რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ოთარ ქირია

რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ოთარ ქირია

ცოტა ხნის წინ "რუსთავი 2"-ის დილის ეთერის პრესის მიმომხილველი ოთარ ქირია საავადმყოფოში მოხვდა. მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო მანქანით გადაიყვანეს რეანიმაციაში. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ოთარი ოჯახსა და ჟურნალ-გაზეთებს დაუბრუნდა. შემთხვევის დეტალებზე, ავტოავარიაზე, თვითმკვლელობის მცდელობასა და სხვა თემებზე ოთარი თავად გიამბობთ.

- ოთარ, ზამთრის შვებულება როგორ გამოიყენე?

- ვერსად ვერ წავედი. ვალი მაქვს, ბევრი არა, მაგრამ ცოტაც რომ მაქვს, ვერ ვისვენებ. თბილისში ვიყავი და მეძინა დათვივით. საერთოდ, ნოემბრიდან მარტამდე მძინავს. არ მიყვარს ზამთარი და სიცივე. ოჯახიც ბედნიერი იყო, რომ არ დავდიოდი შეშლილი სახით.

- მხოლოდ სახის გამომეტყველებით ადგები ოჯახს კარგად ან ცუდად?

- რატომ ფიქრობ ასე? მაგალითად, ახალი წლის დღეებში მეუღლეს მოვეხმარე ბაჟეს გაკეთებაში. კიდევ გადავყარე ნაგავი. საახალწლოდ შევიძინე საჭმელები, ხილი და ბოსტნეული. გოზინაყისთვის ვიყიდე ნიგოზი. წელს მეცხრე ახალი წელი გავატარეთ მე და თამუნამ ერთად. ცხრა წელია გოზინაყს აკეთებს და მერე ვყრით. წელს პირველად არ გადავყარეთ, გამოუვიდა.

- შენი წონის მატებაც გოზინაყის დამსახურებაა?

- ნაწილობრივ კი. წინა ახალი წლიდან ამ ახალი წლის ჩათვლით 20 კილოგრამი მოვიმატე. ახლა 4 კილო დავიკელი.

- დიეტაზე ხარ?

- იძულებით დიეტაზე გახლავართ. თევზის კონსერვი გეახელით და კინაღამ გაღმა გავედი მარილზე. არა, კი არ მოვიწამლე, მეგონა, რომ მოვიწამლე და იძულების წესით უკან ამოვიღე ეს კონსერვი. პირსაქმების დროს კუჭისა და საყლაპავის საზღვარზე გაჩნდა ნახეთქი, დამეწყო სისხლდენა. სასწრაფო მანქანით გადამიყვანეს საავადმყოფოში. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე. ზონდებს მაყლაპებდნენ პირიდან, ცხვირიდან... თავიდან, სახლში გული რომ ამერია, დავიძინე. ორ საათში გამეღვიძა, ძალიან ცუდად ვიყავი. რომ ავდექი, თავბრუ დამესხა და იატაკზე დავწექი. წავიქცეოდი, ჩემით რომ არ დავმჯდარიყავი, კიდევ ამერია გული და სისხლი ამოვაყოლე. მაშინ კი შემეშინდა. ღამის თორმეტის ნახევარი იყო. სასწრაფოს ექიმებს "ვეკაჩავე", არსად არ წამოვალ, გამივლის-მეთქი. 15-წუთიანი ძიძგილაობის შემდეგ რომ მივხვდი, ძალა საერთოდ აღარ მქონდა, გავყევი. სამი დღე ვიყავი საავადმყოფოში, დღე-ნახევარი წყალიც არ მქონდა დალეული. ამით აკონტროლებდნენ, დაიწყებოდა თუ არა გაჭრის გარეშე შეხორცება. გამიმართლა და შეხორცდა.

- მნახველები გყავდა?

- იქ არავის უშვებენ. სამაგიეროდ, თავს გევლებიან მედდები. პირველი რამდენიმე საათი ვერ ვლაპარაკობდი. როგორც კი ლაპარაკი დავიწყე, ავიღე ტელეფონი და ჩამოვრეკე ახლობლებთან, მეგობრებთან, საკუთარ ქელეხში დავპატიჟე ხალხი, მაგრამ მედიცინა ძლიერი აღმოჩნდა არსებული პრობლემის გადასაჭრელად და ქელეხი "გაიმაზა".

- ქელეხზე და გაღმა გასვლაზე გამახსენდა, მე ვიცი, რომ შენ ერთხელ თვითმკვლელობაც სცადე.

- კი, იყო ასეთი შემთხვევა. გარეკილი მთვრალი ვიყავი.

- რა ასაკში იყო ეს, ცოლ-შვილი გყავდა უკვე?

- კი, მყავდა, მაგრამ მიზეზს ნუ მკითხავ, მაინც არ ვიტყვი.

- ახლა რას მიირთმევ, ფაფებს?

- ფაფებს, რომლებიც ძალიან მიყვარს. 6 თვე სასმელს ვერ დავლევ. ყავაც კი ამიკრძალეს. ჯერ ისევ წამლებზე ვარ. ზოგი ჭირი მარგებელია დამემართა, სამედიცინო დიეტაზე ვარ და იძულების წესით ვიკლებ წონაში.

- "რუსთავი 2"-ის დილაში რა სიახლეები გაქვთ? ამასობაში კონკურენტები გამოგიჩნდნენ...

- კონკურენტები კი გამოგვიჩნდნენ, მაგრამ ჩვენმა რეიტინგმა იმატა. ამას მონაცემები მოწმობს... პარალელურად ლექციებს ვკითხულობ კავკასიის ბიზნეს-სკოლაში თემაზე მარკეტინგის საფუძვლები. უნივერსიტეტში ჩავაბარე დოქტორანტურაში და სავალდებულოა ლექციების კითხვა.

- რას იტყვი მომავალ მენეჯერებზე, როგორი თაობა მოდის?

- თავიდან უკმაყოფილო ვიყავი, შემდეგ პროცენტულად რომ ვიანგარიშე, მთლად საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს.

- სტუდენტებმა როგორ მიგიღეს?

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პატარა გაუგებრობის გამო ერთი თვე შატალოზე ვიყავი, ვერ ვიტყვი, ალბათ სტუდენტები ფიქრობდნენ, არასდროს არ მოვაო.

- რუსთავი 2"-შიც გაქვს ხოლმე შენ შატალოები...

- ამიერიდან ხუთშაბათსა და პარასკევს მექნება შატალოები. პოლიტიკურ სკოლაში ვსწავლობ. ორ თვეში ერთხელ გასვლითი სასწავლო სემინარები მაქვს, ოღონდ ხელმძღვანელობასთან შევათანხმე, სწავლაში ხელს არ მიშლიან, საპატიო გაცდენად ჩამეთვლება.

- ძველით ახალ წელს ავარია მოგსვლია, გავიგე...

- ჰო, 14 იანვარს ახვლედიანის ქუჩაზე ვატო კახიძის მეუღლის მანქანას დავარტყი, ფარი გავუფუჭე. ნასვამი არ ვყოფილვარ, გავუკეთე მასაც და ჩემი მანქანაც შევაკეთე. ასე რომ, მშვიდად დამთავრდა ყველაფერი.

- ვინ იყო წელს შენი მეკვლე?

- ჩემი შვილი, გვანცა (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები