"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."

"თქვე კურდღლებო, მე ის სიტყვები ლომებისთვის დავწერე..."

"მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, კულტურის სფეროს ჯერჯერობით ვერაფერს ვატყობ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რამე შეიცვლება... საბედნიეროდ, ვხედავ უკეთესობისკენ ცვლილებებს შს სამინისტროში. ძალიან მომწონს ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ირაკლი ალასანია... ვხედავ, რომ საზოგადოება თანდათან მათ ნამდვილ დანიშნულებას იგებს და ეს ძალიან მახარებს. გაღიმებული ადამიანები მხვდებიან ქუჩაში და ბედნიერი ვარ", - ამბობს ჩვენთან საუბარში პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი. იგი მცირედი ავადმყოფობის შემდეგ ახლა თავს უკეთ გრძნობს...

- ცოტა შორიდან დავიწყებ სა­უბარს, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდს იხსენებენ, ყოველთვის ამბობენ, თავისუფლება არ იყოო, რასაც ვერ დავეთანხმები. თუ თავისუფლების მოპოვება გსურდა, მოიპოვებდი კიდეც. მე პოეტი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და უამრავი ჟურნალ-გაზეთის რედაქტორი ვიყავი, მათ შორის ჟურნალ "ცისკრისაც", რომლის ტირაჟიც 70 ათასი იყო და უცებ იყიდებოდა, ძირითადად ახალგაზრდები კითხულობდნენ... მაშინ ჩემს თაობას "ცისკრელები" დაარქვეს. მისი პირველი რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე იყო, მერე კი, 12 წლის განმავლობაში, მე ვხელმძღვანელობდი და რაც მინდოდა, იმას ვბეჭდავდი. როდესაც ჭაბუამ თავისი "დათა თუთაშხია" მოიტანა, წავიკითხე და ვუთხარი, სიტყვას არ ამოვაკლებ, ისე დავბეჭდავ, ოღონდ გთხოვ, სეთურის სოფელი და ციხის ამბები გაამწვავე-მეთქი. კაცს 85 წელი ჰქონდა მისჯილი და 18 წელი ციხეში გაატარა, ეს ყველაფერი ხომ უნდა დაეჯერებინა მკითხველს. თითქმის ახლიდან დავაწერინე ნაწარმოები... არავის აუკრძალავს მისი დაბეჭდვა.

- იქნებ შერჩევითი იყო ეს თავისუფლება, ბატონო ჯანსუღ...

- ვერ დაგეთანხმებით, შენ უნდა მოგენდომებინა, თუ დედალი არ იყავი, ყველაფერი გამოგივიდოდა. ჩემი თაობა ვაჟკაცურად ცხოვრობდა. ნოდარ დუმბაძე, არჩილ სულაკაური, რევაზ ინანიშვილი, გურამ ფანჯიკიძე, ძმები ჭილაძეები, გიგი გეგეჭკორი, ტარიელ ჭანტურია, ვახტანგ ჯავახაძე ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც თავიანთ საქმეს უშიშრად აკეთებდნენ და დიდი კვალი დატოვეს. დღეს ყველას თავისი სახელი აქვს. თუ არ გარისკავ, სახელიც არ გექნება. თუ რაინდი ხარ, უნდა გარისკოს კიდეც...

ისე კი, თავისუფლება სხვა რაღაც არის. თავისუფლებასაც თავისი საზღვარი და კალაპოტი უნდა ჰქონდეს, სხვანაირად არ შეიძლება. ამას ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით, მაგრამ როდესაც ე.წ. ვარდების რევოლუცია მოხდა, მაშინ ვნახე, რომ თავისუფლება ზომიერად კი არა, საერთოდ აღარ გვქონდა. მაშინ ხშირად მახსენდებოდა ადოლფ ჰიტლერის სიტყვები, ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს, რამეთუ "ნაციონალური პარტიის" წევრი ვარო... როგორ ფიქრობთ, ამ ჩვენმა ბიჭბუჭებმა, მიშამ და მისმა თანამოაზრეებმა არ იცოდნენ, თავიანთ პარტიას რა სახელს არქმევდნენ?.. მათ ყველაფერი აგვიკრძალეს. ხალხი დაითრგუნა და ჩაიკეტა. პირადად ჩემთვის არაფერი აუკრძალავთ და ვერც ამიკრძალავდნენ, რადგან 40 წლის წინ დავწერე, "თავისუფლება ლომთა ხვედრია-მეთქი"... ისე კი, შემთხვევით არ დამიწერია, "ტყვია მიზანში მოსახვედრია" და ვერ დავიჯერებ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა, ეს რატომ დავწერე. და თუ ვერ მიხვდნენ, ახლა ვეუბნები, თქვე კურდღლებო, მე ის კურდღლებისთვის კი არა, ლომებისთვის დავწერე...

- ბატონო ჯანსუღ, ოქტომბრის შემდეგ რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის?

- 3-4 თვეში არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მიხარია, რომ მოღიმარ ადამიანებს ვუყურებ. ერთ წელიწადში კი უკვე უნდა ვიგრძნოთ უკეთესობა, ორ-სამ წელში მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გამოსწორდეს. იქამდე კი დიდი მოთმინებითა და მოზომილი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ.

- გაქვთ იმედი, რომ იქამდე თანმიმდევრული ნაბიჯებით ვივლით?

- კი, რადგან ხელისუფლების შეცვლას ძალიან დიდი ჭკუა და გონება სჭირდებოდა. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ "პატივცემულმა ცოცხებმა" დიდი როლი ითამაშეს, მაგრამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანას ჭკუა და დიდი პოლიტიკოსობა სჭირდებოდა და მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჭკუა აქვთ. როდესაც პრეზიდენტი ყვიროდა, გზები გავიყვანეთ, შენობებს ვაშენებთ, ჯარი და პოლიცია ფეხზე დავაყენეთო, ის მხოლოდ ყვიროდა, საქმეს კი ივანიშვილი აკეთებდა. მერე, როცა ტყუილიც არ იკმარეს და სისხლი დაღვარეს, ქართველი ხალხი მიხვდა, რომ ისინი უნდა მოეშორებინა. როგორ ადარებენ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ამბებს იმას, რაც წინა წლებში ხდებოდა, შემთხვევით მოქნეული მუშტი რა მოსატანია?.. ჩემს სიცოცხლეში არ მითქვამს ქალზე, რა უშნოა-მეთქი, ყოველთვის ვცდილობ, მასში რაღაც ლამაზი ვიპოვო, მაგრამ როცა ქალი ხარ, კაცივით ნუ იქცევი! რა გინდა იმ მუშტი-კრივში, რატომ ეშვები?.. იმ კორიდორით გაიარე, საითაც მიგითითებენ, არ იცი, რა გზით მოხვედი აქამდე? თუ არ იცი, ბრიყვი ხარ! თუ იცი და არ აღიარებ, მაშინ - გაიძვერა. ესენი ორივე არიან. საშინელება იქ არაფერი მომხდარა, თუმცა არც ის მომწონს, რაც მოხდა. ვერ დავიჯერებ, რომ ქალს შეგნებულად დაარტყეს, ალბათ შემთხვევით მოხვდა, მაგრამ პოლიტიკურად მეტის ღირსია. მის მშვენიერებას არ ეკადრება იმდენი ტყუილის ბჟუტური, რასაც ლაპარაკობს. ჩუმად მაინც იყავი იმ პარლამენტში. რა ვაჟკაცობა და ბიჭობა აგიტყდა ამ პატარა გოგოს?.. ისე კი, მისი სისხლიანი სახის დანახვა სულაც არ გამიხარდა.

ახლა ისეთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც არასდროს მითქვამს: 26 მაისის დარბევის დროს ნიკა კვინტრაძე მოკლეს, ის ჩემი ძალიან კარგი მეგობრის, შალვა კვინტრაძის შვილი იყო. შალვა ქალაქის კოლორიტი გახლდათ და ყველა დიდ პატივს სცემდა. გოგი ოჩიაურთან მეგობრობდა. ერთხელ გოგისთან დაბადების დღეზე ვნახე ფოტო, სადაც გოგი ოჩიაური, შალვა და პრეზიდენტი არიან აღბეჭდილნი. ისეთივე ფოტო კიდევ ერთ ცნობილ ექიმთან ვნახე... მერე შალვასაც ვკითხე, შენი დამოკიდებულება ვიცი და ამ ფოტოზე კი ხართ ერთად აღბეჭდილი-მეთქი. მითხრა, გოგი ოჩიაურის დაბადების დღეზე შევხვდი, მე და გოგის გვითხრა, თქვენთან მეგობრობა მინდა, თუ შეიძლება, ფოტო გადავიღოთო და უარს ხომ არ ვეტყოდიო. შემდეგ იმ კაცს, ვისთანაც მეგობრობა უნდოდა, შვილი მოუკლა. სახურავზე მყოფ ნიკა კვინტრაძეს, რომელსაც ვითომ დენმა დაარტყა, ხელბორკილები ედო. მისი სიკვდილი შალვას მეორე დღეს შეატყობინეს და თავადაც მოკვდა... ბატონო პრეზიდენტო, ასე ექცევით იმ ადამიანებს, ვისთანაც მეგობრობა გინდათ? როგორ დავიჯერო, რომ ამის ჩამდენ ადამიანს ჩიორას სისხლიანმა ცხვირმა აუჩუყდა გული?.. სხვათა შორის, მე ვნახე, როგორ მოზომილად მუშაობდნენ ბიბლიოთეკასთან პილიციელები, არც ერთი წიხლი არ მინახავს წაქცეულზე. პატივცემულო უმცირესობავ, თქვენც ნახეთ ეს?.. მილიონმა ადამიანმა ხელი პრეზიდენტის წასვლას მოაწერა და ამან უშედეგოდ არ უნდა ჩაიაროს.

- თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც წასვლას აპირებს და არც რეზიდენციაში ჩაკეტვას...

- ის მილიონი ადამიანი გარეთ უნდა გამოვიდეს შიშველი ხელებით და მერე ვნახავთ, სად და როგორ ჩაიკეტება. რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, სისხლი თავისას შვრება და იქ უნდა აეშენებინა, მაგრამ აქ სხვა რამეა უფრო მთავარი, თეთრ სახლზე დიდი შენობა აიშენა. თქვენ გგონიათ, იქ ვინმე მუშაობს? ხანდახან შეივლის თავის დაცვასთან ერთად და მორჩა. მან უნდა დაანებოს თავი იმ პრინციპით ცხოვრებას, მე ვარ და ჩემი ნაბადიო, თავად იყოს და ნაბადს თავი დაანებოს. არა მგონია, ქართველი კაცი ისე გასულელდეს, რომ არ უპასუხოს, მიშა, შენი სურვილით წადი და ყველაფერს მოგიტევებთო. თუ ასე მოიქცევა, ხალხი ყველაფერს აპატიებს. მიშას შევარდნაძემ აჯობა, სისხლი არ დაღვარა.

- ბატონო ჯანსუღ, რადგან დიდი ხანია არ გვისაუბრია, ახალი ხელისუფლების კადრებზეც გკითხავთ. ხშირად გვესმის, რომ ქვეყანაში კადრების დეფიციტი იგრძნობა...

- შესაძლოა, მაგრამ ეს ყველა სფეროში არ იგრძნობა. არ მინდა იმ ხალხზე ვილაპარაკო, ვინც ამა თუ იმ თანამდებობას არ შეეფერება, მაგრამ როდესაც ებრძვიან ისეთ პიროვნებას, როგორიც თეა წულუკიანია, ამას პოლიტიკური მოტივი აქვს. მას წარმატებული კარიერა აქვს და საქართველოში მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა, რომ სამართლიანობა აღედგინა, თორემ უცხოეთშიც მშვენივრად იყო. თეას რომ ვერაფერი დააკლეს, მამამისს დაუწყეს ბრძოლა და ისეთი რაღაცები მოუგონეს, რაც ტყუილია.

- რა იცით, რომ ტყულია?

- მე მას შორიდან ვიცნობ, მაგრამ მასთან მეგობრობს ჩემი ძალიან კარგი მეგობარი მინდია უგრეხელიძე და მისგან ვიცი, რომ ასე არ ყოფილა. მინდია ხშირად ამბობს, თეა ისეთი დედ-მამის შვილია, არ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყოო... ირაკლი ალასანია გყავდეს ქვეყანაში და იმას შეურაცხყოფას აყენებდე, მაშინ მასზე ბევრად უკეთესი კაცობა უნდა გქონდეს. ერთ კაცს, გვარად ოქრუაშვილს ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტიო, - მან უპასუხა, ხალი არ უნდა ჰქონდესო... შვილო, ირაკლი, სიფათი თუ არ გაქვს, ხალიც არ გექნება! შენ რომ სიფათი არ გაქვს, ეგ ჩვენ უკვე ვნახეთ. ცოლის ღალატიც ახსენა, ეს ირაკლიზე არავის გაუგია და შენ თუ გაიგე, იმის ვაჟკაცობაც გეყოს, რომ თქვა, ვის ცოლზე იყო ლაპარაკი...

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა სატელევიზიო გადაცემაში, ცოლისთვის თუ გიღალატიაო, ვუთხარი, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას შევნიშნე, ვიღაც ქალი თვალს არ მაცილებდა, იძულებული გავხდი, სუფრა მიმეტოვებინა, ავდექი და გავიქეცი-მეთქი. უკნიდან ფეხის ხმა შემომესმა და როცა მოვიხედე, ეს გოგო მომდევდა, ვერ დამეწია, მაგრამ ფეხი დამიდო და წამაქცია, მერე კი რა მოხდა, არ მახსოვს-მეთქი. მე არ ვიცი, ირაკლიმ ვის უღალატა, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ მას საქართველოსთვის არ უღალატია და ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია. მაჩვენონ, "ნაციონალებში" ვის აქვს ასეთი სანიმუშო ოჯახი და ჰყავს ასეთი მეუღლე...

- თქვენი შვილი თაკო კულტურის მინისტრის მოადგილედ უნდა დაენიშნათ, რასაც დიდი ხმაური მოჰყვა. შემდეგ მან გვითხრა, ამ პოსტზე დათანხმება ჩემი მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდაო...

- ამ სიტუაციაში მთავარი ის არის, ვინ დაიწყო ყველაფერი. თაკოს თანამდებობა არასდროს ნდომებია. მას რამდენიმე ადამიანმა უთხრა, ქვეყანაში სიტუაცია იცვლება და ჩვენ გვინდა კულტურის მინისტრის მოადგილედ წარგადგინოთო. ისიც დათანხმდა, მაგრამ თაკომ არ იცოდა, რომ სამინისტროში მოწინააღმდეგეები დახვდებოდნენ. არადა, პრობლემა, რაზეც თაკო საუბრობდა, გაგრძელდა, მოგეხსენებათ, ბაგრატის ტაძარი მართლაც ამოიღეს იუნესკოს ნუსხიდან. მან თქვა, ლიფტი და თანამედროვე დამატებები არ მომწონსო, არ უნდა ეთქვა?.. გაოცებული დავრჩი, რატომ ააგორეს ასეთი ამბები. ნამდვილად ვიცი, რომ თაკოს შესთავაზეს, თორემ ჩვენს ოჯახს ამის პრეტენზია არც ჰქონია. იმდენი საქმე აქვს თაკოს შვილის გამო, რომ ამ ტვირთის აღება ნამდვილად გაუჭირდებოდა. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ 16 წლის ირმა გიგანი უკვე მსოფლიოში ცნობილი პიანისტია და მას პატრონობა სჭირდება. ნამდვილად არ ვიცი, რაში დასჭირდა მინისტრს ასე მოქცევა, ღმერთმა გაუმარჯოს და ხელი მოუმართოს, მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და არც მინდა დეტალებს გამოვეკიდო, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ან მოადგილეებმა უნდა იცოდნენ, როგორი მინისტრი ჰყავთ, ან მინისტრმა უნდა იცოდეს, როგორი მოადგილეები ჰყავს და კიდევ, როდესაც კულტურის მინისტრი ხარ, უნდა იცოდე, შენს ქვეყანას როგორი კულტურა აქვს და როგორი მოვლა სჭირდება. ისინი, ვინც ეს ყველაფერი ააგორა, ქართული კულტურის მტრები არიან.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს