ახალი ტელევიზია და წამყვანები, რომლებსაც უკვე იცნობთ

ახალი ტელევიზია და წამყვანები, რომლებსაც უკვე იცნობთ

"პალიტრა TV-მ" მაუწყებლობა დაიწყო: ახალი სატელევიზიო პროექტებისა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი და საინტერესო რადიოგადაცემების ეკრანზე ხილვა მაყურებლებს Global TV -სა და სხვა საკაბელო არხებზე შეუძლიათ. სატელევიზიო სფეროში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ტელევიზია თავის დამკვიდრებას ხარისხიანი პროდუქციით აპირებს...

თამთა კვარაცხელია, "დილის პალიტრის" წამყვანი:

- დიდი ხანია, რაც "დილის პალიტრა" არსებობს, მაგრამ ტელეეთერი ჩვენთვის სიახლე გახლავთ. ნელ-ნელა ვეჩვევით ფრაზას - "გვისმინეთ და თან, გვიყურეთ". "გატელევიზორება" და დილის გადაცემის "გადახალისება" ერთმანეთს დაემთხვა: ახალი პროდიუსერი - ირმა სინაურიძე-მაყაშვილი გვყავს, რომელმაც "დილის პალიტრა" უკეთესობისკენ "გადააწყო". გადაცემას ახალი რუბრიკები დაემატა, ძველი გაუმჯობესდა. ცხადია, ეს ყველაფერი მაყურებლების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა.

- შენი აზრით, "დილის პალიტრა" რითია განსაკუთრებული?

- განსაკუთრებული წამყვანები ჰყავს (იცინის). უკვე 3 წელია, რაც მე და ლაშა გაბუნია "დილის პალიტრას" ერთად ვუძღვებით. წინათ "რადიოპალიტრის" ეთერში საღამოს გადაცემაც მიმყავდა, მაგრამ ჩემს შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ დილით ვამჟღავნებ. როგორც ჟურნალისტს, საკუთარი თავი დილის ეთერის გარდა, ვერსად წარმომიდგენია. ადრე გაღვიძება ჩემთვის პრობლემა არ არის. ალბათ ამიტომაც, ამდენი ხანია "დილის პალიტრის" წამყვანი ვარ და ჩემი საქმე არასოდეს დამზარებია, არც მომბეზრებია. განახლებული გადაცემა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა გახლავთ. წინათ ეკრანზე მუშაობის გამოცდილება არ მქონია. ახლა კამერასთან ვისწავლე მუშაობა. გარეგნობაზე უფრო მეტად ვზრუნავ: მართალია, რადიოს ეთერშიც მოწესრიგებული ვიყავი, მაგრამ - მაკიაჟის გარეშე. ახლა დამატებითი საზრუნავი გაგვიჩნდა: ეთერში გასვლამდე, მე და ლაშა ერთმანეთს გადავამოწმებთ ხოლმე, თუ როგორ გამოვიყურებით. შვილს ველოდები. ამიტომ არცთუ ისე კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ ვცდილობ, ეს ეკრანს არ დაეტყოს (იღიმის)...

პროვოკატორის არსებობის შესახებ "გზის" მკითხველებს არ ესწავლებათ. "რადიო და ტელეეთერს წერა მირჩევია, ბუზღუნა "ბებერი" ვარ და პროვოკატორობის გარდა, სერიოზულ სტატიებსაც ვწერ," - გვითხრა პროვოკატორმა, რომლის გადაცემაც palitratv.ge-ზე ჩატარებული გამოკითხვით, ტოქშოუებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

ზვიად დოლიძე, გადაცემა "პროვოკატორის" წამყვანი:

- ტელეეთერის გამო, საკმაო უხერხულობას ვგრძნობ. რადიოში კომფორტულად ვიყავი. ისიც არ მიხაროდა, ინტერნეტში გამოსახულება რომ გადიოდა. თუკი რამე მეზარება ქვეყანაზე, წვერის გაპარსვაა. თან, გადაწყდა, რომ ისეთი იმიჯი მქონოდა, როგორიც ჟურნალ "გზაში", პროვოკატორის ლოგო გახლავთ: კეპი, სათვალე... ჰოდა, ახლა ეთერში გასტრონომთან ჩაცუცქული ძველი ბიჭივით ვზივარ და სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობ. წინათ, ორშაბათობით ეთერი სტუმრის გარეშე მიმყავდა. ახლა ხელმძღვანელობასთან იმას მივაღწიე, რომ უკვე კვირაში 3 დღე ვისვენებ - "პროვოკატორი" ეთერში შაბათ-კვირას და ორშაბათს არ გადის. სამშაბათს ეთერს მონატრებული ვუბრუნდები ხოლმე.

კიდევ რაღაც პროექტის განხორციელება გვინდა, რომელიც ყველა თაობისთვის და ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის საინტერესო იქნება. გადაცემის სამუშაო სახელწოდება "ძველი ამბები" გახლავთ. მასში გამოცდილ, ბევრის მნახველ ადამიანებს (უხუცესი პოლიტიკოსი, ძველი ფეხბურთელი, თბილისის კოლორიტი და ა. შ.) ვესაუბრებით... მინდოდა, რომ ეს პროექტი რადიოში გასულიყო, მაგრამ ტელეგადაცემაში შეიძლება, კინო ან ფოტოდოკუმენტები ვაჩვენოთ, ამიტომ სატელევიზიო ფორმატი უპრიანი იქნება...

მერაბ მეტრეველი, გადაცემების - "რეზიუმეს" და "მოკლე ჩართვის" წამყვანი:

- "პალიტრაში" 2009 წელს მოვედი. მანამდე "მოამბეში" ვმუშაობდი, რომელიც პროტესტის ნიშნად დავტოვე. ისეთ მედიასაშუალებას ვეძებდი, რომელიც პოლიტიკასთან "მიბმული" არ იქნებოდა. "პალიტრა TV" ამიტომაც ავირჩიე: სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებით, მას პოლიტიკური ინტერესი არ ჰქონია - არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აფინანსებდა.

- პოლიტიკური ტოქშოუს ყოველდღე მომზადებას როგორ ახერხებთ? როგორც ვიცი, ხანდახან დღეში 3 პირდაპირი ეთერი გაქვთ...

- ეს საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, რომ მედიაბაზარი პოლიტიკური ტოქშოუებით უკვე გაჯერებულია. შეიძლება, სტუმრების შერჩევა პრობლემა იყოს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ისეთი ბობოქარი პოლიტიკური ცხოვრებაა, რომ ვახერხებთ - გადაცემის თემაც აქტუალური იყოს და სტუმარიც აქტუალური გვყავდეს.

- გადაცემა "მოკლე ჩართვა" სპეციალურად "ტელეპალიტრისთვის" შეიქმნა?

- დიახ. მაგალითად, "რეზიუმე" თავდაპირველად, რადიოპროექტი იყო, შემდეგ "გატელევიზორდა", "მოკლე ჩართვა" კი სატელევიზიო პროექტია. ეს ერთგვარი ინტერაქტივი გახლავთ, რომელიც მაყურებლებს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს. მათ გადაცემაში ტელეფონით ან "სკაიპით" მონაწილეობა შეუძლიათ.

- სატელევიზიო სფეროში თქვენი გამოცდილების საფუძველზე, გვითხარით, - "ტელეპალიტრას" რა პერსპექტივა აქვს?

- მისი მთავარი პლუსი ის არის, რომ ჰოლდინგი გახლავთ, რომელიც გეგმაზომიერად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. მის ცხოვრებაში ტელევიზია ახალი ეტაპია. თუკი ხელმძღვანელობა ამ ეტაპსაც ისეთი ყურადღებით მოეპყრობა, როგორც სხვა ეტაპებს, სატელევიზიო სფეროში წარმატებას აუცილებლად მიაღწევს. ეს რთული იქნება, მაგრამ კარგი ტელევიზიის გაკეთება უკვე მწირი ფინანსებითაც შესაძლებელია...

გიორგი კალანდაძე, გადაცემა "საქმის" წამყვანი:

- "საქმე" ერთ-ერთი ძველი გადაცემა გახლავთ, რომელიც ჯერ კიდევ "რადიოპალიტრის" ეთერში, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2008 წელს დაიწყო. დღეს ვცდილობთ, გადაცემაში ეკონომიკისა და ბიზნესის ყველა მიმართულება მოვიცვათ. "პალიტრა TV"-ის ვებგვერდის მეშვეობით, საზოგადოების გამოხმაურებებს ვეცნობით და ვითვალისწინებთ.

- გადაცემა "საქმემ" რა ეტაპები განვლო, ვიდრე იმ სახით ჩამოყალიბდებოდა, როგორც ახლა "პალიტრა TV"-ის ეთერში გადის?

- თავდაპირველად, გვინდოდა, რომ გადაცემა ეთერში ჩანაწერის სახით გასულიყო, შემდეგ - პირდაპირი ეთერით. მერე სტუმარი "გაჩნდა"... როცა ფორმატი გაიზარდა და შეიძლებოდა, გადაცემაში მხოლოდ 1 სტუმარი არ გვყოლოდა, დებატების იდეა დაგვებადა... რაც მთავარია, გადაცემის დასაწყისშივე ჩამოვყალიბდით, რომ ეკონომიკური ამბები საზოგადოებისათვის იოლად გასაგები უნდა ყოფილიყო.

- ქართულ სატელევიზიო სივრცეში ეკონომიკური ხასიათის სხვა გადაცემებიც არსებობს. მათ ღირსეულ კონკურენციას უწევთ?

- ეკონომიკური პროფილის საინფორმაციო საშუალებებს ძალიან კარგ კონკურენციას ვუწევთ. ალბათ, "საქმე" ყველაზე ძველი გადაცემაა. სხვა ტელევიზიებში ამ სახის გადაცემები ქრებოდა და ისევ ჩნდებოდა. ჩვენთან სტაბილურობა შენარჩუნებულია. "საქმე" აუდიტორიის გემოვნებაზე მორგებული გახლავთ. როცა ჩვენს ეთერში ექსკლუზივი გადის, შემდეგ სხვა ეკონომიკური ხასიათის და ასევე, სერიოზულ საინფორმაციო შოუებში მისი "გადამღერება" ხდება. ეს ჩვენთვის დიდი პატივია.

თამარ ცაგარეიშვილი, "სახალხო დარბაზის" წამყვანი, "რადიოპალიტრის" პროგრამების მენეჯერი:

- "პალიტრა TV" პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, ჩამოყალიბების პროცესშია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვვითარდებით. ტელევიზია რთულად გასაკეთებელია, მაგრამ პერსპექტივა ყველა იმ საქმეს აქვს, რომლის საფუძველშიც დიდი სურვილი და შესაძლებლობა დევს. სატელევიზიო სფეროში დღეს ძალიან კონკურენტული გარემოა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქცია იქმნება. ცხადია, მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნას ვცდილობთ, რომ სხვა ტელევიზიებს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ. ამაზე ძალიან კარგი გუნდი მუშაობს.

- წარმატებას გისურვებთ!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები