"ღია ეთერის" მეორე სიცოცხლე და ვახო სანაიას რომანტიკა

"ღია ეთერის" მეორე სიცოცხლე და ვახო სანაიას რომანტიკა

"ის ამაყი და ჯიუტია. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. არც რომანტიკას სწყალობს. მისი სიყვარული ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება. სასურველ ქალს დევნას არასდროს დაუწყებს. ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონაც ელტვოდეს მას", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ხარის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი ჟურნალისტ ვახო სანაიას ზოდიაქოს ნიშანია. ვიდრე გავარკვევთ, ასტროლოგთა დახასიათებიდან რა ემთხვევა მის ხასიათს და რა - არა, მანამდე ვახო ახალი გადაცემის შესახებ გვიამბობს. მაყურებელთან 4-თვიანი განშორების შემდეგ, ჟურნალისტი "ღია ეთერისთვის" ემზადება.

- ვახო, პირველ რიგში, ეთერში დაბრუნებას გილოცავ!

- გმადლობ. გადაცემა "ღია ეთერი" მეორე სიცოცხლეს იწყებს. გვექნება დებატები, გაზრდილია სტუმრების რაოდენობა, გადაცემაში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ დარბაზში მსხდომ ექსპერტებს, სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს. გვექნება ინტერაქტივი კვირის მნიშვნელოვან თემაზე, რომელშიც მაყურებელი აზრს გაგვიზიარებს.

"ფეისბუკზე" ოფიციალური გვერდი გვაქვს, რადგანაც სოციალურ მედიას განუსაზღვრელი როლი აქვს თანამედროვე სამყაროში. ამ გადაცემაზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს. მთავარი პროდიუსერია სოფო კვინტრაძე. მეც ერთ-ერთი პროდიუსერი ვარ და გადაცემის დაგეგმვაში, რესპონდენტების შერჩევაშიც ვმონაწილეობ. მე არ ვარ ის წამყვანი, რომელიც გამზადებული გადაცემის წასაყვანად მიდის და სხვის დაწერილ ტექსტს კითხულობს... გადაცემის მომზადებაში აქტიურად იქნება ჩართული "იმედის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავა. პირველი გადაცემის მონახაზი უკვე გაკეთებულია, მაგრამ დღევანდელი ქართული პოლიტიკა იმდენად დინამიკურია, რომ სტუმრები ჯერ შერჩეული არ გვყავს.

- "ღია ეთერით" ნინო შუბლაძის "პოზიციას" უნდა გაუწიო კონკურენცია. ამაზე რას იტყვი?

- შეჯიბრება ნამდვილად მოგვიწევს და ეს ძალიან კარგია. კონკურენცია ფორმაში გაყენებს და ხარისხს ზრდის.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი.

- ძალიან მაინტერესებს, რას მეტყვი. მართალია, პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ ასტროლოგთა დახასიათებას ხშირად ვეცნობი. ბევრი რამ ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- ამაყი ხარ?

- ყველა ადამიანი თავისებურად ამაყია და გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. მთავარია, სიამაყე ამპარტავნებაში არ გადავიდეს. ვცდილობ, თავმდაბალი ვიყო.

- ეს გამოგდის?

- ესეც ჩემს ხასიათშია: მცირე წარმატებას მაინც თუ მივაღწევ, ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობ, რომ თავმდაბალი უნდა ვიყო.

- სიამაყე შენში როდის იღვიძებს?

- არის ადამიანების კატეგორია, რომელთანაც თავმდაბლობა ყოველთვის არ ამართლებს.

- "მას ყოველთვის შეიცნობთ მშვიდი და მდუმარე გამომეტყველებით. ლაპარაკის და მოძრაობის დროს აუჩქარებელია".

- ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალი არის. ზოგჯერ ისეთ ხასიათზე ვარ, ლაპარაკს მოსმენა მირჩევნია, მაგრამ ზოგჯერ ბევრს ვლაპარაკობ. მუდმივად სიმშვიდეს ვერ ვინარჩუნებ, ხანდახან სიფიცხეც მახასიათებს.

- "თუ რამეში არ გეთანხმება, რაც უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანაბეთ და ბედნიერი იქნება".

- (იცინის) ასეა. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამას სიჯიუტე ჰქვია. ეს ჩემი ნაკლია. თუ ვინმე რქებით მომაწვება, არავითარ შემთხვევაში, დათმობაზე არ წავალ, მაგრამ თუ სწორად მომიდგები და შენს მეორე მხარესაც დამანახვებ, ძალიან მარტივად დავთმობ.

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით. გაბრაზებული სტიქიასავით დაუნდობელია..."

- 100%-ით გეთანხმები. შემიძლია ყველაფერს გავუძლო, მოვითმინო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც უკვე ყვირილს ვიწყებ. ერთხელ კუროებზე წავიკითხე, - ფაიფურის მაღაზიაში ჩაკეტილი განრისხებული ხარია; თუ გაბრაზდა, ყველაფერს ლეწავსო. მაქვს უსაზღვრო მოთმინება, მაგრამ არავის ვურჩევ, ჩემი მოთმინება გამოცადოს. თუ წონასწორობიდან გამომიყვანენ, შემიძლია ყველაფერი დავლეწო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ დრო გავა და გაბრაზება თავისთავად გადამივლის.

- "სასურველ ქალს დევნას არასდროს დაუწყებს. მას ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს".

- უნდა ვაღიარო, სიმართლეა. ეს ჩემთვის კომფორტული მდგომარეობაა.

- საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას თამაში გყვარებია.

- (იცინის) ეგრე გამოდის? კარგი, არ შეგეწინააღმდეგები. ეს ჩემი ხასიათია.

- "ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება, დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს".

- ასტროლოგებს ჩემზე ყველაფერი სცოდნიათ. ვერ წარმომიდგენია, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე რაიმე ბარიერი დამხვდეს და ვერ გადავლახო. როცა "კედელი" მხვდება, რომლის დანგრევაც შეუძლებელია, ზემოდან გადავდივარ ან გვერდს ვუვლი...

- "ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა".

- ნამდვილად, ერთგული ადამიანი ვარ და ეს ხმამაღალი ნათქვამი არ არის.

- "ყოველთვის მუყაითად შრომობს, საკუთარ საქმეს სხვას არასდროს გააკეთებინებს".

- ამაში მგონი, ყველა ის ადამიანია დარწმუნებული, ვისთანაც ოდესმე საქმიანი ურთიერთობა მქონია. ინტერვიუს დასაწყისშიც გითხარი: ჩემი გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი ყოველთვის თავად ვარ-მეთქი. ჩემთვის წარმოუდგენელია, გულზე ხელებდაკრეფილი ვიჯდე, ტექსტზე, გადაცემის ფორმასა და სტუმრების მოწვევაზე კი სხვები ფიქრობდნენ. 17 წლიდან ვმუშაობ და 10 წელიწადზე მეტია, არ დამისვენია.

- "გამჭრიახობა არ ჰყოფნის, რომ სამოქმედო გეგმა წინასწარ შეიმუშაოს ან მოსალოდნელ შედეგზე დაფიქრდეს".

- ეს ტყუილია! როგორც წესი, ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ შემიძლია.

- "გარშემო მყოფები პასიურობის გამო საყვედურობენ".

- ხშირად, ზედმეტი აქტიურობის გამო უფრო მეტად მსაყვედურობენ, ნათესავები კი - მოუცლელობის გამო.

- "ბუნებით ჭეშმარიტი მატერიალისტია".

- ასტროლოგებს ამაშიც ვერ დავეთანხმები: კომფორტის მოყვარული ვარ, მაგრამ ჩემთვის კომფორტულობა არ ნიშნავს იმას, რომ მქონდეს ძვირად ღირებული ავეჯი, ტელევიზორი და ა.შ. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ტანისამოსზე გიჟდებიან და აღარ იციან, სად რომელი ბრენდი შეიძინონ. ჩემთვის კი მთავარია, სამოსი კომფორტული იყოს. ახლა სტივ ჯობსი გამახსენდა: ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ფოტოები, რომელსაც ის მთელი 10 წლის განმავლობაში იღებდა და აღმოჩნდა, რომ ამ ხნის მანძილზე, ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა.

- უფულობა გთრგუნავს?

- არა. ამას შეჩვეული ვარ. თუმცა, ისიც მახსოვს, რომ ბევრი ფული გვქონდა, მერე ომი დაიწყო და ყველაფერი დავკარგეთ. ყოველთვის ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებსაც ადრე არაფერი ებადათ, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კი ფულს რომ იშოვიან, სიმდიდრე აბრმავებთ, საოცრებებს აკეთებენ, კორუფციაში ეფლობიან. ფული იმისთვის უნდა გქონდეს, რომ შენი გეგმები განახორციელო და არა იმისთვის, რომ კარგად იცხოვრო.

- ბავშვობას ხშირად იხსენებ?

- საკმაოდ ხშირად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობა აფხაზეთის ომის პერიოდს ემთხვევა, კარგად მახსენდება. აფხაზეთიდან ბოლო დღემდე არ წამოვსულართ, გულრიფში 27 სექტემბერს დავტოვეთ. მაშინ 7 წლის ვიყავი და ომის სისასტიკე ბოლომდე ვერც გავაცნობიერე. მახსენდება ჩემი ბავშვობის მეგობრები, გულრიფშელი მეზობლები... მათთან კონტაქტი სულ გვაქვს.

- "მოწიფულობის პერიოდში მასში იუმორის გრძნობა იღვიძებს, რაც ძალიან აკლია ცხოვრების გზის დასაწყისში".

- მართლა? ვინც მიცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ იუმორის გრძნობა არასდროს მაკლდა. ცუდ განწყობილებაზე მყოფიც კი, გამუდმებით ხუმრობის ხასიათზე ვარ.

- "რომანტიკა მისთვის უცხო რამ არის. მისი სიყვარული მიწიერ, ყოველგვარ "აფეთქებებს" მოკლებულ ემოციებს ეფუძნება. სამაგიეროდ, სტაბილური და მუდმივია".

- ეს მტკნარი სიცრუეა. ჩემში ყველაფერი პირიქითაა - რომანტიკული ვარ. ჩემი სასიყვარულო ურთიერთობები არასდროს უკავშირდება მიწიერ, ყოფით რაღაცებს. ყოფილა შემთხვევები, როცა გოგოსთან შესახვედრად სახლიდან ისე გავსულვარ, ჯიბეში ლარიც კი არ მქონია. უფულობას ჩემთვის ხელი არასდროს არაფერში შეუშლია.

- მეუღლესთან დაშორებული ხარ, არა?

- დიახ. 2 შვილი მყავს.

- მგონი, შეყვარებული ხარ, არა?

- (იცინის) კი, ერთი გოგო მიყვარს.

- ხელმეორედ დაოჯახებას აპირებ?

- არ ვიცი... ჯერჯერობით თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ.

- შენს რჩეულს გაგვაცნობ?

- არა და არც მასზე ვილაპარაკებ.

- ნუ ილაპარაკებ, მაგრამ გახსოვდეს, ასტროლოგები ვირთხის, გველის და მამლის წელში დაბადებულ ადამიანებთან ქორწინებას გირჩევენ.

- გმადლობ, ამას აუცილებლად გავითვალისწინებ...

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები