ბეჟუაშვილებმა საკუთარი ტელეკომპანია "მზის" ქონება თავისივე კომპანიას დააყადაღებინეს?

ბეჟუაშვილებმა საკუთარი ტელეკომპანია "მზის" ქონება თავისივე კომპანიას დააყადაღებინეს?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე, ტელეკომპანია "მზის" მოძრავი ქონება დააყადაღეს. საჯარო რეესტრმა "მზის" დაყადაღება 31 იანვარს დაარეგისტრირა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის უფროსმა ბესიკ ლილუაშვილმა დაყადაღების მიზეზად "მზესა" და საერთაშორისო ენერგეტიკულ კომპანიას შორის დავა დაასახელა. მისი თქმით: "შემოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნით, რის საფუძველზეც "მზის" მოძრავი ქონება დაყადაღდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ამ მოძრავი ქონების განკარგვა არ შეეძლებათ. უბრალოდ, გასხვისება შეეზღუდებათ".

ტელეკომპანია "მზეს" "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ვალი ჰქონდა და ფინანსური პრობლემები შეექმნა. კორპორაციამ "მზის" უძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. სასამართლომ კორპორაციის თხოვნა დააკმაყოფილა და "მზე" დააყადაღა. ამ კორპორაციის მფლობელი კი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია", რომელიც 2011 წლის ბოლომდე ტელეკომპანია "მზის", "რუსთავი 2"-ისა და "პირველ სტერეოს" წილებს ფლობდა. ეს წილები კი ძმებ გელა და დავით ბეჟუაშვილებს ეკუთვნოდათ. 2011 წლის ბოლოს ბეჟუაშვილებმა ეს წილები ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე გადააფორმეს. მისი მოწილეები არიან გოგი გეგეშიძე და ძმები ლევან და გიორგი ყარამანაშვილები. თუმცა, ამბობენ, რომ ბეჟუაშვილები ახლაც განკარგავენ ქონებას ზემოხსენებულ ტელევიზიებში. გამოდის, რომ ძმებმა დოკუმენტების აღმა-დაღმა ტრიალით და სასამართლოს დახმარებით, კუთვნილი ტელეკომპანია "მზის" ქონება თავისივე კომპანიას "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას" დააყადაღებინეს.

გვესაუბრება ტელეკომპანია "მზის" გენერალური დირექტორი ზაზა თანანაშვილი.

- ბატონო ზაზა, რა ქონება დაგიყადაღათ აღსრულების ბიურომ და რა იყო ამის საფუძველი?

- დაყადაღებულია მოძრავი ქონების ნაწილი, თუმცა აღსრულების ბიუროს ფურცელში წერია, რომ გვაქვს მოძრავი ქონების განკარგვის უფლება და ტელეკომპანია ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.

- ამბობენ, რომ სასამართლომ საწოლები და ლეიბებიც კი დააყადაღა. რა ქონებაა კონკრეტულად დაყადაღებული?

- დაყადაღებულია რამდენიმე კამერა და სხვა ნივთები.

- როგორც ცნობილია, "მზის" ქონება სასამართლომ "საქართველოს საერთა­შორისო ენერგეტიკული კორპორაციის" მოთხოვნით დააყადაღა. ამ კომპანიის მფლობელი კი არის ჰოლდინგი "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი", რომელიც ძმებ დავით და გელა ბეჟუაშვილებს ეკუთვნის... როგორ მოხდა, რომ ბეჟუაშვილებმა თავიანთი კუთვნილი ტელეკომპანია "მზე", მეორე კუთვნილი კომპანიის მოთხოვნით დააყადაღეს?

- რატომ ფიქრობთ ასე? ორი წელია, მათ წილი გაყიდეს. "მზის" მეწილეები ახლა სულ სხვა პირები არიან - ლევან და გიორგი ყარამანაშვილები და გოგი გეგეშიძე.

- საქართველოში წილების უმეტესობა სხვა პირებზე ფორმდება და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ მეთოდით გასხვისდა "მზის" წილებიც.

- მე რაც ვიცი, იმას გეუბნებით. ახლა "მზის" მფლობელები სხვა პირები არიან.

- "მზის" დაყადაღება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისმა მეპატრონეებმა თადარიგი დაიჭირეს, რადგანაც "მზის" ძველმა მეპატრონე ვანო ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის დაბრუნებას სამართლებრივი გზებით შეეცდება.

- არ ვიცი, ვანო ჩხარტიშვილი რას აპირებს. თუ "მზეს" უჩივის, მე ვარ გენერალური დირექტორი და მეცოდინებოდა ამის შესახებ. თუ მფლობელებს უჩივის, არც ამის შესახებ მაქვს რამე ინფორმაცია. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას ყადაღის დადების შესახებ, აუცილებლად გავასაჩივრებთ.

- რა თანხას გედავებათ "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია"?

- 50 ათასი ლარის დავალიანებას.

P.S. კომენტარისთვის დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები