ვახტანგ მაისაია: "ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"

ვახტანგ მაისაია: "ეს იქნება საერთაშორისო სკანდალი"

ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებული და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ვახტანგ მაისაია თავისი საქმის სკანდალურ დეტალებს იხსენებს...

- ვახტანგ, გილოცავთ გათავისუფლებას. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აგვისტოს ომის დროს მაისაია შტაბში ოპერატორის გვერდით იჯდა და ქართული ტანკების ადგილსამყოფლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას მტერს აწვდიდაო. რას იტყვით ამ ბრალდებაზე?

- პრეზიდენტ სააკაშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. 2008 წლის 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სარდლობა და დეპარტამენტის მეთაურები იმყოფებოდნენ გორში. ასე რომ, მე მათ გვერდით ვერ ვიქნებოდი.

მე გეტყვით, საიდან მოდის ეს ბრალდებები... 2009 წლის 5 მაისს, ჩემი დაკავებისას, სახლიც გაჩხრიკეს და კომპიუტერიდან ამოიღეს მასალები ჩემი მომავალი წიგნისა, რომელიც ინგლისურ ენაზე იმავე წლის შემოდგომაზე უნდა გამომეცა ლონდონსა და ბრატისლავაში. წიგნი ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ომის პერიპეტიებს. ამ წიგნის ზოგიერთი თავის განხილვა მოეწყო ლონდონში, 2008 წლის 16 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ლორდი რობერტსონი უძღვებოდა და ბევრი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი ესწრებოდა.

სწორედ ამ წიგნიდან ამოღებული ზოგიერთი მონაცემი გამოიყენეს ჩემი ბრალდებისთვის. როგორც ვიცი,

ამ წიგნის ელექტრონული ვერსია სააკაშვილისა და უგულავას ბრძანებით განადგურდა.

- დედაქალაქის მერი რა შუაში იყო?

- ამ წიგნში მითითებული იყო, რომ ცხინვალის აღების შემდეგ ყველა პიარღონისძიების ორგანიზება - იქნებოდა ეს დროშების აფრიალება, ტრიბუნების გამართვა თუ აღლუმების მოწყობა - დავალებული ჰქონდა გიგი უგულავას. ამაზე ომის შემდეგ დაუფარავად საუბრობდნენ სამხედრო მაღალჩინოსნებიც. ამ წიგნში მკაცრად ვაკრიტიკებდი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებას, კერძოდ, 7 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნას. ეს დანადგარები დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა, მათი რაკეტების აფეთქება დიდ ფართობს აზიანებს და ქალაქის წინააღმდეგ ამ სისტემების გამოყენება დაუშვებელია.

- ანუ, გინდათ თქვათ, რომ სწორედ ამ წიგნის მომზადება და მასში გამოყენებული ხელისუფლების მამხილებელი მასალები გახდა თქვენი დაკავების მთავარი მიზეზი?

- არა, ეს ერთ-ერთი ფაქტორი გახლდათ. იყო სხვა ფაქტორებიც.

დაკავების შემდეგ მიმიყვანეს მოდულის შენობაში, სადაც კონტრდაზვერვის ხელმძღვანელობის გარდა დამხვდა თვით შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი მოადგილე ამირან მესხელი. მინისტრმა წინ დამიდო აგვისტოს ომამდე, 2007 წელს დაწერილი ჩემი ორი ნაშრომი. ერთი ეხებოდა "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებას, მეორე კი განკუთვნილი იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის და ეხებოდა ვანო მერაბიშვილის კონტაქტებს ბელორუსიის КГБ-სა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელებთან. ვიქტორ შეიმანი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობდა, იყო ე.წ. "რუხი კარდინალი" და ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმის მთავარი საყრდენი. ამ ნაშრომში ყურადღებას ვამახვილებდი იმაზეც, რომ ბელორუსიის ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობდა "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსული ხელისუფლების სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში. რამდენიმე ბელორუსი "კაგებეშნიკი" მრჩეველი კონსულტაციას უწევდა ვანო მერაბიშვილს, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებზე, როგორ უნდა გაენეიტრალებინათ ძალოვანი სტრუქტურების ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლეს. ამ ნაშრომში საუბარი იყო მინსკში მერაბიშვილის სამ ოფიციალურ ვიზიტსა და ბელორუსიიდან იმ სპეცაპარატურის შემოტანაზე, რომელსაც მერაბიშვილის უწყება ოპოზიციონერთა მოსასმენად და სათვალთვალოდ იყენებდა. სხვათა შორის, ამ აპარატურის დიდი ნაწილი რუსული წარმოების გახლდათ.

ნაშრომში ეწერა იმის შესახებაც, რომ ქართული სპეცსამსახურების რამდენიმე ჯგუფი სპეცმომზადებას გადიოდა ბელორუსიის სპეცდანიშნულების რაზმ "ალმასის" ბაზაზე. ლუკაშენკო სწორედ "ალმასს" იყენებდა ოპოზიციის მიტინგების დასარბევად. ამასთან, "ალმასის" მებრძოლები შემჩნეული იყვნენ იარაღის საერთაშორისო კონტრაბანდაში ვიქტორ ბუტთან ერთად, რომელიც ამჟამად აშშ-შია დაპატიმრებული.

ნაშრომში ნათქვამი იყო ისიც, რომ ვანო მერაბიშვილი 2005-2006 წლებში ვიქტორ შეიმანის საშუალებით ცდილობდა, რუსეთის ხელისუფლებას დაჰკავშირებოდა.

მოდულის შენობაში ვანო მერაბიშვილმა მომთხოვა, დამესახელებინა ამ ნაშრომებში გამოყენებული მასალების წყაროები. მე ვუთხარი, რომ ეს ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახლდათ. მერაბიშვილმა მითხრა, გასაგებია, მაგრამ შენ ამ წყაროებს მაინც დაასახელებო. და თუკი ამას იზამ, დღესვე გაგიშვებთო, - დამიზუსტა ამირან მესხელმა. კი მაგრამ, სიმართლეა თუ არა ის, რაც აქ წერია-მეთქი, ვკითხე მესხელს. სიმართლე რომ არის, იმიტომაც ხარ აქო, - მიპასუხა.

ჩემთვის მაშინვე ნათელი გახდა, რატომ დამაკავეს და რისთვის მსჯიდნენ. აგვისტოს ომის დროს თითქოსდა ინფორმაციების გადაცემა ერთგვარი საფარი გახლდათ.

ისე, არ შეიძლება, არ ვთქვა - იმ დღეს, როდესაც მოდულის შენობაში დამკითხეს, მუხროვანის ნაწილიდან მოიყვანეს უმოწყალოდ ნაცემი სამხედროები, არადა, როგორც ვიცი, მათ დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევიათ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია