ვახო სანაია: "ვინც ამ კასეტას ახსენებდა, უკვე გამოძიებასთან ისაუბრებს"

ვახო სანაია: "ვინც ამ კასეტას ახსენებდა, უკვე გამოძიებასთან ისაუბრებს"

ჟურნალისტი ვახო სანაია ტელეკომპანია "იმედს" უბრუნდება. თებერვლის შუა რიცხვებიდან არხის ეთერში გავა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ "ღია ეთერი", რომლის ავტორიც და წამყვანიც ვახო სანაია იქნება. ტელეჟურნალისტს მიაჩნია, რომ მის კარიერაში საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.

- ჩემი აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ძალზე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და უხეში ჩარევით გააჩერა ყველა გადაცემა. მიზანი იყო, რომ კონკრეტულად ჩემი გადაცემები არ გასულიყო ეთერში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ჭანტურიასთვის პრობლემა აღმოვჩნდი, მიიჩნევდა, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი ამ არხზე, რადგანაც ვერ მოახერხებდა გადაცემა "რეპორტაჟში" ჩარევას. რაც შეეხება გადაცემა "ევროპულ არჩევანს", ის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ფინანსდებოდა, ამიტომ ძალიანაც რომ მოენდომებინა, ვერ ჩაერეოდა. "ევროპულ არჩევანში" მომდევნო თემა ეხებოდა ქართულ მედიას, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამიტომ სასწრაფოდ დახურეს, ეს გადაცემა ეთერში რომ არ გასულიყო.

- მანამდეც ერეოდა გია ჭანტურია სარედაქციო პოლიტიკაში?

- ჭანტურია ყოველთვის გაუ­რბოდა ჩვენგან ახალი იდეების წამოწევას, ამისათვის არასდროს იყო მზად. გია ჭანტურია არ არის უნიჭო ადამიანი, მაგრამ ტელევიზიის მართვისგან ძალიან შორსაა, ეს არ არის მისი საქმე, ჭანტურია არ იყო კარგი მმართველი, მენეჯერი, ამიტომაც გაურბოდა ჩვენთან შეხვედრებს. რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, ტყუილს ვერ ვიტყვი, არასდროს ჩარეულა.

- თუმცა ითქვა, რომ თქვენი გადაცემის დახურვა განპირობებული იყო კონტრაქტის პირობების დარღვევით და გენდირექტორთან უთანხმოებით...

- როდესაც იურისტები მოიყვანეს, მათ ერთი საბაბიც კი ვერ იპოვეს, რის საფუძველზეც უნდა დავეთხოვეთ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. შეხვედრა ხელმძღვანელობისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა და გამოჩნდა მათი არაკომპეტენტურობა, განსაკუთრებით - გენერალური დირექტორის. ყველაფერს იმას ვუკავშირებ, რომ მე და ჩემი თანამშრომლები ჩავედით პირველი არხის წინ გამართულ აქციაზე და ჩემი აზრი გამოვთქვი. ეს იყო სტუდენტების აპოლიტიკური აქცია. ისინი აპროტესტებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცუდ მუშაობას, რადგან არხმა პატიმრების წამების ამსახველი ერთი კადრიც კი არ აჩვენა. ვფიქრობ, რომ პირველ არხს უნდა გაეშუქებინა ეს პროცესი.

- არხის ხელმძღვანელობასთან თუ გამოთქვით უკმაყოფილება?

- მე ვთხოვდი არხს, რომ სასწრაფოდ მოგვეწყო ტოქშოუები ამ თემაზე, მაგრამ არ შეისმინეს. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ არჩევნების შემდეგ გია ჭანტურიამ ჩვენი გათავისუფ­ლება გადაწყვიტა. მანამდე კი მთავაზობდა დასვენებას. ოღ­ონდ ეთერში არ გავსულიყავი და ხელფასისა და კონტრაქტის შენარჩუნებასაც დამპირდა. როდესაც უარი ვთქვი, ჩემი გადაცემები გააჩერა.

- ვახო, თქვენ და ეკა კვესიტაძემ განაცხადეთ, რომ თუ არ დააკმაყოფილებდნენ თქვენს მოთხოვნებს, არხს დატოვებდით. თქვენ დატოვეთ არხი, ეკა კი დარჩა. რატომ?

- მე და ეკა შეთანხმებულად არ ვმოქმედებდით. მან და ჭან­ტურიამ ილაპარაკეს, თუმცა არ ვიცი რაზე და არც მაინტერესებს. ფაქტია, ამის შემდეგ კვესიტაძე ერთი თვით წავიდა აშშ-ში, იქიდან ჩამოსვლის შემდეგ კი ეთერშია.

- თქვენ კი დაგითხოვათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭანტურია თბილისის მერის მსგავსად ცდილობდა სხვების "დასაქმებას", როცა მძღოლებად გააფორმა გოგოლა კალანდაძე და მალხაზ ქვრივიშვილი...

- ეს ამბავი, თუ არ ვცდები, საზოგადოებრივ მაუწყებელში საგამოძიებო სამსახურის შესვლის შემდეგ გახდა ცნობილი და როცა კომისია საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს, ალბათ, უფრო საინტერესო ამბებს შევიტყობთ. მაშინ, როდესაც ადამიანები არხზე 24 საათს მუშაობენ, ძალზე დაბალი ანაზღაურება აქვთ და შეიტყობენ, რომ გაფორმებული ხალხი, ე.წ. მკვდარი სულები, მაღალ ხელფასებს იღებდნენ, ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს ტელევიზიაში?

- ამართლებს კი სახელს საზოგადოებრივი მაუწყებელი და აკმაყოფილებს დამკვეთის - საზოგადოების მოთხოვნას?

- რა თქმა უნდა, ეს არ იყო ის საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორიც ყველას გვსურდა. დღესაც არ არის უკეთესი. ჩემი აზრით, იქ ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს და მოხდება კიდეც, ამის ნიშნები არის და ამას მივესალმები, როგორც ყოფილი თანამშრომელი, მოქალაქე და ჟურნალისტი. რაც უფრო მეტი პროფესიონალი ჩაერთვება ამ პროცესში და გამოხატავს თვალსაზრისს, პროცესი კი გამჭვირვალე იქნება, წაადგება არხს. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვინდა.

- "იმედის" ეთერში მეორედ მოსინჯავთ ძალებს...

- ტელეკომპანიამ საინტერესო პრო­ექტი შემომთავაზა და დავთანხმდი. მიმაჩნია, რომ ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. მე იქ სხვა "იმედი", ძალიან კარგი გუნდი და ჯანსაღი ვითარება დამხვდა.

თავის დროზე "იმედზე" დავტოვე საკმაოდ რეიტინგული გადაცემა, რადგან, როგორც გაირკვა, მე და არხის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას სხვადასხვაგვარად გვესმოდა ჟურნალისტიკის პრინციპები. თუმცა ეს უკვე წარსულია, რაც იყო, იყო. ახლა მომავალზე ვარ კონცენტრირებული. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუ "ღია ეთერი" თებერვლის შუა რიცხვებიდან გავა და ვიმსჯელებთ კვირის მთავარ თემაზე. "ღია ეთერი", მოგეხსენებათ, "იმედის" ბრენდია.

- ტოქშოუში, ალბათ, რეზონანსულ მკვლელობებზეც ისაუბრებთ. მათ შორის, თქვენი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, რომელიც გახსნილად არ ითვლება. თუ შეიტანა ოჯახმა პროკურატურაში განცხადება საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით?

- ბატონმა არჩილ კბილა­შვილმა განაცხადა, რომ ეს პროცესი თებერვლიდან დაიწყებოდა. თებერვალიც დადგა და ვამზადებთ სარჩელს. 11 წელია, ამ თემაზე ლაპარაკისა და ფიქრის მეტს არაფერს ვაკეთებ. სულ ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ეს მკვლელობა არ არის გახსნილი. უფრო მეტიც - დანაშაულებრივად არის გამოძიებული. თვითონ გამომძიებლებმა ჩაიდინეს დანაშაული - ფაქტები დაამახინჯეს და მიჩქმალეს. ამიტომაც მიმყარდება ეჭვი, რომ ეს იყო პოლიტიკური და შეკვეთილი მკვლელობა, რომელსაც სჭირდება ხელახლა გამოძიება. ვინც რაიმე ფორმით იყვნენ ამ საქმეში გარეულნი და ვინც გადაცდომა თუ დანაშაული ჩაიდინა, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ნურავის ექნება იმედი, რომ წყლიდან მშრალი ამოვა! ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ და სათანადოდ დაისაჯონ როგორც დამკვეთები, ისე - შემსრულებლები. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვიკავებდი თავს კონკრეტული გვარების დასახელებისგან. დაიწყება გამოძიება, ყველაფერს მივყვებით და ვნახავთ. ამ საქმის გამოძიება არასწორი მიმართულებით რომ წასულიყო, ამაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება იყო დაინტერესებული. გამოძიების დასკვნით ეტაპზე ჩვენ ისეთი მტკიცებულებები და მოწმეები წარვადგინეთ, რომ გამოძიების ვერსია ხუხულასავით დაინგრა, თუმცა მოსამართლემ საერთოდ არ მიაქცია ამას ყურადღება.

- ბევრი ეჭვის თვალით უყურებს ამ პროცესს, ვინაიდან დღეს იგივე მოსამართლეები წყვეტენ ადამიანების ბედს, რომლებმაც თავის დროზე უკანონო განაჩენები გამოიტანეს.

- მაქვს იმედი, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება, ვინაიდან, ჯერ ერთი, იგეგმება რეფორმა და მჯერა, სასამართლო გახდება დამოუკიდებელი - როგორც ახალი, ისე ძველი ხელისუფლების მხრიდან. გარდა ამისა, ამ საქმის მიმართ დიდია საზოგადოების ინტერესი, ამიტომ გამოძიების ყველა ეტაპზე ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში. ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას და საზოგადოებისათვის ყველაფერი გახდება ცნობილი, რაზეც პირადად ვიზრუნებ.

- როგორ ფიქრობ, სად არის კასეტა, რომელსაც არაერთი ადამიანი ახსენებდა და თუ აპირებენ ისინი ჩვენების მიცემას?

- ძნელი სათქმელია, სად არის კასეტა, რომელიც, როგორც თავის დროზე გაცხადდა, პანკისის თემას, კერძოდ, უკანონო ნარკობიზნესსა და გარკვეულ პირებს უკავშირდება. ვინც ამ კასეტას ახსენებდა, უკვე გამოძიებასთან ისაუბრებს. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება.

- 24 თებერვალს გიორგის 38 წელი შეუსრულდებოდა. მისი ვაჟი - სანდრო, ალბათ, ბევრ კითხვას სვამს მამაზე... ისიც ჟურნალისტობაზე ხომ არ ოცნებობს?

- სანდრო მე-11 კლასელია, მაგრამ ჯერ არ აურჩევია პროფესია. ჟურნალისტიკა დიდად არ აინტერესებს. რაც წამოიზარდა, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად სვამს კითხვებს მამაზე და ვფიქრობ, დროა, ყველაფერზე მიიღოს პასუხი. სინამდვილეს ჩვენ ყველანი ერთად შევიტყობთ, როგორც სანდრო, ისე მთელი საზოგადოება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები