მაია ასათიანი: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო

მაია ასათიანი: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო

"მას კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს. შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მისი გონება ერთდროულად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ოსტატურად იყენებს. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, განრისხებული სტიქიასავით დაუნდობელია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი ჟურნალისტის - მაია ასათიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დიდად გატაცებული არასდროს ვყოფილვარ და არც ასტროლოგთა რჩევებს ვითვალისწინებ. თუმცა კი ძალზე მაინტერესებს, დღეს რა უნდა მკითხო?

- "თქვენ ნამდვილი გველი ხართ", - აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალს ასეთ კომპლიმენტსაც ეუბნებიან.

- ის, რომ გველის წელში ვიყავი დაბადებული, პირველად 12 წლისამ გავიგე და არ მესიამოვნა. ვაპროტესტებდი, - სხვა თუ ვეფხვი ან ცხენია, მე გველი რატომ უნდა ვიყო-მეთქი? მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიმოგზაურე, რა თქმა უნდა, მოსაზრება შემეცვალა.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- შემიძლია დავიტრაბახო, რომ კარგი ინტუიცია მაქვს. ეს პროფესიის ბრალი მეგონა, თურმე - "გველობის" წყალობა ყოფილა.

- "თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის".

- შეიძლება, ვინმეზე არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ ასეა. რასაც მეუბნები, ჩემთვის ერთდროულად, ახალიც არის და ძალზე ნაცნობიც. წინასწარმეტყველური მომენტები ბავშვობაშიც მქონდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არ ემთხვეოდა, მაგრამ საკუთარ თავზეც და სხვაზეც შემეძლო მეთქვა, როგორ იქნებოდა 1-2 წლის შემდეგ; მქონია შემთხვევა, როცა ამას "ვხედავდი" კიდეც. ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარდა, ეს დღემდე არავინ იცოდა. 15 წლამდე ძალიან ძლიერი ბიოველი მქონდა. ხელისგულზე მიჩერდებოდა ლითონის საგნები, მკერდზე უთო მეკვრებოდა. მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ეს თვისება ნელ-ნელა გამიქრა. იშვიათად, მაგრამ დღესაც "ვხედავ" ამბავს, რომელიც არ მომხდარა, არც დამსიზმრებია. როცა ამბავი რეალურად ხდება, ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი უკვე "ნანახი" მქონდა.

- ასტროლოგები მამაკაცებს აფრთხილებენ, როცა გველის წელში დაბადებულ ქალთან ურთიერთობას იწყებენ, მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინონ: ქალი გველი სასურველ მამაკაცს გარს ეხვევა და შეიძლება, მოგუდოს კიდეც. შენ თუ ყოფილხარ ვინმეზე "შემოხვეული"?

- არა. საერთოდ, საკუთარ სისუსტეებზე ლაპარაკის არ მერიდება და შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიაში უფრო ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე - პირად ცხოვრებაში. რატომ მოხდა ასე? - ამას ვერ ავხსნი. ალბათ, ესეც ბედი იყო. ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა: შენი პირადი ცხოვრებისთვის იმ პოტენციალის 10% მაინც რომ დაგეხარჯა, რასაც საქმეს ახმარ, დღეს ყველაფერი აწყობილი გექნებოდაო. 35 წლის მანძილზე სულ ორჯერ მიყვარდა და ეს დიდი ხნის წინ იყო.

- მეორედ, მეუღლესთან დაშორების შემდეგ გიყვარდა?

- რა თქმა უნდა! მე და ირაკლი პატარა ასაკში დავქორწინდით, მანამდე კი მართლა არავინ მყვარებია. მეორე სიყვარული ქორწინებით ალბათ, იმიტომ არ დაგვირგვინდა, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ აღმოვჩნდით.

- დღეს მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- საერთოდ, ყველა პიროვნებასთან, მათ შორის იმასთანაც, ვინც თავის დროზე გული მატკინა, ადამიანური ურთიერთობა შემიძლია შევინარჩუნო და ჩემი ამ თვისებით ძალიან ვამაყობ.

- "გველი ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან".

- აქსესუარები მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიყენებ. სულ სამსახურში ვარ, მუშაობის პროცესში კი აქსესუარები მაწუხებს.

- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".

- მიზანდასახული ადამიანი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში მაქვს ერთი პრინციპი, რომელსაც არასდროს ვღალატობ: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ. ისე, არც დედამიწის გადაბრუნება შემიძლია. ვფიქრობ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო.

- "სძულს მარცხი, მაგრამ ბუნებით მშვიდია".

- როცა ვმარცხდები, ამას ძალიან განვიცდი. ვცდილობ, გარეგნულად არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ ეს არ გამომდის. ვისწავლე მარცხის აღიარებაც და გეტყვით: დავმარცხებულვარ პირად ცხოვრებაში, მაგრამ საქმეში დიდი მარცხი არ მქონია. ყოველი დაცემის შემდეგ უნდა წამოდგე და გზა განაგრძო.

- ესეც გველის თვისებაა - სიცოცხლის მანძილზე ის კანს არაერთხელ იცვლის. დაცემის შემდეგ წამოდგომის სტიმულს რა გაძლევს?

- ბუნებით ვარ ასეთი. ვფიქრობ, წაქცევის უფლება არ მაქვს.

- "ფულის შოვნა არ უჭირს; საჭირო თანხას ყოველთვის ადვილად მოიძიებს".

- ეს ჩემი თვისება არ არის. ყოველთვის ხელფასზე ვარ დამოკიდებული. ვწუხვარ, რომ ბიზნესის კეთების ნიჭი არ მაქვს.

- "ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, თუ ის რისკთან არ არის დაკავშირებული".

- პირიქით, ძალიან რისკიანი ვარ. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე...

- ასტროლოგები ხარისა და მამლის წელში დაბადებულ ადამიანებთან ქორწინებას გირჩევენ; არასასურველია ღორთან და ვეფხვთან თანაცხოვრება...

- ირაკლი დრაკონის წელშია დაბადებული.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ამ ასაკში თავგადასავლები ნამდვილად აღარ მიზიდავს. მთავარი სულიერი სიმშვიდეა.

- "შესანიშნავად ეხერხება, საკუთარი პოზიციის სისუსტეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს".

- თეთრზე შავიაო, - არასდროს მიმტკიცებია, მაგრამ როცა მართალი ვარ, ვცდილობ, მეორე მხარეს არგუმენტირებულად დავუსაბუთო, რა როგორ არის.

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- პირადად მე, მეტოქედ არავინ ჩამითვლია, მაგრამ გზიდან ჩემს ჩამოშორებას ბევრი ცდილობდა; მუდმივად ბრძოლა მიწევდა.

- დღეს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე მეტოქედ ვინ მიგიჩნევს?

- ამ შემთხვევაში, დუმილის უფლებას გამოვიყენებ.

- "მისი გონება ერთდროულად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ საჭიროების შემთხვევაში, ოსტატურად იყენებს".

- ესეც პროფესიული ჩვევა მგონია. შენთან ლაპარაკისას იცი, რას მივხვდი? - ეტყობა, პროფესიული არჩევანის გაკეთებისას გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ გველის წელში ვარ დაბადებული; ბევრი თვისება, რაც მეხმარება, რომ პროფესიაში წარმატებული ვიყო, გველის წელში დაბადებულთათვის ყოფილა დამახასიათებელი. ეს ჩემთვის სიახლეა.

- "ლაპარაკის და მოძრაობის დროს აუჩქარებელია".

- (იცინის) ხომ იცი, ეთერს როგორ ვიწყებ: სა-ღა-მო-მშვი-დობი-სა. ახლა ეკრანზე საკუთარი თავი "დავინახე"...

- "სოლიდური, მშვიდი არსებაა. თუ რამეში არ გეთანხმება, რაც არ უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება".

- მხოლოდ დედას შეუძლია, საკუთარი აზრი მომახვიოს თავს; დამიმტკიცოს, რომ რაღაცაში ვცდები...

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით! განრისხებული გველი სტიქიასავით დაუნდობელია..."

- სიმშვიდეს დიდი ხნის მანძილზე ვინარჩუნებ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ჰოდა, თუ გავბრაზდი, შემიძლია რაღაც დავამტვრიო, დავლეწო. ჩემი სიმშვიდე ვულკანივით ფეთქდება. ასეთ დროს მართალია, საკუთარი თავი საშინლად არ მომწონს, მაგრამ ისეთი განცდაც მეუფლება, თითქოს უარყოფითი ენერგიისგან დავიცალე. საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდება.

- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. მას ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს".

