ბრიტანეთი, თურქეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი, მალაიზია, რუსეთი, უნგრეთი, - ამ ქვეყნების უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები იქნებიან წარმოდგენილი 15-16 თებერვალს, გამოფენების ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, სადაც განათლების საერთაშორისო გამოფენის გაზაფხულის სეზონი გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. საგამოფენო სტენდებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი.
ღონისძიება შეეხება განათლების სხვადასხვა სფეროს, ეტაპსა და მიმართულებას, რომლის შესახებაც ქართველ (და არა მარტო) საზოგადოებას უამრავი შეკითხვა აქვს, თუმცა ამომწურავი პასუხის მიღება უჭირს. გამოფენის დღეებში დაგეგმილ სიახლეებსა და დეტალებზე პროექტის მენეჯერი, თეონა თავაძე გვიამბობს:
"ჩვენი საგამოფენო ცენტრი ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა თემატიკის საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენებს. ზოგიერთი მათგანი უკვე 10-15 წელია ამ გამოფენაში მონაწილეობს. ყოველწლიურად ტარდება ჩვენი ცენტრის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს პროექტი შედარებით ახალია, რადგან მისი ორგანიზება 2 წლის წინ დავიწყეთ და წელს უკვე მესამედ გაიმართება საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიზანი საგანმანათლებლო სექტორის ხელშეწყობა და განვითარებაა.
ორი დღის განმავლობაში გაიმართება უნივერსიტეტების პრეზენტაციები და ღია კარის დღეები, სადაც დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა სასურველი ინფორმაცია პირდაპირ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისგან მიიღოს და მიმდინარე პროგრამებსა და სწავლის პირობებს გაეცნოს.
გარდა ამისა, ზოგიერთ უცხოურ უნივერსიტეტს აქვს მოკლევადიანი კურსებიც, სადაც პირობებიც სხვანაირია და საფასურიც.
გამოფენის დანიშნულებაა თავი მოუყაროს ყველა იმ ორგანიზაციასა და სასწავლებელს, რომლის შეთავაზებაც საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის და მათი მშობლებისთვის. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და ორი დღის განმავლობაში, 12-დან 19 საათამდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია გვეწვიოს. გამოფენის პარალელურად გაიმართება ბევრი წამახალისებელი და გასართობი ღონისძიებაც, გათამაშდება სხვადასხვა პრიზი და საჩუქრები, ჩატარდება უნივერსიტეტების გასართობი აქციები დამთვალიერებლებისთვის.
ასე რომ, გვეწვიეთ 15-16 თებერვალს განათლების გამოფენაზე, დასწრება თავისუფალია.
R