იზაბელ აჯანი - გოგონა წარსულიდან

იზაბელ აჯანი - გოგონა წარსულიდან

როგორც ამბობენ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ქორწინების შედეგად საოცრად ლამაზი ბავშვები იბადებიან. მისი შემხედვარე ამაში ნამდვილად დარწმუნდებით. ფრანგი მსახიობი იზაბელ აჯანი რაღაც უჩვეულო სილამაზით გამოირჩევა. მსახიობის ალჟირელმა მამამ და გერმანელმა დედამ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს, სადაც 1955 წლის 27 ივნისს მათი ქალიშვილი დაიბადა.

იზაბელს ბავშვობიდანვე იზიდავდა კულისები - ყმაწვილობის ასაკში სამოყვარულო თეატრში მონაწილეობდა. 14 წლისა პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში გადაიღეს. 17 წლის გოგონამ ძალიან მაცდური წინადადება მიიღო: "კომედი ფრანსეზში" გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს ფაქტი არასრულწლოვნისთვის გაუგონარი წარმატება იყო! მიუხედავად ამისა, იზაბელი ემოციებს არ ამჟღავნებდა, წარმატებას მშვიდად და ღირსეულად ხვდებოდა, რაც მუსლიმანი მამის მკაცრი აღზრდის შედეგი გახლდათ, რომელიც ქალიშვილს სარკეში დიდხანს ჩახედვას უკრძალავდა.

მთელი კარიერის განმავლობაში იზაბელს წარმატება თან სდევს: იგი შეამჩნიეს, თავიდან როჟე ვადიმმა, შემდეგ რაიმონდ პულომ, რობერტ ოსეინმა, რომელმაც მსახიობი სახელგანთქმულ სპექტაკლ "ბერნარდა ალბას სახლში" სათამაშოდ მიიწვია. იზაბე­ლმა ფილმის "ადელი გ. ისტორიაში" მონაწილეობის გამო კონტრაქტზე უარი თქვა, რაც თეატრმა შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ აჯანიმ იცოდა, რასაც აკეთებდა, ამ როლმა მას "ოსკარისა" და "სეზარის" ნომინაციები მოუტანა.

საერთო ჯამში მსახიობი საფრანგეთის ნაციონალური აკადემიის უმაღლესი ჯილდო "სეზარის" ხუთგზის მფლობელი და ერთადერთი ფრანგი მსახიობია, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო აღიარება იზაბელს თავდაუზოგავმა შრომამ მოუტანა. მას 63 სხვადასხვა პოექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და დღემდე აქტიურად მუშაობს. ვარსკვლავს უამრავი შეთავაზება აქვს როგორც სატელევიზიო, ისე თეატრის რეჟისორებისგან, მაგრამ ბევრ სცენარს ბოლომდე არ კითხულობს - არ მოსწონს. მსახიობი, რომელსაც სპეციალური განათლებაც კი არ აქვს მიღებული, თავს "ჭირვეულობის" უფლებას აძლევს! 1992 წელს მან უარი თქვა "ძირითად ინსტინქტში" მონაწილეობაზე. ამ როლმა შერონ სტოუნს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

1983 წელს იზაბელმა დისკი ჩაწერა. მისთვის მუსიკა სერჟ გინზბურგმა დაწერა, კლიპი კი მაშინ ჯერ კიდევ უცნობმა ლიუკ ბესონმა გადაიღო. დისკის ტირაჟი მილიონი ეგზემპლარი იყო.

1990 წელს იზაბელ აჯანი ლონდონში თავის მეუღლე დენიელ დეი-ლუისთან ერთად დასახლდა და ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ მეორე ვაჟი შეეძინა. პირველი ბიჭუნა ოპერატორისა და რეჟისორ ბრუნო ნუიტანისგან ჰყავს. სამწუხაროდ, იზაბელის მეორე ქორწინებაც არ გამოდგა წარმატებული, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. 2002 წელს მსახიობმა კიდევ ერთხელ სცადა ოჯახის შექმნა, მაგრამ საქმროს ღალატმა ამ ფაქტს ხელი შეუშალა: ვარსკვლავის თქმით, რეჟისორმა ჟან-მიშელ ჟარმა, რომელზედაც იყო დანიშნული, უღალატა.

მსახიობობის გარდა აჯანიმ საპროდიუსერო კარიერაც სცადა და საკმაოდ წარმატებითაც. 1997 წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო, რომელიც არა ნაკლებ საპატიოა, ვიდრე "ოსკარის" პრემიის მიღება. "ოსკარზე" ორჯერ იყო ნომინირებული, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ გახდა მისი მფლობელი.

დღეისთვის აჯანი კვლავ მონაწილეობს ფილმებში, მაგრამ კვლავაც დიდი გულისყურით არჩევს სასურველ როლებს.

მისი ერთ-ერთი ბოლო პროექტი დისნეის სუპერპოპულარული მულტფილმ "რაპუნცელის" ფრანგული ვერსია იყო. ერთ-ერთი გმირი იზაბელ აჯანის ხმით ალაპარაკდა, რაც ბევრმა ვერ დაიჯერა, რადგან მსახიობს მანამდე არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს პროექტში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: მომავალში აჯანი, როგორც მან აღიარა, კარლა ბრუნისთან ერთად დუეტის ჩაწერასაც გეგმავს.

მინდოდა, ფიფქიასნაირი ვყოფილიყავი

- მულტფილმ "რაპუნცელიდან" ჯადოქრის გახმოვანება არ გაშფოთებდათ?

- არა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა: ანიმაციურ თავგადასავალში ისე ჩავიძირე, თითქოს ეკრანზე მე ვმონაწილეობდი. ბევრმა თქვა, რომ გაუჭირდათ ჩემი ხმის ამოცნობა. ეტყობა, ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩემმა კარგმა მეგობარმა, როდესაც ჩემი პერსონაჟის ფოტო დაინახა, მითხრა: "ისე გააკეთე, როგორც ამას ცხოვრებაში აკეთებ". და მართლაც გახმოვანებაში შერეკილივით ჩავერთე. სამუშაო სამ დღეში უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ერთ დღეში დავამთავრე.

- თქვენი ყველაზე საყვარელი დისნეის მულტფილმი...

- პირველი, რაც კინოში ვნახე, "ფიფქია და შვიდი ჯუჯა" იყო. მაშინ 7 წლის ვიყავი. აღფრთოვანებულმა თავი თეთრსახისკანიანსა და ცისფერთვალება გოგოსთან გავაიგივე, მაგრამ მომავალში ჯადოქარი ვითამაშე, რომელმაც გერი კოშკში გამოკეტა... მას გოგონას ახალგაზრდობის შურდა.

- თქვენი ჯადოქარი ყველა­ფ­ერზეა თანახმა მარადიული ახალგა­ზრდობის შესანარჩუნებლად. თქვენ რომ გიყურებთ, სა­ერ­თოდ არ შე­ცვლილხართ.

- ვიცი. ხანდახან მიჩნდება სურვილი, შენდობა ვითხოვო, რომ ბევრი ნაოჭი არ მაქვს. დედაჩემი გამუდმებით მიმეორებდა: სანამ არ შეხვდები ცხოვრების მთავარ სიყვარულს, სანამ ყველაზე ბედნიერი ქალი არ გახდები, შეინარჩუნე ყველაფერი, რასაც წლებთან ერთად ვკარგავთ. დედა მრავალი წლის განმავლობაში თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, მაგრამ ერთ დღესაც უცბად დაბერდა. შეიძლება, მსგავსი რამ მეც დამემართოს...

- ხომ არ გგონიათ, რომ ჯერ ვერ იპოვეთ ბედნიერება?

- დიახ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი მომენტი იყო, მაგრამ საკუთარ თავს ბედნიერს ვერ ვუწოდებ.

- დიდი ხნის შესვენების შემდეგ თქვენი ბოლო ნამუშევრები ბევრს აოცებს. როგორ გგონიათ, კინოვარსკვლავისთვის უჩვეულო სამუშაო ხომ არ არის?

- გადავწყვიტე, ყველაფერი გავაკეთო, რაც მინდა. არ მაწუხებს, რას ელიან ჩემგან ადამიანები. ამ თავისუფლებისთვის ძალიან ძვირი გადავიხადე. მიმაჩნია, რომ დავიმსახურე, არჩევანი თავად გავაკეთო: როგორ ჩავიცვა, ვითამაშო თუ არა კინოში.

- ამბობენ, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ცოლთან, კარლა ბრუნისთან ერთად დუეტში სიმღერას აპირებთ.

- დიახ, ყველაფერი დაგეგმილია, მე და კარლა დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ის თავის ჟანრში უნიკალურია.

ბედნიერი ვარ, როცა არ ვმუშაობ

- თქვენზე ამბობენ, კინოში მარგინალურიაო...

- ხალხთან სიახლოვის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში უკვე მარგინალური ვარ. არ მივეკუთვნები არც ერთ ეკლესიას, არც ერთ ოჯახს, არც ერთ გეგმას, არავისი არაფერი არ მმართებს. საკუთარი სახსრებით ვცხოვრობ. ყოველთვის გულწრფელი ფანტაზიორი ვიყავი, შემეძლო საკუთარი შეხედულებების შეცვლა და უპირატესობას კინემატოგრაფისტის ცხოვრებას ვანიჭებდი.

- ამიტომაც იშვიათად ჩანდით კინოში?

- დიახ. სიყვარულსა და ოჯახურ ცხოვრებას პირველ ადგილზე ვაყენებდი. სამუშაოში არასოდეს არ ვეშვებოდი თავით. მიყვარს რეალურ ცხოვრებაში გაღვიძება. და თუკი შემიძლია თავიდან ავიცილო სამუშაო, ძალიან ბედნიერი ვარ.

- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ ამჟამად ძალიან ბევრს მუშაობთ?

- ჩემი პატარა ვაჟი გებრიელ-კეინი - მოზარდია, 15 წლის არის და (იზაბელის უფროსი ვაჟი ბარნაბე საიდუ 31 წლისაა) მამასთან, მსახიობ დენიელ დეი-ლუისთან ერთად ცხოვრობს, რაც თავისუფლად მუშაობის საშუალებას მაძლევს. ასე რომ არ ყოფილიყო, თავს მის განათლებას მივუძღვნიდი - ჩემს შვილს ჯერ კიდევ სჭირდება დედა.

- როგორც ადრე, ხომ არ აპირებთ კვლავ გაქრობას?

- ამჟამად მრავალ პროექტში ვარ დაკავებული, ასე რომ, ჯერ აქ ვარ, თქვენთან.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)