გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს

გიორგი ზერეკიძე არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს

21 წლის გიორგი ზერეკიძე 13 იანვარს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. ის 14 წლის იყო, როცა პირველად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გიორგი 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს და გამოძიებამ მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად. თუმცა, სინამდვილეში ეს უბრალოდ მცირე შელაპარაკება იყო, რომლის დროსაც დაზარალებულს სხეულზე მცირე განაკაწრი აღმოაჩნდა. ასეთი შემთხვევები მოზარდებს შორის ხშირია, კარგია ეს თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ ამგვარი მძიმე განაჩენით ადამიანის დასჯა არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მამამ თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ეგონა, ბავშვს უბრალოდ გააფრთხილებდნენ, სიტყვიერად დასჯიდნენ, მაგრამ ის იქ იმავე დღეს დატოვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან მაღალჩინოსნები მას კრიმინალად მოიხსენიებდნენ და წაყენებულ ბრალდებას სამართლიანად მიიჩნევდნენ. მისი დაკავება უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვის და ეს ყველაფერი მოზარდების ფსიქოლოგიაზე იყო გათვლილი.

თავიდან ითქვა ათი წელი, შემდეგ კი სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა ასეთი დაუნდობელი განაჩენი გააპროტესტა და საქმე სტრასბურგში გაასაჩივრა. დაკავებულის მშობლებს სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ოჯახმა საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერა და ზერეკიძეები სტრასბურგში საბუთების გამოსატანად ჩაფრინდნენ. გიორგის მამა - მამუკა ზერეკიძე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინეს. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, 16 აგვისტოს, რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. არადა, გარდაცვლილს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და კისრის არეში. მოგვიანებით მამუკა ზერეკიძის მეუღლის, ლიკას მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა და არსად იყო დენის კვალი.

2010 წლის დეკემბერში გიორგი ზერეკიძე გათავისუფლდა. მან ბოლომდე მოიხადა ის სასჯელი, რაც საბოლოოდ მის საქმეში ეწერა, მაგრამ როგორც მოგვიანებით დედამისმა გვითხრა, მოზარდს ორ თვეში პროვოკაცია მოუწყვეს და ხულიგნობის ბრალდებით ისევ შეაბრუნეს ციხეში. ამჯერად მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. რატომ დააბრუნეს გიორგი კვლავ გისოსებს მიღმა, ამაზე მას თავისი ვერსია აქვს. ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც საპატიმროებში არასრულწლოვანთა უფლებებს დაიცავს. გამოვლილი წლების შემდეგ, გისოსებს მიღმა მყოფი არასრულწლოვნებისა და მათი შემდგომი რეაბილიტაციის თემაზე პროექტი დაწერილი აქვს და პროფესიონალი ადამიანების შემოკრების შემდეგ ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს...

- გიორგი, საზოგადოების ნაწილს აქვს ეს შეკითხვა და უნდა გკითხო, როგორ მოგენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი?

- გასული წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, საქართველოს პარლამენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტერიუმებით, პოლიტპატიმართა რიც­ხვი განსაზღვრა. 190 პირს პოლიტპატიმრის სტატუსი მოგვანიჭა და ეს დაეყრდნო ხუთ ძირითად კრიტერიუმს. რასაკვირველია, განსაზღვრებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, როცა პირი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, მაგრამ მე პირველი დაკავებისას 14 წლის ვიყავი და შესაბამისად, არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ გაწევრებული. მეორე მომენტი იყო ჩემი ოჯახი - დედ-მამა, ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ თანამშრომლობდნენ, მაგრამ ოპოზიციური პარტიების აზრს იზიარებდნენ. ჩემ შემთხვევაში დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა "კრიმინალი" მიწოდა. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. დეტალები იურისტებმა უკეთ იციან და იმ კომისიამ, რომელმაც სტატუსი განგვისაზღვრა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი საქმე მოხვდა იმ სამ კრიტერიუმში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებითაა მიღებული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც 1-ელ ოქტომბერს გაბედულად დააფიქსირა თავისი პოზიცია და არჩევანი გააკეთა სიკეთესა და ბოროტებას, მონობასა და თავისუფლებას შორის. ასევე მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უმოკლეს დროში შეძლო ფაშისტური რეჟიმის შეცვლა. ასევე მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენს საქმეებზე იმუშავეს, განსაკუთრებით ეკა ბესელიას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სამართლიანობის აღდგენაში.

- სტუდენტი ხარ, როგორც ვიცი...

- დიახ. 14 წლის ასაკში, 2006 წლის 6 იანვარს დამაკავეს და გამათავისუფლეს 2010 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ სანამ გამათავისუფლებდნენ, ეროვნული გამოცდები ჩავაბარე. არ ეგონათ, რომ მე ეროვნულ გამოცდებს დავძლევდი და ფიქრობდნენ, ჩავიჭრებოდი. ასე არ მოხდა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ეს პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ რაც უსამართლობა გადამხდა, მინდოდა, ამ ნაბიჯის მეშვეობით სამართლიანობა და კარგი საქმე მეკეთებინა. მაშინ დიმიტრი შაშკინი კოლონიაში მოვიდა და ღია ეთერში განაცხადა, რომ გათავისუფლდებოდა ყველა ბავშვი, ვინც ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებდა. სამინისტროში ფორიაქი ყოფილა, როგორ გადაეგზავნათ ჩემი საბუთები პრეზიდენტთან, რადგან ჩვენი გათავისუფლება მისი შეწყალების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. პროცესი დროში გაიწელა. 2010 წლის 9 სექტემბერს თეა თუთბერიძემ გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ მე პოლიტიკური ინტერესების გამო ვიყავი დაკავებული და ჩემ გამო სხვებსაც არ უშვებდნენ. თუმცა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სხვა ბავშვები გაათავისუფლეს და მე არა, სასჯელი ბოლომდე მოვიხადე. როცა გამოვედი, ვაპირებდი სწავლას და სამოქალაქო საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას. მინდოდა, ის ინფორმაცია, რაც ციხის შიგნით მქონდა, საჯარო გამეხადა. როგორც ვიცი, ეს მათ ყურამდე მივიდა, ადეიშვილმა ჩემი უბნის პოლიციის უფროსთან დარეკა და უთხრა, რომ მე ისევ უნდა დავეჭირე. განაჩენში წერია, რომ ჩხუბი ჩემს ეზოში, მეზობლებს შორის 20 იანვარს მოხდა, მაგრამ მე დამიჭირეს 10 თებერვალს. სასამართლოზე ერთ-ერთმა ე.წ. დაზარალებულმა თქვა, რომ მე ხელი დამარტყა და შემდეგ მე გავარტყი. თუ ჩვენი ქმედებები ერთმანეთს ჰგავს და იდენტურია და ამას ღიად აფიქსირებს, მე რატომ გამიშვეს 8 წლით ციხეში და რატომ დარჩა ის თავისუფალი?! ეს უბრალოდ პროვოკაცია იყო. იმ დღეების განმავლობაში, რაც 20 იანვრიდან 10 თებერვლამდე გავიდა, მე უნივერსიტეტში დავდიოდი და ჩემი გეგმების შესახებ სხვადასხვა ადამიანთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი. როცა დამიჭირეს, წამომიყენეს ხულიგნობისა და ქონების დაზიანების ბრალდება. ვერ ვხვდებოდი, რატომ დამაკავეს, მაგრამ ზერეკიძეების გვარის აქტიურობა ძალიან არ მოსწონდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი, ჩემი საქმის სტრასბურგში გასაჩივრება - ეს ყველაფერი არ აწყობდათ, აშინებდათ.

- ჯამში სულ რამდენი წელი იყავი დაკავებული?

- შვიდი. ალბათ ძალიან რთულია, როცა 14 წლის ასაკში გაპატიმრებენ, მაგრამ ჩემი ოჯახის, მეგობრების მხრიდან დიდი მხარდაჭერა მქონდა. მინდოდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ცხოვრება სწორად წარმემართა. მახსოვს, ერთხელ ლიკამ, დედაჩემმა მითხრა, შენი მიკროსამყარო შექმენიო და მართლაც ასე მოხდა.

- არასოდეს გქონია განცდა, რომ არაფერი შეიცვლებოდა, ან უბრალოდ, უიმედობა არ გიპყრობდა?

- კი, ძალიან ხშირად მქონდა დეპრესიული მომენტები. ასეთი განცდები ციხეში ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ საპროტესტო აქციები რომ დაიწყო და თანატოლები გვერდში დამიდგნენ, ეს მაშინ ჩემთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. დადებითად იმოქმედა. დავინახე, რომ მათ ვჭირდებოდი, როგორც ადამიანი, მეგობარი და სურდათ, თავისუფალი ვყოფილიყავი. ამან დიდი როლი ითამაშა ჩემთვის.

- როგორი იყო შენი ერთი დღე ციხეში?

- რუსთავის #17 დაწესებულებიდან გავთავისუფლდი. ციხეში სულ ფიქრობ, წიგნს კითხულობ, წერ, ცდილობ, სულ რაღაც საქმით ხარ დაკავებული. არჩევნების შემდეგ პრესა შემოდიოდა, მაგრამ მანამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით. უფრო სწორად, მხოლოდ სამთავრობო არხები გვქონდა ჩართული და მათი ყურებისას ციხეშიც კი ბედნიერი სახით ივლიდი (იღიმის). არჩევნების შემდეგ სხვა არხებიც ჩართეს. ციხეში ერთი დღე?! ძალიან სევდიანია. მაინც დათრგუნვილი ხარ და გარე სამყაროზე ფიქრობ. საკანში 9 ადამიანი ვისხედით, რომელთა შორის ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ამ თვალსაზრისით უკეთესი მდგომარეობა მქონდა. ერთად გავთავისუფლდით: მე, ლევან გოგიჩაიშვილი, მელორ ვაჩნაძე, ვახტანგ მაისაია, შალვა გოგინაშვილი... ჩვენ ერთ ზონაში ვიყავით, სხვადასხვა საკითხზე ვმსჯელობდით. ეზოში გასვლის საშუალებაც გვქონდა.

- რა ინფორმაცია გაქვთ ცი­ხეში მომხდარი გახმაურებული ფაქ­ტ­ების შესახებ? ფიზიკურ ზეწოლაზე და ა.შ.?

- ფიზიკური ზეწოლა ჩემზე არასდროს განხორციელებულა. იცოდნენ, ამას რა გამოხმაურებაც მოჰყვებოდა და ვერ ბედავდნენ, მაგრამ ჩვენ, ვინც გლდანის ციხე გამოვიარეთ, ყველამ ვიცით, როგორ ხდებოდა იქ კარანტინის დაშლა. იქ გაუსაძლისი პირობებია. როცა ადამიანები გლდანის ციხეში ხვდებიან, მათ ჯერ 30-40 კაცს 6-კაციან საკანში ათავსებენ და იქიდან ანაწილებენ კორპუსებში. ეს კვირაში ერთხელ ხდება და მორიგ ჯერზე მეც იქ ჩამიყვანეს, რომ მეყურებინა, როგორ ურტყამდნენ პატიმრებს. გლდანის ჯალათები სრული შემადგენლობით ჩამოდიოდნენ, თითო-თითო პატიმარი გამოჰყავდათ, წრეში აქცევდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ვინც წაიქცეოდა, იმას უფრო ურტყამდნენ, გონების დაკარგვამდე მიჰყავდათ. ორ თანამშრომელს ხელებით ვეკავე და ვუყურე, 120 კაცს როგორ სცემეს და ეს რიცხვი იქიდან მახსოვს, რომ ერთმანეთში თქვეს, დღეს ზევით 120 კაცი აგვყავსო. ვცდილობდი, თვალებზე ხელები ამეფარებინა და ყურები დამეფარა, რომ იმ განწირული ადამიანების ყვირილის ხმა არ გამეგო. ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ალბათ ჯობდა, ერთხელ მათთან ერთად მეც ვეცემე. რაც შეეხება გაუპატიურებისა და ცოცხების თემას, პირადად ჩვენ არ გვინახავს, მაგრამ კადრების გასაჯაროებამდე ეს ცნობილი იყო თქვენთვის, ჩვენთვის და ამაზე სულ ლაპარაკობდნენ, უბრალოდ, ტელევიზიით ნანახმა საზოგადოებაზე სხვანაირად იმოქმედა. ეს არ იყო ციხე, არამედ საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც დაკავებულებს ადამიანებად არ აღიქვამენ, მათ კლავენ და უსწორდებიან ფიზიკურად, მორალურად, ზნეობრივად, ყველანაირად ანადგურებენ.

- გიორგი, დედაშენი, ქალბატონი ლიკა, ძალიან გედგა მხარში...

- კი... შინ დარეკვის საშუალება ყოველდღიურად მქონდა, მაგრამ როცა სხვა გელოდება, დროს უფრთხილდები. შეხვედრა თვეში ერთხელ შეგვეძლო, მაგრამ არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ყოფნისას სატელეფონო კავშირი შეზღუდული არ მქონდა და ჩვენ ყოველდღიურად 4-5 საათიც კი გვილაპარაკია. მაშინ თავად არ ვკითხულობდი, მოგვიანებით დავიწყე კითხვა და დედა ტელეფონში რაღაცებს მიკითხავდა ხოლმე. ხან ამონარიდებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან, ხანაც მთლიანად. ლიკა ჩემი ფსიქოლოგიც იყო და მეგობარიც. მან განსაზღვრა ჩემი მომავალი ცხოვრება.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