყო და ერთ-ერთზე ისიც კი მითხრა, რას ლაპარაკობ, ეს მე დავწერეო (იცინის)?!

- თავად თუ გიცდიათ წერა?

- ვფიქრობ, ეს ყველა ადამიანს უცდია. ლექსიც დამიწერია და მოთხრობაც.

- მალავდით თუ ვინმეს აკით­ხებდით?

- მახსოვს, IV-V კლასში რამდენიმე ლექსი დავწერე. არ მინდოდა, ვინმეს ენახა და წაეკითხა. გადავწყვიტე დამემალა. შინ დიდი საყვავილე გვედგა, მიწაში ალოე იყო ჩარგული და ჩემი ლექსები მიწაში ჩავფლე. მერე ისინი ყვავილების მოვლისას დედაჩემმა აღმოაჩინა და მიწიდან ამოაძვრინა (იღიმის).

- როგორი რეაქცია ჰქონდა, გისაყვედურათ თუ პირიქით?

- ძალიან დელიკატური მშობლები მყავდნენ. დედამ ლექსები დამიბრუნა და მითხრა, რად გინდა, მიწაში რომ ფლავ, მაგიდის უჯრაში ან კარადაში შეინახე.

- წერის გაგრძელების სურვილი არ გქონდათ?

- შემდეგში პროფესიული მიდგომა გაჩნდა ამ საკითხის მიმართ. პიესებს ხშირ შემთხვევაში თავიდან ვწერდი და დღესაც ასე ვარ. თავისუფალ თეატრში, პრაქტიკულად, ყველა სპექტაკლი, რაც დადგმული მაქვს, რომელიღაც ავტორის მიხედვითაა და შეიძლება ითქვას, თავიდან ვწერ. მაქვს რამდენიმე დამოუკიდებელი პიესა, საკმაოდ ბევრი სცენარი. დაწერილი მაქვს და დღემდე ვწერ ესეებს, მაგრამ ალბათ 25 წელიწადზე მეტია, მოთხრობა არ დამიწერია. ძალიან დიდი ხანია მინდა, წიგნი გამოვცე, სადაც წლების განმავლობაში დაგროვილი ჩემი ჩანახატები და წერილები შევა. ჩანახატები წიგნად გამოსაცემად მზად იყო ათი წლის წინ, მაგრამ სულ რაღაც ემატება, ემატება და ვერაფრით გამოვნახე იმის დრო, რომ ერთხელაც ყველაფერს მოვუყარო თავი. ვიცი, წიგნი როგორი ფორმის, სტრუქტურის იქნება და ისიც, რომ მას "კომედიანტის ჩანახატები" ერქმევა. გამოცემა თვითმიზნად არ მაქვს, მაგრამ ალბათ ოდესმე მოვიცლი საამისოდაც.

- წიგნები ავტორისეული ხელმოწერით ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ძვირფასია...

- ასეთი წიგნი ბევრი მაქვს, არ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა, რომელიმე ავტორი გამომრჩეს და შეიძლება, მათ ეწყინოთ.

- მათ შორის ნიკო გომელაურის წიგნებიც იქნება...

- ნიკო გომელაური ჩემს ცხოვრებაში ცალკე თემა და მოვლენაა. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვისაც მან თავისი პირველი ლექსები წაუკითხა. მისი სიკვდილის შემდეგ აღმოვაჩინე რამდენიმე ლექსი, რომლებიც მანამდე არ მენახა. ნიკოს თავისი ყველა ლექსი პირადად ჩემთვის აქვს წაკითხული და ეს ხშირად ხდებოდა. ლექსებს რომ წერდა, პირველად ძალიან მოკრძალებით მითხრა. იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ნიკო ჩემი საყვარელი პოეტია. გასაგებია, რომ შეფასებისას ძალიან ბევრ რამეში სუბიექტური ვარ, მაგრამ ვარ და რა ვქნა?!

- თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ავტორები თავიანთ ლექსებს უკეთესად კითხულობენ, ვიდრე მსახიობები ან სხვა პროფესიის ად­ამიანები?

- ვერ დავეთანხმები, ყველა ავტორი თავის ლექსს კარგად ვერ კითხულობს. ვიღაცამ შეიძლება, ლექსი ისე წაიკითხოს, რომ მსგავსად ვერავინ ვერასოდეს შეძლებს. ვიღაცას საერთოდ არ შეუძლია ლექსის წაკითხვა და ამაში საშინელება არაფერია. ბევრი ავტორის მაგივრად, ჯობს, ლექსი სხვამ წაიკითხოს, მაგრამ როგორც ნიკო კითხულობდა თავის ლექსებს, ისე ვერავინ კითხულობს. სხვადასხვა საღამოსა თუ შეხვედრებზე, რომლებზეც ჩემი მსახიობები დადიან, ვეუბნები ხოლმე, მოუსმინეთ, როგორ კითხულობდა ნიკო, თქვენ არ შეგიძლიათ მისი ლექსების კითხვა-მეთქი. მესმის, რომ ეს რთულია, ალბათ ამიტომ ამ ტიპის შეხვედრებზე არ დავდივარ.

- და მაინც, თქვენი აზრით, ნიკოს ლექსებს ვინ კითხულობს ყველაზე კარგად?

- არავინ. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემში დღემდე დომინირებს ნიკოს კითხვის მანერა და ხმა. საქმე ისაა, რომ ნიკოს ჰქონდა მეტყველების დეფექტი, რომელიც ძალიან ცოტა ვინმემ იცოდა. მერე ის ჩვენ ერთად ვარჩიეთ მისეული მეტყველების მანერად, რომელიც შემდეგ ლექსის კითხვისას გამოიყენა, თავისი პაუზებით, აქცენტირებით და ა.შ. ნიკოს ხმა დღესაც ყურში მესმის. ჩემს მანქანაში ნახავთ დისკს, რომელზეც ნიკოს ლექსებია და მას ხშირად ვუსმენ. ეს ხმა ჩემზე მაგნიტივით მოქმედებს და ამიტომ არ შემიძლია მოვისმინო, როცა მის ლექსებს სხვები კითხულობენ. სულ ვამბობ, რომ ეს არის ბრწყინვალე პოეზია, რომელიც უნდა იკითხო და შენს თავში აღმოაჩინო მისი მელოდია...

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს