Flydubai ოპერირების მესამე წელს მომგებიანი ავიაკომპანია ხდება. მენეჯმენტის ცნობით, ეს სწორი სტრატეგიისა და მაღალი ხარისხის სერვისის შედეგია. კომპანის წარმომადგენლობამ პრესკონფერენციაზე ყურადღება საკუთარ მიღწევებზე და დუბაის ავიაინდუსტრიაში შეტანილ წვლილზე გაამახვილა.
მათი ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ოპერირება 2009 წლის ივნისში დაიწყო და ამ პერიოდიდან შეუდარებელი ზრდა დააფიქსირა. ბოლო ორ წელიწადში 2-ჯერ გაიზარდა ავიაკომპანიის მიერ დანიშნული რეისების რაოდენობა. Flydubai-ს რეისების რაოდენობამ 25-დან 52-მდე მოიმატა. ყოველთვიურად ავიაკომპანია ერთზე მეტ ახალ მიმართულებას ამატებს. იგი კვირაში 1000-ზე მეტ რეისს ასრულებს. ავიაკომპანიამ ოპერირების დაწყებიდან დღემდე 10,4 მლნ მგზავრის ტრანსპორტირება განახორციელა.
"დაარსების დღიდან ჩვენი მიზანი იყო საჰაერო მგზავრობა ყველასთვის იაფი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო. ჩვენ ასევე დავნერგეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიისთვის ოპტიმალური მიდგომა, რომელიც მგზავრებს დამატებითი ხელმისაწვდომი ფასის გადახდის შემთხვევაში სპეციალური სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. 2012 წელს ჩვენ 5,1 მლნ მგზავრის ტრანსპორტირება განვახორციელეთ. ქსელს დღეს ახალი მიმართულება ჰაილი, საუდის არაბეთი დაემატა. ჩვენი ავიაკომპანია 52 მიმართულებით დაფრინავს, ხოლო ავიაპარკი 28 თვითმფრინავისაგან შედგება", - განაცხადა Flydubai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გაიტ ალ გაიტმა.
Flydubai-ს წარმატებული ბიზნესის მოდელი და მკაფიოდ განსაზღვრული განვითარების სტრატეგია გააჩნია. 2013 წელს ავიაკომპანია 6 ახალ თვითმფრინავს მიიღებს, რაც გაზრდილ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ახალი მიმართულებების მომსახურებას უზრუნველყოფს.
გაერთიანებული არაბეთის საემიროების მთავრობა აქტიურად განაგრძობს ინვესტირებას დუბაის აეროპორტებისა და ავიაკომპანიების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, იმ მიზნით რომ დუბაი რეალურად გახდეს და შეინარჩუნოს რეგიონის ავიაციის, ტურიზმისა და ვაჭრობის ცენტრის სტატუსი. Flydubai დარწმუნებულია საკუთარ წარმატებაში და მომავალ წლებს იმედიანად უყურებს.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9