როგორ გადააჩვია ცნობილმა ჟურნალისტმა შვილი ტყუილის თქმას

როგორ გადააჩვია ცნობილმა ჟურნალისტმა შვილი ტყუილის თქმას

შესაძლებელია, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ "ახალი ხმის" მონაწილე - მაკო კვიტაიშვილი ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილია. მაკომ მაყურებელს არა მარტო სიმღერებით, არამედ განსხვავებული ჩაცმის სტილითა და საოცარი ენერგიულობით დაამახსოვრა თავი. ის სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის დიზაინზე სწავლობს. ფიქრობს, რომ ადამიანის ჩაცმის სტილი მის თვისებებზე მიგვანიშნებს.

- ეკა არაჩვეულებრივი დედაა. ის ზოგჯერ ძალიან მკაცრია, ზოგჯერ - ლმობიერი. შვილებთან ურთიერთობაში მეგობრულია. ვერ იტანს სიცრუეს. მახსოვს, ერთხელ ტყუილში გამომიჭირა. ჰოდა, მამას დაურეკა და უთხრა: ახლავე წაიყვანე. ვიდრე ტყუილების თქმას არ გადაეჩვევა, არ მომიყვანოო (იცინის). რა თქმა უნდა, საცხოვრებლად მამასთან არ გავუშვივარ, მაგრამ მას შემდეგ ტყუილი აღარ მითქვამს... ცელქი ბავშვი ვიყავი და ხშირად, რაღაცებს ვაფუჭებდი. ძირითადად, ბიჭებთან ვმეგობრობდი.

- ეკას დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. მისგან ყურადღების დეფიციტს ხომ არ განიცდი?

- ეკასგან არასდროს მომკლებია არც ყურადღება და არც სხვა რაღაცები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა, ხან სად მიფრინავდა და ხან - სად, ვიცოდი, რომ გულით მუდამ ჩემთან რჩებოდა. დღემდე ვამბობ, რომ დედაჩემით ვსუნთქავ. მასზე საყვარელი ადამიანი არ მყავს. რა თქმა უნდა, მამაც და დაიკოც ჩემთვის უახლოესი ადამიანები არიან, მაგრამ დედა სულ სხვა სამყაროა. ერთადერთი, არ მომწონს ის, რომ ეკას მოფერება არ უყვარს. ჩემი დაც მას ჰგავს. მე კიდევ, ვგიჟდები, როცა საყვარელ ადამიანებს ვეფერები, ვკოცნი, ვესიყვარულები...

- როგორც ვიცი, შენი მშობლები გაშორებულები არიან. მამასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- მიუხედავად იმისა, რომ დედა და მამა ერთად არ ცხოვრობენ, ახლო მეგობრები არიან. მამას სხვა ოჯახი აქვს და მათთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. და კიდევ, მას ისეთ პირადულ ამბებს ვუყვები, რასაც ეკას ვუმალავ. კაცია და სწორ რჩევებს მაძლევს (იღიმის)... დედა ყოველთვის ყველაფერს მიყვება, არაფერს მიმალავს და ხშირად, რჩევასაც მეკითხება. მეც ვცდილობ, ყველაფერი ვუამბო, მაგრამ ზოგჯერ, რაღაცების თქმის მერიდება.

- შეყვარებული გყავს?

- სამი წლის განმავლობაში ვიყავი შეყვარებული, მაგრამ დავშორდით. დღეს კი მიკვირს, ის როგორ მიყვარდა?! ძალიან შემეცვალა გემოვნება და ღირებულებები. ამჟამად შეყვარებული არ მყავს, მაგრამ არის ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონს.

- დედაშენის ტანსაცმელს ხშირად იცვამ?

- მართალია, განსხვავებული გემოვნება გვაქვს, მაგრამ მის გარდერობში მაინც ვპოულობ ისეთ ტანსაცმელს, რომელიც შეიძლება, გამომადგეს. ჰოდა, ამის გამო მეჩხუბება ხოლმე...

- შენს დაზე რას გვეტყვი?

- ძალიან სწყინს, ინტერვიუებში მასზე რომ არ ვლაპარაკობ (იცინის). მას ჩემგან განსხვავებული გარეგნობა, ჩაცმის სტილი აქვს. სხვათა შორის, ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ მაინც, ჩემი უახლოესი მეგობარია. ვიცი, წლების მატებასთან ერთად, უფრო მეტად გავუგებთ ერთმანეთს.

- მაკო, დიდი ხანია, რაც მღერი?

- მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როცა სასწავლებლად ჰოლანდიაში გამიშვეს. იქ ერთი ფერადკანიანი მეგობარი შევიძინე, რომელიც ძალიან მაგრად მღეროდა. ჰოდა, სწორედ მან შემომთავაზა: კონკურსზე - "სკოლის ტალანტები" ჩემთან ერთად, დუეტში იმღერეო. დავთანხმდი და იმ კონკურსში გავიმარჯვეთ კიდეც.... საქართველოში დაბრუნებული, "ჯეოსტარის" კასტინგზე გავედი. თან ისე, რომ დედამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ფინალამდე მივედი, მაგრამ 12 საუკეთესოს შორის ვეღარ მოვხვდი. რაც შეეხება "ახალ ხმას", ის ყველა სხვა პროექტისგან განსხვავებულია. მომეწონა ისიც, რომ პირველ რიგში ფასდებოდა მომღერლის ხმა და არა - გარეგნობა. ვფიქრობ, "ახალ ხმას" ღირსეული გამარჯვებული ჰყავს, მე კი ამ პროექტმა დიდი გამოცდილება, ბევრი კარგი მეგობარი და გულშემატკივარი შემძინა...

- ეკა როგორ აფასებს "ახალ ხმაში" შენს მონაწილეობას?

- ძალიან ეშინოდა, გული არ მტკენოდა. ისე მგულშემატკივრობდა, რომ კონცერტებზე ვერ მოდიოდა. იძახდა, - იქ ცუდად გავხდებიო. ბოლოს დავუჩოქე და ისე ვთხოვე, - წამოდი, მინდა გვერდით მყავდე-მეთქი, და როგორც იქნა, დავითანხმე... დასკვნითი კონცერტის დროს კი - ამერიკაში იყო და იქიდან მამხნევებდა.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ზაფხულში ამერიკაში ვაპირებ წასვლას, სადაც სამსახიობო კურსი უნდა გავიარო. იქ მასწავლიან ყველაფერს კინოს, ცეკვის, სიმღერისა და თეატრის შესახებ. შემდეგ კი ხუთი წლით, ლონდონში წავალ, ჩემი პროფესიის უკეთ დასაუფლებლად.

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები