კომედიური გადაცემების სამიზნე

კომედიური გადაცემების სამიზნე

ბევრი მაყურებელი ალბათ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რა დიდ გავლენას ახდენს იუმორისტული გადაცემები ადამიანის ცნობიერებაზე. არადა, ხუმრობით - ხან შეფარვით, ხანაც პირდაპირ გაქილიკებით, პოლიტიკოსებსა თუ საზოგადოებისთვის სხვა ცნობილ ადამიანებზე კონკრეტული წარმოდგენის "გატარება" და მაყურებლის ცნობიერებაში ამ წარმოდგენის მყარად "დალექვაა" შესაძლებელი...

ეს საკითხი საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, არჩილ გამზარდიას ინტერესისა და კვლევის სფეროს განეკუთვნება, რომელიც კომედიური შოუების პროპაგანდისტულ მეთოდებზე საუბრისას არაერთი საგულისხმო ასპექტს შეეხო.

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ მედიაკვლევის პრეზენტაციაზე, მაყურებელთა პრიორიტეტების კვლევის მონაწილეებს ერთი შეკითხვა დავუსვი: ტელეკომპანია "რუსთავი 2" თავის გადაცემებში საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებს ასახავს თუ პირიქით - საზოგადოებრივი ინტერესი მხოლოდ მას შემდგომ ჩნდება, რაც "რუსთავი 2" ამ ინტერესთა სივრცეს წარმოადგენს? პასუხი იოლად გამოსაცნობი აღმოჩნდა: მაყურებლისთვის პრიორიტეტული თემები მხოლოდ მოვლენების გაშუქების შემდეგ ჩნდება და არა - პირიქით. ეს არის ცნობილი მეთოდი პროპაგანდისა, რაც ნიშნავს, რომ მედიასაშუალება თავისი არსით არის დაინტერესებული, იყოს წყაროების თემების გამტარი საინფორმაციო არხი და არა თვითმყოფადი საშუალება. ე.წ. "საახალამბო მოვლენით მანიპულირება" - არის საზოგადოებრივ სისუსტეებზე კარგად მორგებული, ხელოვნურად შექმნილი საინფორმაციო სპექტრი.

ასეთ დროს მაყურებელს მიეწოდება ე.წ. "დაგეშილი" ინფორმაცია არა განსჯისათვის, არამედ განსჯის გარეშე გონებაში ჩასაბეჭდად. თანამედროვე მედიის, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი საშუალების სრულ პროგრამულ ბადეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ე.წ. იუმორისტულ გადაცემებს, რომლებსაც პროპაგანდის თვალსაზრისით, არანაკლები როლი აკისრია, ვიდრე საინფორმაციო გამოშვებებს. ეს არის მესიჯთა ანუ შეტყობინებათა მთელი სისტემა, რომელიც რიგით მაყურებელზე სხვადასხვა ფორმით მოქმედებს და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ახდენს. ალბათ დააკვირდებოდით - "კომედი შოუს" ძველ სკეტჩებში იშვიათად გვხვდებოდა პოლიტიკური მოვლენების ასახვა და ძირითადად მხატვრულ რეალობაზე იყო აგებული.

- ახლა რა შეიცვალა?

- ახლა მათი მხატვრული რეალობა მკვეთრად პოლიტიზებული გახდა. გადაცემის თითქმის ყველა სკეტჩი არის პოლიტიკური შეტყობინებების ნაკრები, პირდაპირი ან ირიბი ფორმით; კიდევ უფრო პოლიტიზებული გახდა "ვანოს შოუ", ის თითქმის მთლიანად იქცა პროპაგანდისტულ გადაცემად. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის ეფექტიანობა უფრო დიდია: თუკი ნებისმიერ სხვა გადაცემას თავისებური ვალდებულება აქვს, ახსნას ესა თუ ის შეხედულება, რომელიც გადაცემაში გამოითქმება, ამ ე.წ. იუმორისტულ გადაცემებს მსგავსი ვალდებულება არ ეკისრება, ამიტომ ინფორმაციის მიმღები ამ პროპაგანდისტული ინფორმაციის ტყვეობაში ხვდება, მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად არის "შეფუთული" და მაყურებელსაც მიმზიდველი ფორმით მიეწოდება.

- თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა "კომედი შოუ" პოლიტიკური მესიჯების გაგზავნის მხრივ?

- არჩევნების შემდგომი რეალობის გათვალისწინებით, არაერთი გადაცემა არხისთვის "ზედმეტ ხარჯად" იქცა. ჩნდება შეკითხვა, - რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს დარჩენილი ამგვარ იუმორისტულ გადაცემებს? ბუნებრივია, რომ დარჩენილი გადაცემების ფუნქციაა, მოსახლეობას პროპაგანდა კიდევ უფრო მკვეთრად კონცენტრირებული ფორმითა და ოდენობით მიაწოდოს. იუმორის პოლიტიკა მაღალი რანგის პროპაგანდას წარმოადგენს. ეს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია და დიდი ხანია, არსებობს. საკმარისია გავიხსენოთ გამოჩენილი ამერიკელი მწერალი მარკ ტვენი, რომელიც მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ მედიას შეუძლია, უდიდესი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. მაგალითისთვის ერთ მოთხრობას გავიხსენებ, სადაც გადმოცემულია, თუ როგორ აქცია გმირად ამერიკულმა მედიამ და საზოგადოებამ არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, შემდეგ კი, გარკვეული კონიუნქტურის გამო, როგორ "ჩაქოლა" იმავე მედიამ და საზოგადოებამ ისე, რომ გამილიონერებულ ამერიკელ გმირს შიმშილით სიკვდილი დაემუქრა... ჩვენშიც იუმორის მეშვეობით გვკარნახობენ, რა უნდა მოგვეწონოს და რა - არა, ამიტომ, პროპაგანდის შედეგად, ჩვენი ქმედება ხდება არა "ჩვენეული და თავისუფალი", არამედ - მედიის მიერ ნაკარნახევი.

- კონკრეტულ მაგალითებს ვერ შემოგვაშველებთ?

- გავიხსენოთ "კომედი შოუს" ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სკეტჩი: შვილი ციხიდან ბრუნდება და მის გაჭირვებულ ოჯახში გარკვეული სიტუაცია თამაშდება. სხვადასხვა სასაცილო მომენტს შორის, ყოფილი პატიმარი ჰყვება, - ციხეში გვქონდა საჭმელიც, მოსასვენებელი ადგილიც და სხვა ტიპის ისეთი კომფორტიც, რომელიც რიგითი მოქალაქისთვის საოცნებოც კია. სიტუაცია იხატება ისე, რომ საბოლოოდ, სკეტჩის მეორე პერსონაჟი გადაწყვეტს, მეზობელი გალახოს, რომ ციხეში მოხვდეს... ამგვარად ჩნდება საზოგადოებრივი სტერეოტიპების მთელი წყება, რომელიც ჩვენში კონკრეტული წარმოდგენის ჩამოყალიბებას ემსახურება. ამ გადაცემის მთელი რიგი სიუჟეტები სწორედ ამგვარ კონცეფციაზეა აგებული. გახსოვთ ალბათ გადაცემა "დარდუბალა" და სერიალი "ჩვენი ეზო". ამ გადაცემის მიზანი ედუარდ შევარდნაძის რეპუტაციის მაქსიმალური შელახვა იყო. საბოლოოდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მაშინდელ პრეზიდენტს ლამის აღარავინ აღიქვამდა სერიოზულად - მის სახეში ყველა ხედავდა მულტსერიალის პერსონაჟს და არა - პრეზიდენტს.

- დღევანდელ ტელესივრცეში კიდევ ერთი იუმორისტული გადაცემა არსებობს - "ვასიკო ოდიშვილის ყოველდღიური აბები".

- ოდიშვილის გადაცემა უფრო სატირაზეა აგებული. თუ სხვა გადაცემაში ყურადღება გამახვილებულია რეალობის გადაფარვაზე, "აბები" უფრო რეალობის მხილებას მისდევს. ცხადია, სერიოზული კვლევის შემთხვევაში ლაფსუსების აღმოჩენა აქაც შესაძლებელი იქნება.

- რას იტყვით კომედიურ გადაცემებში ამა თუ იმ პოლიტიკოსის სახის შექმნაზე?

- 2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" ცოტა ხნის შემდეგ, შალვა რამიშვილმა "დარდუბალას" გაგრძელება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის მიმიკა გადმოცემული იყო ისეთი პათოსით, რომელიც საზოგადოებისთვის ახალი იყო, შემდგომ კი ამ გადაცემაში მისი სახე გაშარჟდა - შეიქმნა პრეზიდენტის ისეთი ტიპი, რომელიც ვერშემდგარი პიროვნებისა და დიქტატორის, მანიებით შეპყრობილი სუბიექტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. საინტერესოა ე.წ. პაროდიების საკითხებიც. მაგალითად: პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდიას რამდენიმე მსახიობი გვთავაზობს, მათ შორის - მამუკა ლომაშვილი ("იუმორინა") და გიორგი აფციაური ("კომედი შოუ"). თუ კარგად დააკვირდებით, "კომედი შოუში" პრეზიდენტი ყოველთვის გამარჯვებული და ძლიერია ანუ სწორედ ისეთი, როგორიც ამ გადაცემის პოლიტიკითაა განპირობებული, ხოლო ლომაშვილის პრეზიდენტი ცოტა გაურკვეველი და შეუმდგარი პერსონაჟია... კიდევ შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მაგალითი თანამედროვე პროპაგანდისტული სატირისა, მაგალითად - "ვანოს შოუ" და "როგორი-ხადურის" საკითხი, ან თუნდაც პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის თემა. შესაძლებელია, ზაქარია ქუცნაშვილის ვარცხნილობა თვალში არ გვხვდებოდა, მაგრამ როგორც კი იუმორისტული გადაცემის წამყვანმა გააშარჟა, მაყურებლისთვისაც სიცილის მომგვრელი გახდა არა მხოლოდ მისი ვარცხნილობა, მისი პიროვნებაც კი.

აქვე უნდა შევნიშნო, რომ პროცესი მით უფრო საგანგაშოა, რაც უფრო მდარე დონესთან გვაქვს საქმე. მაგალითად, არ შეიძლება განხილვის ობიექტი გახდეს ის, თუ როგორ დაისველა ენით ტუჩი პრეზიდენტმა - ამას ნებისმიერი ჩვენგანი აკეთებს დაღლილობის დროს. ეს ყველაფერი არის მახინჯი პაროდია, რომლის მიზანია, დაცინვის გზით ადამიანებზე ზემოქმედება. არსებობს გაშარჟების ორი ვარიანტი: როცა ამ ხერხით ადამიანები აზროვნებას იწყებენ და, პირიქით - წყვეტენ. გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!" მაშინ იუმორს, სატირას იყენებდნენ იმისთვის, რომ ემხილებინათ და საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ უარყოფითი მოვლენა. ამის შედეგი ის იყო, რომ ადამიანი აზროვნებას იწყებდა. ახლა "იუმორის" შედეგი ის არის, რომ ადამიანი აზროვნებას წყვეტს, - რასაც მიაწვდის ტელევიზია, იმას იღებს მომხდარ ფაქტად.

- გასართობ შოუებზე რას იტყვით?

- მაგალითად, "ნანუკას შოუ" სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ. მას ჰყავდა ძლიერი სპონსორები, აკეთებდა ე.წ. აპოლიტიკურ შოუს და შეიძლება ითქვას, თავისთვის ერთობოდა. ამ გადაცემაში უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა. რაც შეეხება "პროფილს", ამ გადაცემას შეგნებითა და აზროვნებით ყველაზე უვიცმა ადამიანმაც კი გაუსწრო... თუმცა ორივე ცდილობდა, ასე ვთქვათ, მაყურებლების ზომბირება მოეხდინა, გადაეტანა ყურადღება აქტუალურიდან მეორეხარისხოვან საკითხებზე.

- ბოლოს, რას ურჩევთ მაყურებელს, საზოგადოებას?

- პირველ რიგში, აუცილებელია, ასეთი ინფორმაცია სწორად მივიღოთ და მეტ-ნაკლებად "ვფილტროთ", ჩვენზე ზემოქმედება რომ არ იყოს იოლი. მეორე მხრივ, მედიასაშუალებებმა, რომლებიც მედიის კლასიკური როლის მორგებას ცდილობენ, აქტიურად უნდა იმუშაონ ასეთი საკითხების გაშუქებაზე. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ფსიქოლოგიური დაცვა, ვეცადოთ, რომ ადამიანებმა არ მიიღონ ის იუმორი, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული. რაც უფრო ძლიერია საზოგადოება, მით მეტად აკონტროლებს მედიას.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები