ნათია აბრამია: "ლონდონში ცხოვრებით დიდი სიმშვიდე მოვიპოვეთ"

ნათია აბრამია: "ლონდონში ცხოვრებით დიდი სიმშვიდე მოვიპოვეთ"

ნათია აბრამია მეუღლესთან, ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. ორივე "ბი-ბი-სი"-ზე მუშაობს. რასაკვირველია, სამშობლოს არ ივიწყებენ. ნათიამ საქართველოს შესახებ წიგნი დაწერა, რომელიც მოგზაურობის მსურველებს ძალიან გამოადგებათ. რამდენიმე თვის წინ ნათიამ "პირველი არხის" დირექტორის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ვერ გაიმარჯვა, თუმცა ამით მის ცხოვრებაში ტრაგედია არ მომხდარა და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდა. ნათიას ლონდონში ინტერნეტით დავუკავშირდით.

- ნათია, როგორ გაგიჩნდა სურ­ვილი, ბედი "პირველ არხის" ხელმძღვანელის არჩევნებში გეცადა?

- საქართველოში დასასვენებლად ექვსი დღით ვიყავი. ირაკლი ლოპოტაზე ტრენინგს ატარებდა და მთხოვა წავყოლოდი. მალევე ვაპირებდი ლონდონში დაბრუნებას და გადაწყვეტილი მქონდა, ახალ წელს ინგლისში შევხვედროდი, მაგრამ საქართველოში ყოფნისას სრულიად მოულოდნელად გადადგა გია ჭანტურია და "პირველი არხის" დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა. გავარკვიე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის გარეთ ვცხოვრობდი, მქონდა იმის საშუალება, დირექტორის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურა დამეყენებინა, ისიც გავარკვიე, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ ჩატარდებოდა. რომ ყოფილიყო ვაკანსია დახურულ კარს მიღმა, სადაც შეხვდებოდნენ კანდიდატებს და ისე გადაწყვეტდნენ, ვინ ვის სჯობს, რა თქმა უნდა, განცხადებას არ შევიტანდი. თავიდანვე, რა თქმა უნდა, ისიც გავიგე, ვინ გაიმარჯვებდა.

- არჩევნების შემდეგ შალვა რამიშვილმა "ფეისბუქზე" დაწერა, რა გულუბრყვილო ყოფილა ნათია აბრამიაო...

- შევეცადე, განსხვავებული რამ შემეთავაზებინა არხისთვის. რაც უნდა ეცადო, შეარბილო მათი საქციელი, აშკარაა, რომ არხმა თავისი ამოცანა ვერ შეასრულა. ბილეთი რომ გადავცვალე და დავრჩი საქართველოში, ჩემს ცხოვრებაში დრამატულად არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, სამსახურში ერთთვიანი უხელფასო შვებულება ვითხოვე. ჩემს შვილს, ანა-მარიას, არდადეგები ლონდონში უნდა გაეტარებინა, მაგრამ ჩამოვიყვანე. ჩემი ცხოვრება ამ არჩევნებზე არ ყოფილა დამოკიდებული. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, ამოვხსნიდი თუ არა ამოცანას რთულ პირობებში.

- ჩატარებული არჩევნების შემ­დეგ არხზე ცვლილებებს თუ ხედავ?

- საიტზე, გვერდზე, რომელზეც "პირველი არხის" მისიასა და ღირებულებებზე უნდა იყოს ლაპარაკი, წერია, რომ გვერდი მზადების პროცესშია. მე მათ შევთავაზე ისეთი ღირებულებები, როგორიც აქვს "ბი-ბი-სი"-ს. დიდი ორგანიზაციების მართვის გამოცდილება არ მაქვს. მე მაქვს ღირებულებების დაცვის გამოცდილება. ეს ისაა, რაც კარგად გამომდის. არხის დირექტორის არჩევნების დროს ყველა ჩემი დღე აბიტურიენტის დღეს ჰგავდა, ვემზადებოდი და ვხვდებოდი უამრავ კომპეტენტურ ადამიანს, მივიღე ინფორმაცია, რომ თუ არხს პატიოსნად მართავ, შეუძლებელი არ არის ფი­ნანსური პრობლემების დაძლევა. ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა არჩევნებში მონაწილეობა და არა იმან, რომ გულუბრყვილო ვარ, ბორდის წევრებს ჩემი გარეგნობა მოეწონებოდათ და ამირჩევდნენ.

- ბევრი ფიქრობს, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებელი", პირველ რიგში, სხვა შენობაში უნდა გადავიდეს.

- შენობის შიგნით შრომის გადანაწილებაც შესაცვლელია. "ბი-ბი-სი"-ში არის ღია, რამდენიმე სტადიონი რომ დაეტევა, იმხელა "ნიუს-რუმი". გაშლილი დიდი სივრცე, სადაც ინფორმაციის გაცვლა და მუშაობა ძალიან ადვილია. ვერც მე და ვერც სხვა ადამიანი ერთ დღეში "საზოგადოებრივი მაუწყებლისგან" "ბი-ბი-სი"-ს ვერ შექმნის. "ბი-ბი-სი"-ზე 2007 წლის მარტში მივედი. მითხრეს, რამდენიმე წელია, ახალი შენობა შენდებაო და ზაფხულში გადავედით ახალ შენობაში. ერთ დღეში არაფერი კეთდება.

- როგორც ვხვდები, ლონდონში დიდი ხნით დაბრუნდი და აღარ აპირებ, შენი მომავალი გეგმები თბილისს დაუკავშირო.

- მოვხვდი ჟურნალისტურ სამოთხეში, იქ, სადაც ყველა ჟურნალისტს უნდა მოხვედრა. ჩემთვის იმდენად დიდი ფუფუნებაა იქ მუშაობა, რომ მხოლოდ ძალიან დიდი და გრანდიოზული პროექტის გამო შემიძლია ამ ყველაფერზე უარის თქმა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მე და ირაკლიმ შევქმენ­ით ბლოგი (c-hepatiti.blogspot.com), რომლის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია C ჰეპატიტის შესახებ. 2006 წელს, სანამ ჩვენ საქართველოს დავტოვებდით, ირაკლის ეს დაავადება დაუდგინეს. მკურნალობა ლონდონში გავაგრძელეთ. დაავადებისადმი მიდგომა ამ ორ ქვეყანაში ძალიან განსხვავებული იყო. გვინდა, საქართველოშიც ნელ-ნელა ხელმისაწვდომი გახდეს ის, რაც ლონდონში ვნახეთ. ლონდონში, საქართველოსგან განსხვავებით, მკურნალობა ძალიან ძვირია, მაგრამ მკურნალობის გარდა არსებობს ბევრი სხვა საშუალება, რაც C ჰეპატიტით დაავადებულმა აუცილებლად უნდა იცოდეს. დიეტის დაცვის შემთხვევაში დაავადების პროგრესის შეჩერების მაღალი შანსია. ოჯახის წევრებმა და პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს. პროექტი, რომელსაც მალე საქართველოში დავიწყებთ, C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარებას ისახავს მიზნად. ირაკლიმ თბილისში ჩვენი ბინა დაუთმო ჩვენს საქველმოქმედო ფონდს. ფაქტობრივად, თბილისში ბინა აღარ გვაქვს.

- ირაკლის აზრი როგორია საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით?

- მას ნამდვილად არ უნდა, რომელიმე ჩვენგანი ამ ეტაპზე საქართველოში დავბრუნდეთ, იმიტომ, რომ ლონდონში ძალიან საინტერესო და სავსე ცხოვრება გვაქვს, როგორც სამსახურებრივი, ასევე პირადი. მაგრამ იმის გამო, რომ მომენტის მნიშვნელობა გავიაზრე და ვუთხარი, რომ დარჩენა მინდოდა, მისგან სრული მხარდაჭერა მქონდა.

- წლებია, "ბი-ბი-სი"-ზე მუშაობ, ალბათ ბევრ ცნობილ ადამიანთან ჩაწერე ინტერვიუ...

- თავიდან ჩემი მოვალეობა მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ამბებზე მუშაობა იყო. ახლა მთელი მსოფლიოს ახალ ამბებზე ვმუშაობ. ძირითადად პროდიუსერი ვარ და გადაცემის იდეებზე ვმუშაობ. კორესპონდენტული საქმიანობაც მიწევს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

- ინგლისის დედოფალს ან მი­სი ოჯახის წევრებს შეხვედრიხარ?

- მათ არ შევხვედრივარ. დედოფალსა და მისი ოჯახის წევრებთან ინტერვიუს უფრო ადგილობრივი ნიუსების დეპარტამენტი წერს. ყოველდღიურად ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები, თუმცა დალაი ლამას მაინც ვერავინ აჯობა.

- მახსოვს, მასთან ინტერვიუ ჯერ კიდევ მაშინ ჩაწერე, როცა "რუსთავი 2"-ში მუშაობდი...

- ასე იყო და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო დონის პოლიტიკოსებს შევხვედრივარ, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან მაინც მას გამოვარჩევდი. ჩემთვის დალაი ლამას აქვს განსაკუთრებული ქარიზმა და ენერგია, რომელიც ჯერჯერობით ვერც ერთმა რესპონდენტმა ვერ გადაფარა. მისი ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ პასუხები ყოველთვის საკუთარ თავში უნდა ეძებო.

- ვიცი, რომ არ გიყვარს პირადულზე საუბარი. რა შეგიძლია გვითხრა შენს ოჯახზე?

- რვა წელია, ოჯახი გვაქვს მე, ირაკლის და ანა-მარიას და ამ რვა წლიდან შვიდი წელი ლონდონში ვცხოვრობთ.

- ანა-მარიას მოეწონა თბილისში დაბრუნების პერსპექტივა?

- მითხრა, შენ თუ თბილისში წახვიდოდი, მე ლონდონში ირაკლისთან დავრჩებოდიო. ანა-მარია დიდად არ აღფრთოვანებულა იმით, რომ შეიძლებოდა, თბილისში ახალი საქმე დამეწყო.

- ანა-მარიას, ალბათ, ჟურნალისტობა უნდა...

- ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. ჟურნალისტობა არ უნდა. ხელოვნება, თეატრი და კინო აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში იზრდება, ქართულ ლიტერატურას და ისტორიას ეცნობა. ძალიან უყვარს საქართველო. ხშირად ჩამოდის თბილისში და ჰყავს ბევრი ქართველი მეგობარი.

- როგორც ვიცი, შენ და ირა­კლის საერთო შვილი არ გყავთ...

- საერთო ანა-მარია ბურდულს ვზრდით.

- C ჰეპატიტი ხომ არ არის ის განაჩენი, რომ საერთო შვილი არ გეყოლოთ?

- არა, საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს დაავადება. ოფიციალური მონაცემით, 200 ათასი ადამიანია დაავადებული, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ბევრ ადამიანს აქვს და არ იციან. ყველა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სალონში, ვისაც გაუკეთებია ოპერაცია ან სტომატოლოგთან ჰქონია ვიზიტი, არის რისკის ჯგუფში და ჩვენი მიზანია, ყველას დავეხმაროთ. ყველამ უნდა გაიკეთოს ანალიზი, რომ რეალურად დადგინდეს, რამდენ ადამიანს აქვს ეს დაავადება. ირაკლის ინფექცია გვიან ეტაპზე გამოვლინდა. უფრო ადრეულ ეტაპზე რომ გაგვეგო, ასეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდით. როდესაც ადრეულ ეტაპზე გაარკვევენ, რომ ეს დაავადება აქვთ და სასმელს არ დალევენ, ავადმყოფობა პროგრესს არ განიცდის. გვინდა, სხვებმა ჩვენ შემთხვევაზე ისწავლონ.

- ვიცი, რომ თქვენი ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ირაკლი შენი სტუდენტი იყო "ჯიპაში".

- იმის გამო, რომ ლექტორებსა და სტუდენტებს შორის ფლირტი არ არის მიზანშეწონილი, დიდი ხანი, უბრალოდ, ვმეგობრობდით. მერე მე "რუსთავი 2"-ში ვმუშაობდი, ირაკლი "მზეში" და ესეც ბარიერი იყო ჩვენთვის.

-

არ შეიძლებოდა, კონკურენტი ტელევიზიების თანამშრომლებს ერთმანეთი შეჰყვარებოდათ?

- უბრალოდ, ორივეს თავშეკავების მომენტი გვქონდა. თავიდან დავმეგობრდით და მერე მივხვდით, რომ ჩვენ შორის სერიოზული რამ ხდებოდა და საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალი იყო. მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება გვინდოდა. მერე მალევე წამოვედით ლონდონში საცხოვრებლად, რადგან საქართველოში ბევრი პრობლემა გაჩნდა. ირაკლიზე დიდი ზეწოლა იყო. ტელეფონზე ემუქრებოდნენ. ურჩევდნენ, არ გაეგრძელებინა იმის კეთება, რასაც მანამდე აკეთებდა, უნდა გაეჩინა მეგობრები და მფარველები მაშინდელი ხელისუფლების გუნდში. ამ ყველაფრის გაძლება ადვილი არ იყო და ისიც დაემატა, რომ C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობა იმდენად შორს იყო წასული, რომ მკურნალობის დაწყებაც არ შეიძლებოდა. ასე რომ, ურთიერთობის დასაწყისში ბევრი სირთულე გვქონდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და დაწყნარდა.

- როგორ შეხვდნენ საქართველოდან თქვენ წასვლას ოჯახის წევრები?

- ძალიან კარგად. დედა და მამა 36 წელია, ერთად ცხოვრობენ. შეხმატკბილებული წყვილია და მგონი, არც არასდროს უჩხუბიათ, მაგრამ როდესაც "საზოგადოებრივ მაუწყებელში" განცხადება შევიტანე, მაშინ იჩხუბეს. დედაჩემმა მამას დააბრალა, გინდა, ნათია საქართველოში დაბრუნდესო. მამამ უპასუხა, მინდა, ყველაფერი ისე წარიმართოს, როგორც მისთვის იქნება უკეთესი და რატომღაც მგონია, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ ეს ყველაფერი გამოუვაო. ოჯახის წევრებს ვენატრებით, მაგრამ ჩემი და ირაკლის ოჯახშიც ხვდებიან, რომ ლონდონში ცხოვრებით დიდი სიმშვიდე მოვიპოვეთ. ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მივიღოთ დადებითი შეფასება, როდესაც საქმეს კარგად ვაკეთებთ და არ მივიღოთ მუქარა. არც მე და არც ირაკლი არ ვაპირებთ პროფესიის შეცვლას. ორივე ოჯახი გვეუბნება, გვირჩევნია გვენატრებოდეთ, მაგრამ სადაც საკუთარი თავის რეალიზება შეგიძლიათ, იქ უნდა იყოთო.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები