ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია

ვინ და რატომ წაშალა "ცხელი ძაღლის" 12 სერია

კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე, ავტორი ფილმებისა - "სამი სახლი", "ბოლო გასეირნება", "დარჩი ჩემთან" და ა.შ. მალე კიდევ ერთ ფილმს, "მანდარინებს" წარუდგენს კინომოყვარულებს. მან რამდენიმე წლის წინ გადაიღო დეტექტიური სერიალის "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის 12 სერია, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ საზოგადოებას მისი ნახვის საშუალება არ მისცა. რა გახდა ამის მიზეზი, ბატონი ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან შევიტყობთ. პირველ რიგში კი დავინტერესდით მისი ახალი ფილმით, რომელიც ამჟამად მონტაჟის პროცესშია.

- "მანდარინების" გადაღება ახლახან დავასრულეთ. ამ პროექტმა არაერთ კონკურსში გაიმარჯვა და სათანადო დაფინანსებაც მივიღეთ ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ესტონეთის კინოფონდის, კინოცენტრის და ამ ქვეყნის კულტურის სამინისტროსგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენმა პროექტმა პირველი ადგილი დაიკავა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ფონდ "ევრიმაჟის" კონკურსზე. ასე რომ, გადავიღეთ პირველი ქართულ-ესტონური ფილმი, რომლის პრემიერაც ესტონეთსა და საქართველოში სექტემბერში გაიმართება.

- რომელი მსახიობები თამაშობენ ფილმში?

- ქართველებიდან - გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი. აგრეთვე თამაშობს ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი. გადაღებები გურიაში, სოფელ ნატანებში მიმდინარეობდა, სადაც გრანდიოზული დეკორაცია გავაკეთეთ. უფრო სწორად, ახალი სოფელი ავაშენეთ, ავაგეთ სახლები და გავიყვანეთ გზები. ფილმი აფხაზეთის ომზეა, მაგრამ არ ჩანს საბრძოლო ბატალიები. მოქმედებაც აფხაზეთში ვითარდება. მოგეხსენებათ, აფხაზეთში ესტონური სოფლები იყო. ისინი იქ 150 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ომი რომ დაიწყო, კარ-მიდამო დატოვეს და თავიანთ ქვეყანას მიაშურეს. მხოლოდ რამდენიმე კაცი დარჩა. ფილმში ნაჩვენებია, როგორ შეიფარებს ესტონელი კაცი ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ადამიანს. ჩეჩენ "ბოევიკს" და ომში მოხალისედ წასულ ქართველ ბიჭს, რომლებმაც ერთმანეთი დაჭრეს.

- მალე დაიწყება სერიალ "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი. არადა, როგორც შევიტყვეთ, წინა ხელისუფლება ამ ფილმის 12-ვე სერიის განადგურებას შეეცადა. როგორ მოახერხეთ მისი გადარჩენა?

- არ ვიცი, გულმა მიგრძნო თუ რა მოხდა, მაგრამ ამ სერიების ერთი ეგზემპლარი შინ წავიღე... "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონზე მუშაობა 2007 წელს დავასრულე. უკვე ეთერში უნდა გაგვეშვა, რომ იმავე წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შემოვარდა და დაარბია. მას შემდეგ ხელისუფლება აკონტროლებდა ამ ტელევიზიას და ეს სერიალი ეთერში არ გაუშვეს.

- რატომ?

- ფილმი დეტექტიური ჟანრისაა. მას ფონად გასდევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის არაოფიციალური ვერსია და სწორედ ამის გამო დაბლოკეს.

- ბატონო ზაზა, ვისი დავალებით დაიბლოკა "ცხელი ძაღლის" მე-4 სეზონის სერიები?

- სისტემამ დაბლოკა. მე-4 სეზონში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალია. მის როლს მსახიობი ნინო ბურდული თამაშობს. ფილმში მასზეც ამბობენ, რომ გაზით გაიგუდა, რაც ასევე ძალიან ჰგავს ბატონი ჟვანიას დაღუპვის ამბავს. სერიალში პრეზიდენტიც ფიგურირებს, თუმცა ეკრანზე არ ჩანს. არ გეგონოთ, რომ ვინმეს პოლიტიკური დაკვეთა შევასრულე. უბრალოდ, ეს ამბავი ქართველ საზოგადოებას აინტერესებს და ამიტომაც ვაქციე მეოთხე სეზონის მთავარ თემად.

