მცირე ხანია, რაც "პალიტრა ტევემ" ტელეეკრანებზე გადაინაცვლა. მისი მიღება "გლობალ ტივის" აბონენტებს შეუძლიათ, თუმცა უახლოეს დროში სხვა საკაბელო არხების ბადეშიც ჩაერთვება. ტელევიზიას განვითარების საინტერესო გეგმები და გზა აქვს.
"პალიტრა ტევეს" ერთ-ერთი სახე, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ამ პროფესიამდე, როგორც ჩვენთან საუბრისას გამოიკვეთა, ძალიან დიდი ხანი მოდიოდა. დღეს მიიჩნევს, რომ ჟურნალისტიკა ბოლომდე არ არის ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს, მაგრამ მისი რთული გზის შემხედვარე, ალბათ, თავადაც დაგვეთანხმებით, რომ თავის ადგილს ამ სფეროში ნამდვილად იმსახურებს.
- ბავშვობიდან გინდოდა ჟურნალისტობა?
- სიმართლე გითხრა, არასდროს მნდომებია ჟურნალისტობა. ჟურნალისტობა არასდროს ყოფილა ჩემი საოცნებო პროფესია და არა მარტო იმის გამო, რომ რთული საქმეა, იმიტომაც, რომ ბავშვობაში ადამიანს სხვა პროფესიები უფრო იტაცებს, მახსოვს, მინდოდა, ადვოკატი ვყოფილიყავი. მერე ძალიან გამიტაცა ლიტერატურამ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ბათუმელი გახლავართ, იქ დავიბადე, გავიზარდე, სკოლაც და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. მოგეხსენებათ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძირითადად პედაგოგებს უშვებს, უმაღლესს როდესაც ამთავრებდი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის დიპლომი გქონდა. ჩემგან ახლა მასწავლებელი აღარ გამოვა, რადგან ამ მხრივ გამოცდილება საერთოდ არ მიმიღია. 1999 წელს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი. მაშინ მასწავლებლობით თავს ვერ ირჩენდი, ამიტომაც მომიწია იმ საქმის ძებნამ, რომელიც მეტ-ნაკლებად ახლოს იქნებოდა ჩემს პროფესიასთან და შემოსავალსაც მომიტანდა. ამის შედეგად აღმოვჩნდი ჟურნალისტიკაში. პატარ-პატარა მცდელობები მქონდა. ბათუმში გიორგი თარგამაძესთან სტუდიაში დავიწყე ჟურნალისტობა. მერე შემოვრჩი ამ პროფესიას. გიორგი რომ პოლიტიკაში წავიდა, სტუდია დაიშალა, აჭარის ტელევიზიაში შტატგარეშე თანამშრომელი გახლდით, შტატში არ ამიყვანეს, შემდეგ რამდენიმე გაზეთის კორესპონდენტად ვმუშაობდი. ამით დიდ შემოსავალს ვერ მივიღებდი. რამდენიმე ადამიანთან ერთად მონაწილეობა მივიღე გაზეთ "ბათუმელების" დაარსებაში. დღეს ვინც არიან მისი დამფუძნებლები, მათ მოუვიდათ იდეა და კიდევ 2-3 ადამიანი შეიამხანაგეს, მათ შორის მეც. თუმცა, როდესაც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ხარ, მამა პენსიონერი გყავს, 150 ლარით მას ვერ შეინახავ. იმ დროისთვის დედა უკვე გარდაცვლილი გახლდათ. 16 წლიდან ვმუშაობ.
- დამატებითი შემოსავალი გქონდა?
- ვხუმრობ ხოლმე, ჟურნალისტიკაში ბენზინგასამართი სადგურიდან მოვედი-მეთქი. მართლა ასე იყო. ასე ვარჩენდი ოჯახს. ჩამსხმელი გახლდით. დილას უნივერსიტეტში დავდიოდი, პირველი საათის მერე ვიდექი ბენზინგასამართ სადგურზე და 70-ლარიანი ხელფასი მქონდა. მაშინ დედა ცოცხალი იყო, ისიც პენსიონერი გახლდათ. 14 ლარი ჰქონდა მასაც და მამასაც. სწავლის მიტოვება არ მინდოდა. მაშინ სტუდენტისთვის ეს ცოტა სათაკილო სამსახური იყო, ახლა შედარებით სხვა გარემოა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. ის პერიოდი ცოტა რთული იყო... დედაჩემსაც ვეხმარებოდი ხოლმე. დედა ექთანი გახლდათ, მაგრამ, შექმნილი მდგომარეობის გამო, მზესუმზირას ყიდდა. არ მინდა, მკითხველი ზედმეტად გადავღალო ჩემი მონათხრობით. ჩემი ოჯახი განეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომელსაც დღეს სოციალურად დაუცველი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მამა, ბორის მეტრეველი, პოეტი და მწერალთა კავშირის წევრი გახლდათ, მისი შემოსავალი არასდროს ყოფილა დიდი. ისიც პენსიაზე დარჩა. მამა ახლა 87 წლისაა. ოჯახის შემოსავალი 28 ლარი გახლდათ. მამაჩემს სადღაც-სადღაც მუშაობა უწევდა, მე - დედასთვის მიხმარება, ზოგჯერ მზესუმზირასთან ერთად პურის გაყიდვაც. ზაფხულობით, სკოლის არდადეგების დროსაც მიმუშავია, ავტოვაგზალზე წყლებს ვყიდდით. მეზობელს ჰქონდა გარკვეული ბიზნესი, ჩამოსასხმელი წყლებისა და ბავშვებს გვამუშავებდა.
ვერ გეტყვი, რომ ასლან აბაშიძის მმართველობით როდისმე მოხიბლული ვიყავი და არც იმ მედიასაშუალებებით, რომლებიც აჭარაში ფუნქციონირებდა, მაგრამ მე-4-5 კურსზე ვიყავი, როდესაც ტელევიზიაში კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო. 3 წელი რომ ბენზინგასამართ სადგურზე იმუშავებ, იფიქრებ, რომ გინდა ისეთი საქმის მოძებნა, რომელიც შენს პროფესიასთან ახლოს იქნება. ამდენი ბენზინის სუნი აღარ მოგეწონება (იცინის). 300 კაცი იყო, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ 10 ადამიანი დავრჩით. ბოლოს გამოაცხადეს, საერთოდ არავინ მოგვეწონა, კონკურსი ჩაიშალაო. მაშინ ტელევიზიის დირექტორი თამაზ ბაკურიძე იყო. ახლა "ქრისტიან-დემოკრატების" აჭარის ორგანიზაციაშია. ვიფიქრე, რა გამეკეთებინა და გადავწყვიტე, არ შევეშვები-მეთქი. დირექტორის ნახვა გადავწყვიტე, თუმცა მანამდე ჟურნალისტიკასთან შეხება არ მქონია. მეგონა, რადგან წერა შემეძლო, ამ საქმესაც გავართმევდი თავს. დილას კართან დახვედრა მოვიფიქრე. ერთი თვე ვხვდებოდი, სანამ არ დამელაპარაკა. გიჟს ვგავდი, ძალიან მინდოდა სამსახური. ბოლოს შემიყვანა კაბინეტში და მითხრა, იარეო. დავდიოდი ასე, მერე დავიწყე პროექტების მოფიქრება. შემთხვევით გიორგი თარგამაძე შემხვდა, რომელიც მაშინ ასლან აბაშიძის პრესმდივანი გახლდათ. შესარჩევი კონკურსის დროს ჟიურიში იყო, ეტყობა, იქიდან დავამახსოვრდი. მითხრა, ხვალ გამომიარე, საქმე მაქვს შენთანო. გამიხარდა, ალბათ სამსახურის ამბავია-მეთქი. სტუდია გაუკეთებია, რომელსაც გადაცემები უნდა მოემზადებინა იმ აღმშენებლობის შესახებ, რაც აჭარაში მიმდინარეობდა (იღიმის). სტუდიაში კვირაში ერთ გადაცემას ვამზადებდით, მერე, როცა გიორგი წავიდა, ისევ უმუშევარი დავრჩი, აჭარის ტელევიზიაში მუშაობა არც მე მინდოდა და არც მათ ჰქონდათ დიდი სურვილი. მოვკიდე მამას ხელი, რომელიც მაშინ 75 წლის გახლდათ და წამოვედი თბილისში...
- აქ როგორ დაფუძნდი?
- ვიცოდი, რომ "ალია" ჟურნალისტებს ეძებდა და მიმიღეს. ნაძალადევში ნახევრად სარდაფი ბინა ვიქირავე, ჰონორარი 220 ლარი გამომდიოდა და ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ბევრად კარგი შემოსავალი იყო, ვიდრე მანამდე მქონია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, კერძოდ, წელიწადნახევრიანი მუშაობის მერე, "ალიას" რედაქტორმა, ბატონმა ბრეგვაძემ გამომაგდო (იცინის). არ ვიცი, იქ რა მოხდა, მგონი, არასწორად მიუტანეს ინფორმაცია. მაშინ "24 საათი" ახალი გამოსული იყო და ვთქვი, კარგი და რესპექტაბელური გაზეთია-მეთქი. ვიღაცას უთქვამს, იქ გადასვლა უნდაო. მართალი გითხრა, არ დამიწყია ზუსტად მიზეზის გამოძიება, რატომ გამომაგდეს. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი ნაწერი არ მოსწონდა. წარმოიდგინე, ისევ ქუჩაში აღმოვჩნდი. მერე ქეთი ხატიაშვილმა დამირეკა, გიორგის ველაპარაკე და დაბრუნდესო, მაგრამ აღარ მივბრუნებულვარ. უმუშევრობის პერიოდში თანხის სესხება მიწევდა, რომ ბინის ქირა დამეფარა. ვხვდებოდი, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა და "24 საათში" მივედი სამუშაოდ, პაატა ვეშაპიძესთან, თუმცა შტატში არ ამიყვანეს და მიზერული ჰონორარი გამომდიოდა. 100 ლარი თვეში ბინის ქირას მიფარავდა მხოლოდ. დეპრესიაში ვიყავი. დიდი წვერით დავდიოდი, რადგან გაპარსვის სურვილიც არ მქონდა. ამასობაში გიორგი თარგამაძე "იმედში" დაბრუნდა და მასთან მივედი, მეორედ მიშველა (იცინის).
- საბოლოო ჯამში, მაინც გიმართლებდა...
- მხოლოდ იღბალს ვერ დავაბრალებ. როცა ადამიანს რაღაცის ნიჭი გაქვს, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ამ საქმეში მაქვს გარკვეული ნიჭი, ადრე თუ გვიან რაღაცას მიაღწევ. სანამ "იმედში" მივიდოდი, მანამდე "რუსთავი 2"-ში, ეკა ხოფერიასთანაც გახლდით მისული, მან მითხრა, დაგაკვირდებითო. ამის ფუფუნება რომ მქონოდა, იქ გავძლებდი და რაღაცას მივაღწევდი, მაგრამ ბინის ქირა რომ გაქვს გადასახდელი, 2 თვე რომ გაკვირდებიან, ამის დრო არ გაქვს (იცინის). ამიტომაც "იმედში" წასვლა ვამჯობინე.
გიორგი იცნობდა როგორც ჩემს დადებით, ასევე უარყოფით მხარესაც. უარყოფითი მხარე ჩემი მეტყველების პრობლემას უკავშირდებოდა, მქონდა რბილი ლ-ს პრობლემა, არითმიული მეტყველება და ა.შ. დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ ასეთი მეტყველება, ამას ვარჯიში სჭირდებოდა. გიორგი დაფიქრდა, ავეყვანე თუ არა და რედაქტორობა შემომთავაზა. რეპორტაჟებზე წასვლა არ მიწევდა. სტუმრების შერჩევაში, კითხვების დაწერაში ვეხმარებოდი წამყვანებს. ხელფასი 300 დოლარი მქონდა, ეს ჩემთვის იცი, რა ფული იყო? არასდროს მქონია ასეთი ხელფასი. დიღომში გადმოვედი და ნახევრად სარდაფებში ცხოვრება დამთავრდა. ბინა კორპუსში ვიქირავე. შემდეგ "ქრონიკა პლუსი" დაიხურა და ისევ უსაქმურად დავრჩი. ნელ-ნელა გადაღებებზე სიარული დავიწყე, მეტყველებაში გვავარჯიშებდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს არ მეყოფოდა და პარალელურად დამოუკიდებლად ვარჯიში დავიწყე. სამსახურის მერე სამონტაჟოში ვრჩებოდი, ჩემს ხმას ვიწერდი და შემდეგ ვისმენდი, რა შეცდომებიც მქონდა, მათ გამოსწორებას ვცდილობდი. ეს ყველაზე კარგი მეთოდია. ასე დასრულდა ეს პრობლემა. ამბობენ, რბილი ლ-ს გამოსწორება შეუძლებელიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის ასე (იღიმება). ახლა შეიძლება, ვერაფერი შემამჩნიოთ, თავიდან ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა მჭირდებოდა, რომ რბილი ლ არსად გამპარვოდა. მეტყველების პრობლემის მოგვარების შემდეგ ჩემი კარიერა ნორმალურად წავიდა.
- "იმედს" ბევრი ჟურნალისტისთვის რთული პერიოდი უკავშირდება...
- 2007 წლის 7 ნოემბერს გულისხმობ ალბათ. მე თეთრ ყვავად დავრჩი. ამ მომენტიდან დაიწყო ჟურნალისტების გადაბირება, ამ საქმეში ვერ გამოვდგებოდი, მაგრამ, იმავდროულად, მქონდა პრეტენზიები ტელევიზიის მფლობელის მიმართ. ვმუშაობდით ტელევიზიაში, ვაკეთებდით ჟურნალისტიკას და ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილების გამო პოლიტიკაში აღმოვჩნდით, ჩემთვის კი ჟურნალისტური სტანდარტები უმთავრესია... "იმედში" დავრჩი, გახსოვთ ალბათ ჩემი გამოსვლა, სადაც არც მიშას ვემხრობოდი და არც ბადრის. აქედან გამომდინარე, ბადრი პატარკაციშვილის ახლობლებისთვის არცთუ მისაღები გავხდი. ბოლოს ვინც დარჩა ტელევიზიაში, ამბობდა, კარგი იქნებოდა, პატარკაციშვილს ტელევიზია იმ ადამიანისთვის მიეყიდა, რომელიც პოლიტიკასთან დაკავშირებული არ იქნებოდა. ასე ვფიქრობდი მეც. მე ყველაზე ხისტი პოზიცია მქონდა. პატარკაციშვილის ნათესავები ბოლოს მეუბნებოდნენ, ბადრი თუ არ მოგწონს, წადიო. ბადრი ჩვენს წინადადებაზე დიდხანს არაფერს ამბობდა, ფიქრობდა, მეც ვრჩებოდი, იქნებ, დადებითად გადაეწყვიტა. შემდეგ შემოგვითვალა, წილს არ გავყიდი და პოლიტიკაშიც ვრჩებიო. სხვები დარჩნენ, მე წამოვედი. ბადრი პატარკაციშვილი სადღაც ერთ თვეში გარდაიცვალა. შემდეგ "იმედის" ამბები იცით... მე კვლავ უმუშევარი აღმოვჩნდი. ამ დროს უკვე ცოლიც მყავდა, მეუღლე მუშაობდა, ცოტა ფული მქონდა დაგროვებული და ამით გაგვქონდა თავი, სანამ უმუშევარი ვიყავი, დაახლოებით 2 თვეს. ჩემი მეუღლე ნინო წულუკიძეა. შვილი გვყავს.
- ახალი სამსახური როგორ დაიწყე?
- "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდში საზოგადოების წარმომადგენლები შეიყვანეს. მიშა და ოპოზიცია თითქოს შეთანხმდნენ, რომ ეს არხი დაბალანსებული უნდა ყოფილიყო. მივედი "პირველ არხზე" და "მოამბეში" 1 წელი ვიმუშავე. ვერ ვიტყვი, რომ იქ თავისუფლების მექა იყო, მაგრამ მეტ-ნაკლებად ნორმალურად შუქდებოდა მოვლენები. 2008 წლის აგვისტოს ომში ვიმუშავე, რაც ყველა ჟურნალისტისთვის დიდი გამოცდილებაა. სანამ გორის დაბომბვა დაიწყებოდა, მიკროფონით ხელში იქ ვიყავი. რუსებმა დასავლეთი რომ დაიკავეს, სენაკში გადმოვიდნენ, მე და თენგო გოგოტიშვილი ჩავრჩით, 20 დღე იქ გახლდით, სანამ რიკოთიდან წავიდოდნენ რუსები, რასაც აფეთქებდნენ, ყველაფერს ვიღებდით. შემდეგ "პირველ არხზე" სიტუაცია შეიცვალა, "მოამბეში" ხელმძღვანელად მოვიდა ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გუნდის წევრი გახლდათ. მას 1 თვე გავუძელი. მივხვდი, რომ მოჩვენებითი ნეიტრალიტეტი გაქრა და "მოამბე" ჩვეულებრივი პროპაგანდის კეთებაზე გადავიდა. თათბირზე ავდექი და პირდაპირ ვუთხარი, ყველას წინაშე, თქვენთან ვერ ვიმუშავებ-მეთქი. იქ ნორმალური ხელფასი მქონდა, იმის ნახევარ ხელფასზე წამოვედი "პალიტრაში". ამ მედიაჰოლდინგზე არჩევანი იმიტომ გავაკეთე, რომ იმ პერიოდში არ არსებობდა არც ერთი მედიასაშუალება, "კავკასიას" თუ არ ჩავთვლით, რომელიც პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი იქნებოდა. "პალიტრა" კი ის მედიაჰოლდინგია, სადაც ვერც მაშინ და ვერც ახლა პოლიტიკურ ინტერესს ვერ ვხედავ, ეს სუფთა ბიზნესია, რამაც ჩემი არჩევანი განაპირობა. აქ არავისი მსახური არ ხარ, გარდა შენი ინტერესებისა. ამიტომაც დავთმე ჩემი ხელფასის ნახევარი, რაც ოჯახისთვის სასიხარულო არ აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ბიძინა იტყოდა, მეუღლე ამას გაგებით მოეკიდა (იცინის).
რადიო "პალიტრაში" გადაცემა "რეზიუმეს" წამყვანად დავიწყე მუშაობა, 2009 წლის თებერვალში.
ამ წლების განმავლობაში იმედი არ გამცრუებია, ცენზურა არც ერთხელ არ ყოფილა. ეს ჩემთვის პრიორიტეტია, მთავარი ღირებულებაა. თანდათან ჩემი ხელფასი გაიზარდა, სხვადასხვა პროექტში დავსაქმდი, "კვირის პალიტრაში" ჩემი სვეტი მიმყავს, ახლა კი ტელევიზია "პალიტრაც" გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში და ორმა პროექტმა გადაინაცვლა ტელეეკრანზე - ერთი "რეზიუმე" გახლავთ, ხოლო მეორე ახალი გადაცემაა - "მოკლე ჩართვა", რომელიც საღამოს 9-ის ნახევარზე იწყება და მსმენელი, მაყურებელი ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს. იმედია, ტელევიზია ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც მედიაჰოლდინგის სხვა პროექტები. ტელევიზიას დიდი დაფინანსება სჭირდება, ეს რთული საქმეა, რომელსაც ჰოლდინგი შეეჭიდა. ჯერ მარტივი ტექნიკით ვიწყებთ, სამაგიეროდ, აქ მუშაობენ ადამიანები, რომელთაც თავიანთი რენომე და რეპუტაცია აქვთ ქართულ მედიაში. ხალხს აინტერესებს მათი შეკითხვები, რესპონდენტები... ვფიქრობ, არხს დიდი წარმატება ექნება.
- შეგიძლია, ყველაზე სკანდალური "რეზიუმე" გაიხსენო?
- ჩემი გადაცემები სკანდალზე არ არის აგებული, მაგრამ პოლიტიკას ეს თან ახლავს. ჯაბა ხუბუა და კახა მიქაია იყვნენ ჩემი სტუმრები და ლევან გაჩეჩილაძესთან დაკავშირებულ თემაზე ვსაუბრობდით, აიღო თუ არა ფული, ჩემი რესპონდენტების ჩხუბი ეთერს გარეთაც გაგრძელდა. მეორედ ნიკა ჩიტაძე გაიქცა ეთერიდან, რომელიც მოპასუხის, ირაკლი მელაშვილის ფრაზამ გაანაწყენა. "კავკასიის" ეთერიდან, სადაც რესპონდენტი გახლდით, გია ხუხაშვილი გამექცა. "ბარიერში" წინასაარჩევნოდ მიგვიწვიეს, გია ხუხაშვილს ვუთხარი, რომ ის არა ექსპერტი, არამედ მხარე იყო. მაშინ ძალიან გაბრაზდა, მერე თავად თქვა, არასწორად მოვიქეციო, შემდეგ მითხრა, რომ სხვაზე იყო გაბრაზებული და ჩემი ფრაზა ბოლო წვეთი აღმოჩნდა (იღიმება).
- გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა ვაჟბატონი რომ გიწოდა.
- (იცინის) არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს, ხალხმა "ვაჟბატონი" აიტაცა. ვფიქრობ, მას უფრო მეტი შემწყნარებლობა მართებს ჟურნალისტების მიმართ. მესმის, რომ ჟურნალისტები წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით ემსახურებოდნენ პროპაგანდას და ჰაერიდან მოტანილ შეკითხვებს სვამდნენ, მაგრამ დამოუკიდებელმა ჟურნალისტმაც შეიძლება დასვას ისეთი კითხვა, რომელიც რესპონდენტს არ მოეწონება. ამის გამო გაბრაზება არ ღირს.
- ბოლოს მინდა, ოჯახზეც გკითხო. ბავშვი რამდენი წლისაა?
- ბიჭია და 4 წლისაა. მამიკოს ტელევიზორში კი ხედავს, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რა მინდა იქ (იღიმება).
- მეუღლე შენიშვნებს გაძლევს, როგორც ჟურნალისტი?
- კი. ძირითადად, არ მოსწონს წაყვანის დროს ჩემი მეტყველების მანერა და აქვს შენიშვნები. შეიძლება გეწყინოს, რაღა დროს ჩემს მეტყველებაზე ლაპარაკიაო, მაგრამ ნინოს სხვა რამეზე აქვს უკვე შენიშვნები, ინტონაციაზე, აქცენტებზე. საერთოდ, საკუთარი თავის კრიტიკა ყველაზე უკეთ თავად გამოგდის. არ მიყვარს ჩემი გადაცემების მოსმენა, მაგრამ ეს აუცილებელია.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
- ძირითადად, ოჯახთან ერთად. ბავშვთან ხშირად ვთამაშობ, ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. როცა პატარა ჩნდება შენს ცხოვრებაში, ცხოვრება იცვლება, სულ სხვა ადამიანი ხდები და სხვა აზრი აქვს ყველაფერს. მასთან ერთად გატარებული დრო ეზოში, ზოოპარკში ძალიან სასიამოვნოა. გადაცემები საღამოს მაქვს, გადაცემის დაგეგმვას სახლიდანაც ვახერხებ, ბავშვთან ერთად ვატარებ დღის პირველ ნახევარს. მასთან ახლო და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, თავმდაბლობას არ დავიწყებ, თავს კარგ მამად მივიჩნევ.
- მეუღლეს მოსწონს, რომ ახლა ტელევიზიაც დაგემატა და ოჯახისთვის ნაკლები დრო გექნება?
- (იცინის) ნაკლები დრო, მაგრამ მეტი ხელფასი.
ნინო მურღულია
(გამოდის ორშაბათობით)