თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს

თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს

გუშინ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარლამენტარმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მამა ავთანდილ წულუკიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა. მისი თქმით, ავთანდილ წულუკიანი 1991-97 წლებში მოსამართლედ მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.

ავთანდილ წულუკიანის თავმჯდომარეობით განხილული საქმეების რამდენიმე მაგალითს, რაზეც ბრალდებულს დახვრეტა შეუფარდეს, გაზეთი "რაზონანსი" აქვეყნებს.

ავთანდილ წულუკიანის თავმჯდომარეობით განხილული საქმეების რამდენიმე მაგალითი, რაზეც ბრალდებულს დახვრეტა შეუფარდეს (უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდიდან):

1. ე.წ. დახერხილი გვამების საქმე. ი.კ. იყო თანამდებობის პირი. ის დაჰპირდა ორ მოქალაქეს, რომ გამოატანინებდა 250 ათასი დოლარის ოდენობის სახელმწიფო კრედიტს ბანკიდან, თუკი ისინი მანამდე გარკვეულ თანხას მისცემდნენ მას ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად.

ამ გზით, მან ორ მოქალაქეს გამოსძალა 2500 დოლარი და მიითვისა. იმავე სქემით, ი.კ-მ კიდევ ორ მოქალაქეს გამოსძალა 5200 დოლარი და მიითვისა. ამის შემდეგ, მოტყუებული მოქალაქეების ორი წარმომადგენელი შეხვდა ი.კ-ს დედამისის ცარიელ ბინაში, სადაც გაიმართა მოლაპარაკება ფულის დაბრუნების შესახებ, ვინაიდან სახელმწიფო კრედიტი გამოტანილი არ იყო. იცოდა რა, რომ ფულს ვერ დააბრუნებდა, ი.კ-მ გადაწყვიტა მოეკლა ეს პირები. მან მაკაროვის იარაღით ზურგში ესროლა ორივეს, რის შემდეგაც პირველს დანით მიაყენა 53 ჭრილობა, ხოლო მეორეს - 33. ამის შემდეგ, მან ორივე გვამი მიაბა რადიატორზე ქამრებით.

საღამოს, შინ მისულმა უამბო დედას, რაც გააკეთა. მეორე დღეს, დედა-შვილი მივიდნენ ბინაში, სადაც გვამები იყვნენ და და დანისა და ლითონსაჭრელი ხერხების მეშვეობით ორივე გვამს მოახერხეს თავები, ზემო და ქვემო კიდურები, ჩააწყვეს ბრეზენტისა და ცელოფნის პარკებში და გაამზადეს გადასაყრელად. დედამ ბინა გაწმინდა.

ამის შემდეგ, ი.კ-მ თავები წაიღო და დამარხა სასაფლაოზე, შემდეგ დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და სთხოვა ამ ორგანიზაციის მანქანა ნაგვის გადასაყრელად. მეგობარი და მისი კოლეგა ორგანიზაციის სპეციალური ნიშნებით აღჭურვილი მანქანით მივიდნენ ი.კ-თან დასახმარებლად. დედა-შვილმა მოიყვანა ორი მუშა, რომლების მეშვეობითაც პარკები ჩააწყეს მანქანაში და ქალაქ გარეთ ერთ-ერთ ხევში გადაყარეს. გზაში, ერთ-ერთმა მუშამ იკითხა, თუ რატომ ჰქონდა ნაგავს ასეთი სუნი, რაზეც ი.კ-მ უპასუხა რომ გაფუჭებული ჰუმანიტარული ხორცი იყო.

2. კორნელი ჩალაძის მკვლელობის საქმე. გ.გ იყო შსს-ს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაიდინა თავისი ხელმძღვანელის, შსს-ს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძიებრო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის - კორნელი ჩალაძის განზრახ მკვლელობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მის ხელთ უკანონოდ არსებული რევოლვერის მეშვეობით.

გ.გ თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თათბირზე, მას და მისი განყოფილების თანამშრომელს კ. ჩალაძემ "უვარგისები" უწოდა. ის არაერთხელ დაუდარაჯდა კ. ჩალაძეს მისი მოკვლის მიზნით, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთხელ დაიგულა რა კ. ჩალაძე მარტო კაბინეტში, შევიდა მასთან, დაუწყო საქმის გარჩევა და სამი ტყვია დაახალა თავში.

სასამართლოს წინაშე გ.გ. ამტკიცებდა, რომ მას უფროსი მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით კი არ მოუკლავს, არამედ ღირსების დამცირებისთვის შურისძიების გამო.

3. ბიძაშვილის მკვლელობის საქმე. კ.გ-მ, მანამდე ექვსჯერ ნასამართლევმა, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 1993 წელს ჩხუბი აუტეხა თავის ღვიძლ ბიძაშვილს ა.გ-ს და, იყო რა მთვრალი, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო დიდი საოჯახო დანა და ა.გ-ს ჯერ სახის, შემდეგ კი მუცლის არეში ორჯერ დაარტყა. ამის შედეგად ა.გ-მ მიიღო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფერდქვეშ და მარჯვენა ბოქვენის მიდამოში, ნაწლავის დაზიანებებით, აგრეთვე შუბლის არეში ნაკვეთი ჭრილობა და ცხვირის, ყვრიმალისა და მარცხენა ხელის მტევნის არეებში დაჟეჟილი ჭრილობები. ა.გ . შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლოდ კ.გ მიიმალა. ის იმ დღესვე დააკავეს.

4. მარტოხელა მოხუცის საქმე. ს.ჩ-მ, მანამდე ხუთჯერ ნასამართლევმა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულმა ბოლო საქმეზე, ჩაიდინა ახალი განზრახ დანაშაული პირობითი ვადის გასვლამდე. კერძოდ, 1993 წელს, ნასვამ მდგომარეობაში თავს დაესხა ღამით თავის საცხოვრებელ სახლში 76 წლის მარტოხელა მოხუც მეზობელს - თ.ე-ს, რომელსაც, ხელმოკლეობის გამო, ელექტრომავთულები ჰქონდა შინ გადაჭრილი და უშუქოდ ცხოვრობდა. მძინარე მოხუცს ხმაურზე გამოეღვიძა და დაინახა ს.ჩ, რომელმაც მას მოსთხოვა ფული ძალადობისა და მოკვლის მუქარით. როცა მიიღო უარი, ს.ჩ-მ მოხუცს დაუწყო ცემა და უმოწყალოდ ურტყამდა 30 წუთის განმავლობაში.

ასაკის გამო, მოხუცი ვერ უწევდა წინააღმდეგობას. ცემისა და წამების შედეგად, მოხუცმა მიიღო შემდეგი დაზიანებები - კეფის, ნიკაპის, მარცხენა თვალისა და მარცხენა ხელის მტევნის არეებში 6 ნასკდომი ჭრილობა, მრავლობითი ნაკაწრები და ნაჭდევები მთელს ტანზე, თავის მტევნის მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა, თავის ტვინის რბილ გარსებში სისხლჩაქცევები, თავის ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევები, მარცხენა მხარეს 8 ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა მხარეს 5 ნეკნის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ნაწლავებზე. თ.ე. ადგილზევე გარდაიცვალა. ს.ჩ-მ გაიტაცა მისი ხელჩანთა, რომელშიც მან მოგვიანებით ფული ვერ აღმოაჩინა.

5. პურის საცხობში მკვლელობის საქმე. რ.გ-მ, მანამდე ორჯერ ნასამართლევმა, ჩაიდინა რამდენიმე განზრახი დანაშაული. სხვა ბევრ ეპიზოდს შორის, რ.გ შეიარაღებული მიიჭრა პურის საცხობში, სადაც იმავე დილით იყიდა 40 პური თითო 500 კუპონად და დაუწყო ჩხუბი საცხობის გამგეს იმ მოტივით, რომ თითქოს მას გამოართვეს ზედმეტი ფული თითო პურში.

აუტეხა რა ჩხუბი გამგეს, რომელიც თავს იმართლებდა და აჩვენებდა მერიის განკარგულებას პურის საცალო ფასთან დაკავშირებით, რ.გ.-მ ავტომატის ჯერი მიუშვა საცხობზე, რის შედეგადაც მოკლა მისი გამგე და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ დააყენა საცხობის სხვა თანამშრომლები. რ.გ., ავტომატის დამიზნებით დაემუქრა რა საცხობის მცველ პოლიციელებს და გააღებინა ჭიშკარი, ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის რამდენიმე წუთში იქნა დაკავებული, რა დროსაც მანქანაში აღმოჩნდა ტყვიამფრქვევი 870 საბრძოლო ვაზნით, ავტომატური იარაღი, რამდენიმე მჭიდი და 100-მდე ვაზნა.

"ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მე მაინტერესებს, იუსტიციის მინისტრი თუ იღებს რჩევებს ამ ადამიანისგან, რომელსაც გააჩნია შემზარავი და ბნელი წარსული. მაშინ, როდესაც თეა წულუკიანი გამოდის და გამუდმებით გვესაუბრება ჰუმანურობაზე, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, ამ ადამიანისთვის სად გადის ზღვარი ჰუმანურობასა და სადიზმს შორის და ემიჯნება თუ არა თავისი მამის წარსულს", - განაცხადა გუშინ პარლამენტარმა თინათინ ბოკუჩავამ.

ასევე იხილეთ: თეა წულუკიანის მამა ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა საქართველოს ისტორიაში - თინათინ ბოკუჩავა