ნინო თოლორდავა: "მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია"

ნინო თოლორდავა: "მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია"

ტელეკომპანია "მაესტროს" ახა­ლი ამბების წამყვანი ნინო თოლორდავა ყოველთვის გემო­ვნებით და იმოსება. უყვარს მკვეთრი ფერის სამოსი და არასოდეს კარგავს ინდივიდუალურობას.

- ყოველთვის კლასიკურად მეცვა, ამ ზამთარს კი რატომღაც სტილი შევიცვალე, სპორტულად შემოსილი დავდივარ - ბოტებითა და ქურთუკით. აქამდე ბოტები არ მომწონდა... ვცდილობ, ყოველდღიური სამოსი რაც შეიძლება კომფორტული იყოს. საღამოობით მაინც კლასიკურად ვიმოსები, ეთერში კი საკმაოდ კონსერვატიულად მაცვია - სამოსის ფერი სტუდიის ფერებს, განათებას და მაკიაჟს უნდა შეესაბამებოდეს.

- სად იძენთ სამოსს?

- როცა საზღვარგარეთ ვარ, ბუნებრივია, იქ. საქართველოსგან განსხვავებით, უცხოეთში ტანსაცმლის ფასი ხარისხის შესაბამისია და მოდურ სამოსს გაცილებით იაფადაც შეიძენ. რა თქმა უნდა, თბილისშიც მიწევს შეძენა და საკმაოდ ხშირადაც.

- სამოსის მარკას რა მნიშვნელობას ანიჭებთ?

- მივხვდი, რომ ბრენდი და ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა ჩემს კარადაში ბევრი რამ "ზარას" კოლექციიდანაც მოიძებნება. ბრენდებიდან მომწონს: "სელინი", "ბეტი ბლუ", "სონია რაკელი" და "არმანი". ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ თეონა ელიზბარაშვილს, აკა ნანიტაშვილსა და ეკა თადუმაძეს, მაქვს მათი სამოსიც, ანუკა ქებურიას რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელიც. ფეხსაცმლის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ.

- რის ჩაცმას გიკრძალავთ მეუღლე?

- მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია. პროფესიით მხატვარია და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. მართალი გითხრათ, ჩვენი გემოვნება ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. ზაზა არაფრის ჩაცმას არ მიკრძალავს, თუმცა არ უყვარს ვულგარული სამოსი. ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში, მეც ვეთანხმები.

- როგორ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას?

- ვცდილობ, რაც შეიძლება ბუნებრივად გამოვიყურებოდე, ეთერშიც კი. ძირითადად "შანელის" კოსმეტიკას ვიყენებ, მაქვს "ივ სენ ლორანისა" და "სისლეის" კოსმეტიკაც.

- როგორ უვლით სახის კანს?

- ყოველდღიურად სატელევიზიო მაკიაჟის გაკეთება მიწევს, ამიტომ ხარისხიან საცხს ვიყენებ, ექვს თვეში ერთხელ კი კოსმეტოლოგს მივმართავ და სახის ღრმა წმენდის პროცედურას ვიტარებ. მეზოთერაპია და ბოტოქსი ჯერჯერობით არ დამჭირვებია, მაგრამ, ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ ამის დროც მოვა.

- ვარცხნილობას ხშირად იცვლით?

- არა. ადრე გრძელი თმა მქონდა, ოთხი წლის წინ კი, როცა პირველად დავჯექი პირველი არხის ეთერში, კარე შევიჭერი და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ვარცხნილობა. "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" "მაესტროზე" რომ გადავედი, მომინდა იმიჯის შეცვლა და თმა მოვიზარდე. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მწერდა და მირჩევდა, თმა შემეჭრა და ძველი იმიჯი დამებრუნებინა. ასეც მოვიქეცი.

- როგორ ინარჩუნებთ ფორმას, ვარჯიშით თუ დიეტით?

- დიეტაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. მეუღლის რჩევით, 3 თვის განმავლობაში მხოლოდ მწვანე ვაშლს და სალათის ფურცლებს ვჭამდი, მხოლოდ ოთხშაბათობით გეახლებოდით იოგურტს. ამ დიეტით 11 კილო დავიკელი.. მას შემდეგ არ მომიმატია. უბრალოდ, ვცდილობ, საღამოობით ნაკლებად კალორიული საკვები მივიღო. გარდა ამისა, რეგულარულად დავდივარ აუზზე და კვირაში, სულ ცოტა სამჯერ, ნახევარ-ნახევარ კილომეტრს ვცურავ.

- როგორი აქსესუარები მოგწონთ?

- მიყვარს რკინის ბეჭდები და ყურზე მიმაგრებული საყურეები. საათი ყოველთვის მიკეთია. ძალიან მომწონს ლამაზი ჩანთები. ბოლო ხანს "ჰერმესის" ჩანთას ვატარებ, რომელიც ძალიან კომფორტულია და მასში ყველაფერი ეტევა.

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან ადამიანად საქართველოში?

- მომწონს მაკა ასათიანი, ულამაზესია და ძალიან გემოვნებიანიც. ლამაზია სალომე ღვინიაშვილიც, რაც უნდა ჩაიცვას, ყველაფერი უხდება.

- უცხოელი ვარსკვლავებიდან ვისი სტილია თქვენთვის მოსაწონი და ვისი - მიუღებელი?

- უიტნი ჰიუსტონი იყო ჩემი უსაყვარლესი მომღერალი და ძალიან გემოვნებიან ქალადაც მიმაჩნდა. ასე მგონია, ვერასოდეს მოვიხდენ მომღერალ პინკის ჩაცმულობას, ტყავის შორტები და 18-სანტიმეტრიანი პლატფორმები ჩემი სტილი არ არის.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს იმისთვის, რომ ლამაზები იყვნენ?

- მიმაჩნია, რომ სილამაზე სულის მდგომარეობაა. მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს მშვიდი, ლაღი, გაწონასწორებული და ეს გარეგნობაზეც უცილებლად აისახება.

ინტერვიუ: "სილამაზე სულის მდგომარეობაა"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები