კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ზე - რამ გაურთულა საქმე გვანცა დარასელიას

კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ზე - რამ გაურთულა საქმე გვანცა დარასელიას

7 იანვრიდან "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო ეთერში ცვლილებები განხორციელდა. გადაცემა "სხვა ამბები" "შუა დღეს" შეუერთდა, შედეგად კი ინტეგრირებული სახელი "სხვა შუა დღე" ეწოდა. ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია "დილა მშვიდობისა საქართველოს" მაყურებელს დაემშვიდობა და ზემოთ ხსენებული გადაცემის მუდმივი წამყვანი გახდა. ამ ცვლილებებსა და სადღესასწაულო განწყობაზე სასაუბროდ გვანცას ტელევიზიაში ვესტუმრეთ.

- 2012 წლის მიწურული და 2013 წლის დასაწყისი კარიერული თვალსაზრისით შენთვის მეტად მრავალფეროვანი გამოდგა...

- "საქართველოს ვარსკვლავის" წამყვანობა ჩემთვის დიდი ნდობის გამოცხადება იყო. ამ შოუში ბოლომდე დავიხარჯე, მართლა ძნელია იმუშაო პროექტზე, სადაც წყდება ადამიანების ბედი. ახალი წლის ღამეს "რუსთავი 2"-ის ეთერში ნიჭმა იზეიმა, შედეგად კი "საქართველოს ვარსკვლავმა" ერთი ადამიანის ცხოვრება თავიდან ბოლომდე დადებითისკენ შეცვალა. მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფერში ვმონაწილეობდი. რაც შეეხება "სხვა ამბებს", მოგეხსენებათ, ეს გადაცემა "შუა დღეს" შეუერთდა.

- რატომ გაერთიანდა ეს ორი გადაცემა?

- ჩემი აზრით, ამ ორი გადაცემის კოაბიტაცია "რუსთავი 2"-ის ეთერზე დადებითად აისახა. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ ამბავს დიდი გულისწყვეტით შევხვდი, რადგან "სხვა ამბები" ძალიან მიყვარდა და დღემდე მიყვარს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გადაცემა იყო ქართულ ტელესივრცეში და შესაბამისად, მაყურებელიც მრავლად გვყავდა.

- როგორც მივხვდი, "სხვა ამბების" დახურვის იდეა ხელმძღვანელობას ეკუთვნოდა...

- ეს იდეა ხელმძღვანელობას მხ­ოლოდ იმიტომ გაუჩნდა, რომ "შუა დღის" ეთერი უფრო საინტერესო გამხდარიყო, აქ არ ყოფილა ვინმეს შემცირების ან გათავისუფლების მომენტი...

- არც "სხვა ამბების" რეიტინგი ყოფილა ამ გაერთიანების განმსაზღვრელი?

- კი, ოღონდ დადებითი კუთხით. ჩვენს გადაცემას ძალიან კარგი რეიტინგი ჰქონდა, ხშირად ვამზადებდით სიუჟეტებს მაყურებლის თხოვნით, ალბათ სწორედ ამიტომაც ჰქონდა კარგი რეიტინგი, რამაც განსაზღვრა "შუა დღესთან" კოაბიტაცია.

- რატომღაც მგონია, ახლა უფრო ნაკლებად დატვირთული ხარ, ვიდრე "სხვა ამბებზე" მუშაობის დროს. მაშინ ყველაფერი შენი გასაკეთებელი იყო, ახლა კი თანაწამყვანებთან ერთად უძღვები გადაცემას, რაც ალბათ საქმეს გიიოლებს..

- მე ასე ვერ ვიტყოდი... როდესაც მარტოს მიგყავს გადაცემა, თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს, სტუმარს ეკითხები იმას, რაც შენ გინდა და ეს საქმეს აიოლებს, თანაწამყვანების შემთხვევაში კი ყველამ სწორად უნდა გაინაწილოს სათქმელი, რომ საუბარი ყაყანის რეჟიმში არ გადავიდეს და მაყურებელმა გაიგოს, რა ხდება სტუდიაში. წინასწარ ყველაფერს ვერ დაგეგმავ, ამა თუ იმ თემაზე გიჩნდება რეპლიკა, გინდა აზრის დაფიქსირება, ამ დროს კი შეიძლება სხვა საუბრობდეს და გადაფარვა რომ არ მოხდეს, აუცილებელია დროისა და სათქმელის სწორად განაწილება. ამიტომაც პარტნიორებთან მუშაობა ნამდვილად უკავშირდება სირთულეებს, თუმცა უფრო საინტერესოა, რადგან ამა თუ იმ თემაზე ყველა ადამიანს განსხვავებული შეხედულება აქვს, შედეგად, მაყურებელს უფრო ფართოდ გაშლილ თემას ვთავაზობთ.

- როგორც ვიცით, "სხვა შუა დღეს" ბევრი წამყვანი ჰყავს, ამას ემატება სტუმრები, ამ ხალხმრავლობის გამო ხშირად გადაცემა ადრეც გაუკრიტიკებიათ... ხომ არ ფიქრობთ წამყვანების გადანაწილებას დღეების მიხედვით?

- დღესდღეობით წამყვანების ასეთი გადანაწილებაა: გადაცემას გაუძღვება ოთხი ადამიანი - მე და დიმა ობოლაძე ყოველდღე ვიმუშავებთ, თიკა ფაცაცია, ბაია დვალიშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი და ნინო ხოშტარია ერთმანეთს დღეების მიხედვით შეენაცვლებიან. რაც შეეხება კრიტიკას, გადაცემის ფორმატი მოითხოვს იმას, რომ ეთერში სხვადასხვა ტიპაჟის წამყვანები ისხდნენ, ხანდახან ისიც ხდება, რომ სტუმრის აზრი იფარება და შეიძლება ესეც იწვევს კრიტიკას, რასაც გვერდს ვერ ავუვლით.

- რაც შეეხება დილის გადაცემას, ისევ იქნები მისი წამყვანი?

- დილის ეთერში აღარ ვიქნები, მაგრამ თქვენი ჟურნალის საშუალებით მართლა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "დილა მშვიდობისა საქართველოს" მაყურებელს იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რაც წლების განმავლობაში მაგრძნობინეს. სხვათა შორის, ბევრს დღემდე გული სწყდება იმის გამო, რომ "დილაში" აღარ ვჩანვარ. ჩემთვის დილის ეთერი ყოველთვის განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება... ეს მართლა ძალიან მაგარი პერიოდი იყო, ამ გადაცემაზე მომუშავე გუნდთან ძველებურად ვაგრძელებ მეგობრობას, უბრალოდ, "სხვა შუა დღეში" გადავინაცვლე.

- "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალი 31 დეკემბერს დაემთხვა. დაღლილი შეხვდი 2013 წელს?

- სახლში მართლა ძალიან დაღლილი მივედი, მაგრამ ის მახარებდა, რომ ახალ წელს ჩემს შვილთან ერთად პირველად ვხვდებოდი. 12 საათზე ერეკლეს ეძინა, შევედი ოთახში, ვაკოცე და უბედნიერესი ვიყავი ამ დროს. ეს ახალი წელი შეგრძნებების მხრივ იყო გამორჩეული, თორემ 2013 წელს ჩვეულებრივად, სახლში შევხვდი. შვილი ჩემი ქმრის მშობლებს დავუტოვეთ, ჩვენ კი მეგობრებს გავუარეთ და კლუბში წავედით. მართალია, ერეკლეს ჯერ ამდენი არ ესმის, მაგრამ თოვლის ბაბუის სახელით საჩუქარიც ვუყიდეთ (იღიმის)

- გამორჩეულად რომელი ახალი წელი გახსენდება?

- ყველა ახალ წელს კარგ დროს ვატარებ. შარშან ორსულად გახლდით, ბოლო თვეში ვიყავი და ახალი წელი კი არა, დაძინების გარდა არაფერი მინდოდა. პირველ ახალ წელს, რომელიც მეუღლესთან ერთად გავატარე, ბავშვთა სახლში შევხვდით. მისი მეგობრები მიდიოდნენ და შესთავაზეს, ხომ არ წამოხვიდოდითო, მართალია, ძალიან მაღალი სიცხე მქონდა, მაგრამ დავთანხმდით და იქ მცხოვრები ბავშვები რამდენიმე საათით გავაბედნიერეთ. ეს მართლა გამორჩეული ახალი წელი იყო ჩემთვის.

- იანვარი დღესასწაულებით და­ტ­ვირთულია, რაიმე განსაკუთრებული ტრადიციები თუ გაქვს ამ დღეებთან დაკავშირებით?

- შობას დედასა და შვილთან ერთად შევხვდი. სიმბოლური იყო ეს დღე ჩემთვის. წელს პირველად ავანთე ფანჯარასთან ორი სანთელი. როგორც წესი, ერთს ვანთებდი ხოლმე, მაგრამ ამჯერად იქ, სადაც ერეკლეს ეძინა, მეორე სანთელიც ავანთე, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ღვთისმშობელი ჩემს შვილთანაც მოვიდოდა. რაც შეეხება ნათლისღებას, მოგეხსნებათ, ამ დღესასწაულზე ნათლული უნდა მივიდეს ნათლიასთან, სამი ნათლული მყავს, ორს უკვე შეუძლია მომილოცოს და იმედია, ასეც მოიქცევიან, ერთი კი ჯერ ძალიან პატარაა.

- მალე ერეკლე ერთი წლის გახდება, ლაპარაკობს უკვე?

- კარგა ხანია, ამბობს დედას, ბაბუსაც ეძახის და გააგიჟა უკვე ამით. მამას ჯერ ვერ გამოთქვამს, მაგრამ მის დანახვაზე პირის მოძრაობით ახვედრებს, რომ ეძახის. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა თითის გაშვერით გვაჩვენებს რა უნდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, ძალიან თბილია, სიყვარულს ისე გამოხატავს, რომ არანაირი სიტყვები არ მჭირდება, ჩემ მიმართ განსაკუთრებულად თბილია (იღიმის).

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები