გოჩა კელენჯერიძე: "არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!"

გოჩა კელენჯერიძე: "არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლმა გოჩა კელენჯერიძემ, ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების გამო, 1997 წლის 16 ივნისს იძულებით დატოვა საქართველო. მას ესპანეთის სამეფომ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი. 2004 წლიდან კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. მცირე ხნით მუშაობდა მთარგმნელად ესპანეთის ლტოლვილთა ოფისში, შემდეგ მადრიდის ჯანდაცვის სისტემაში. 2001 წლიდან არის ესპანეთის შსს-ს ექიმი, მადრიდის ექიმთა კოლეგიისა და "ამნესტი ინტერნაციონალის" ესპანეთის სექციის წევრი.

ბატონ გოჩას ესპანეთში დავუკავშირდით და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ვთხოვეთ:

- წლების განმავლობაში არ მასვენებდა ფიქრი ჩემს ქვეყანასა და ხალხზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე საქართველოში, რადგან ამ პერიოდში ხორციელდებოდა ქართველების ძარცვა და გენოციდი. ჩემი ვალი იყო, ისე მეცხოვრა უცხოეთში, როგორც კეთილი ნების ადამიანს შეეფერება, ვფიქრობ, ეს შევასრულე და ამის მოწმე ჩემი ესპანელი მეგობრები არიან... მახსოვს, 2008 წლის აგვისტოს ომი პირდაპირ ეთერში რომ იხილეს, ესპანელმა მეგობრებმა გაოგნებულებმა მკითხეს - თქვენი პრეზიდენტი გიჟიაო?! წარმოუდგენელია, საკუთარი ერი ასეთ საფრთხეში ჩააგდო, ამას დამპყრობლებიც არ უკეთებენ დაპყრობილ ხალხსო! ვპასუხობდი, - ბატონებო, ეგ ინდივიდი ჩემი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის, ის არის ოკუპანტი, ავანტიურისტი, ქართველთმოძულე და ბოროტი ჯამბაზი, თანამედროვე ჰიტლერი, მისი ტელევიზიები მთელი დღეა, ჰიტლერის ფრაზებს ციტირებენ-მეთქი. ეს ყველაფერი დაბომბვების ფონზე ვთქვი და ყველა დამეთანხმა, მამხნევებდნენ და ლოცულობდნენ...

ყველა დროისა და რჯულის დამპყრობელი იყო გაერთიანებული ამ ანტიადამიანურ რეჟიმში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია და რომელმაც საქართველო დაცალა ქართველებისგან, რეპრესიები მოუწყო ქართულ ეკლესიას. ის, ვინც გაბედავს და პატრიარქს დაუყვირებს, პარლამენტში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს! ნაცმოძრაობის პროვინციული ფაშიზმი ეფუძნებოდა აპარტეიდს და არა რასიზმს, განსხვავებით ჰიტლერული ფაშიზმისაგან. სააკაშვილის რეჟიმის მეთოდები ევროდეპუტატებმა სამართლიანად მიიჩნიეს ნეოლენინიზმად. სააკაშვილის რეჟიმმა ანტისახელმწიფოებრივი განზრახვით გადაიტანა პარლამენტი თბილისიდან, გაანადგურა ქართული კულტურა, ისტორია, ღირსება, რჯული... ებრძოდნენ ყველას და ყველაფერს, რასაც ქართველი და ქართული ჰქვია, მათ შორის, გოგებაშვილის "დედაენას", ილიას, ვაჟას... ვაცხადებ და როგორც ექიმი მოვითხოვ საზოგადოებისათვის საშიში მანიაკისა და ჯალათი დიქტატორის, სააკაშვილის დაუყოვნებლივ დაპატიმრებას! არ შეიძლება ფაშიზმთან კოჰაბიტაცია!

1-ლი ოქტომბრის არჩევნებით საფუძველი ჩაეყარა რევოლუციურ ცვლილებებს, რომელსაც შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. საქართველო გათავისუფლდა ჯოჯოხეთური ნაცტირანიისგან, ახლა ნაცჭირისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. საქართველოში გაჩნდა პერსპექტივა, აღდგეს სამართლიანობა. ყველა ქართველს აქვს საკუთარ მიწაზე ბედნიერი, მშვიდი, ღირსეული ცხოვრების უფლება. ქართული დემოკრატია ჩვენვე უნდა მოვიპოვოთ და დავიმსახუროთ და ამ საქმეში არა მარტო წარმატებას ვუსურვებ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ვეცდები, ამაში წვლილი მეც შევიტანო!.. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ისიც, რომ 20 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება ქართულად ლაპარაკობს... ჩემი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილისადმი მხოლოდ ფხიზელი კრიტიკაა, რაც შორსაა მლიქვნელთა ტაშისგან. იგი ბრძნულ ქართულ პოლიტიკას ახორციელებს, არის თავისუფალი ადამიანი და ამიტომ არ უფრთხის გონივრულ კრიტიკას.

- ახალ მინისტრთა კაბინეტს როგორ შეაფასებთ?

- პირველ რიგში, დედაქალაქის მერი არ შეიძლება იყოს ნაცჯალათი უგულავა. თბილისის მერიას არანაკლები ძალა და გავლენა აქვს, ვიდრე ბევრ მინისტრს რეალურ ცხოვრებაში. ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული ფრთის ლიდერები არიან. დიასპორის მინისტრი, ბატონი კოტე სურგულაძე არჩევნების წინა პერიოდში მადრიდში გავიცანი. სხვა მინისტრებს პირადად არ შევხვედრივარ და ყველას გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას საქართველოსთვის სასიკეთო ყველა საქმეში. მხოლოდ ბატონ სოზარ სუბარზე მინდა შევაჩერო ყურადღება და კიდევ ერთხელ მივმართო მას, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანური ციხის შექმნა შესაძლებელია და ამისათვის მხოლოდ იმის დაჯერებაა საჭირო, რომ პატიმარი ადამიანია! სიკეთეს ვუსურვებ სუბარს, როგორც ადამიანს, მაგრამ ჩემი პროფესიული სინდისი და ქართული ციხეების სავალალო ყოფა მავალდებულებს განვაცხადო, რომ ის, როგორც მინისტრი, არაკომპეტენტურია, რაც არ შეიძლება დადებითი შედეგის მომტანი იყოს!..

- სააკაშვილი და მისი გუნდი იქადნიან, რომ ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან...

- ჯერ კიდევ ნაცების განკარგულებაშია თბილისის მერია, ასევე, მიშას ამნისტიით შერჩეული ასობით კრიმინალი, საელჩოების ნაწილი და თვითონ პრეზიდენტის სავარძელი, ბოკერიას უშიშროების საბჭო, კრიმინალი კუბლაშვილის ანტიადამიანური სასამართლო... შეხედეთ, როგორ ამწვავებს სააკაშვილი ვითარებას და შეგნებულად ყოფს ქართველებს ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად. ნაცმოძრაობას ახლა უფრო მეტად აქვს გახსნილი ხელ-ფეხი ბარბაროსობის ჩასადენად, რაზეც პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ნაციონალებს არ შეუძლიათ თანამდებობების გარეშე ცხოვრება, ისინი სისხლიან ნაც­რევანშს ამზადებენ და ყველას პატივისცემის მიუხედავად, ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ მათი ქადილი ტყუილია და ნაცბანდა ვეღარ მოახერხებს შურისძიებას. მათი შეჩერება მხოლოდ ხალხს შეუძლია. ნაცბანდა უნდა აიკრძალოს საქართველოში - მიშა საშიშია!

- სააკაშვილს ახლოს იცნობთ?

- სააკაშვილს ახლოს ვიცნობ როგორც სპეციალისტი კრიმინოლოგიური ფსიქოანალიზისა და მინდა, ყვირილით გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება და ყველა ქართველი, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ქართველთმოძულეს იზოლირება. სააკაშვილს ქართველების სისხლი სწყურია, სძულს ადამიანები... ქართველი ფსიქიატრების დუმილი ქვეყნისა და ექიმობის ღალატია!.. მიშა გიგა ბოკერიას ბანდის წევრი იყო 1991 წლიდან. ის აქტიურად ებრძოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართულ სტრატეგიას. მიშას პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი მკურნალობა შემიძლია მაო ძე დუნის პალატაში. ახლოს ვიცნობ და ზედმიწევნით ახლოს მიცნობენ ტერორისტები: გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე და სხვები. სწორედ ისინი იყვნენ და არიან ჩემი რეაბილიტაციისა და დაბრუნების წინააღმდეგნი. 1992 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გიგა ბოკერია სიცხიანი გურუსავით, ხმამაღლა გაჰყვიროდა, რომ მე ყველაზე საშიში ვიყავი...

- რატომ?

- ამ კითხვას აუცილებლად გაეცემა პასუხი სამართლიან გარემოში. ერთს კი ვეტყვი, გიგა, გოკა და გივი - მე დავბრუნდები!..

- ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას ეკა ხერხეულიძე თქვენი თანამებრძოლი იყო, დღეს კი ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერია...

- მე ვიცნობდი ეკა ხერხეულიძეს როგორც ქართველ სტუდენტს, სტუდენტთა საგაფიცვო კომიტეტის საკოორდინაციო საბჭოს წევრს. ჩვენ თანამებრძოლები ვიყავით. საქართველოდან ჩემი გამოქცევის შემდეგ კი იგი ბოკერიას ბანაკში მოხვდა. მე არ ვიცნობ მიშას მომხრე ეკა ხერხეულიძეს, მინდა დავიჯერო მისი გულწრფელობა, როდესაც ის მიშას ზვიადს ადარებს, მაგრამ ეს ჩემს ადამიანურ ძალებს აღემატება და ხმამაღლა ვაუწყებ მასაც და ყველას - მიშა ზვიადი არ არის, მიშა ანტიზვიადია, ზუსტად ისეთი, როგორიც შექმნა ცრუბრალდებებით იმ ინტელიგენციამ, იარაღი რომ აიღო ხელში 1991 წლის 22 დეკემბერს და ამისათვის შევარდნაძის მადლობა დაიმსახურა - მიშა მტერია და შენ მისი მსხვერპლი ხარ, ეკა!..

- აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?

- მე არც დიდი ექვთიმე თაყაიშვილი ვარ და არც კონსტანტინე სავარსამიძე. მე ვარ ქართველი დემოკრატი, რომელმაც იმ ცხოვრებით იცხოვრა, როგორც ქართველ დევნილს შეეძლო ეცხოვრა ჩვენს დროებაში. ჩემთვის არ წაურთმევიათ ძეხვის საამქრო ან სხვა რამ. ჩემი დევნილობა იმ პოლიტიკურმა იდეებმა განაპირობა, რომელთა განხორციელება შევფიცეთ დახვრეტილ სტუდენტებს. ეს არის: ბედნიერი და მშვიდობიანი საქართველო, ღირსეული დასაქმება, ემიგრაციის დაბრუნება, საყოველთაო ჯანდაცვა და ყველა სხვა დეტალებთან ერთად - შვედური სოციალურ-ეკონომიკური სისტემის დანერგვა. კაპიტალიზმი კრიზისშია და ბევრი დემოკრატი აღნიშნავს უკვე, რომ კაპიტალიზმი თვითონ არის კრიზისი. ანტიადამიანური და ველური ფორმა, რომლითაც ის საქართველოში ხორციელდება, მთავარი წყაროა უსამართლობისა. ჩემთვის პოლიტდევნილობა ბიზნესი და გართობა არ ყოფილა. ეს იციან ქალბატონმა ეკა ბესელიამაც და სხვა კომპეტენტურმა პირებმაც, რომელნიც სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ აუცილებლად აღიარებენ ედუარდ შევარდნაძის პოლიტპატიმრებს, პოლიტდევნილებსა და პოლიტდახვრეტილებს... მე დავბრუნდები! მანამდე კი - ჩემთვის ყოველი დღე საუკუნეა...

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გახარიას - "მიუღებელია, რომ "ოცნების" მიერ შექმნილი ფეისბუქ ანგარიშები დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას ავრცელებდნენ"

LIVE: თინა ხიდაშელი "ნიუსრუმში"