- ეს მგონი, ჩემი პრობლემაა. ხშირად ვამბობ: XIX საუკუნის ყაიდის ქალი ვარ-მეთქი. რა თქმა უნდა, მამაკაცის მიმართ სიმპათია მქონია, მაგრამ არასდროს გადამიდგამს პირველი ნაბიჯი. ეს ალბათ, ჩემი კომპლექსია. ბავშვობიდან ასეთი ვარ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მომწონდა, ამის შესახებ არაფერი იციან. იმისთვის, რომ ვინმემ მომხიბლოს, შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი გმირობების ჩადენას ვითხოვ. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ თანამედროვე ადამიანს ასეთი ტრფიალი აღარ შეუძლია. მგონი, ეს ყველაფერი ჩემი რომანტიკული ბუნების ბრალია.

- "ბუნებით ამაყია".

- მართალია, ამაყი ვარ, მაგრამ ზემოდან არასდროს არავისთვის დამიხედავს.

- ჯიუტი ხარ?

- მერე და, როგორი... ეს ჩემთვის დამღუპველი თვისებაა. ვაღიარებ, იმ უსიამოვნებების ნაწილი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია (მათ შორის, პირადშიც), ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო. ისე, სიჯიუტე საქმეში მეხმარება, ამ თვისებამ ძალიან მიზანსწრაფული გამხადა. დათმობა მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, ვისწავლო. ვიცი, რომ ზოგჯერ უმჯობესია, გაჩუმდე, ვიდრე გაჯიუტდე. საერთოდ, კურო კედელს რქებით აწვება, მე კი ვფიქრობ, რქების დაზიანებას ჯობია, წყნარად დაჯდე და დაელოდო, როდის დაინგრევა ის კედელი.

- "ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა".

- გვერდით მყოფი ადამიანისთვის შემიძლია, თავი გავწირო, მაგრამ როცა სხვებისგან მსგავსი ქმედების მეასედსაც ვერ ვიღებ, გული მტკივა.

- საინტერესოა, ჩვენი ეს რუბრიკა მოგეწონა?

- მერწმუნე, ასეთი საინტერესო ჩემთვის არც ერთი ინტერვიუ არ ყოფილა...

- დაბოლოს, ახალ წელს როგორ შეხვდი?

- საერთოდ, ამ დღესასწაულს ყოველთვის შვილთან ერთად, სახლში ვხვდები. მეკვლეობას დედაჩემს ვერავინ დაასწრებს. ეს დღესასწაული ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. თოვლის ბაბუის არსებობის 10 წლამდე მჯეროდა და როცა გავიგე, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს თოვლის ბაბუა კი არა, დედა მიტოვებდა, ძალიან განვიცადე და გული დამწყდა. მართალია, დღეს თოვლის ბაბუის არსებობის აღარ მჯერა, მაგრამ მწამს, რომ თუ სწორად იცხოვრებ, მრუდე ნაბიჯებით არ ივლი, შენს ცხოვრებაში სასწაული აუცილებლად მოხდება.

აქვე გეტყვით, რომ გველის წელში დაბადებული არიან: ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ყიფშიძე, მამუკა ონაშვილი, მერაბ სეფაშვილი, აკაკი ასათიანი, გუჯა ბურდული, რომა რცხილაძე, ლაშა ბუღაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ვახტანგ ტატიშვილი.

"მამაკაცმა ქალ გველთან ურთიერთობისას წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს"

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შემდეგნაირად ახასიათებს:

- გველს საოცარი ინტუიცია და წინათგრძნობის უნარი აქვს. ეს ნიშანი მეტისმეტად ფრთხილი და წინდახედულია. სულსწრაფი არ არის. აქვს რეგენერაციის უნარი. მას შეუძლია, დიპლომატიური კომპრომისებით ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწიოს. ყველა მამაკაცს, რომელსაც ქალ გველთან აქვს ურთიერთობა, ვაფრთხილებ, - წინდახედულობა გამოიჩინონ. გველს შეუძლია, ნელ-ნელა შემოეხვიოს ადამიანს, რათა მისგან გაქცევა ვეღარ შეძლოს. ისე კი გველი ერთგულებითაც გამოირჩევა.

- როგორი იქნება 2013 წელი საქართველოსთვის?

- ვერ ვიტყვი, რომ მსუბუქი წელი გვექნება. მოსალოდნელია ეკონომიკური ცვლილებები. 2012 ძალზე მძიმე წელი იყო, 2013-დან კი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება და 2014 წელი ბევრად უკეთესი გვექნება. წელს სასიკეთო ძვრები იქნება, მდგომარეობაც გაუმჯობესდება, მაგრამ არა იმდენად, რომ მშვიდი წელი დავარქვათ.

- 2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია. თქვენი აზრით, როგორი იქნება ეს წელი სააკაშვილის და ივანიშვილისთვის?

- ივანიშვილისთვის ძალიან კარგი იყო 2012 წელი და ასეთივე წარმატებული იქნება 2014-იც. მიხეილ სააკაშვილს 2 წლის წინ ვაფრთხილებდი, რომ 2012-ში უმძიმესი წელი ექნებოდა; მისთვის ეს მდგომარეობა 2013 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდგომი პერიოდი (2014 წლის დადგომამდე) უკეთესი ექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. 2014 წლიდან კი კვლავ ივანიშვილისთვის ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება. ის წარმატების მიღწევას არაერთ სფეროში შეძლებს.

როგორი განწყობით შეხვდნენ 2013 წლის შემობრძანებას ცნობილი "გველები"? - ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ასტროლოგია ძალიან საინტერესო მეცნიერებაა. 2013 წლიდან განსაკუთრებულს არაფერს ელის. საკუთარი ნიშნის დახასიათება წაკითხული აქვს და აღიარებს, რომ ასტროლოგთა ნათქვამიდან მის ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. ამბობს, რომ კარგი ინტუიცია აქვს და ფულთან დამოკიდებულებაშიც ზომიერებას იჩენს.

- გველი მამაკაცი პარტნიორის მიმართ "ეჭვიანია".

- ეჭვიანზე მეტად, დამგესლავი ვარ (იცინის).

- საყვარელი ადამიანის დაგესვლა შეგიძლით?

- კეთილთვისებიანი შხამი მაქვს. ჩემს გესლს ჯერ არავინ მოუკლავს.

მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი გველის წელში დაბადებული მშვილდოსანია. უხარია, რომ მისი წელი დადგა. მან სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა.

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მეგობრებთან ერთად ჩავატარო კონცერტი, რომელსაც სახელად "ცენზურის გარეშე" დავარქმევ. სულ ვმუშაობ. ბევრი რამ მაქვს დაწერილი, რაც საზოგადოებისთვის უცნობია.

- კონცერტის ჩასატარებლად გველის წლის დადგომას ელოდით?

- არა. ჩემს ტექსტებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ალბათ მიმიხვდით, რასაც ველოდი.

"გულში მიხარია, რომ ჩემი წელი დაიწყო, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ჩუმად მიხარია", - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე. ის გველის წელში დაბადებული მორიელია.

- როცა ჩემი ზოდიაქოს ნიშანს იგებენ, ამბობენ, - აუ, ეს რა "მიქსიაო"! ნამეტანი მიწასთან ვხოხავ, მაგრამ გესლიანი არ ვარ.

- დაშვებულ შეცდომებზე ხშირად ფიქრობ?

- დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ მისწავლია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვიხსენებ.

- მარცხს როგორ ხვდები?

- მარცხსაც ხომ შეცდომა განაპირობებს?! დეპრესიაში არ ვვარდები.

- ბუნებით მშვიდი ხარ?

- არა, მაგრამ არც ფეთქებადი ვარ.

- "ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მათ ცხოვრებას ართულებს", - ვკითხულობთ შენი ნიშნის დახასიათებაში. რას იტყვი?

- (იცინის) უკვე მეორე ცოლი მყავს და გინდა, ისიც დამშორდეს? შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.

- "გველი ცდილობს, პარტნიორი ნებისმიერი ხერხით "შეაბას".

- ვეთანხმები. სიყვარულისთვის არაერთი არაორდინარული ნაბიჯი გადამიდგამს, ოღონდ - ჩემს სიგიჟეებს ვერ მოგიყვები.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- დაბადებიდან სულ თავგადასავლებში ვარ. რისკზეც ხშირად მივდივარ.

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- მათ ტექნიკურად ვიშორებ ხოლმე გზიდან; კახური პირდაპირობით არ გამოვირჩევი. მოკლედ, არც მწვადს ვწვავ და არც - შამფურს.

- ე.ი. დიპლომატი ხარ.

- კი და დათმობებზეც მივდივარ. ეს თვისება წლების წინ საერთოდ არ მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საჭიროა და კომპრომისზე წასვლა ვისწავლე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)