- ხელისუფლების მხრიდან ამას რა რეაქცია მოჰყვებოდა, ამაზე არ გიფიქრიათ?

- რას წარმოვიდგენდი, 75-საათიან ფირს თუ წაშლიდნენ! კიდევ კარგი, შინ მქონდა ერთი ეგზემპლარი, თორემ ეს წვალება წყალში ჩაგვეყრებოდა... ახლა კი, როდესაც ტელეკომპანია "იმედი" კანონიერ მფლობელს გადაეცა, "ცხელი ძაღლის" მეოთხე სეზონი მათ დავუბრუნე და ძალიან მალე გაუშვებენ ეთერში. ასე რომ, ყოფილმა ხელისუფლებამ დიდი სამსახური გაგვიწია. მათთვის უარესი არ მოხდა?! ამით ხომ უდიდესი რეკლამა გაგვიკეთეს. გაეშვათ თავის დროზე, ეს ხომ ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი იყო.

სააკაშვილის ხელისუფლება კინოში, თეატრსა თუ ხელოვნების სხვა დარგში თავისუფალ სიტყვას ებრძოდა, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, ადუმებდნენ, ტაბუს ადებდნენ. სამაგიეროდ, ცდილობდნენ, თვითონ შექმნათ თავიანთი კინო. ფილმ "აგვისტოს ხუთ დღეს" ათეულობით მილიონი დაახარჯეს და 5 დოლარი ძლივს ამოიღეს. პროპაგანდისთვის ფილმის გადაღება ლენინური, საბჭოური ამბავია. ხომ გახსოვთ, ლენინმა რაც თქვა: კინო იდეოლოგიააო. ნაციონალებისა და "აგვისტოს 5 დღის" მაგალითზე ჩანს, რომ ფილმები ხელისუფლებამ კი არა, პროფესიონალებმა უნდა გადაიღონ.

- თქვენ როგორ გადაიღებდით "აგვისტოს 5 დღეს"?

- საერთოდ არ გადავიღებდი, რადგან სცენარი არ მომწონს.

- ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში ასევე მოდური იყო ჰოლივუდელი ვარსკვლავების ჩამოყვანა, არა ფილმში სათამაშოდ, არამედ პრემიერაზე დასასწრებად....

- შერონ სტოუნის "5 აგვისტოს" პრემიერაზე ჩამოყვანაც ხომ მათ ფასადურ აზროვნებაზე მეტყველებს?! ჩამოიყვანეს შერონ სტოუნი, გადაიხადეს მილიონები... არ სჯობდა, ეს ფული კინოში ჩაედოთ? ან რა მოიტანა შერონ სტოუნის ჩამოსვლამ აფხაზეთი დაგვიბრუნა, თუ ფილმი გაიყიდა?

- დღეს რა მდგომარეობაა ქართულ კინოში და რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი?

- ქართული კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა "ევრიმაჟიში" გაწევრება მოახერხა, რაც დიდი მიღწევაა. თუმცა სახელმწიფო დაფინანსება - წელიწადში მხოლოდ 4 მილიონი ლარი, ქართული კინოსთვის ძალიან მწირია. ბოლოს და ბოლოს, ქართული კინო საუკუნეზე მეტი ხნისაა, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა და ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ვიცი, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს უყვარს კინო, კულტურა და დარწმუნებული ვარ, ამ სფეროს მიხედავს. ვერა და ვერ მიიღო ქართულმა სახელმწიფომ კანონი სპონსორობის შესახებ. თუ კულტურას აფინანსებს სპონსორი, მას ხელისუფლების მხრიდან სერიოზული შეღავათები უნდა ჰქონდეს. ყველა ბიზნესმენს მეცენატობას ვერ მოსთხოვ. აი, ეს კანონია მისაღები და დაფინანსება უნდა გაიზარდოს, სულ ცოტა, ხუთჯერ მაინც. ამ შემთხვევაში გამოჩნდება, ვის რა შესაძლებლობები აქვს.

ნინო მაისურაძე, ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა

აეროპორტის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა

პროფესია მეხანძრე - საქართველო პოლონეთის გამოცდილებას იზიარებს