ნიკა არაბიძე: "სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი"

ნიკა არაბიძე: "სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი"

რუბრიკა "ფსიქოს" სტუმარია იუმორისტი, სცენარისტი, პროექტ "კომედი-შოუს" ერთ-ერთი მთავარი გმირი ნიკა არაბიძე:

- პროფესიით ინჟინერ-პოლიგრაფისტი ვარ. წესით, სტამბის დირექტორი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რა გაეწყობა, ასეთია ცხოვრება, სტამბის ნაცვლად იუმორს ვემსახურები, ქუთაისელი კაცი ვარ და სხვა რა გზა მაქვს?! მამაჩემს ჰქონდა გადასარევი იუმორი და მეგობრებიც ძალიან ხუმარა ჰყავდა. მიყვარდა მათი სმენა, როცა ჩვენთან მოდიოდნენ. ჩემს იუმორსაც ასე ჩაეყარა საფუძველი, გასაქანი კი სკოლაში მივეცი. სკოლის დრამწრეზე დავდიოდი და მახსოვს, პირველად კირილე მიმინაშვილის როლი შევასრულე. სხვათა შორის, მგონია, რომ დავით კლდიაშვილის ეს პერსონაჟი რაღაცით მგავს. სტუდენტობის პერიოდში მხიარულთა და საზრიანთა კლუბში მოვხვდი და ასე მოვერგე იუმორისტულ სფეროს.

- ნიკა, ცოლი საკმაოდ გვიან შეირთე...

- ვეძებდი ლამაზ და იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, ამიტომაც გაიწელა ეს ამბავი 35 წლამდე. ჩემს მომავალ მეუღლეს იუმორი რომ არ ჰქონოდა, საცოდაობა იქნებოდა, თუმცა ია ცოლად მხოლოდ ამის გამო არ შემირთავს.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ია არობელიძე, პროფესიით ექიმია, წარმოშობით კი - გურული. რომ მეკითხებიან, გურული ქალი რატომ მოიყვანე ცოლადო, ვპასუხობ, ოჯახში ჩემზე ჩქარა ხომ უნდა ლაპარაკობდეს ვინმე-მეთქი. გვყავს სამწლინახევრის დემეტრე, რომელიც ტელევიზორში რომ მხედავს, რეაქცია აღარ აქვს, მიეჩვია (იცინის).

- ინჟინერ-პოლიგრაფისტი და იუმორისტი რომ არა, ვინ იქნებოდა პროფესიით ნიკა არაბიძე?

- მეღვინე!

- ღვინის მწარმოებელი თუ დეგუსტატორი?

- ორივე პროფესიას არაჩვეულებრივად შევითავსებდი (იცინის). სხვათა შორის, ბევრს ჰგონია, რომ ღვინოზე ვგიჟდები. ღვინის სმა კი არა, მეგობრების წრეში და კარგ საზოგადოებაში მოლხენა მიყვარს, სადაც ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკიც, სიმღერაც და ხუმრობაც. ყანწებით სმაში არასდროს არავის გავჯიბრებივარ და არც ის მიყვარს, დალევას რომ მაძალებენ.

- ქალი თუ ღვინო?

- ჯერ ღვინო და მერე ქალი რომ ვთქვა, შეიძლება (იცინის)? არა, რას ამბობთ, ქალი უმთავრესია!

- ნიკა, სერენადა თუ გიმღერიათ როდესმე?

- კარგი ხმით არ გამოვირჩევი, იას მოხიბვლა სერენადებით რომ მეცადა, მეეჭვება, დღეს ჩემი ცოლი ყოფილიყო (იცინის).

- წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მეუღლეს სერენადას უმღერის მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, როგორი რეაქცია გექნებოდათ?

- (იცინის). სარჩელს შევიტანდი არჩილ კბილაშვილის წინააღმდეგ ბატონ არჩილ კბილაშვილთან! არ ვიცი, სხვისი ცოლისთვის სერენადის მღერის გამო ისჯება თუ არა ადამიანი, მაგრამ ამის გარკვევას მაინც შევეცდებოდი (იცინის).

- რომელიმე ცნობილ ადამიანთან, საზოგადო მოღვაწესთან იმეგობრებდით?

- დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი ბატონ ნოდარ დუმბაძესა და დათა თუთაშხიასთან. მასთან ერთად მეც ვიაბრაგებდი (იცინის). სხვათა შორის, დღევანდელი საქართველო ზღაპარ "წიქარას" მაგონებს. ყველა ჩვენ დაგვდევს, ჩვენც ხან სავარცხელს გადავუგდებთ და ხანაც - სარკეს. ყველას ჩვენი პატარა საქართველო უნდა და რამდენად გავიჭრებით, არ ვიცი.

- წარმოიდგინე, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა შენ გაჩუქეს, რას გააკეთებდი?

- იუმორის დიდ ცენტრს დავაარსებდი, რომელშიც ნახევარ ქუთაისს მაინც გავაწევრებდი (იცინის).

- წარმოიდგინეთ, რომ ოჯახური და სამსახურებრივი მოვალეობებისგან გადაიღალეთ და სან ტროპეში მარტო დასვენება გადაწყვიტეთ...

- ოხ, დასაწყისი უკვე მომწონს, არადა, სან ტროპე მხოლოდ სერიალიდან გამიგია... მერე, მერე....

- მერე ის, რომ წევხართ აუზის პირას და ხედავთ - გიახლოვდებათ მშვენიერი ლივ ტაილერი, შეზლონგზე ჩამოგიჯდებათ და თქვენი ჭიქიდან წვენს მოსვამს...

- აუჰ, ლივ ტაილერი ნამდვილად მშვენიერებაა... რას ამბობთ, წვენი კი არა, მაშინვე რესტორანში დავპატიჟებდი და ჩემს ქუთაისურ მარიფათს გამოვიჩენდი (იცინის). ვისაუბრებდით, ცოტას დავლევდით, შემდეგ სასტუმრომდე მივაცილებდი და ვეტყოდი, - ლივ, ვისვენებ, გენაცვალე, ყველაფრისგან, აბა, კარგად ბრძანდებოდე-მეთქი (იცინის).

- კულტურის მინისტრად რომ დაგნიშნონ, რას გააკეთებდი?

- ჯერ დამნიშნონ და მერე ვილაპარაკოთ...

- მაინც რას გააკეთებდი?

- ბევრ რამეს, მაგრამ პირველად მაინც კინოინდუსტრიას მივხედავდი, რადგან თანამედროვე კინო არ მომწონს. რა დაგვემართა, არ ვიცი. კომუნისტების პერიოდში მსოფლიო დონის ფილმებს ვიღებდით და ახლა რა გვჭირს? ისე, ელიავას ბაზრობის მოწესრიგება მინდა, ეს საქმე რომელი მინისტრის კომპეტენციაში შედის? ისეთი ამბავია, მანქანის ნაწილი რომ დამჭირდება, ბაზრობაზე ბოტებით მივდივარ.

- რას აჩუქებდი მიხეილ სააკაშვილს?

- სააკაშვილს ელიავას ბაზრობაზე გენერატორს ვუყიდდი და მივართმევდი, გააჩახჩახე რეზიდენცია-მეთქი.

ფსიქოლოგის დასკვნა

მარიამ ღონღაძე, ფსიქოლოგი: - პირ­და­პი­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­ა. მზრუნ­ვე­ლია და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა. კარ­გი მე­უღ­ლე და მე­გო­ბა­რი­ა.

ინტერვიუ: "ოჯახში ჩემზე ჩქარა ხომ უნდა ლაპარაკობდეს ვინმე?!"

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები