მამუკა ღლონტი - შალვას დილის გადაცემა დაიხურა იმიტომ, რომ ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც"

მამუკა ღლონტი - შალვას დილის გადაცემა დაიხურა იმიტომ, რომ ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც"

"მაესტროზე" დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. არხი საერთო მაუწყებლის ფორმატზე გადადის. სექტემბრიდან კი ორად იყოფა და ცალკე ახალი ამბების არხი გააგრძელებს მაუწყებლობას. მამუკა ღლონტს ცვლილებების შესახებ ვესაუბრეთ.

- თებერვლიდან რეორგანიზაციის პერიოდი გვექნება, რადგან "მაესტროს" ბაზაზე ორი არხი უნდა ჩამოყალიბდეს. ერთს ერქმევა "მაესტრო" და იქნება საერთო მაუწყებელი და მეორე, "მაესტრო 24", იქნება ახალი ამბების არხი. ეს პერიოდი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. ჰიბრიდულ არხს პირველი ორი პროექტი - "მაესტროს დილა" და "შუადღე" თებერვლიდან დაემატება. აპრილიდან საღამოს პრაიმ ტაიმს მეგაპროექტები შეუერთდება და სექტემბერში ორივე არხი ჩამოყალიბდება და საბოლოოდ გაცალკევდება.

- საკმაოდ დიდი კონკურენციაა ტელებაზარზე დილის გადაცემებში.

- ჩვენი დილა შინაარსობრივად იგივე იქნება, რადგან საერთო მაუწყებლის დილას ერთი ფორმატი აქვს, უბრალოდ ვეცდებით, უფრო საინტერესოდ გავაკეთოთ, როგორც წამყვანებით, ასევე თემებითა და სიუჟეტებით. დილას მანიკა ასათიანი და ნინუცა მაყაშვილი წაიყვანენ, საზოგადოება ორივეს კარგად იცნობს. რაც შეეხება ბიჭებს, ნაკლებად ცნობილები, მაგრამ ძალიან კარგები არიან. "შუადღეს" ნიკა ლომიძე და ნანიკო ხაზარაძე გაუძღვებიან. ასევე ერთი თანაწამყვანი ეყოლებათ და სტუმრებს დაპატიჟებენ.

- "ფეისბუქზე" აქტიურად აანონსებდით ახალ გადაცემას - "ვის დაეცემა ტუზი".

- "ტუზი" გასართობი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი მონაცემის ადამიანს. საკმაოდ ორიგინალური პროექტია სოლიდური პრიზით. გადაცემას ნიკა ლომიძე წაიყვანს. ნანიკო, გარდა "შუადღისა", მოყვითალო თოქშოუსაც გაუძღვება, რომელიც კვირაში ერთხელ გავა.

- ბოლო წლების მოვლენების გამო, საზოგადოება ბევრ სატელევიზიო სახეზე გაღიზიანებულია. რთული არ იყო მათი შერჩევა?

- მე არ ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან გადმოვლენ ან გადმოვიდნენ, რაიმე მორალური პასუხისმგებლობით არიან დატვირთული. მით უმეტეს ქვეყანაში, სადაც ტოტალიტარიზმი მეფობდა. ჩვენ თუ იმ პრინციპით დავიწყებთ ადამიანების შერჩევას, ვინ სუფთაა, ძალიან პატარა ციფრამდე დავალთ.

- თუ არ ვცდებით, მუსიკალურ კონკურსსაც იწყებთ...

- დიახ, აპრილიდან "მაგთის ვარსკვლავი" დაიწყება და მუსიკალური კონკურსის გარდა ეს იქნება რეალური შოუც, რადგან მონაწილეები ერთად იცხოვრებენ. კონკურსში გამარჯვებულ რამდენიმე ადამიანს მინიმუმ ერთწლიან კონტრაქტს გავუფორმებთ და საქართველოს მასშტაბით ტურნეებს დავუგეგმავთ. თუ გაამართლებს და ვნახავთ, რომ რესურსი აღმოაჩნდებათ, შეიძლება, ეს კონტრაქტი ხუთ წლამდეც გაგრძელდეს. გვინდა, ისევ დავბრუნდეთ შოუბიზნესში საკუთარი მომღერლებით.

- დღეს, გაყოფილი შოუბიზნესის ძველი სახეები ისევ ერთად ჩნდებიან კონცერტებზე.

- ძალიან კარგი, რაც უფრო ადრე მორჩება ადამიანების გაყოფა, მით უფრო მალე ამოისუნთქვავს საზოგადოება. ყველა იმ ადამიანზე, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, საზოგადოება არ უნდა დაიბოღმოს და მომღერალმა, რომელიც მიშას დროს მღეროდა, ახლაც უნდა იმღეროს.

- როგორ ფიქრობთ, ხალხი მიუტევებს ამ ადამიანებს?

- არ ვიცი, საზოგადოებამ ეს უნდა გააკეთოს. ზონდერი, რომელიც ადამიანებს სცემდა, თუ ახლა გახდება საზოგადოების ის წევრი, რომელსაც სცემენ, გამოდის, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა.

- როგორ ფიქრობთ, მათ არ ექნებათ თვითცენზურა?

- რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს იმას, რომ თვალს ხუჭავდა მომხდარზე, მით უფრო მალე დაუბრუნდება საზოგადოებას და ღირებულებების პატივისცემას, თუ ვერ მოინანიებს, იმით არაფერი ეშველება, რომ აქილიკო. ადამიანს როცა აპატიებენ, მაშინ ადგება თვალზე ცრემლი.

- რა ბედი ეწევათ ნინო ჟიჟილაშვილის, შალვა რამიშვილის, თეა სიჭინავას გადაცემებს?

- ისინი არიან მაესტროელები და ასე დარჩებიან. შალვას დილის გადაცემა დაიხურა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, უკვე ზიანს აყენებდა შალვასაც და "მაესტროსაც", რადგან აქტუალური აღარ არის დილას მძიმე თემებზე საუბარი, როცა ამ თემებზე შეგიძლია, საღამოსაც ილაპარაკო. შესაბამისად, დილის გადაცემას ამიტომ ვცვლით. რაც შეეხება დანარჩენს, ყველა პროექტი შენარჩუნებულია, უბრალოდ, ნინო ახლა შრი ლანკაშია, თვის ბოლოს დაბრუნდება და ძველებურად გაგრძელდება გადაცემა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენიმე თვეში პოლიტიკური თემების ნაკლებობა ხომ არ იქნება მედიაში?

- არ მგონია, მაგრამ ნეტავ მართლა ასე მოხდეს. ისე აქტუალური აღარ არის პოლიტიკა, ჩვენი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, რადგან ქვეყანაში აღარ ხდება ის კატაკლიზმები, რაც აქამდე ხდებოდა. რომელიღაც ნაძირალას დაკავება კატაკლიზმა არ არის. ეს საინფორმაციო არხების ხვედრია, როცა არაფერი ხდება, დაბალი რეიტინგი აქვთ.

- მაშინ რა საჭიროა, მეორე, ახალი ამბების არხი?

- მარტო რეიტინგი არ არის. ეს სოლიდურობის მომენტია. გარდა ამისა, ქვეყანაში ყოველთვის ტარდება არჩევნები. ოქტომბერშიც არჩევნებია. თანაც ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ნიუს არხის" ერთადერთი ნიშა, რაც "მაესტროს" აქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს.

- მართალია, "მაესტროზე" ახ­ლა ბევრი რეკლამა გადის, მაგრამ გარდა ამ ფინანსური რესურსისა, კიდევ რა სახსრებით გააკეთებთ ამ გადაცემებს?

- პირველი ოქტომბრიდან გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ბიზნესკანონებით ვითამაშოთ. მანამდე ვამბობდი, გინდა სააკაშვილმა დამაფინანსოს, ნუ ჩაერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში-მეთქი, ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც სახსარს ვერ მოვიპოვებდით. ახლა რეკლამა გათავისუფლდა და ჩვენ უკვე თვითდაფინანსებაზე გადავედით. ჯერჯერობით ამ უზარმაზარ ხარჯებს ვერევით და ახალი პროექტებისთვის კრედიტის აღებას ვაპირებთ.

- რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქზე" ერთ-ერთი მომხმარებელი წერდა, რაც ნინო თოლორდავა მიიწვიეს "მაესტორზე", ამ არხს შეგნებულად აღარ ვუყურებო.

- არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს, რა ხდება ეკრანზე, მთავარია, რა ხდება ეკრანს მიღმა. მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ეკრანზე. სამართლიან, ობიექტურ ინფორმაციას ქალბატონი ნინო თოლორდავა წაიკითხავს თუ სხვა ჟურნალისტი, მნიშვნელობა არ აქვს. მით უმეტეს, მე ნინოს პოზიცია რამდენიმე თვით ადრე ვიცოდი, ვიდრე ის "პირველი არხიდან" წამოვიდოდა. ნინოსთან ვისაუბრეთ და ჩვენი პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს. ეს არ იყო სპონტანურად მოყვანილი ადამიანი, ამიტომ მე ვერ ვხედავ "მაესტროში" ნინოს მუშაობაში პრობლემას.

- ბოლო დროს ხშირად აკრი­ტიკებენ "პრეს-პრესს", სადაც გია ხუხაშვილის სტუმრობისას ჟურ­ნალისტების კითხვებმა და გადაცე­მამ საკმაოდ ცუდი შეფასება დაიმ­სახურა.

- ვაღიარებ, ჟურნალისტიკაში ბევრი პრობლემაა. ეს არ ეხება დიანას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჟურნალისტებმა მოსმენა არ იციან. ადრე ჟურნალისტი კითხვას რომ უსვამდა ხელისუფალს, ის პასუხს არ აძლევდა და სხვა თემაზე იწყებდა ლაპარაკს, ახლა სიტუაცია შეიცვალა და კითხვას რომ უსვამენ, ხელისუფლება პასუხს იძლევა, მაგრამ ამის მოსმენა აღარ სურს ჟურნალისტს და მეორე კითხვაზე გადადის ან საუბარს აწყვეტინებს. ჟურნალისტები ინერციით აგრძელებენ ღია კარის მტვრევას.

- ბატონო მამუკა, ახლახან ეროსი კიწმარიშვილს "მაესტრომ" პროცესი მოუგო.

- 16 მილიონს გვედავებოდა და აქედან ათ მილიონს რეპუტაციის შელახვისთვის. მოსამართლემ ჰკითხა, ის ფირმა, რომლის რეპუტაციაც შეილახა, მანამდეც გქონდათ, თუ "მაესტროსთვის" შექმენითო და არა, "მაესტროსთვის" შევქმენითო. როგორც მინიმუმ, რეპუტაცია უნდა გქონდეს, რომ შეგელახოს და არადა, ფირმა მანამდე არ არსებობდა.

- ეროსი თავად თუ ესწრებოდა პროცესს?

- ბოლო პროცესზე მოვიდა. მილიონ სამასი ათასი უნდა გადაგვიხადოს და იმ 16 მილიონიდან ჩვენ არაფერს ვუხდით. ახლა იქნება სისხლის სამართლის პროცესი, რომელიც თუ მისთვის ცუდად დამთავრდება, საკანში აღმოჩნდება. "მაესტროში" შემოიჭრა, მოხსნა დირექტორი და შენობაში დარჩა, რის შემდეგაც დეკორაცია დაამტვრია, სადენები გადაჭრა და აპარატურა მოიპარა. ამაზე პასუხი უნდა აგოს. იმდენად უტვინოა, რომ ამბობს, მე არა, აპარატურა "მაესტრომ" წაიღოო და ამ დროს, კადრში ჩანს, როგორ გამოდიან ხელცარიელი თანამშრომლები შენობიდან. მეორე დღეს კი პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტებმა ნახეს, რომ ყველაფერი ადგილზე იყო.

- მაშინ ამ პროცესში ჩართული იყო ირაკლი ოქრუაშვილიც.

- ჩართული კი არა, ირაკლი ოქრუაშვილის გეგმა იყო. ამოიღოს გამოძიებამ იმ დღის სატელეფონო ჩანაწერი, ვის ესაუბრება ეროსი, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს იქნება ირაკლი ოქრუაშვილი. მე არ ვიცი, რა მოატყუა მას ეროსიმ. არ გამოვრიცხავ, რომ სხვანაირად დაუხატა სიტუაცია, მასაც მოჰპარა ფული. მერე გავიგე, რომ ყველგან ტყუილებს ლაპარაკობდა. ისიც შეიყვანა შეცდომაში და გადარია, მაგრამ არანაირად არ ვამართლებ ოქრუაშვილს.

- ირაკლი ოქრუაშვილთან საუბრის მცდელობა არ გქონიათ?

- არ მაქვს სურვილი, რაიმე შეხება მქონდეს იმ ადამიანთან, რომელიც ტიტველ ქალებს დასდევდა საროსკიპოებში და ვიდეოს უღებდა.

- როგორ ფიქრობთ, სწორად მიდის დღეს პოლიტიკური პროცესები?

- ნაციონალური ხელისუფლების შემდეგ რომ მოვითხოვოთ, ყველაფერი უშეცდომოდ იყოს, აბსურდია, რა თქმა უნდა, ამათაც აქვთ შეცდომები და მომავალშიც ექნებათ, მაგრამ მე დავინახე მთავრობა, რომელიც "ფეისბუქზე" ატეხილი ხმაურის გამო მინისტრის მოადგილეებს ხსნის. ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ხალხის აზრს ითვალისწინებს და მიტინგი რომ გაიმართოს, საერთოდ...

- რამდენიმე პატარა მიტინგი უკვე ვნახეთ, მაგალითად, ბაჩო ახალიას მხარდამჭერი...

- თეა თუთბერიძე "ფეისბუქზე" წერდა, ვაპროტესტებ პიანისტ ბექა გოჩიაშვილზე ზეწოლასო და მივწერე, აქამდე რატომ არ აპროტესტებდი არც ერთ ზეწოლას-მეთქი. ეს არის წმინდა პოლიტიკური დივიდენდების მისაღები პროტესტი, თუმცა ისინიც საზოგადოების წევრები არიან და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ყველამ ნახა, რომ არ გავხდით გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და ყველაზე მეტად ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ, როგორც მოქალაქე ვამბობ, რომ მათი გადადგმული ბევრი ნაბიჯი მომწონს და იმედიანად ვარ განწყობილი.

- ინგა გრიგოლიაზეც გკითხავ, ამბობდნენ, რომ თქვენთან იწყებდა მუშაობას.

- ინგას შევხვდი, ოღონდ პოლიტიკურ თოქშოუზე უარი ვუთხარი. ჯერ ერთი, პოლიტიკური თოქშოუ რომ ჩასვა, დამატებითი ადგილი არ არის, ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს ამ დარგში. ინგას შევთავაზე, სხვა სახის თოქშოუს თუ გააკეთებდა, თუნდაც სოციალურს. რაც, სავარაუდოდ, არ მოუნდა, რადგან არ შემხმიანებია.

- ბოლოს მაინც ხომ არ გაგვიმხელთ კიდევ ერთ სახეს, რომელიც "მაესტროზე" გამოჩნდება.

- შეიძლება, სოსო თოლორია ჩამოვიყვანოთ ამერიკიდან, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები