რატომ დაარქვეს ნიკა ქავთარაძის ნათლობას ბებიის დაბადების დღე

რატომ დაარქვეს ნიკა ქავთარაძის ნათლობას ბებიის დაბადების დღე

ფარმაცევტების ოჯახში გაიზარდა. ამის მიუხედავად, სამედიცინო სფეროზე არასდროს უფიქრია, თუმცა არც ის საქმიანობა გამოადგა ცხოვრებაში, რომელიც პროფესიად აირჩია. ამბობს, რომ ეკონომიკის ფაკულტეტზე კი არ ისწავლა, მოისმინა.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის "კავეენიდან" გაიცნო. მას მერე არაერთი სატელევიზიო არხი და გადაცემა იყო მის ცხოვრებაში. დღეს ილიას უნივერსიტეტში მუშაობს. ზრდის ახალ თაობას და სამ შვილს. ნიკა ქავთარაძეს დღეს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- უპირველესი გამოცდილება და წესი, რაც შემდეგ ცხოვრებაში გამომადგა, არის ადამიანებთან ურთიერთობის ფორმები. ჩემი ოჯახის ყველა წევრი ძალიან კომუნიკაბელური და გახსნილია. ჩვენთან ყოველთვის იყო ბევრი სტუმარი, მხიარულება, კარგი განწყობა, ერთმანეთის სიყვარული. ზესტაფონში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე. დიდი ოჯახი მქონდა. ბებია და ბაბუა მასწავლებლები იყვნენ, მშობლები - ფარმაცევტები.

- ხასიათით ვის ჰგავხარ მშობლებიდან?

- უფრო მამას. იუმორი, კარგი ხასიათი, სიკეთე მისგან მაქვს. დედაც ასეთია, მაგრამ ის უფრო პრაგმატულად მოაზროვნეა. მამა უფრო მსუბუქი ტიპია, მძიმე ხასიათი არ აქვს. დედა მზრუნველი, ყურადღებიანია. ამით ვგავარ დედას.

- სიმკაცრეს რომელი უფრო იჩენდა შენ მიმართ?

- მამას ბევრი საქმე ჰქონდა და ბევრ დროს ვერ ატარებდა შვილებთან. ზოგადად ბებიასა და ბაბუასთან უფრო დიდ დროს ვატარებდი, ვიდრე მშობლებთან. დედა მომთხოვნი იყო, გაკვეთილებს მას ვაბარებდი. მამა საზოგადოებრივად აქტიური ტიპი იყო, იშვიათად ნახავდით სახლში. სააფთიაქო გაერთიანებების ხელმძღვანელი გახლდათ და სულ სამსახურში უნდა ყოფილიყო, დღეს რომ ყველა წერტილში აფთიაქია, ასე არ იყო კომუნისტების დროს. მამაჩემის მონდომებასა და კეთილგანწყობაზე იყო დამოკიდებული, მაგალითად, რა წამალი ყოფილიყო ქალაქში, ვის დახმარებოდა. შეიძლება ღამით დაერეკათ და ვახო სამსახურში წასულიყო იმის გამო, რომ იმ კონკრეტულ წამალს ჩვეულებრივი აფთიაქის გამყიდველი ვერ გასცემდა. ამის გამო მამაჩემი ძალიან საყვარელი ტიპია დღემდე. უამრავი ადამიანია, ვინც დღესაც მხვდება და მეუბნება, რომ არა მამაჩემი, მისი მეუღლე, მამა ან შვილი ვერ გადარჩებოდა. ზესტაფონში მე დღემდე ვახოს შვილი ვარ. არის თაობა, რომლისთვისაც ვახო არის ნიკას მამა. ეს ჩვენი ხუმრობის საფუძველი ხშირად გამხდარა.

- სკოლის პერიოდზე რას გვეტყვი?

- მეცხრე კლასამდე ხუთოსანი ვიყავი. ნიშნებში არც მერე მქონია პრობლემა, მაგრამ ცოტა გავცელქდი. გაკვეთილებზე ვაცინებდი კლასელებს და ამით მასწავლებლებს ხელს ვუშლიდი. თუმცა ოჯახის გამო, ბებიის, ბაბუის გამო ვაკონტროლებდი ქცევებს, ისე ვმაიმუნობდი, რომ არ გავშიფრულიყავი.

- სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში?

- ოჯახის ოთხი წევრი მუშაობდა, 90-იანი წლების პერიოდი ყველასთვის რთული იყო, მაგრამ არ გვშიოდა და არც გვციოდა. ოჯახის ცხოვრების წესი გამორიცხავდა იმას, რომ ჩვენ ფუფუნების საგნები გვქონოდა. შეიძლება, ამის შესაძლებლობა იყო კიდეც, მაგრამ უცნაური სათამაშოებით ან ძვირად ღირებული ტანსაცმლით არ გვათამამებდნენ. ეს კომუნისტური ცხოვრების წესი იყო. მამაც და ბაბუაც პარტიის წევრები იყვნენ და დიდი რისკი იყო. მსგავსი რამ რომ გაეკეთებინათ, შეიძლებოდა ბიუროს სხდომაზე გაეკიცხათ და პარტიიდანაც კი გაერიცხათ.

- სათამაშოს ყიდვის გამო?

- თუნდაც. მახსოვს, მე და ჩემი და რომ მოგვნათლეს, ბებიაჩემის დაბადების დღედ "გავაპრავეთ" ეს ამბავი. პარტიის წევრების შვილების მონათვლა სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო.

- თბილისში, სტუდენტობისას დამოუკიდებლად მოგიწია ცხოვრებამ?

- სტუდენტი რომ გავხდი, მამა სამსახურიდან წამოვიდა და თბილისში გადმოვიდა, სადაც მანამდეც ეპატიჟებოდნენ სამსახურებრივად. ჩემმა დამ - ეკამაც აქ ჩააბარა. ერთი სიტყვით, მთელი ოჯახი გადმოვედით. თუმცა იყო პერიოდი, როცა მშობლები რაიონში მიდიოდნენ და ჩვენ დამოუკიდებლად გვიწევდა ცხოვრება. სრული დამოუკიდებლობის ეტაპი ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, მარტო არასდროს მიცხოვრია. სტუდენტობის პერიოდი ბევრად რთული იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა პერიოდი. მაგ დროს ძალიან გვიჭირდა ოჯახს. ამის გამო მძიმე სტუდენტობა გვქონდა. უშუქობა იყო, ლამპის შუქზე ვსწავლობდით, "კერასინკაზე" ვთბებოდით. კარგი ბევრი არაფერი მახსენდება იმ პერიოდიდან, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის სოლიდარობასა და გვერდში დგომას ვსწავლობდით.

- პროფესია როგორ აირჩიე, კონსილიუმი მოაწყვეთ ოჯახში?

- სპონტანურად. იმის მიუხედავად, რომ დედასაც და მამასაც სამედიცინო განათლება ჰქონდათ, ექიმობა არ მინდოდა. მათემატიკა ვიცოდი კარგად და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მაინცდამაინც აუცილებელი არ იყო. არ გავხდი ეკონომისტი. იმის გამო არა, რომ დამეზარა, უნივერსიტეტში არ იყო კარგი სიტუაცია იმ მხრივ, რომ ინტერესი გასჩენოდა სტუდენტს თავისი საქმის მიმართ. მაშინდელი უნივერსიტეტი მოწყურებული იყო, რომ სტუდენტებს ვერ ესწავლათ, ჩაჭრილიყვნენ.

- მოწყურებული თუ მოწოდებული?

- მოწყურებულიც და მოწოდებულიც არა იმაზე, სტუდენტს როგორ ესწავლა, არამედ იმაზე, თუ ვერ ისწავლიდა, რა სანქციები გამოეყენებინათ. არასწორი მიდგომა იყო, ქრთამების პერიოდი.

- გადაგიხდია ინდაური, გოჭი?..

- არა, რა უნდა ყოფილიყო, რომ ვერ მესწავლა, უბრალოდ, არ მაინტერესებდა, ვერ დამაინტერესეს, ეს იყო პრობლემა.

- რა გაინტერესებდა?

- საზოგადოებასთან ურთიერთობის ახალი გზები, რომელიც უნივერსიტეტში ჩემთვის "კავეენი" აღმოჩნდა. ის პერიოდი ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდილება გამოდგა საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. 500-1000-კაციან აუდიტორიაში მიწევდა გამოსვლა. ჩვენი იუმორი უნდა მოსწონებოდათ მათაც და ჟიურისაც. პირველივე თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდიდან მე და გოჩა თანდარაშვილი უნივერსიტეტის ნაკრებში აგვიყვანეს.

- პირველი სამსახური, პირველი ხელფასი...

- "დილის გაზეთში" ვმუშაობდი ტექნიკურ სტამბასთან ურთიერთობის ნაწილში. 50 ლარი მქონდა ხელფასი. რაში დავხარჯე, არ მახსოვს. ალბათ დავლიე მეგობრებთან ერთად. 50 ლარს მთლიანად არ დავხარჯავდი. სხვათა შორის, ფულის გადანახვის გამოცდილება ცხოვრებამ ვერ შემძინა. "შავი დღისთვის" გადადებული ფული არ ზის ჩემში. ეს ძალიან ცუდია ჩემს ასაკში.

- გამოგვრჩა პერიოდი, რომელსაც "ქუჩის აკადემიას" ვეძახით...

- არასოდეს მქონია მაგ აკადემიასთან კავშირი, გარდა იმისა, რომ მაგ აკადემიის წევრ-კორესპონდენტები პატივს მცემდნენ აქეთ.

- როგორ მოახერხე?

- კარგი ბიჭი ვიყავი. ბევრი მეგობარი მყავდა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი კავშირი არ მქონდა შავ სამყაროსთან, ჩემი ენით, ჩემი მოხერხებულობით ცალკეული პრობლემა თუ ჩხუბი გამინეიტრალებია.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას გვეტყვი?

- დიდი გამოცდილება არ მაქვს ამ მხრივ, ჩემს ცხოვრებაში დიდი სასიყვარულო ისტორიები არ ყოფილა. შეიძლება ვიღაც მომწონდა, მიყვარდა კიდეც, მაგრამ შეყვარებულები არ მყოლია. ჩემი ენერგიის სუბლიმაცია არ ხდებოდა სასიყვარულო ურთიერთობებში. სხვა აქცენტები გავაკეთე ცხოვრებაში. ჩემი ტოლი ბიჭები დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ იმაში, რომ გოგონებისთვის თავი მოეწონებინათ. მე მინდოდა აქტიური სტუდენტი ვყოფილიყავი, რომელსაც თავისი პროტესტი ჰქონდა და ამ პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა. ვისაც ამის გამო მოვწონდი, კარგად ვიღებდი. უბრალოდ, გოგონების მოხიბვლაზე არ მიჩალიჩია. "კავეენშიკის" სტატუსი გოგონებს მაინცდამაინც არ მოსწონდათ. ჩვენ ცოტა პანკური "დუხის" ტიპები ვიყავით, რომლებსაც ფეხებზე გვეკიდა სტერეოტიპები. არ დავდიოდით მანქანებით, შავი ტანსაცმლით და არ ვჩხუბობდით გოგონების გამო. დღესაც კი საქართველოში აზროვნებაშია პრობლემა, სერიოზული ადამიანი უფრო ჭკვიანად ითვლება, ვიდრე მხიარული. უფრო კარგი ტიპია ის, ვინც იბღვირება, ვიდრე ის, ვინც ლაღია.

- შეყვარებული არ მყოლიაო, მითხარი, მაგრამ გქონდა ოჯახი...

- მქონდა. მაშინ ჩავთვალეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი. შვიდი წელი ვიცხოვრეთ ერთად. სამი შვილი გვყავს - 9 წლის სანდრო, 7 წლის ნინო და 2 წლის ალექსანდრა.

- თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილებს?

- მინდა, ბევრი რამ შეიმეცნონ სამყაროში, ბევრ წიგნს ვყიდულობ მათთვის. იმ დროს, რასაც მათთან ერთად ვატარებ, მათი ცოდნის შემოწმებასა და გაღრმავებაში ვიყენებ. მინდა დავაინტერესო, რომ იმაზე მეტად განათლებულები იყვნენ, ვიდრე მათ სკოლა ან გარემო პირობები სთავაზობს. მინდა არ იყვნენ კონფლიქტურები ერთმანეთთან, გარე სამყაროსთან, მინდა იყვნენ კანონმორჩილები. მათთან ერთად არ გადავდივარ ქუჩაზე იქ, სადაც გადასვლა არ შეიძლება. მინდა იცოდნენ, რომ ქუჩის დანაგვიანება სირცხვილია.

- შვილებს ხშირად ნახულობ?

- კვირაში ორი დღე ჩემთან არიან, ასე შევთანხმდით, ისედაც მაქვს ურთიერთობა ტელეფონით, ინტერნეტით.

- როგორ მიიღეს შვილებმა ის, რომ მათი მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ?

- ადეკვატურად. მთავარია, სწორად აუხსნა ბავშვებს. ხვალ და ზეგ რა იქნება, ეს მშობლების უნარიანობასა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ამას წინათ სწორედ ამ თემაზე ვმსჯელობდი მეგობრებთან ერთად. ოჯახი კუნძულზე რომ ცხოვრობდეს და მშობლები გაიყარონ, მაშინ თუ იქნება ბავშვებისათვის ეს ტრავმა. არ იქნება, რადგან არავინ წამოაძახებს მათ, რომ დანგრეული ოჯახის შვილები არიან. საზოგადოებაა ამაში დამნაშავე.

- შეიძლება, შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი გკითხო?

- რესურსი, რაზეც ოჯახი უნდა იდგეს, ამოიწურა. ეს იყო მთავარი მიზეზი. მეტეორი არ დასცემია ჩვენს ოჯახს. მას მერე ორი წელი გავიდა. ახლა იოლია ამ თემაზე საუბარი ჩემთვის.

- ამ რესურსს სიყვარული ჰქვია?

- ამ რესურსს ჰქვია ყველაფერი, რაზეც გამართული ოჯახი უნდა იდგეს, მათ შორის სიყვარულიც.

- დასასრულ, შეცდომებზე გკ­ითხავ, თუ გაქვს ისეთი შეცდომა დაშვებული, ხშირად რომ გახსენდება?

- უკან რომ დავბრუნებულიყავი, ალბათ უფრო მეტ ენერგიას ჩავდებდი ჩემს პროფესიულ წინსვლაში, თვითდინებით აღარ ვივლიდი. რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული, არის ის, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე არ მივიღე განათლება საზღვარგარეთ იმ სფეროში, რა სფეროშიც დღემდე ვარ.

- რას აკეთებს დღეს ნიკა ქავთარაძე?

- ილიას უნივერსიტეტში ვმუშაობ, რამდენიმე ინტერნეტპროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი გახლავართ. ახალ მედიაში ვიმკვიდრებ ადგილს, ამიტომაც ვაქტიურობ სოციალურ მედიაშიც. ამიტომ "ფეისბუქი" ჩემი ცხოვრების წესი გახდა. ეს არის სივრცე, სადაც აზრს გამოვხატავ.

- ტელევიზიაში აღარ გამოჩნდები?

- გადავწყვიტე, არ ვიყო ტიპი, რომელიც ტელეეკრანზე გამოჩენაზე მიზანმიმართულად "ჩალიჩობს". თუ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იქნება, სიამოვნებით დავთანხმდები.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები