უიღბლო ბიძინა ივანიშვილი და იღბლიანი სერგო ხაბულიანი, რომელსაც არავინ იცნობს

უიღბლო ბიძინა ივანიშვილი და იღბლიანი სერგო ხაბულიანი, რომელსაც არავინ იცნობს

"კონტრა" ამჯერადაც უჩვეულოა, ჩვენი რესპონდენტები კი ისევ იუმორისტები არიან. "კვირის პალიტრის" თანამშრომლებსა და "კავეენშიკების" "მწვრთნელებს" - გელა კორძაძესა და სულხან ნამჩევაძეს ვთხოვეთ, იუმორისტების თვალით შეეფასებინათ 2012 წელს მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. მართალია, ეს ორი ადამიანი მუდამ ერთად მუშაობს და ყველაფერს ერთად აკეთებს (მეგობრებიც კი საერთო ჰყავთ, მხოლოდ პირადი ცხოვრება აიწყვეს ცალ-ცალკე), გელა "ქართული ოცნების" თავგადაკლული მომხრეა, სულხან ნამჩევაძე კი - "ნაციონალების". ვნახოთ, რა არგუმენტები აქვთ მათ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

- როგორ შეხვდით 2013 წელს და რას ელით ახალს?

გელა კორძაძე:

- ახალ წელს სოფელში შევხვდი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ცოლი მოვიყვანე...

სულხან ნამჩევაძე:

- მაგარი ახალი წელი იყო, 38 წლის გელა კორძაძემ ცოლი მოიყვანა! რადგან ეს მოხდა, ახლა ნატოში შესვლა უკვე სასწაული აღარ არის.

- გასული 2012 წელი რით იყო გამორჩეული?

გელა კორძაძე:

- ცოლი არ მყავდა...

სულხან ნამჩევაძე:

- მე პირიქით, მყავდა... 2012 კარგი წელი იყო, მაგრამ ხომ იცი, ეს საწუთრო თაფლში მწარე ნაღველსაც ურევს - მიშამ არჩევნები წააგო.

- გასულ წელს განსაკუთრებულად რომელმა პოლიტიკოსმა დაგამახსოვრათ თავი?

გელა კორძაძე:

- რასმუსენმა. თავის სამშობლოზე, დანიაზე არ ნერვიულობდა იმდენს, რამდენსაც ჩვენზე და ჩვენს არჩევნებზე.

სულხან ნამჩევაძე:

- მარიამ საჯაიამ. არ მკითხოთ - რითო? რა თქმა უნდა, კანონპროექტების განხილვისას გამომჟღავნებული ცოდნით.

- თქვენი აზრით, 2012 წლის ყველაზე სკანდალური მოვლენა რა იყო?

გელა კორძაძე:

- ქუთაისში მიშას ხალხი რომ გამოეკიდა... მაშინ არსენას ლექსი გამახსენდა - "კარიდან ვეღარ გაასწრო, ფანჯრიდან გადიპარაო"...

სულხან ნამჩევაძე:

- 27 ივნისი! ეს დღე ერთადერთი იყო, როცა ოპოზიციის წევრი არ უცემიათ, არ დაუჭერიათ, ფული არ შეუწერიათ ან არ დაუშინებიათ. დანარჩენი დღეები ერთმანეთს ჰგავდა...

- შარშან რომელი მინისტრის მუშაობით იყავით კმაყოფილი?

გელა კორძაძე:

- ადრე დასაქმების მინისტრის საქმიანობით ვიყავი კმაყოფილი. პოსტზე სულ 2 კვირა იყო და ბევრის გაფუჭება ვერ მოასწრო.

სულხან ნამჩევაძე:

- ძველი მინისტრებიდან ვერა ქობალია მომწონდა. არ მკითხო ახლა - რატომო? რა თქმა უნდა, ეკონომიკის ღრმა ცოდნის გამო.

- ახალ მინისტრებზე რას ფიქრობთ?

გელა კორძაძე:

- კახი კალაძე მომწონს. რატომ? იმიტომ, რომ დენი გააიაფა. მართალია, იმის მერე ჩემს უბანში შუქი ხშირად ქრება, მაგრამ მერე რა? იაფი ხომაა?

სულხან ნამჩევაძე:

- წულუკიანი. ალბათ გაგიკვირდათ, არა? მართალია, "ნაციონალებს" იჭერს, მაგრამ მერე ხომ უშვებს? კიდევ, გარემოს დაცვის მინისტრი მომწონს, იმიტომ, რომ არც ჩანს და არც ნერვებს მიშლის.

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან იუმორისთვის ყველაზე მეტ "საკბილოს" ვინ გაძლევდათ?

გელა კორძაძე:

- ბევრი, მაგრამ ბევრ მათგანზე ვერ ვწერდით. ცოტა არ იყოს, ავი ხალხი იყო. ახლა ცოტა საკბილო გვყავს, მაგრამ ყველაზე ვწერთ. იმედია, ესენიც არ გაავდებიან.

სულხან ნამჩევაძე:

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი, თავისი გამონათქვამებით. არჩევნებში რომ დამარცხდა, გული დაგვწყდა, მაგრამ ახალმა პრემიერმა თავისი ანეკდოტებით იმედი ჩაგვისახა, რომ "საკბილო" ისევ გვექნება.

- თქვენი აზრით, წლის ყველაზე იღბლიანი და უიღბლო პოლიტიკოსები ვინ არიან?

გელა კორძაძე:

- ჩემი აზრით, ყველაზე უიღბლო ბიძინა ივანიშვილია. კაცს საათივით აწყობილი ცხოვრება ჰქონდა და 2012 წელს ისე დაითარსა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამაზე მეტი უიღბლობა რა გინდა?! ყველაზე იღბლიანი არის მურმან დუმბაძე. დარწმუნებული ვარ, არავითარი იმედი არ ჰქონდა ბათუმში არჩევნების მოგების.

სულხან ნამჩევაძე:

- ყველაზე იღბლიანი არის სერგო ხაბულიანი (არის ასეთი დეპუტატი, უპარტიო). ისე შევიდა პარლამენტში, რომ ვერავინ გაიგო. იქიდანაც ისე გამოვა, ვერავინ გაიგებს. არც არავის საქმეში ერევა, არც მის საქმეში ერევა ვინმე. ზის მშვიდად, თბილად პარლამენტში და მაღალ ხელფასს იღებს.

- პირადად თქვენს სიმპათიას რომელი პოლიტიკოსი იმსახურებს?

გელა კორძაძე:

- მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ, რომ წელს მიდის.

სულხან ნამჩევაძე:

- ყველა, რომელიც ტელეეკრანზე ნაკლებად ჩანს. ჩემი ნება რომ იყოს, "გრან-პრის" მივანიჭებდი მას, ვინც ტელეეკრანზე საერთოდ არ გამოჩნდებოდა.

- უნდა გთხოვოთ, რომ ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეადაროთ.

გელა კორძაძე:

- ედუარდ შევარდნაძე ფრთხილი და ეშმაკი პოლიტიკოსი იყო, მიშა - აგრესიული და ჭკვიანი, ბიძინა კი ფრთხილი, ეშმაკი, აგრესიული და ჭკვიანია, მაგრამ მგონი, ჯერ პოლიტიკოსი არ არის.

სულხან ნამჩევაძე:

- იუმორით ბიძინა ბოლო ადგილზეა, ედიკა - პირველზე. სიმაღლით ბიძინა ბოლოზეა, მიშა - პირველზე. ფულით ბიძინა პირველზეა, ბოლო კი, კაცმა არ იცის, ვინ არის. ისე, ვითომ ბიძინაა პირველზე? არ ვიცი, არ ვიცი...

- თქვენს რესპონდენტებს შორის იუმორის გრძნობით რომელი პოლიტიკოსი გამოირჩეოდა?

გელა კორძაძე:

- ირინა სარიშვილი. რაც უნდა საოცარი იყოს, ქალი და ასეთი იუმორით, ჯერ არ შემხვედრია.

სულხან ნამჩევაძე:

- ხომ გითხარი უკვე. ბიძინასგან განსხვავებით, ჩემი სიტყვის გადათქმა არ მჩვევია.

- 2012 წლის ყველაზე მხიარული და სასაცილო მოვლენა თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?

გელა კორძაძე:

- ლევან მაისურაძის დაკავება. დააკავეს კაცი, რომელიც არ არსებობდა. ამას მიშაც ვერ ახერხებდა.

სულხან ნამჩევაძე:

- მიშამ რომ წააგო, ამაზეც ვიცინე. არ მოელოდა. ბიძინამ რომ მოიგო, ესეც სასაცილო იყო, არც ის მოელოდა.

- 2013 წლისგან რას ელით ქართულ პოლიტიკაში?

გელა კორძაძე:

- ვიტალი ხაზარაძის გამოჩენას. აუ, რა მასალა გვექნება იუმორისტებს!

სულხან ნამჩევაძე:

- ნაძლევი მაქვს დადებული, რომელ მინისტრს მოხსნიან პირველად. იმედია, ბიძინა ამ ნაძლევს მომაგებინებს. ჯერ არ გაგიმხელ, ფსონი ვისზე მაქვს დადებული. ერთს კი ვიტყვი - კალაძე არ იქნება, ის მონდომებულია.

- ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად ვინ მიგაჩნიათ?

გელა კორძაძე:

- გივი თარგამაძე. კაცი 35 ათას დოლარად აპირებდა რუსეთში რევოლუციის მოხდენას.

სულხან ნამჩევაძე:

- ვლადიმირ პუტინი, მან გივის რევოლუციას გაუძლო და არ "ჩამოიშალა".

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები